პროკურორის განცხადებით, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებით, ჩხუბში "მერსედესის" ექვსივე მგზავრი იღებდა მონაწილეობას

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებით, ჩხუბში "მერსედესის" ექვსივე მგზავრი, მათ შორის, გიგა ტატიაშვილიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა, პროკურორის განმარტებითვე, ბრეგვაძეს კონკრეტული პირების სახელები და გვარები არ დაუსახელებია, მან მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა.

"კონკრეტულმა მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რისი თვითმხილველიც თავად იყო. მოწმემ დეტალურად მიუთითა, მათი გადაადგილების დროს, როცა პირველი ავტომობილი "მერსედესი" მოვიდა, რა მოქმედებები განხორციელდა. მისი ჩვენებით, 6 ადამიანი გადმოვიდა მანქანიდან, ერთი შეიარაღებული იყო რკინის ხელკეტით, რომელიც კონსტანტინე ღიბრაძეს დაარტყა, რაც მოწმემ ადგილზე საკუთარი თვალით დაინახა. ასევე, ერთ-ერთმა პირმა მიწის საფარიდან ქვა აიღო და ექვსივე პიროვნება ჩაერთო ძალადობაში. როგორც მოწმემ განმარტა, სანამ ღობეზე გადახტებოდა, დაინახა, როგორ შეუერთდა მათ ის ორი პიროვნებაც, რომელიც მანამდე უკან ფეხით მოყვებოდა. ჩხუბს რაც შეეხება, დაინახა, რომ ერთი პიროვნება იყო წაქცეული, იმ მომენტში იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, ალყაში მოიქციესო, ასე განმარტა. მოწმის თქმით, რვავე პიროვნება ჩართული იყო ჩხუბში და იქნევდნენ ხელებს და ფეხებს. კონკრეტული პიროვნება სახელით და გვარით არ დაუსახელებია, თუმცა, დააკონკრეტა რამდენჯერმე, რომ ჩხუბში რვავე პირი იყო ჩართული, იქნევდნენ ხელებს და ფეხებს და ალყაში ჰყავდათ ერთი პირი. ვინაიდან მან შენობას შეაფარა თავი, დაზიანებული პიროვნება არ უნახავს", -განაცხადა გუგუტიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა