ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2020

“ოცნება” 100 მანდატის აღებას აპირებს და კოალიციას გამორიცხავს, ივანიშვილი კი ამბობს, რომ “ნაციონალები” რევანშს ამზადებენ

“შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომები იყო დაშვებული” - რა ხდებოდა აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიაში

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ოქტომბრის ნომრის N10 (272) მიმოხილვა

* * *

“ოცნება” 100 მანდატის აღებას აპირებს და კოალიციას გამორიცხავს, ივანიშვილი კი ამბობს, რომ “ნაციონალები” რევანშს ამზადებენ

“ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ მთავრობას ყოველგვარი კოალიციის გარეშე ჩამოაყალიბებს და მომავალ პარლამენტში 100 დეპუტატით იქნება წარდგენილი. პარტიული სიის ცეესკოში წარდგენის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ვინმესთან კოალიციის შექმნა კატეგორიულად გამორიცხა: “გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადასცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, შეიძლება იყოს 60%. აქედან გამომდინარე, 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში”. მოგვიანებით, პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა, თქვა, რომ “ნაცმოძრაობა” რევანშს აპირებს და პოლიტიკურ ოპონენტებზე შურისძიებას გეგმავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” 100 მანდატის აღებას აპირებს და კოალიციას გამორიცხავს, ივანიშვილი კი ამბობს, რომ “ნაციონალები” რევანშს ამზადებენ.

“მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც მრავალი სიმხეცით გადაგვარებული, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი აბსოლუტურად უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალაუფლება, რათა ახლა უკვე გაორმაგებული ძალისხმევით, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში თავისი წვლილი შეიტანა მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში”, - თქვა ივანიშვილმა და დაამატა, რომ ყოფილი ხელისუფლება იყო “რეჟიმი, რომელიც მომხდურ მტერზე არანაკლებ დაუნდობლად და სასტიკად ექცეოდა საკუთარ საზოგადოებას”. მისივე განაცხადებით, “ნაციონალური მოძრაობას” ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე და ფიქრობს, რომ მარტივად მოახერხებს მათი ემოციებით მანიპულირებას და “სწორედ ამიტომ ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ჩვენი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციებისა და მსოფლმხედველობისა და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის თანაარსებობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა ცხოვრების ჩვეულებრივ ნორმად ქცეული მოვლენა იყო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ქართული ტრადიციული ცხოვრების გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდან გადაწერის ავადმყოფური წყურვილი. ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები. დავიწყებას ვერ მიეცემა დრო, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნდა არანაირი თანაგრძნობა და სოციალური სოლიდარობა საკუთარი ხალხისადმი, დრო, როდესაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი იძულებული იყო, უკანასკნელი საოჯახო ნივთებიც კი გაეყიდა მკურნალობისთვის” - განაცხადა ივანიშვილმა, რომლის თქმით, “მეტ-ნაკლებად მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული, და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, გაუქმებული მართლმსაჯულება, და გაუქმებული ადვოკატის პროფესია, ტერორში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია, უხეშად გაყალბებული არჩევნები, დემოკრატიული კონტროლისა და სახელისუფლებო ბალანსის არმქონე, დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები; მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია, პირადი ცხოვრების გამჟღავნების უწყვეტი მუქარები და შანტაჟი, უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, სპორტსმენები, და ჩვენი საზოგადოების სხვა სასიქადულო და თვალსაჩინო წარმომადგენლები”, - თქვა ივანიშვილმა. “ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებით, მმართველი ძალა 8 წელი ებრძოდა სიღარიბეს და შეძლეს ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება, ხოლო 400 ათასამდე მოქალაქე უკიდურესი სიღატაკიდან ამოვიყვანეს”, - დასძენს გამოცემა.

“ივანიშვილის თქმით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი კიდევ 700 ათასზე მეტი მოქალაქე რჩებათ, რაც ძალიან დიდი რიცხვია. “სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ”, - აღნიშნა მან. თეა წულუკიანმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებითად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი. ქვეყანამ მიიღო ახალი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია. “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს, ადამიანის თავისუფლებას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ, კონსტიტუციურ წეს-წყობილებას ჩვენს ქვეყანაში. ადამიანის ღირსება, მისი თავისუფლება და თანასწორობა, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა კვლავაც ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება და გადაწყვეტილებების მიღების სახელმძღვანელო პრინციპი იქნება”, - აცხადებს წულუკიანი. ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით 2020 წელს საქართველოში იმდენი მაგისტრალი აშენდა, რამდენიც 2012 წლამდე ერთად აღებული”, - წერს სტატიის ავტორი.

“2012 წლის ბოლოსთვის საქართველოში სულ 68 კილომეტრი ავტობანი იყო დაგებული, 2012-დან 2020 წლებში კი სამჯერ მეტი, 198 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდა”, - განაცხადა ცქიტიშვილმა. “ქართული ოცნების” მიერ გუშინ დასახებული პროპორციული სიის ხუთეული ასე გამოიყურება: პრემიერი გიორგი გახარია, პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ასევე ირაკლი კობახიძე; თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე. განახლებულ პროპორციულ სიაში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. მოქმედი დეპუტატების, მინისტრებისა და პოლიტიკოსების გარდა, სიაში სპორტსმენებიც არიან”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომები იყო დაშვებული” - რა ხდებოდა აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიაში

“თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით - უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაიწყო. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრების ჩხრეკვა ჩატარდა. კერძოდ, გაჩხრიკეს დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების, ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელი სახლი და ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახი. ნატალია ილიჩოვა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია. 2011 წელს ამ უწყების ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი ოფიცრის სტატუსით იყო კომისიის შემადგენლობაში. “კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სწორედ ნატალია ილიჩოვაა ის პირი, ვისგანაც გამოძიებამ 1938 წლის რუკის ორიგინალი ამოიღო. ივერი მელაშვილი 2006-2017 წლებში იყო კომისიის წევრი, ახლა კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში მუშაობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომები იყო დაშვებული” - რა ხდებოდა აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიაში.

“ამ დილას ჩხრეკა ჩაატარეს სახლში, შემდეგ სამუშაო ოთახში. წაიღეს უამრავი მასალა შესწავლის მიზნით. არსებობდა რუკის ასლი, ორიგინალი ერევანშია. ბოლო დროს აჟიტირებული თემაა, ვითომ ვიღაცისთვის ფართობის გადაცემა ან დათმობა ვინმეს სასარგებლოდ, აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ამისთანა რამ გამორიცხულია. არც ძველ კომისიაში მომხდარა ასეთი და არც ახალში”, - განაცხადა ივერი მელაშვილმა. როგორც თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. “აქ არ არის საუბარი მხოლოდ დავით გარეჯზე, აქ საუბარია მთლიანად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე. ფაქტია, რომ 2006 წლის წინასწარი შეთანხმებით რაც არსებობს, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, 1998 წლის შეთანხმების მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ამისთვის საჭირო იყო 1938 წლის რუკებზე დაყრდნობით დემარკაციის კომისიის ფარგლებში უზრუნველყოფა”, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, რომლის განმარტებით, “ამ კომისიამ მოამზადა წინასწარი შეთანხმება და ამის ფარგლებში ჩანდა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები ზიანდებოდა და ამ ნაწილში გაჩნდა ეჭვები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის ფაქტი, მეორე ფაქტი არის ის, რომ რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან არსებული რუკები უბრალოდ გაქრა. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ხიდაშელს, რომელმაც უნიკალური მოქმედებები განახორციელა და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გვქონდეს ორიგინალური ვერსია 1938 წლის რუკის, რომელზე დაყრდნობითაც კომისიის ფარგლებში, აბსოლუტურად კონსტრუქციულად აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ გავივლით იმ საკითხს, რომ მოხდეს დემარკაცია საერთაშორისო სამართლის მიხედვით”, - თქვა ირაკლი სესიაშვილმა. ორი დღის წინ გამოკითხვაზე იყო დაბარებული გარეჯის ლავრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი კირიონი. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე უკვე ათეულობით პირია გამოკითხული. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტებია მოძიებული, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, 2006-2007 წლების კომისიამ “შეგნებული თუ შეუგნებელი” შეცდომები დაუშვა. “ეს იყო წინასწარი დოკუმენტი დემარკაცია-დელიმიტაციისა, ეს წინასწარი დოკუმენტი რომ შექმნეს, იქ ზოგიერთი ნაწილი არასწორად იყო გაკეთებული. 38 წლის რუკაზე როდესაცაა ლაპარაკი, იქ განსაზღვრული იყო აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის ადმინისტრაციული საზღვარი, იქ ყველა ეს მონაკვეთი შეთანხმებული და ბეჭედდასმული იყო. მაშინდელი ადმინისტრაციული საზღვრის გაყოფის რუკა გაქრა, დაიკარგა. რაც შეეხება 2006-2007 წელს, ამ ახალმა კომისიამ მუშაობა 96 წლიდან დაიწყო, რომ სახელმწიფოთა შორის დემარკაცია დელიმიტაცია მოეხდინათ, ხომ ვამბობდით ხოლმე რომ საზღვრის 60% შეთანხმებულია, ეს 60% რომ შეათანხმეს, 2006-2007 წლებში ქაღალდზე გადაიტანეს, ეს კიდევ არ იყო საბოლოო დემარკაცია-დელიმიტაცია, ეს მონაკვეთების შეთანხმება იყო”, - განაცხადა არეშიძემ, რომლის თქმით, “ამ მონაკვეთების შეთანხმებაში შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომები იყო დაშვებული”, - დასძენს გამოცემა.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ოქტომბრის ნომრის N10 (272) მიმოხილვა

არმია საარჩევნო ყუთთან... / ქართული მიწის დამცველები ამიერიდან ჯავახეთში დაფრთიანდებიან / ღირსეული პარტნიორი 2020 / საზენიტო “ობობები” ქართულ ცას გაძლიერებულად დაიცავენ / შავი ზღვის სამხედრო ბალანსის ახალი კომპონენტი / რუსული დათვის მუქარა - “კავკაზ-2020” / კორონავირუსი სომხეთის "სახელისუფლებო თამაშებში" / ბარონესა, რომელიც სამი იმპერიის აგენტი იყო / ტყვედყოფილი მეომრის ისტორია / სამხედროების ნაჩუქარი ხიდი უკანა ფშავს გააძლიერებს / უკრაინული “ალიგატორი” 2 კილომეტრზეც “იკბინება”

“31 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რისთვისაც პოლიტიკურ წრეებში გაცხოველებული და დაუნდობელი საინფორმაციო - კულუარული ბრძოლები მიმდინარეობს. თავდაცვის ძალებში კონსტიტუცია კრძალავს პოლიტიკოსებისა და პარტიების მუშაობას და ის ბაკქანალია, რაც სამოქალაქო ცხოვრებაში ხდება, საბედნიეროდ ვერ აღწევს ქართული არმიის ყაზარმებში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და 31 ოქტომბერს მათაც მოუწევთ მოქალაქეობრივი ვალის შესრულება-საარჩევნო ურნასთან მისვლა”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N10, ოქტომბერი, 2020) სტატიაში, სათაურით არმია საარჩევნო ყუთთან... / საპარლამენტო არჩევნებზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების წევრების ხმებს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება....

“თუ ვის მისცემს ხმას ფორმიანი მოქალაქე, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ძალოვან სტრუქტურებში გაწევრებული ამომრჩევლების რაოდენობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში - თავდაცვის სამინისტროში (თავდაცვის ძალების ჩათვლით), შსს-ში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სუს-ში, პენიტენციარულ სისტემაში და დაზვერვის სამსახურში არანაკლებ 82 ათასი საშტატო ერთეულია დაშვებული. მართალია ყველა ვაკანტური შტატი შევსებული არ არის, თუმცა ეს ციფრი საერთო სურათს კარგად წარმოაჩენს. გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ ძალოვნების, სრულწლოვანი ოჯახის წევრებიც, რომელთა უმეტესობა სოლიდარული იქნება და დიდი ალბათობით, ერთსა და იმავე პარტიას მისცემენ ხმას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3,5 მლნ მოქალაქეს, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე რეალურად მყოფთა რიცხვი უფრო ნაკლებია. ძალოვანი სტრუქტურების პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახის წევრების (ერთ ოჯახში საშუალოდ სამი სრულწლოვანის გათვალისწინებით) რაოდენობა 240 ათას ამომრჩეველს სცდება და ქვეყანაში რეალურად მყოფ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 8-9%-ს მაინც შეადგენს. ამომრჩეველთა ამ კატეგორიის გულის მოგება კი როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას სურს, თუმცა იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რომელმა სამხედრომ რომელი პარტიის ნომერი შემოხაზა საარჩევნო ფურცელზე, თითქმის შეუძლებელია, რადგან, საბედნიეროდ, აღარ არსებობს დახურული საარჩევნო უბნები სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე (როგორც ეს შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა) და ვერავინ ჩაუტარებს ყაზარმაში აგიტაცია-ზეწოლას ვერც სავალდებულოს და ვერც კონტრაქტის სამხედრო მოსამსახურეს, თუ ვის მისცეს ხმა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ერთადერთი, ავღანეთში, ქართული სამხედრო კონტინგენტისთვის მაზარი-შარიფსა და ბაგრამში შეიქმნება ორი დახურული საარჩევნო უბანი და მისი მონაცემებით გაირკვევა, თუ რომელ პარტიას უფრო დაუჭირა მხარი იქ მყოფმა 900-მდე ჩვენმა სამხედრომ. ისე კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც თავდაცვის სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახების წევრების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, იქნება ეს ფულადი ანაზღაურების გაზრდა, სამედიცინო დაზღვევის პირობების გაუმჯობესება, საკვების ხარისხის გამოკეთება, ახალი სამხედრო ფორმების ჩამოტანა, ყაზარმებისა და სასადილოების კაპიტალური რემონტის მასობრივად დაწყება, სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის მექანიზმის დახვეწა და სხვ. ძალიან საინტერესოა, თუ როგორ გაითვალისწინებს ბოლო წლის დადებით ცვლილებებს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა საარჩევნო ფურცლის ხელში აღების დროს...”, - დასძენს გამოცემა.

“საქართველოს სამხრეთით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალქალაქში თავდაცვის სამინისტრომ ახალი სამხედრო ბაზა გახსნა, რომელიც დანიშნულებითა და მნიშვნელობით დიდად აღემატება ჩვეულებრივი სამხედრო ბაზის განმარტებას და მეტად სერიოზულ დატვირთვას იძენს. 20 სექტემბერს ახალქალაქში გაიხსნა “უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი”, იგივე ბი-სი-ტი. ბი-სი-ტის პროგრამით შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურში აყვანილების საწყისი სამხედრო მომზადების პროგრამა ქართულ არმიაში ჯერ კიდევ 18 წლის წინ დაიწყო კრწანისის სასწავლო ცენტრში”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართული მიწის დამცველები ამიერიდან ჯავახეთში დაფრთიანდებიან / თავდაცვის ძალების ახალი მებრძოლების სამჭედლო კრწანისიდან ახალქალაქში გადავიდა, რასაც წმინდა სამხედრო მიზნის გარდა, დიდი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა აქვს.

“ახალქალაქში ამ ცენტრის გადატანამდე ჩატარდა ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია და აიგო ახალი შენობები, რაც ერთდროულად 800-მდე რეკრუტის 10-კვირიან შეუფერხებელ საწყის საბრძოლო მომზადებას უზრუნველყოფს. თავად ის, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ახალი ბაზა აქვს, მისასალმებელია, მაგრამ ამ მოვლენას კიდევ ერთი, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი მხარეც ჰქონდეს – საქართველოს სამხრეთ რეგიონში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში, ქვეყნის სტრატეგიული მდგომარეობა უფრო გამყარდება ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის, როგორიც თავდაცვის ძალებია, ფეხის მყარად მოკიდებით. ახალქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ქართული არმიის სამხედროების საველე წვრთნები და მოსახლეობასთან ურთიერთობა ადგილობრივებს დაანახვებს, რომ თბილისს არ დავიწყებია ეს რეგიონი. გარდა ამისა, ქართული სამხედრო ბაზა ახალქალაქში სოციალურადაც მომგებიანი იქნება მოსახლეობისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა დასამალია და, ერთი ნაწილი 13 წლის წინ იმიტომაც იყო უკმაყოფილო ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანით, რომ სამუშაო ადგილები და შემოსავალი დაკარგეს – ვინ თავად ბაზაში მუშაობდა, ვინ პროდუქტებს აწვდიდა. თუკი მოსახლეობის ერთ ნაწილს საშუალება მიეცემა დამხმარე სამუშაო შეასრულოს “უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში” და ამით სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს, ხოლო მეორე ნაწილმა პროდუქტებით სისტემატურად მოამარაგოს ბაზის პირადი შემადგენლობა (ახალციხის სამხედრო სასადილოში კარტოფილი თბილისის ცენტრალური ბაზიდან ჩაჰქონდათ), მაშინ ახალქალაქელებს წმინდა საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ ქართული არმიის ამ სამხედრო ნაწილთან და დაინტერესებული იქნებიან მისი გამართული მუშაობითა და გაძლიერებით”, - დასძენს გამოცემა.

“მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, საქართველომ მორიგ საერთაშორისო სამხედრო სწავლება Noble Partner 2020-ს (“ღირსეული პარტნიორი 2020”) უმასპინძლა. ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში მეხუთედ გაიმართა. 2015-2018 წლებში ჩატარებულ “ღირსეულ პარტნიორსა” და შარშან დასავლეთ საქართველოში გამართულ “მტკიცე სული 2019”-თან (Agile Spirit 2019) შედარებით, მსოფლიოში Covid-19-ით გამოწვეული ვითარების გამო წლევანდელი სწავლება მასშტაბურობით არ გამოირჩეოდა. საქართველოს ჩათვლით მასში მხოლოდ ხუთი სახელმწიფო: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და პოლონეთი იყო ჩართული. ქვეყნების რაოდენობიდან გამომდინარე, Noble Partner 2020-ში მონაწილე ჯავშანტექნიკის რიცხოვნობაც მწირი იყო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ღირსეული პარტნიორი 2020.

“წლევანდელ მანევრებში არც ამერიკული M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკები მონაწილეობდნენ. ფაქტობრივად, სამხედრო ტექნიკა მხოლოდ ამერიკული (სხვადასხვა მოდიფიკაციის Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები) და ქართული (ტანკები NТ-72 და ქსმ-ები БМП-2) ნიმუშებით იყო წარმოდგენილი. საგულისხმოა, რომ სწავლებაში საქართველოში “დელტის” შექმნილი ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარიც” მონაწილეობდა. “ღირსეული პარტნიორის” მიზანი საქართველოს, აშშ-ის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ თუ პარტნიორ ქვეყნებს შორის სამხედრო მზადყოფნისა და თავსებადობის ამაღლების, ასევე მრავალეროვნული გარემოს გათვალისწინებით თავდაცვით-შემტევ ოპერაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა უზრუნველყოფაა. წლევანდელი Noble Partner-ი კომპლექსური ტიპისა იყო და მისი სცენარი როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო სწავლებებს ითვალისწინებდა. ორივე კომპონენტი ბრიგადის, ბატალიონებისა და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა ქვედა დონის შენაერთის მომზადებაზე იყო გათვლილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სწავლების დაწყებამდე სამხედრო ტექნიკის და პირადი შემადგენლობის გადმოსროლაც Noble Partner 2020-ის ერთ-ერთი ნაწილია. საკმაოდ მცირე დროში მონაწილე ქვეყნებმა ზღვით თუ ჰაერით დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა, ამუნიცია და საბრძოლო მასალები გადმოიტანეს. რეალური საბრძოლო მოქმედებების დროს ჯარების ოპერატიულად გადაადგილებას შორ მანძილებზე დიდი მნიშვნელობა აქვს. 18 სექტემბერს Noble Partner 2020-ის დახურვისადმი მიძღვნილი საჩვენებელი სწავლება - სამი კომპონენტისგან (თავდაცვითი ბრძოლა, მოწინააღმდეგის ძალების მოგერიება და კონტრშეტევა) შემდგარი ოპერაცია “ოკასუსის ფარი” გაიმართა. სცენარის თანახმად, შეტევაზე გადმოსულ პირობით მოწინააღმდეგეს ჯერ ქართულმა 152 მმ-იანმა და ამერიკულმა 155 მმ-იანმა საარტილერიო საშუალებებმა გაუხსნეს ცეცხლი...”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია “რაფაელს” შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, საჰაერო თავდაცვითი დანადგარები სრულად აღდგება და მოდერნიზაცია ჩაუტარდება”, - 11 სექტემბერს ასეთი ინფორმაცია გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ. რა ძევს ამ ფრაზების მიღმა? - ის, რაც დიდი ხანია უნდა გაკეთებულიყო - კერძოდ, საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალების ერთ-ერთი თანამედროვე და საუკეთესო საზენიტო-სარაკეტო სისტემა “სპაიდერების” მოდერნიზაცია, რისი აუცილებლობაც ჯერ კიდევ 12 წლის წინ, აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე შეიქნა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით საზენიტო “ობობები” ქართულ ცას გაძლიერებულად დაიცავენ.

“საქართველო-რუსეთის მეორე ომში (პირველი ომი რუსი ბოლშევიკების 1921 წლის სამხედრო აგრესია იყო) რუსული სამხედრო დაზვერვისა და გენერალიტეტისთვის მოულოდნელობად იქცა ქართული საჰაერო თავდაცვის საბრძოლო შესაძლებლობები, მაგრამ განა იმიტომ, რომ ქართულ ცას განსაკუთრებით ვიცავდით ან საჰაერო თავდაცვის ეშელონირებული ზღუდეები ავაგეთ, უბრალოდ, რუსეთის გენშტაბს სჯეროდა და კრემლსაც არწმუნებდა, რომ ქართულ ცაში ისინი უპრობლემოდ გაბატონდებოდნენ და ქართველ მეზენიტეებს აინუნში არ აგდებდნენ. შედეგი - აგვისტოს ომის სამ დღეში რუსეთმა დაკარგა 6 საბრძოლო თვითმფრინავი (მათგან ერთი - “ავიამზიდების მკვლელად” მონათლული შორი მოქმედების ბომბდამშენ-რაკეტმზიდი, როგორიც არც მანამდე და არც შემდგომში არავის ჩამოუგდია). რაკეტამორტყმულმა სამმა რუსულმა მოიერიშემ აეროდრომებზე დაშვება მოახერხა, მაგრამ მათი აღდგენა შეუძლებელი გახდა და ისინიც აგვისტოს ომის საბრძოლო დანაკარგს მიეკუთვნებიან. ასე რომ, რუსული სამხედრო ავიაციის საერთო დანაკლისი 9 თვითმფრინავს შეადგენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვისას რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდება-დაზიანება დიდი “სპაიდერის” ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარების დამსახურებაცაა. ისინი აგვისტოს ომამდე საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ისრაელში სახელმწიფო კომპანია “რაფაელისგან” შეიძინა. მაშინ თბილისში ჩამოტანილი “სპაიდერები” ქართული არმიის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე შეიარაღება იყო, შესაბამისად, მათი ტრანსპორტირება დიდად გასაიდუმლოვდა. აგვისტოს ომის დროს ისრაელურ “სპაიდერებს” საბჭოურ “ბუკებთან” “ოსებთან”, “იგლებსა” და პოლონურ “გრომებთან” ერთად იყენებდნენ. მისგან გაშვებული “პითონის” ტიპის საზენიტო რაკეტებით ქართველმა მეზენიტეებმა 2-3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს და დააზიანეს...”, - განაგრძობს გამოცემა.

“იყო დრო, როცა ოსმალეთის იმპერია შავ ზღვას ოსმალეთის ტბად თვლიდა. XXI საუკუნეში რუსეთის ლიდერები შავ ზღვას საკუთარ საზღვაო სივრცედ აღიქვამენ, რადგან რეგიონის ქვეყნებზე ბევრად ძლიერ სამხედრო პოტენციალს ფლობენ და ამას მეზობლების დასაშინებელი პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ. რუსული თვითმფრინავები, ხომალდები, რაკეტები შავიზღვისპირა ქვეყნებს, მათ შორის ნატოს წევრ სახელმწიფოებსაც, დიდ საფრთხეს უქმნიან. ამის საპასუხოდ შავი ზღვის თავზე ამერიკულმა ბომბდამშენებმა დაიწყეს ფრენა. 29 მაისს აშშ-ის დაკოტის შტატიდან ორი სტრატეგიული ბომბდამშენი B-1B Lancer-ი აფრინდა, გადმოკვეთა ატლანტის ოკეანე, შემოფრინდა ევროპის საჰაერო სივრცეში კურსით შავი ზღვისკენ, სადაც პოლონეთის, რუმინეთისა და უკრაინის გამანადგურებლების თანხლებით იფრინეს. დავალების შესრულების შემდეგ ამერიკული ბომბდამშენები უკან გაბრუნდნენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით შავი ზღვის სამხედრო ბალანსის ახალი კომპონენტი.

“თითოეული Lancer-ი აღჭურვილი იყო AGM-158C ტიპის 24 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით, ხოლო ეს რაკეტები საზღვაო-სახმელეთო მიზნებს 8000 კმ სიშორეზე ანადგურებენ, ანუ ბომბდამშენებისთვის რუსულ საზღვაო ბაზებზე ნოვოროსიისკსა და ოკუპირებულ ყირიმში საჰაერო დარტყმებისთვის შავი ზღვის თავზე ფრენა აუცილებელი არც არის. 7 სექტემბერს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 Stratofortress-ი ბრიტანეთში ავიაბაზა Fairford-იდან შავი ზღვისკენ გამოფრინდა. დაახლოებით ნაშუადღევს უკრაინას საჰაერო საზღვრებთან ბომბდამშენების ესკორტირება პოლონური F-16-ებიდან უკრაინის ტაქტიკური ავიაციის Су-27-ებმა და МиГ-29-ებმა ჩაიბარეს. ერთობლივი ფრენა აზოვის ზღვის სანაპირომდე გაგრძელდა და შემდეგ ამერიკული ბომბდამშენები უკან, ბრიტანეთისკენ გაბრუნდნენ. 14 სექტემბერს შავი ზღვის თავზე უკრაინის მხრიდან მფრენი სამი ამერიკული B-52 Stratofortress-ის გასაცილებლად რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ორ-ორი Су-27 და Су-30 აფრინდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები შავი ზღვის რაიონში მუდმივად დაფრინავენ. რუსებს ახალი საფიქრალი გაუჩინა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობის უფროსის გენერალ ტიმოთი რეის განცხადებამ, რომ ორ წელიწადში სტრატეგიული ბომბდამშენების B-1 Lancer-ისა და B-52 Stratofortress-ის შეიარაღებას ჰიპერბგერითი AGM-183A ტიპის რაკეტები დაემატება. შავი ზღვის თავზე ამერიკულ ბომბდამშენებთან ერთად დაფრინავენ უპილოტო საფრენი აპარატები, ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მზვერავი და საპატრულო თვითმფრინავები. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელმა უკვე აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო საზღვრების დასაფარავად გამანადგურებლებს პრაქტიკულად ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე უხდებათ შავი და აზოვის ზღვების აკვატორიათა თავზე ფრენები. ზოგჯერ ჰაერში რუსი მფრინავები დასავლეთის ქვეყნების ავიაციისთვის ხელის შესაშლელად სახიფათო მანევრების შესრულებასაც არ ერიდებიან...”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვეცნობით სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს და დიდი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის ბრწყინვალე რომანი - “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” გვახსენდება: სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობას და შესაძლოა პოლიტიკურ კარიერასაც დიდი საფრთხე ემუქრება. ღია საინფორმაციო სივრცეში არსებული მასალის გაანალიზებაც საკმარისია, რომ დავასკვნათ: ფაშინიანის ბედი გადაწყვეტილია. ახლა მთავარია, როგორი მეთოდებით ჩამოაშორებენ ხელისუფალთ: “ხავერდოვანი” თუ ჩეკისტური”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით კორონავირუსი სომხეთის "სახელისუფლებო თამაშებში" (გაგრძელება).

“ცხადია, ფაშინიანზე მასირებული შეტევაა: ქვეყანაში პრობლემები (ეკონომიკური, “კოვიდ-19”) სულ უფრო მწვავდება, მოუგვარებელი კონფლიქტი აზერბაიჯანთან და რუსეთის აშკარა თუ ფარული ოპერაციები ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ცაიტნოტში აქცევს. სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ რუსეთის სპეცსამსახურებში დაიგეგმა უმძლავრესი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომლის ავანგარდში არიან რუსული სატელევიზიო არხები, უპირველესად კი კრემლის “ჯიბის” ტელეკომპანია “რაშა თუდეი”, რომელსაც ევროპის ბევრ ქვეყანაში მაუწყებლობა აკრძალული აქვს, სომხეთის ხელისუფლებას, უპირველესად კი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს დაუფარავად უპირისპირდება. საინტერესოა, რომ “რაშა თუდეის” მთავარი რედაქტორია სომეხი მარგარიტა სიმონიანი. “პოლიტიკანები”, - ასე აფასებს მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთმა ამდენი სიკეთე გაგიკეთათ და თქვენ ყირიმი არ აღიარეთ... პოლიტიკური მიზნების გამო დააპატიმრეთ რობერტ ქოჩარიანი - რუსეთის მუდმივი მოკავშირე. ჩასვით სპეციალურად და დემონსტრაციულად. ამით რუსეთს პირდაპირ სახეში მიაფურთხეთ... თქვენ გახდით ანტირუსული ძალების პლაცდარმი კავკასიაში”, - ეს მარგარიტა სიმონიანის სიტყვებია. “რაშა თუდეის” მთავარმა რედაქტორმა სომხეთის ხელისუფლებას ბოლოს ასე მიმართა: “შეჩერდით! უბრალოდ, შეჩერდით, სანამ გვიან არ არის!”. ამას კი სომხეთის ხელისუფლების XXI საუკუნისთვის გაუგონარი გადაწყვეტილება მოჰყვა - მარგარიტა სიმონიანს სომხობა ჩამოართვეს (?!). ოფიციალური ცერემონიალი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ ჩაატარა გრიგორი განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში. “ღონისძიებას” ესწრებოდნენ პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და მთავრობის სხვა წევრები. ცერემონიალის დასრულების შემდგომ მარგარიტა სიმონიანის პორტრეტი მდინარე არაქსში გადააგდეს...” - განაგრძობს გამოცემა.

ქალები დაზვერვაში - ეს თემა ისეთივე ძველია, როგორიც მსტოვრობის ისტორია. რამდენად წარმატებით ართმევენ თავს ქალები მზვერავის ურთულეს და უხნეს პროფესიას? ამ საკითხზე ერთიანი აზრი ჯერ არ არსებობს. დღეს გვსურს მკითხველს მოვუთხროთ მარია ზაკრევსკაია-ბენკენდორფ-ბუდბერგზე, რომელიც სამი იმპერიის (გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის) სპეცსამსახურების აგენტი იყო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ბარონესა, რომელიც სამი იმპერიის აგენტი იყო.

“მარია ზაკრევსკაია (1892-1974) დაიბადა რუსეთის იმპერიაში, პოლტაველი მემამულის იგნატი ზაკრევსკის ოჯახში. დაამთავრა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. ბავშვობიდან მას მურას ეძახდნენ. ის კარგად ფლობდა ინგლისურ და გერმანულ ენებს. შემდეგ ინგლისური ენის ცოდნის გასაღრმავებლად მურა ინგლისში გაგზავნეს, სადაც მისი ნახევარძმა, პლატონ ზაკრევსკი, რუსეთის საელჩოში მსახურობდა. იმხანად რუსეთის ელჩი გრაფი ბენკენდორფი იყო, მის სახლში გაიცნო მურამ ელჩის ნათესავი, გრაფი ივან ბენკენდორფი (1882-1919), რომელსაც 1911 წელს ცოლად გაჰყვა და მარია ზაკრევსკაია გრაფინია მარია ბენკენდორფად მოგვევლინა. მათ შეეძინათ ორი შვილი, რომლებიც უმეტესად ესტონეთში, ბენკენდორფის მამულში იზრდებოდნენ. მურამ ლონდონში გაიცნო მწერალი ჰერბერტ უელსი და ახალგაზრდა დიპლომატი რობერტ ლოკარტი. ამ შეხვედრებმა მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლოკარტი რუსეთში პირველად 1912 წელს ჩავიდა და ვიცე-კონსულად დაინიშნა. მან სწრაფად შეისწავლა რუსული ენა და რუსეთის არისტოკრატიულ წრეებს დაუახლოვდა. ლოკარტი ისტორიაში შევიდა როგორც 1918 წელს ბოლშევიკების ხელისუფლების საწინააღმდეგო “ელჩების შეთქმულების” ერთ-ერთი ორგანიზატორი, რაზედაც დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი. დაქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1912 წელს, ივან ბენკენდორფი და მისი ახალგაზრდა მეუღლე ბერლინში გაემგზავრნენ, სადაც რუსი დიპლომატი ახალ სამსახურში დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა მურა გერმანიის სპეცსამსახურებს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მურას ოჯახს რუსეთში მოუხდა დაბრუნება...”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხონელი ივანე ჯანჯღავა 1992 წლის 2 მაისს ქუთაისის 21-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის პირად შემადგენლობაში ჩაირიცხა. ბატალიონი ხონში იყო დისლოცირებული და ვანოც მთელ დღეს ჯარისკაცებთან ატარებდა. ბიჭებმა მითხრეს, ისედაც სულ ჩვენთან ხარ და ბარემ ოფიციალურადაც ჩაეწერეო, იხსენებს ის. ასე მოხვდა 20 წლის ჭაბუკი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სამ თვეში აფხაზეთში ომი დაიწყო. ვანო საბრძოლო მოქმედებებში მოგვიანებით ჩაერთო. ომის განახლებამდე უვნებლად მივიდა, სოხუმის ბოლო დღეებმა კი მისი სიცოცხლე სასწორზე შეაგდო. მეომარს ომის გახსენება ვთხოვეთ. ჟურნალის მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენი ჯარისკაცების გმირობის კიდევ ერთი ამბავი, რომლის გამოქვეყნების საშუალება ვანომ ჩვენი დაჟინებული თხოვნის შემდეგ მოგვცა. არადა, წაგებულ ომსაც ჰყავს გმირები”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ტყვედყოფილი მეომრის ისტორია / “ძვირფასო დედა, არ იდარდო, მე ცოცხალი ვარ”.

“აფხაზეთში ომის განახლების შემდეგ, 19 სექტემბრისთვის, ბრიგადა საბრძოლველად უკვე მობილიზებული იყო. ეს ის დროა, როცა სეპარატისტებმა ორი თვითმფრინავი ჩამოგვიგდეს და თვითმფრინავის გაშვებას ერიდებოდნენ. დიდი ჩხუბის შემდეგ კოპიტნარის ადმინისტრაციამ ნება დაგვრთო. მიღებაზე თანხმობა განაცხადა სოხუმმაც, ოღონდ ერთი პირობით - უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არ იქნებოდა, რადგან გაფრენა სარისკო იყო. ჩვენთან ერთად გადმოფრინდნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე, იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი და ჟურნალისტი ნანა კუხალაშვილი ოპერატორთან ერთად. სულ 140 მებრძოლი ვიყავით: 21-ე ბრიგადის მე-3 სარეზერვო ბატალიონის 100 ჯარისკაცი, ბრიგადის მეთაურის მოადგილის, ვიცე-პოლკოვნიკ დიმა მეფარიშვილის ხელმძღვანელობით და ხონის მე-2 რეგულარული ბატალიონის 40 ჯარისკაცი. ჩვენთან ერთად იყო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ალეკო ლეჟავა. ჩავფრინდით თუ არა, სინოპში შტაბისკენ გავემართეთ. შეტყობინება მოვიდა, ახალ რაიონს უჭირსო, და დიმა მეფარიშვილის მეთაურობით გამოცდილი ბიჭები, 35-40 კაცი, მისახმარებლად წავედით. ჩემი აზრით, სომხური სკოლა უნდა ყოფილიყო, იქ შევედით და შტაბი მოვაწყვეთ”, - იხსენებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ივანე ჯანჯღავა.

“26 სექტემბერს მასირებული შემოტევა დაიწყო. ერთ-ერთი შემოვლის დროს მომიკლეს ახალწვეული, რიგითი ალბერტ შინოვი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორისაა რეზერვისტი იმედა კოპალიანი. რაციით გადავეცი, დაღუპული მყავს-მეთქი, და ტყვია-წამალსაც ვითხოვდით. თქვენ მანდ საიდან მოხვდითო, გაუკვირდათ, რადგან ჩვენები ფუნიკულიორის შეტევაზე ყოფილან გაყვანილი. როგორც გურამ კაკაურიძემ გვითხრა, დაჭრილა ბატალიონის მეთაური ალეკო ლეჟავა. ამირან წვერავა მის დასახმარებლად გაქცეულა და ისიც დაჭრილა. იქვე მძიმედ დაიჭრა ნუგზარ კიკვაძეც, ხოლო მეორე დღეს განმეორებითი შეტევისას დაიღუპა მურმან ჩანქსელიანი. ჩვენს დასახმარებლად მე-2 ბატალიონის შტაბის უფროსი, მაიორი იური ჯიშკარიანი 20-კაციანი ჯგუფით წამოვიდა...”, - განაგრძობს გამოცემა.

“ახალი არ არის, რომ საქართველოს არაერთ სოფელს, რომლებიც სხვადასხვა დროსა და მიზეზით დაიცალა, ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ან აუთვისებელი, ან დაცლილია. ერთ-ერთი ასეთია დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანა ფშავის თემის ისტორიული სოფელი ახადი. ბოლო წლებში ფშავის ყველაზე მაღალ სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 1 920 მეტრზეა, რამდენიმე ფშაველი გვიან გაზაფხულზე ადიოდა და ოქტომბრის ბოლომდე რჩებოდა, ვერ ელეოდნენ მამა-პაპის მხარეს. სოფლიდან მთელი არაგვის ხეობა ხელისგულივით ჩანს. ახადში გზის გაყვანა, მიხა ხელაშვილის სახლ-მუზეუმის გახსნა და გოდერძაულთა ისტორიული ციხის აღდგენა, ამ სოფელს, და საზოგადოდ, ფშავს, საინტერესო ტურისტულ ადგილად გადააქცევს. რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრის ინიციატივით აქ სამხედრო ხიდის აგება დაიწყო, რამაც მოსახლეობას უგზოობის პრობლემის მოგვარების იმედი გაუჩინა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სამხედროების ნაჩუქარი ხიდი უკანა ფშავს გააძლიერებს / “თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, მდინარეზე 60 ტონა გამტარობის სამხედრო ხიდი გაიდება”.

“სამი წლის წინ სამოგზაუროდ ვიყავი ბორბალოს მთაზე, საიდანაც იორი და არაგვი იღებენ სათავეს. უამრავი რამ ვნახე, მათ შორის უგზოობის გამო გავერანებული სოფლები. ერთგან ერთი ფშაველი, შალვა წიკლაური შემხვდა და გარშემო სოფლების პრობლემებზე მიამბო. დილით, სანამ გავიდოდით, ორი ახალგაზრდა მოვიდა, სოფელ ახადის ასაღორძინებლად ხელმოწერებს აგროვებდნენ. უპირველესად ხიდი სჭირდებოდათ გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად. ამ სოფელს ისტორიული მნიშვნელობა აქვს – აქ ცხოვრობდა ცნობილი პოეტი მიხა ხელაშვილი. კომუნისტებმა სწორედ ამიტომ დაცალეს აქაურობა, აქაურები სამაგალითოდ დასაჯეს, რადგან მიხასაც უმართავდნენ ხელს და ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის რაზმსაც იფარავდნენ. ერთი სიტყვით, მთელი სოფელი იმ ეროვნული გმირისა და მისი მეგობრების ხელშეწყობას გადააყოლეს. უკანა ფშავს რომ გადახედოთ, ისეთი განადგურებულია, თითქოს თემურ-ლენგმა დაარბია. სულ დაცლილ-მიტოვებულია...”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თადარიგის პოლკოვნიკი დიმიტრი ქართლელიშვილი.

“აქაურების ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია - თავდაცვის მინისტრმა ფშავის მოსახლეობას 60 ტონა გამტარობის სამხედრო ხიდი აჩუქა და თან საჭირო ტექნიკა გამოაყოლა. ეს იყო როგორც სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ვიცე-პოლკოვნიკი მანუჩარ რატიანი ხელმძღვანელობდა. ჯგუფში ასევე იყვნენ: სერჟანტი მანუჩარ თურმანიძე, მძიმე ტექნიკას მართავდნენ, გოჩა წერეთელი, კახა ხარებაშვილი და იური დარგუაშვილი. სამხედროებმა ორი ერთეული ტექნიკითა და ამწით ხიდი მიიტანეს, რომელიც ახადში მდინარე არაგვზე გაიდება და ჭალაში გავა. ამის შემდეგ 2,5 კმ-იანი გზა არის გასაყვანი, ისეთი, ტრაქტორმა რომ გაიაროს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მოსახლეობა დაბრუნებას აპირებს?” - პასუხობს:

“დიახ, ჯერ 20-მდე მოსახლე, თანდათან დანარჩენებიც შეუერთდებიან, როგორც კი საშუალება მიეცემათ, ოღონდ ყველა მათგანი ფშავურ სახლებს ააგებს. თუკი რომელიმეს რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება, ტრადიციულ იერს აღუდგენენ. გარდა იმისა, რომ საცხოვრებლად აპირებენ დაბრუნებას, მიხა ხელაშვილის ოცნების ახდენაც უნდათ - მიხა ნატრობდა, მისი საფლავი ახადში ყოფილიყო, საგვარეულო საძვალეში. ის ჩარგალში მოკლეს და კი არ დაუკრძალავთ, დაფლეს, თანაც იმ სასაფლაოზე, სადაც მისი მტრები არიან დასაფლავებული. იგეგმება მიხა ხელაშვილის საზოგადოების დაარსებაც, რომელიც ამ და სხვა საკითხებზე უფრო აქტიურად იმუშავებს. სერგი მაკალათიას ნამუშევრების მიხედვით, მუშავდება პროექტი მიხა ხელაშვილის სახელობის მუზეუმის გასახსნელად, მანამდე კი გულანთებული ფშაველი ახალგაზრდები თავიანთ ნასახლარებში დაბრუნებას გეგმავენ...”

“მეშვიდე წელია, რუსეთთან მებრძოლი უკრაინელები მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ მსხვილკალიბრიან ანტიმატერიულ სნაიპერულ შაშხანებს და 2020 წლის ზაფხულში მათ მორიგი სიახლე - Snipex Alligator-ი წარმოადგინეს. ხარკოვის საიარაღო ფირმა Snipex-მა მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანების შექმნა 2014 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან გამოუცხადებელი ომი გააჩაღა, ყირიმის ნახევარკუნძული მიიტაცა და დონბასის ოკუპაციას შეუდგა. თავდაპირველად, ხარკოველი მეიარაღეები საბჭოთა 12,7X108 მმ-იანი კალიბრის “დე-შე-კას” ტყვიამფრქვევის ვაზნაზე გათვლილ სნაიპერულ შაშხანებს ამზადებდნენ, მაგრამ ეტყობა, დონეცკთან გამართულმა ბრძოლებმა უკრაინელ სამხედროებში უფრო მსხვილ კალიბრზე გადასვლის აზრი წარმოშვა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით უკრაინული “ალიგატორი” 2 კილომეტრზეც “იკბინება”.

“უფრო მსხვილკალიბრიანი და შესაბამისად, მეტად ძლიერი 14,5X114 მმ-იანი კალიბრის ვაზნა კი “კა-პე-ვე-ტეს” იმ ტყვიამფრქვევებში გამოიყენება, რომლებითაც საბჭოთა ჯავშანტრანსპორტიორები იყო შეიარაღებული. თავად შეაფასეთ - თუკი “დე-შე-კას” 12,7 მმ-იანი ტყვია 48,3 გ-ს იწონის, მისი საწყისი სიჩქარე 820 მ/წმ-ია, ხოლო საწყისი ენერგია 16 240 ჯოული, “კა-პე-ვე-ტეს” 14,5 მმ კალიბრის 63,5 გ-იანი ტყვიის საწყისი სიჩქარე 990 მ/წმ-ს, ხოლო საწყისი ენერგია 31 120 ჯოულს აღწევს. 14,5 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებით ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ხვრეტდნენ გერმანული ჯავშანმანქანებისა და მსუბუქი ტანკების შუბლის ჯავშანს და ამ ვაზნას საჭიროება არც XXI საუკუნის მესამე ათეული წლის დაწყებისთვის დაუკარგავს, რადგან თანამედროვე ჯავშანმანქანების გახვრეტა თითქმის ასი წლის წინ შექმნილ ამ ვაზნის ტყვიებს დღესაც არ უჭირთ. ხარკოვში 14,5 მმ კალიბრის ანტიმატერიული სნაიპერული შაშხანა ჯერ კიდევ 2017 წელს შექმნეს და მას Snipex T-Rex-ი უწოდეს, მაგრამ ამ იარაღში მხოლოდ ერთი ვაზნა ეტეოდა. სამი წლის შემდეგ დაიბადა “ალიგატორი”, რომელიც თვითდამტენი შაშხანების კლასს განეკუთვნება და მის მჭიდში უკვე 5 ვაზნა ჩადის - ანუ სნაიპერს შეუძლია უფრო ნაკლებ დროში 5 უმძლავრესი ტყვია მისაღები სიზუსტით ესროლოს 2 კმ-ით დაშორებულ მოწინააღმდეგის მანქანას თუ აეროდრომზე მდგარ შვეულმფრენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ისე, 14,5 მმ კალიბრის ტყვიას ენერგია იმისთვისაც ჰყოფნის, რომ 7 კმ-ზეც შეინარჩუნოს მომაკვდინებელი ძალა, მაგრამ სნაიპერები ანტიმატერიული შაშხანებისთვის მიზანს უფრო ახლოს, 2 კმ სიშორეზე ეძებენ. გასაგებია, რომ ასეთი ძლიერი ვაზნის გამოყენებისას გასროლის შედეგად წარმოქმნილი უკუცემის ძალაც სახუმარო არ იქნება და მსროლელს შეიძლება ლავიწის ძვალიც მოსტეხოს. ეს რომ არ მოხდეს, “ალიგატორი” აღჭურვილია მასიური სალულე მუხრუჭ-კომპენსატორით და კონდახის რეზინის ამორტიზატორით, უკუცემის ძალის ნაწილს ამცირებენ გასაშლელი საყრდენებიც. შაშხანა იშლება რამდენიმე ნაწილად და თავსდება სპეციალურ ქეისში, რაც მის გადატანას აადვილებს. უკრაინელები ახალ “ალიგატორს” აუცილებლად გამოცდიან აღმოსავლეთ ფრონტზე როგორც კი ამის საჭიროება წარმოიშობა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა