თორნიკე შარაშენიძე - ელისო დაუკრავს და ბუბა იმღერებს, აი ეს არის ქართული პოლიტიკა

ელისო დაუკრავს და ბუბა იმღერებს, აი ეს არის ქართული პოლიტიკა, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

შარაშენიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ სიაში ჰყავს რამდენიმე კარგი პროფესიონალი, თუმცა, რამდენად შექმნიან ისინი პოლიტიკურ ამინდს, ეს სხვა საკითხია.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სიას, სიაში მათ ჰყავთ რამდენიმე კარგი პროფესიონალი, მაგრამ რამდენად შექმნიან ისინი ამინდს, ეს სხვა საკითხია, მეეჭვება მათ ამინდის შექმნის საშუალება მისცენ, თუ მისცემენ გამიხარდება,“- აცხადებს შარაშენიძე.

რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, როგორც თორნიკე შარაშენიძე ამბობს, ამომრჩეველს დაპირებების აღარ სჯერა და ეს კარგად იციან პარტიებმაც, ამიტომ რეალურად ქართული პოლიტიკა დაპირისპირებითა და ლანძღვით არის გაჯერებული.

„ორივე მხარე ერთმანეთს ლანძღვაში ეჯიბრება, მათ წინასაარჩევნო პროგრამას მოსახლეობის უმრავლესობა არ უსმენს. აქამდე პოლიტიკური კულტურა არ მისულა, შეიძლება მართლებიც არიან, რადგან რაც არ უნდა დაჰპირდნენ მოსახლეობას, არ ასრულებენ და შესაბამისად, კარგად იციან, რომ პროგრამის წარდგენას არავინ სერიოზულად არ უყურებს, ამიტომ არიან გადასულები ერთმანეთის ლანძღვაზე.

ზოგადად, პროგრამის წარდგებისას პარტიები პოპულიზმით გამოირჩევიან, პოპულიზმით გამოირჩევა წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“, ასევე, ყველა ვითომ ძალიან მემარჯვენე პარტიები დაკავებულები არიან პოპულიზმით. ეს იმით არის განპირობებული, რომ საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყანაა და ხალხს უნდა დაპირებები, უფასო ფული, ამიტომ ასეთი დაპირებები ყოველთვის მომგებიანია. ამომრჩეველს აღარ სჯერა ამის ბუნებრივია ისე, როგორც ეს დაიჯერა 2012 წელს. ეს რა თქმა უნდა ამომრჩევლის პრობლემა უფროა, როცა ამას იჯერებს, ვიდრე პოლიტიკოსის, რომელიც იტყუება. პოლიტიკოსი ძალიან ხშირად იტყუება და ამომრჩეველმა თავი არ უნდა მოატყუებინოს. ამომრჩველმა ასეთი დაპირებები დაიჯერა 2012 წელს და ახლა შეიძლება ასე აღარ სჯერა ამ დაპირებების, რასაც გასცემენ, მაგრამ „ოცნების“ ხელშია ადმინისტრაციული რესურსი, დიდი ფული და მათ ძალიან ძლიერი პოზიციები აქვთ. 2012 წელს რომ სერიოზული ბრძოლა სჭირდებოდათ, მათ ახლა ეს აღარ სჭირდებათ, რადგან მთავრობაში არიან და ძალიან ბევრ რამეს აკონტროლებს. ოპოზიცია კი დაქსაქსულია და ხშირად ვუყურებთ ოპოზიციის შიგნით ჩხუბს. ასეთ შემთხვევაში მეეჭვება მათ დაამარცხონ „ოცნება“, რომელსაც დიდი ფული აქვს და რესურსი,“- აცხადებს შრაშენიძე.

მისივე თქმით, მიუღებელია, როცა მმართველი გუნდი საკუთარი საქმიანობის ანგარიშის და სამომავლო გეგმების წარდგენისას წინა ხელისუფლების ლანძღვით არის დაკავებული.

„ეს მარაზმია, როცა სახელისუფლებო პარტია წინა ხელისუფლების ლანძღვას უთმობს დიდ დროს. შეიძლება მათ არ ჰქონდათ იმხელა მანდატი ახლა, როგორიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას 2003 წელს, როცა მოვიდა რევოლუციის შემდეგ. ამიტომ შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა იმდენი საშუალება, რაც გააკეთა 2003-2007 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ძირითადად, კარგად მიდიოდა ქვეყანა, მაგრამ მეორე მხრივ, რეალურად „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა პარლამენტში და ძალიან ბევრის გაკეთება შეეძლო. მუდმივად წინა ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა ძალიან ცუდია. ამას ვერ შეეშვა სააკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში და მახსოვს, იყო შევარდნაძის ლანძღვის რეჟიმში, რამაც მას არაფერი დადებითი არ შესძინა, ეს არის არასერიოზული. როცა ქვეყანა ასეთი კატეგორიებით ცხოვრობს და ასეა წარსულში ჩარჩენილი, რა თქმმა უნდა, ვერ განვითარდება,“- განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისათვის, "ქართულმა ოცნებამ" გუშინ საარჩევნო სიისა და პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ელისო ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ სიის 32-ე ნომერია.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა