პრეზიდენტი - ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს

ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გლობალური საფრთხეები "გვაიძულებენ ახლებურად შევხედოთ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს საზოგადოებასა და მმართველობის სისტემებში არსებულ პრაქტიკებს".

„გაერო, 75 წლისთავის აღნიშვნის პარალელურად, გზაჯვარედინზე დგას: გლობალური საფრთხეები - ტერორიზმიდან კლიმატურ ცვლილებებამდე და ახლა, პანდემია, მოითხოვს მეტ ერთიანობასა და სოლიდარობას, მაშინ როცა ეს საფრთხეები ზრდიან დაძაბულობასა და დანაწევრების ფაქტორებს, თვით მულტილატერალიზმიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როცა მსოფლიო ახალი და უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, გლობალური საფრთხეები გვაიძულებენ ახლებურად შევხედოთ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს საზოგადოებასა და მმართველობის სისტემებში არსებულ პრაქტიკებს. ეს გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს თუ ჩვენ მათი დანახვისა და მოპოვების ძალა შეგვწევს, თუ შეგვიძლია, არ ჩავიკეტოთ ნაჭუჭში და მიმოვიხედოთ გარშემო",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „მომავალი რომელიც ჩვენ გვსურს“ ოთხ საფუძველზე დგას:

"პირველი - მშვიდობა. გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გენერალური მდივნის მოწოდება ჯერ-ჯერობით არ იქნა მხედველობაში მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს.

მაშინ როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად გაყინული მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა.

მეორე - სიცოცხლისუნარიანი პლანეტა. ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა; დაგვარწმუნა, რომ ენერგიის მდგრად ტრანზიციასა და რესურსების მართვას ახლებურად შევხედოთ. ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში.

მესამე - ინკლუზიური და ჯანმრთელი საზოგადოება. კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით. ნდობა და სოლიდარობა გადამწყვეტი იქნება ჩვენი საზოგადოებებისათის, რათა ხვალინდელი დღისათვის საჭირო გამძლეობა განავითარონ.

მეოთხე და ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი, განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში.

მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით

მომავალი განვითარების ერთადერთი საშუალება და ძირითადი რესურსი ცოდნისა და უნარების მქონე მოქალაქეები არიან",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ისაუბრა ტოლერანტობაზე ისაუბრა, ასევე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "გაერო, რომელიც ჩვენ გვჭირდება" მოქალაქეევს შთააგონებს.

"ტოლერანტობა, რომელსაც ჩვენ, ქართველები ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობად მივიჩნევთ, ინტელექტსა და მორალურ სოლიდარობასთან ერთად - ის ღირებულებებია, რომლებმაც გაურკვევლობებით აღსავსე დროში გზა უნდა გაგვიკვალონ. ამგვარი მომავლის ფორმირებისათვის, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს პრინციპებს და მივუდგეთ ქარტიასა და მდგრადი განვითარების მიზნებს არა როგორც უბრალოდ სიტყვებს ფურცელზე, არამედ როგორც კონკრეტულ მიზნებს, რომლებსაც პოლიტიკური ნება და ძალისხმევა სჭირდება. „გაერო, რომელიც ჩვენ გვჭირდება“ შთააგონებს ჩვენს მოქალაქეებს და შექმნის ნდობასა და ეფექტიან ლიდერობას. ჩვენი და ჩვენი „ძველი, მაგრამ ახალგაზრდა“ ორგანიზაციის მომავალი ჩვენს ხელთაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა