ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2020

სანდრო თვალჭრელიძე - “სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” სია ცხადყოფს, რომ პროფესიონალიზმი ისევ თამაშგარე მდგომარეობაშია”

ომის ცეცხლი სულ უფრო მეტ ტერიტორიას ედება - რა სცენარებია მოსალოდნელი ყარაბაღში

ქმნის თუ არა განგაშის საფუძველს 554 ახალი შემთხვევა... რა შემთხვევაში გადავლენ 1-დან მე-6 კლასამდე მოსწავლეები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” სია ცხადყოფს, რომ პროფესიონალიზმი ისევ თამაშგარე მდგომარეობაშია”

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” სია ცხადყოფს, რომ პროფესიონალიზმი ისევ თამაშგარე მდგომარეობაშია. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილისთვის გაკვეთილი გამოდგა შარშანდელი მოვლენები “ქართულ ოცნებაში”, როდესაც პარტიაში დაპირისპირება მოხდა და არაერთი წევრი წავიდა საპარლამენტო უმრავლესობიდან. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, როგორც ჩანს, ეცადნენ სია პარტიის კონსოლიდაციის შესაძლებლობად ექციათ - გაითვალისწინეს სხვადასხვა შიდა დაჯგუფების ინტერესი, მოქმედი საპარლამენტო შემადგენლობიდან შეიყვანეს ის პირები, ვისზეც ფიქრობენ, რომ მმართველ ძალას ერთგულება უკვე დაუმტკიცეს, და ასევე პოლიტიკაში სრულიად ჩაუხედავი ადამიანები, რომლებიც, დიდი ალბათობით, გუნდთან დაპირისპირებას არ მოინდომებენ”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რეალურია თუ არა 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება?!” / “ვფიქრობ, “ლელო” იქცევა პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ექნება წარმატების შანსი და რესურსი, მაგრამ ეს ვერ მოხდება ამ არჩევნებზე. მათ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს: შეცდნენ, როცა ბიძინა ივანიშვილის გინება დაიწყეს. ამით პირდაპირ ჩაეწერნენ არსებული ოპოზიციის რიგებში”.

“სიაში განსაკუთრებით კარგად ჩანს თბილისის მერის კახა კალაძის გავლენა - სიაში მერიისა და საკრებულოს არაერთი თანამშრომელია, არიან ასევე პირები მისი გარემოცვიდან. კახა კალაძე აშკარად მომავლის პოლიტიკოსია, ნელ-ნელა მისი გუნდიც ყალიბდება, ძლიერდება, თუმცა ჯერჯერობით ის არ არის მუსიკის დამკვეთი. იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ისევ არსად ჩანან ამა თუ იმ დარგის პროფესიონალები და ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” სიაზე არ ითქმის. ძალიან კარგია, ვთქვათ, აშშ-ში დამთავრებული 3-თვიანი ან თუნდაც 1-წლიანი კურსები, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერობას და სახელმწიფოს მართვას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ჩვენ ისტორიაში გვაქვს მაგალითები იმისა, თუ ახალგაზრდა ლიდერები, რაოდენ ქარიზმატულებიც უნდა ყოფილიყვნენ, როგორ ვერ ამართლებდნენ. თუნდაც მიხეილ სააკაშვილი გავიხსენოთ - ასეთ ახალგაზრდა ასაკში, როდესაც გამოცდილება ჯერ არა გაქვს, დიდი საფრთხეა, რომ ძალაუფლების ხელში აღებისას ამბიციებს ვერ გაუმკლავდე და საკუთარი სიტყვა კანონად ჩათვალო. აუცილებელია კონგლომერატი, ხელისუფლებაში ყველა თაობის წარმომადგენელი უნდა იყოს. ჩვენი პარტიების გათვლა კი მხოლოდ იმას ეყრდნობა, რომ ესენი ცნობილი ადამიანები არიან და ამის გამო მათ ხმას მისცემენ, რაც მცდარი გათვლა მგონია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ქართული ოცნების” პროგრამის მსგავსი ვერაფერი ვნახე, მხოლოდ ლოზუნგები მოვისმინე. სიმართლე გითხრათ, საქართველოში ყურადღებას დიდად არავინ აქცევს საარჩევნო პროგრამებს და ამის მიხედვით ხმას არც აძლევენ. როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინეს “ქართულ ოცნებაში”. დასანანია, რომ საქართველოში არჩევნები იქცა არაკრიტიკულ ნებაყოფლობით აქტად, როდესაც ამომრჩევლები პროგრამასა და ქვეყნის მომავალს კი არ აძლევენ ხმას, არამედ ერთ ძალას მეორის ჯიბრზე. ბიძინა ივანიშვილმა და დანარჩენებმაც ყველაზე ხშირად ახსენეს “ნაციონალური მოძრაობა”, რაც უპირველესად სწორედ სხვის ჯიბრზე მათთვის ხმის მიცემაზე წაქეზება იყო. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” სულ მოგებული იქნება, თუ ასე გახლეჩს ამომრჩეველს და პოლიტიკურ ასპარეზს კვლავინდებურად ორ პოლუსად გაყოფს. - ეს კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, მას იმედი აქვს, რომ თუ შეინარჩუნებს ორპოლუსიან სივრცეს, “ქართული ოცნება” ადვილად გაიმარჯვებს. “ნაციონალურ მოძრაობასაც” ხელს აძლევს, რომ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა, მაგრამ ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ცოტა სხვა ვითარება იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ერთადერთი ძალა, რომელმაც საინტერესო ფიგურები შემოიკრიბა, “ლელოა”. ძალიან კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ დავით უსუფაშვილს, ის კარგი პოლიტიკოსია, მაგრამ უსუფაშვილმა არ იცის პოლიტიკური მართვა, ფულის შოვნა, იმიტომ, რომ წესიერი კაცია. მცდარი ნაბიჯი მგონია მისი “ლელოში” წასვლა, ეს მისი იმიჯისთვის, ვფიქრობ, დამღუპველია. მოკლედ, “ლელოში” ძალიან ბევრი საინტერესო ფიგურაა, ვფიქრობ, “ლელო” იქცევა პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ექნება წარმატების შანსი და რესურსი, მაგრამ ეს ვერ მოხდება ამ არჩევნებზე. მათ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს: შეცდნენ, როცა ბიძინა ივანიშვილის გინება დაიწყეს. ამით პირდაპირ ჩაეწერნენ არსებული ოპოზიციის რიგებში, დამოუკიდებელ ძალად ვერ მოახერხეს პოზიციონირება. არადა, ჰქონდათ შუალედური პოზიციის დაკავების ადამიანური თუ ფინანსური შესაძლებლობები, შეეძლოთ არავინ გაელანძღათ და მთელი რიტორიკა საზოგადოების გამთლიანებისკენ მიემართათ. ახლა ცდილობენ გამოსწორებას, მათგან ლანძღვა-გინება აღარ გვესმის, აქვთ კარგი იდეები, მაგრამ ამის ერთიან სისტემად ჩამოყალიბება და მერე საზოგადოებამდე მიტანა დააგვიანდათ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხს, როცა რუკებთან გაქვს საქმე, უნდა იცოდე, როდის და როგორ იხაზებოდა. ჩვენი ტოპოგრაფიული რუკების უმრავლესობა 1942 წლის დროინდელია და მათ ერთი საინტერესო მახასიათებელი აქვთ - ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიხაზა და მათში სპეციალურად შეიტანეს ხარვეზები იმ შემთხვევისთვის, თუ გერმანელებს ჩაუვარდებოდათ ხელში. განსაკუთრებით წვრილმასშტაბიან რუკებშია ბევრი რამ მცდარად დატანილი, მათ შორის საზღვრებიც სპეციალურად იყო დამახინჯებული. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ამ რუკებით დავდიოდი ველზე და მათ შესახებ ყველაფერი ვიცი. ეს უნდა სცოდნოდათ კომისიის წევრებსაც. არსებობს იმის ალბათობა, რომ ასე მიზანმიმართულად მოქცეულიყვნენ? - არსებობს, რადგან ჯერ ვერაფერს გამოვრიცხავთ. მით უფრო, რომ მე კარგა ხნის განმავლობაში ვყვიროდი, უფრო ადრინდელი რუკები უნდა გამოიყენოთ-მეთქი. იყო აქ ღალატი თუ არაპროფესიონალიზმი, არ ვიცი. იმედია, სამართალდამცავები გაარკვევენ. მე არც ის ვიცი, ვინ არიან კომისიის წევრები. საინტერესოა, იქ ერთი პროფესიონალი კარტოგრაფი მაინც არის?.. მოკლედ, მომხდარს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის უვიცობაც”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“საქართველო სწორად მოიქცა, რომ შეაჩერა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების ჩვენს ტერიტორიაზე გატარება. სწორია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივაც, რომლის თანახმადაც, მეზობლებს თბილისი შევთავაზეთ მოლაპარაკების პლატფორმად. ჩვენ გვიჭირავს სრული ნეიტრალიტეტი და ეს სწორია! ამასთან, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ საქართველოდან ჩვენი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხონ მოხალისეებად წასვლა ვერც ერთი მიმართულებით. გარდა ამისა, თითოეულ დეზინფორმაციას უნდა გაეცეს დროული და დასაბუთებული პასუხი, რათა ზედმეტი კითხვები არავის გაუჩნდეს, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ვიღაცის პროვოკაციას. რა თქმა უნდა, ალიევს ყარაბაღის დაბრუნება სურს და გჯერათ, რომ ამ ნაბიჯს რუსეთისგან გარანტიების მიღების გარეშე გადადგამდა? მე არ მჯერა. აზერბაიჯანს ბევრი ბერკეტი აქვს რუსეთზე ზემოქმედებისთვის და ვეჭვობ, რუსეთმა ალიევი მოატყუოს. პუტინმა განაცხადა, მეზობლების შინაურ საქმეებში არ ვერევიო, ლავროვი კი მხარეებს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ასე რომ, სომხეთის მხარდამჭერი განცხადება არ გაკეთებულა. ეს შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს. ფაქტია, რუსეთი სომხეთზეც და აზერბაიჯანზეც ყიდის იარაღს და ამ კონფლიქტით მშვენივრად ითბობს ხელს. იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა კონფლიქტის შეჩერებას მოახერხებს”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

ომის ცეცხლი სულ უფრო მეტ ტერიტორიას ედება - რა სცენარებია მოსალოდნელი ყარაბაღში

“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოგრაფიული არეალი უფრო და უფრო ფართოვდება, შაბათს და კვირას შეტაკებებმა განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. დაიბომბა საქართველოს სიახლოვეს მდებარე აზერბაიჯანის სიდიდით მესამე ქალაქი განჯა. ასევე ინტენსიურად დაიბომბა ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი. ქართველი ექსპერტების აზრით, განჯის დაბომბვა იმას ნიშნავს, რომ ომი უფრო ფართომასშტაბიანი გახდა და საბრძოლო მოქმედებები მნიშვნელოვნად გაცდა ყარაბაღის ტერიტორიას. აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ განჯის დაბომბვა არა ყარაბაღის, არამედ უშუალოდ სომხეთის ტერიტორიიდან მოხდა. ამას სომხური მხარე გადაჭრით უარყოფს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ომის ცეცხლი სულ უფრო მეტ ტერიტორიას ედება - რა სცენარებია მოსალოდნელი ყარაბაღში.

“სომხეთის განცხადებით, განჯაზე იერიშის ბრძანება უშუალოდ თვითგამოცხადებული ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა გასცა და ეს დარტყმა მხოლოდ ყარაბაღის თავდაცვის ძალებით განხორციელდა ამ დეტალს შესაძლოა პრინციპული მნიშნელობა ჰქონდეს, რადგანაც თუ აზერბაიჯანის შიდა ტერიტორია სომხეთის (და არა თვითგამოცხადებული ყარაბაღის) ტერიტორიიდან იბომბება, ფორმალურად ეს ნიშნავს, რომ ომში სომხეთი ჩაერთო, რასაც სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა ვითარების კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვეს. ჯერჯერობით კი ეს კონფლიქტი განიხილება, როგორც შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანსა და თვითგამოცხადებულ ყარაბაღს შორის. ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ განჯის დაბომბვა განსაკუთრებით შემაშფოთებელი ფაქტია, რადგან კონფლიქტის გეოგრაფიული არეალიდან შორსაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“განჯა ნამდვილად დაბომბილია და ეს საკითხი განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამას აზერბაიჯანული მხარეც ადასტურებს, ამის კადრებიც და სურათებიც გავრცელდა. იმიტომაა შემაშფოთებელი, რომ კონფლიქტის ზონიდან საკმაოდ შორს მდებარეობს. ეს ამ კონფლიქტის გეოგრაფიის შესაძლო გაფართოების პრეცენდენტია, რაც ძალიან საშიშია. განჯა ჩვენს საზღვართან ძალიან ახლოსაა. ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის მიღწევა ყველას ინტერესში უნდა იყოს. აქ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია. ნათელია, რომ განჯაზე დარტყმა რუსეთის ჩარევის გარეშე არ განხორციელდებოდა, ასეთი რამ გამორიცხულია და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს მხოლოდ ყარაბაღის ძალებმა გააკეთეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო ფორმატების ამოქმედება დროზე მოხდეს, იმიტომ, რომ ეს ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს და თუ ასე გაგრძელდა, არსებობს იმის საშიშროება, რომ კონფლიქტის გეოგრაფია გაფართოვდეს და ასეთ შემთხვევაში კი საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდოს. აქ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩაერთოს, ამისთვის საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენც უნდა მოვუწოდოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“კვირას ასევე ინტენსიურად დაიბომბა თვითაღიარებული ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი. სომხური მხარე მნიშვნელოვანი ნგრევისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ იუწყება. თვითაღიარებული ყარაბაღის დე ფაქტო ომბუდსმენი არტაკ ბეგლარიანი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა სარაკეტო იერიში, რაც სამხედრო დანაშაულია. ამის პაერალელურად აზერბაიჯანულმა მხარემაც ოფიციალურად განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანულმ არმიამ კიდევ რამდენიმე სოფელი დაიკავა - ტერტერის რაიონის სოფელი თალიში, ჯაბრაილის რაიონის სოფლები მეჰდილი, ჩახირლი, აშაგი მარალიანი, შეიბეი და ქუიკარი, აგრეთვე ფიზულის რაიონის სოფელი აშაგი აბდურაჰმანლი. სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, იმის გამო, რომ უკვე შიდა ტერიტორიების დაბომბვა ხდება, მხარეები ფართომასშტაბიან ომზე გადადიან და თუ შეტაკებები კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, ვითარება უკონტროლო გახდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“მგონია, რომ ფართომასშტაბიან ომზე გადადიან, უკვე შიდა ტერიტორიებს ბომბავენ. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები თუ ერთი კვირა კიდევ გაგრძელდა და მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდაზე ვერ დასხდნენ, შესაძლოა სიტუაცია ყოველგვარი კონტროლიდან გამოვიდეს და ძალიან ცუდი სცენარი განვითარდეს. არც ერთი მხარე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას არ აპირებს. ეს პრინციპში გასაგებიცაა, აზერბაიჯანი სანამ ოკუპიურებულ ტერიტორიას არ დაიბრუნებს, ხუთიდან ოთხს მაინც, ის საბრძოლო მოქმედებებს არ შეაჩერებს. თუ ალიევმა საბრძოლო მოქმედებები ახლა შეაჩერა, შესაძლოა მის ხელისუფლებასაც სერიოზული პრობლემა შეექმნას. ასევე სომხურ მხარესაც საკმაოდ დილემური თემა აქვს. თუ ფაშინიანმა სიტუაციის აღდგენა ვერ შეძლო, შესაძლოა ისიც გადააყენონ. ისედაც ფაშინიანის წინააღმდეგ სერიოზული გადატრიალება მზადდება იმიტომ, რომ კოჩარიანი და მისი მოწინააღმდეგე სამხედროები ჩამოვიდნენ. მართალია, სომხეთს ამისთვის არ სცხელა, მაგრამ, თუ სიტუაცია გართულდა, ფაშინიანის გადაყენებაც კი არაა გამორიცხული”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“თუ საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული ზეწოლა არ მოხდა, სიტუაცია საკმაოდ გართულდება. აშშ-ს პრინციპში ახლა ამისთვის არ სცხელა, არჩევნებია და ტრამპს კორონავირუსი აქვს, მას წინასაარჩევნო კამპანია აქვს. პოლონეთში ვიმყოფები და აქ უკვე ევროკავშირში არსებული შიდა პრობლემები შეიგრძნობა. სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია. ფაქტიურად, რუსეთი და თურქეთიღა რჩება. რუსეთი არ ჩქარობს და ცილობს სიტუაცია დაძაბოს, რათა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს, თურქეთი კი აზერბაიჯანს კონფლიქტში წისქვილზე წყალს უსხამს. იარაღი ორივე მხარეს იმდენად კარგად აქვს მომარაგებული, რომ რამდენიმეთვიანი ბრძოლებისა და საომარი მოქმედებების წარმოებისათვის ეყოფათ”, - განმარტავს მაისაია. განსხვავებულ სცენარზე საუბრობს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. იგი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ მხარეებს საკმაოდ ძვირადღირებული სამხედრო რესურსები ამოეწურათ და კონფლიქტი აუცილებლად ჩაცხრება”, - დასძენს გამოცემა.

“კონფლიქტი აუცილებლად ჩაცხრება. მხარეებს რესურსები შეზღუდული აქვთ. მათ საკმაოდ ძვირადღირებული იარაღი აქვთ, ამას ერთმანეთს უნადგურებენ და უთავდებათ. აღარ ვლაპარაკობ ხალხის დაღუპვას, საშინელებაა, როდესაც ახალგაზრდები იღუპებიან. ამ კონფლიქტის გაკონტროლება მაინც თურქეთს და რუსეთს შეუძლიათ. თურქეთი მკაფიოდ და ცალსახად აზერბაიჯანის მხარესაა და ვალდებულებების მხრივ თავისუფალია, ხოლო რუსეთი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, მას არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის დაკარგვა არ უნდა, ორივე და განსაკუთრებით სომხური მხარე რუსეთისგან მეტ მხარდაჭერას ელოდება და როცა რუსეთი ამას პირდაპირ ვერ ამბობს, სომხურ საზოგადოებაში იმედგაცრუება ხდება. ამიტომ რუსეთს ურჩევნია, რომ ეს კონფლიქტი სწრაფად დამთავრდეს, რათა ეს უკმაყოფილება არ გაიზარდოს. იგივეა აზერბაიჯანულ მხარესაც, უკმაყოფილება მაინცაა, რომ ვითომ რუსეთი სომხეთს ფარულად ეხმარება. აქედან გამომდინარე მგონია, რომ კონფლიქტი მალე უნდა ჩაცხრეს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ძალიან დიდი დიპლომატიური მოლაპარაკებები მიდის. მგონია, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო ღამის ესკალაცია მკაფიოდ გამოიკვეთა. მგონია, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც ელოდებოდნენ, თუ პროცესი საით წავიდოდა. როგორც ჩანს, მათ რაღაც გადაწყვეტილება შეატყობინეს, ამიტომაც დაჩქარებულად რაღაცეების დაკავება დაიწყეს. აზერბაიჯანს, როგორც 2016 წელს, ახლაც უნდა, რომ რამდენიმე სოფელი, რეგიონი, ან რაღაც სტრატეგიული სიმაღლე დაიკავოს და მერე ეს შერჩეს. როგორც მოგეხსენებათ, ყარაბაღის კონფლიქტის ზონა ორი ნაწილისგან შედგება - თვით ყარაბაღისა და მის გარშემო კიდევ შვიდი რაიონისგან. მგონია, რომ ამ შვიდი რაიონიდან აზერბაიჯანი რაღაც ნაწილს დაიკავებს და შეირჩენს. რუსეთი მოსთხოვს სომხეთსაც, რომ ეს რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, ჩაყლაპოს. მე პროცესებს აქეთკენ ვხედავ, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიან ტერიტორიულ მონაპოვრებში არ გადაიზრდება”, - თვლის ზაქარეიშვილი.

“ყარაბაღის მთლიანად დაპყრობა ან აზერბაიჯანული ჯარების მთლიანად განდევნა არ მოხდება. აზერბაიჯანი რაღაც გარკვეული წარმატებით დაკმაყოფილდება - თუ 2016 წელს 2-3 სოფელი იყო, ახლა შეიძლება მეტი იყოს. ამ ეტაპზე კონფლიქტი ვფიქრობ, რომ გაჩერდება, ბუნებრივია არ მოგვარდება. ახლაც წლები გავა და მხარეების მიერ სამხედრო პოტენციალის აღდგენის შემთხვევაში, დაახლოებით 5-6 წელიწადში, ამ ტიპის ესკალაციას კიდევ უნდა ველოდოთ. ირანი კი ამ შემთხვევაში ჩრდილშია და ამ ყველაფერს უყურებს. ამ სამი სახელმწიფოდან განსაკუთრებით თურქეთი და რუსეთი ამ პროცესებს მართავენ. რაც შეეხება საქართველოს კონტექსტს, ერთის მხრივ მისი ნეიტრალობა და მეორეს მხრივ აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასევე რეალობის ნაწილია და ჩვენც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ნეიტრალურობა, რომელიც ხელს სტაბილურობას უწყობს და მეორე მხრივ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა არ დავკარგოთ”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

ქმნის თუ არა განგაშის საფუძველს 554 ახალი შემთხვევა... რა შემთხვევაში გადავლენ 1-დან მე-6 კლასამდე მოსწავლეები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე

“კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი იმ შემთხვევაში გახდება განგაშის საფუძველი, თუ საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს დასჭირდებათ მძიმე ტექნიკური დახმარებები”, - ასე აფასებს ექიმი ირაკლი ხმალაძე კორონავირუსის მაჩვენებლის სწრაფ ზრდას და ამბობს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქმნის თუ არა განგაშის საფუძველს 554 ახალი შემთხვევა - “უნდა ველოდოთ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების მატებას”.

“გაზრდილი მაჩვენებლიდან - 554 ახალი შემთხვევიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ ვირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების მატებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იქნება შემთვევები, როცა საჭირო გახდება რეანიმაციული დახმარება, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ვითარება არ ქმნის განგაშის საფუძველს”, - ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ირაკლი ხმალაძე. იგი არ ფლობს ინფორმაციას ინფიცირებული პაციენტების ზუსტ რაოდენობაზე, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ პაციენტების უმრავლესობა მკურნალობას გადის სასტუმროებსა და სახლებში, ასევე ვირუსი შედარებით მარტივ ფორმებში აქვთ გამოვლენილი და მკურნალობაც მარტივად მიმდინარეობს. ამის საფუძველზე იმედოვნებს, რომ არსებულ პაციენტებს არ დასჭირდებათ მძიმე ტექნიკური ჩარევები და რეანიმაციული დახმარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე არ ვიცი ახლა რამდენი პაციენტია მძიმე მდგომარეობაში. მთავარია მათი პროცენტული რაოდენობა არ გაიზარდოს. თუმცა, მაგალითისათვის, ეს მაჩვენებელი სეზონური გრიპის შემთხვევას რომ შევადაროთ, ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა უფრო მეტიც ყოფილიყო. კიდევ ერთხელ ვამბობ - განგაში იმ შემთხვევაში უნდა ატყდეს, თუკი საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს დასჭირდებათ რეანიმაციული თუ სხვა სახის დახმარება, რომელიც მოითხოვს სპეციალისტების მიერ მძიმე ინფექციურ-თერაპიულ ჩარევას. დღევანდელი მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა ამ ყველაფერს არ საჭიროებს და კორონავირუსს თვითიზოლაციის პირობებში - სახლში და სასტუმროებში მკურნალობენ. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არ გვაქვს განგაშის საფუძველი. მეორეს მხრივ, თუ ყველაფერი ჩავკეტეთ, ეს გამოიწვევს ეკონომიკურ კატასტროფას, რაც სახელმწიფოში შექმნის კრიტიკულ მდგომარეობას. ასევე მინდა დავამატო, რომ ბოლო დროს კორონა ვირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირება გამოწვეულია მოსახლეობის მოდუნებული ყურადღებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების უგულებელყოფით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო უახლოესი კვირის განმავლობაში დააკვირდება ქვეყანაში ეპიდსიტუაციას და ამის შემდეგ შესაძლოა თბილისის სკოლებში 1-დან მე-6 კალასამდე მოსწავლეებიც ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანონ. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ - “ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე. ჩვენ რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვებისა და რეგულაციების შემოღება, უნდა გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. დავიცვათ მინიმალური ვალდებულებები - ნიღბის ტარება, ფიზიკური დისტანცირება და ჰიგიენის წესები. მოქალაქეებს მხოლოდ ეს მოეთხოვებათ. დანარჩენი ნებისმიერი გადაწყვეტილება საერთო ეპიდვითარებაზეა დამოკიდებულია”, - განაცხადა ხუნდაძემ. აღსანიშნავია, რომ განათლების სამინსტროს გადაწყვეტილებით, მე-7-12 კლასებში დისტანციური სწავლება პრაქტიკულად ახალ წლამდე გაგრძელდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში გადავლენ 1-დან მე-6 კლასამდე მოსწავლეები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.

“მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და აჭარის სკოლებში მე-7-12 კლასის მოსწავლეებისთვის ელექტრონული ფორმით სწავლის დასრულების თარიღად 29 დეკემბერია მითითებული. დოკუმენტში ასევე დეტალურად არის გაწერილი სასწავლო მოდელები კონკრეტული სკოლებისთვის, რომლის თანახმადაც, ამავე ქალაქების გარკვეული სასწავლო დაწესებულებებისთვის განსხვავებული თარიღებია დადგენილი. ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, სასწავლო პროცესი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, წარმართონ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით”, - წერია ბრძანებაში. მოგვიანებით სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ბრძანებაში მითითებული თარიღი - 29 დეკემბერი - პირობითია და რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა