დავით ბაქრაძე - დევნილებს სჭირდებათ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური, მორალური და სოციალური მხარდაჭერა

„ევროპული საქართველოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ჩვენ შემოგვიერთდა აფხაზთა კრება, ამასთან ერთად, ცალკე პროგრამა გვაქვს მომზადებული დევნილებისათვის, რადგან დევნილები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან და რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური, მორალური და სოციალური მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის საარჩევნო პროგრამის ანტისაოკუპაციო და დევნილების მიმართ მიძღვნილი ნაწილის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ უპირველეს ამოცანასა და მიზანს ოკუპირებული ტერიტორიების სრული, უპირობო დეოკუპაცია წარმოადგენს.

„ჩვენ გვაქვს მომზადებული ცალკე პროგრამა დევნილებისათვის, ყველა იმ პრობლემის მიხედვით, რომელიც დღეს ამ ადამიანებს აწუხებთ და გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებით უნდა მოვუტანოთ ქვეყანას, უნდა იყოს ასევე გარდამტეხი ცვლილებები დევნილებისათვის, მათ შორის იმ დამატებითი პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც დევნილებს გააჩნიათ, დაწყებული ქონების დაკანონებით და ბინების გადაცემით და დასრულებული დევნილთა შემწეობით და ვეტერანის პენსიის გაორმაგებით.

მანამდე „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებში მოსვლიდან 100 დღის ვადაში:

მივიღებთ კანონს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პერიოდული და პირდაპირი გზით არჩევნების შესახებ და აღნიშნული კანონით დევნილებს წარმომადგენლობით ორგანოში დავუბრუნებთ აქტიურ საარჩევნო უფლებას;

გავატარებთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმას და გავზრდით ლეგიტიმური ხელისუფლების ბიუჯეტს აუცილებელ პროგრამებისთვის.

გავაორმაგებთ დევნილთა დახმარებას;

საარსებო შემწეობის მიღება აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის მიღების შეჩერებას;

დავიცავთ დევნილთა უფლებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე;

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულება განისაზღვრება ამ პარლამენტის მუშაობის 4-წლიანი პერიოდით, რისთვისაც სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს უცხოურ დახმარებას და/ან კრედიტს;

დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას, რადგან ბინით უზრუნველყოფა არ ცვლის მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;

დევნილის სტატუსი პროაქტიულად (შემდგომი გადახედვის გარეშე) მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ შთამომავლებს, მიუხედავად დაბადების ადგილისა.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, შეიქმნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, ვინც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულები.

სია უნდა გაფართოვდეს განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართულებით და გახდეს ჩვენი მოქალაქეების დაცვის გარანტი.

ჩვენ ვმუშაობთ ამ სიის 1000-მდე კანდიდატზე.

ჩვენ დავიწყებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა საკუთრების საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რაც იქნება დევნილთა უფლებებების დაცვის გარანტია და რუსეთზე სანქციების დაკისრების ბერკეტი.

გარდამტეხი ცვლილებების დროა. „ევროპული საქართველო“ იქნება თქვენი კომპასი ამ ცვლილებებისთვის!“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საარჩევნო პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს „ევროპული საქართველოს“ ოფისში გაიმართა, შემუშვებულია პლატფორმა აფხაზთა კრების მონაწილეობით, რომლის დამფუძნებელი მალხაზ პატარაია წარმოდგენილია „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში. შეხვედრას დაესწრნენ აფხაზთა კრების წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო