დიმიტრი შაშკინის განცხადებით, დმანისში ერთმანეთს ცეცხლი „ქართული ოცნების“ წევრებმა გაუხსნეს, რადგან „მათ შტაბიდან გამოგზავნილი ფული და ბენზინი ვერ გაიყვეს“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გუშინ დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი ინციდენტისას, ერთმანეთს ცეცხლი „ქართული ოცნების“ წევრებმა გაუხსნეს.

შაშკინის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირებს შორის დაპირისპირება „ქართული ოცნების“ შტაბიდან გამოგზავნილმა ფულმა და ბენზინის ტალონებმა განაპირობა, რომელიც დამნაშავეებმა ვერ გაიყვეს.

„პირველი დაპირისპირება ამ ბანდის წევრებს შორის მოხდა ბოლნისში, როდესაც თბილისიდან „ქართული ოცნების“ შტაბიდან გამოგზავნილი ფულიდან გაქრა დიდი თანხა, თუმცა ეს სროლამდე არ მისულა. მაგრამ გუშინ დმანისში იგივე განმეორდა, ფული ვერ გაიყვეს. მოწმეები ადასტურებენ, რომ სროლის წინ იყო ხმამაღალი კამათი ფულთან და ბენზინის ტალონებთან დაკავშირებით, რომელიც გამოდიოდა „ქართული ოცნების“ ოფისიდან და ამ კამათს მოყვა სროლა. ორი ადამიანი დაჭრილია ფეხებში, ერთი ტანის არეში, ყველანი არიან „ქართული ოცნების“, გოგი მეშველიანის შტაბის წევრები. თუ ეს ბანდა არ გაჩერდება, ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან ცუდად, უკვე ერთმანეთს ესვრიან.

ეს ხალხი უნდა იყოს დაკავებული და მიღებული იყოს ზომები ამ ბანდის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ გოგი მეშველიანმა აღიაროს ეს პრობლემა, აცხადებს, რომ თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კახა ოქრიაშვილმა დავათვრეთ მათი აქტივისტები, ჩავუდეთ იარაღი და ვასროლინეთ ერთმანეთისთვის. სანამ დიდი უბედურება არ მოხდა ვთხოვთ პოლიციას, რომ მიიღონ ზომები“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე პირები ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვა დანაშაულშიც ფიგურირებდნენ.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბოლნისის, დმანისისა წალკის და თეთრიწყაროს რაიონში მოქმედებს კარგად ორგანიზებული ბანდა, რომელიც არის შექმნილი გოგი მეშველიანის მიერ. ამ ბანდას ხელმძღვანელობს მისი ძმა და მასში შედიან სახელმწიფო მოხელეები და კრიმინალები. დმანისში, დღისით-მზისით 12-მა კაცმა ამ ბანდიდან ცემა ერთი ადამიანი, ეს გადაღებული იყო კამერებზე და იდენტიფიცრებული იყო ყველა თავდამსხმელი. ამ ბანდის ერთ-ერთი წევრი იყო საოლქო კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ნულოვანი რეაქცია. ამ ბანდამ ცემა წალკაში ადგილობრივი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ასევე ნახიდურში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი. ეს ბანდის წევრები ემუქრებოდნენ ჟურნალისტს თავის მოჭრით და არცერთი დაკავებული არ არის. მათ ესროლეს ლოდი ვეტერანის მანქანას, თუმცა ეს ადამიანი სასწაულად გადარჩა. სამი დღის წინ ამ ადამიანებმა სცემეს მასწავლებელი მხოლოდ იმის გამო, რომ ის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერდა. მხოლოდ დროის მომენტი იყო, როდის დაიწყებდნენ ისინი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. ორი დღის წინ ბოლნისში, კახა ოქრიაშვილის პარტიის ახალგაზრდულ თავმჯდომარეს ესროლეს ექვსჯერ, ერთი ტყვია გაარტყეს მანქანას და ის ბედზე გადარჩა. კვლავ იდენტიფიცრებულია ყველა დამნაშავე, არცერთი დაკავებული არ არის“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ცნობისთვის, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან გუშინ ინციდენტი მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი