ეკა ქობესაშვილი - ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ დრონის ჩანაწერებში მიზანმიმართულად არის გადაღებული მოკლე მონაკვეთი

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი უფლებადამცველის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის დრონით ძებნა არაეფექტური იყო, რადგან მისი თქმით, ძებნის პროცესის მხოლოდ 30 წუთია გადაღებული, სადაც დაფიქსირებულია არა უშუალოდ გზები და მიმდებარე ტერიტორია, არამედ მთები და მიუვალი ადგილები.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიება ასევე საფუძვლიანად არ დაინტერესებულა იმ ადგილით, რომელიც ანონიმურმა წყარომ ელისო კილაძეს მიაწოდა.

ეკა ქობესაშვილის თქმით, მას უჩნდება დასაბუთებული და სამართლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ დრონის ჩანაწერებში მიზანმიმართულად არის გადაღებული მოკლე მონაკვეთი ალიბისთვის, თითქოს ადგილზე ავტომობილი არ იყო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჩართვის დღიდან, რა მტკიცებულებებსაც საგამოძიებო ორგანოში გავეცანი, დრონის ჩანაწერები იყო. დრონის ჩანაწერებით ძებნა იყო ძალიან არაეფექტური. 3 დღის გამავლობაში, როდესაც დრონით ეძებდნენ, მხოლოდ და მხოლოდ 30 წუთია გადაღებული. ასევე, ვამბობდი, რომ ეს კონკრეტული ჩანაწერები გადაღებულია არა გზებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რეალურად უნდა მოეძებნათ მანქანა, არამედ მთებში, მიუვალ ადგილებში, საკალმახეებში და ასეთ ადგილებში. ამის შემდეგ გვიკავშირდება ელისო კილაძე და ამბობს, რომ უცნობმა პირმა ჩაუგდო რეესტრის გარკვეული მდებარეობა და უთხრა, რომ ბაჩალიაშვილის საქმე აქედან დაიწყეთო.

ჩვენ გუშინ ვიყავით შემთხვევის ადგილზე ელისო კილაძესთან ერთად და გადავამოწმეთ. იქ ნამდვილად აღმოჩნდა ის ვილა, რომელზეც ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ ელისო კილაძეს მიაწოდა. მან ამის თაობაზე სატელევიზო ეთერით მაშინვე განაცხადა, მეორე დღეს მას უკავშირდება გამოძიება, ეს ხდება 4 სექტემბერს და ხდება მისი დისტანციურად გამოკითხვა, რომელიც არ იყო დეტალური და მისგან არ ამოუღიათ „სქრინშოთები“, რაც ელისო კილაძეს ანონიმურ წყაროსთან ჰქონდა გაკეთებული. 4 სექტემბრიდან გუშინდელ დღემდე, სანამ ჩვენ არ მივედით, იმ ადგილზე არავინ მისულა. გამოძიება არ დაინტერესებულა, იქნებ მართლაც რაიმე მნიშვნელოვანი იყო იმ ადგილზე და მართლაც რაღაც მნიშვნელოვანს მალავდა ის ხალხი, რომლებიც იმ ადგილზე ცხოვრობდნენ. ისინი არავის გამოუკითხავს. მათ გვითხრეს, რომ გამოძიება აქ არ ყოფილაო. ვგულისხმობ იმ ლოკაციას, რომელიც ანონიმურმა წყარომ ელისო კილაძეს ჩაუგდო. ეს არის ვილა, ჩვეულებრივი სახლი, რომელსაც უკან საკალმახეები აქვს. ამ საკალმახეების დათვალიერების დღიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი, როდესაც იმ დღეს გადაადგილდებოდა, საკალმახეს ეძებდა, რადგან იყო ერთ-ერთ მოქმედ საკალმახე „ადმირალში“ და შემდეგ მოხდა მეორე საკალმახის ნახვა. ანუ, უკვე ჩნდება დასაბუთებული და სამართლიანი ეჭვი იმისა, რომ დრონის ჩანაწერებში მიზანმიმართულად არის გადაღებული მოკლე მონაკვეთი, ასევე მიზანმიმართულად არის გადაღებული ზუსტად ის კადრები, რომელიც შესაძლოა, საეჭვო მდებარეობის ადგილი იყოს. ალიბისთვის, თითქოს იქ მანქანა არ იყო. დღეს ეს ეჭვი მაქვს, რომელიც გამოძიებამ უნდა გამიქარწყლოს თავისი მტკიცებულებებით, თუ ეს რეალურად ასე არ არის“,-განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა