ქართული პრესის მიმოხილვა 02.11.2020

სანდრო თვალჭრელიძე - "კვლევების ომი ანუ სპეცდანიშნულების ეგზიტპოლები?!"

“ოცნების” მესამე ვადა - დარჩა თუ არა რაიმეს შეცვლის შანსი ოპოზიციას

ვახტანგ ძაბირაძე - რატომ ვერ მიაღწიეს წარმატებას ახალმა პარტიებმა?!

4.1%-იანი ცდომილება არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და ხმების პარალელური დათვლის შედეგებს შორის

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ნოემბრის ნომრის N11 (273) მიმოხილვა

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - "კვლევების ომი ანუ სპეცდანიშნულების ეგზიტპოლები?!"

“ეს არის ემოციურ ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები - ვფიქრობ, რიგ ოპოზიციურ ძალებს დაელაპარაკებიან ევროპელი კონსულტანტები და მოუწევს ნაწილს მაინც პარლამენტში შესვლა. მართალია, ოპოზიცია საპარლამენტო კრიზისის გამოწვევას ცდილობს, მაგრამ ვერ ვხედავ ამის შექმნისთვის ობიექტურ საბაბს. გამოქვეყნებული კვლევებისა და ეგზიტპოლების მიხედვითაც, “ქართული ოცნება” იყო და არის ლიდერი. მაინცდამაინც “მთავარი არხის” დაკვეთილ ეგზიტპოლს რატომ უნდა ვენდოთ ან მაგათი ნდობა როგორ შეიძლება?! საოცარია ეს ეგზიტპოლების ომი. როგორ შეიძლება ერთსა და იმავე საზოგადოებაში ჩატარებული კვლევები ასეთ სხვაობას იძლეოდეს. ეს ხომ ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერია დამკვეთიც და ჩამტარებელიც”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კვლევების ომი ანუ სპეცდანიშნულების ეგზიტპოლები?! / ამომრჩევლის 56% მივიდა საარჩევნო ურნებთან, 44 % კი არის აბსოლუტურად გაწბილებული ამომრჩეველი - მას არც „ქართული ოცნება“ სურს, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და თან ვერავითარ შუალედურ ძალას ვერ ხედავს. ნუ დავაბრალებთ ამას პანდემიას.

“ვფიქრობ, მაინც ყველაზე ობიექტური “ფორმულის” ეგზიტპოლი იყო. ფაქტობრივად, იგივე აჩვენა “სამართლიანი არჩევნების” პარალელურად ჩატარებულმა დათვლამაც. “მთავარი არხის” ეგზიტპოლი კი სპეციალურად გაკეთებულია არეულობისთვის. ეს ყველაფერი პროცესების რევოლუციური განვითარებისთვის საფუძვლის შექმნის ცდაა, მაგრამ არ გამოუვათ. დღეს არეულობა არავის სჭირდება, საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას სიმშვიდე სურს. არ სჭირდებათ საქართველოში არეულობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, ისედაც მძიმე ვითარებაა რეგიონში. კი იმუქრება ოპოზიცია აქციებით, მაგრამ ხომ ნახეთ, რა თქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კენჭისყრის მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი არ არისო. რას ვიზამთ, პოლიტიკური კულტურის კვლავ იმ ეტაპზე ვართ, რომ ყველას თავი გამარჯვებული ჰგონია და დამარცხების აღიარება არავის სურს. ყოველივე ამის ორკესტრირებას უკრაინიდან ცდილობს მიხეილ სააკაშვილი თავისი “მთავარი არხით”. არჩევნების დამთავრების შემდეგ, როდესაც შედარებით სიმშვიდე იყო, სწორედ ნიკა გვარამიამ მოუწოდა ოპოზიციას ქუჩაში გასვლისკენ, გასაგებია, ვისი დავალებითაც. პირველ რიგში, გამოეხმაურნენ 1%-იანი პარტიები, რომლებიც წესით, თავის თავზე უნდა ყოფილიყვნენ გაბრაზებულები, რომ ასეთი შედეგი აჩვენეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრი თვალჭრელიძე.

“სააკაშვილი ფიქრობს რომ ამ არხსაც გამოიყენებს ისე, როგორც 2003 წელს გამოიყენა “რუსთავი 2”, მაგრამ აღარ გამოუვა - შეუძლებელია კიდევ რევოლუციის დადგმა, ამისთვის არც საზოგადოებაა მზად და სახელმწიფო ინსტიტუტებიც გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2003 წელს იყო. არც ის მგონია, ქვეყანაში არსებობდეს რევოლუციური სცენარის გათამაშების რესურსი, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. ახლა რევოლუცია დააქცევს ქვეყანას. “ნაციონალური მოძრაობა” ნებისმიერ შემთხვევაში ემზადებოდა იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინა. არადა, მშვენივრად იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ამაზე უარესი შედეგიც მიეღოთ. შეიძლება ითქვას, “ქართულმა ოცნებამ” წკიპზე გაიმარჯვა. ძალიან ბევრი მეორე ტური იქნება, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატიულობის გზაზე ნელა, მაგრამ წინ მივდივართ. ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებასაც” არა აქვს საზეიმო. ეს მისთვის კარგი გაკვეთილია, რათა უფრო მოუსმინოს ხალხს. მის გამარჯვებაში კვლავაც ოპოზიციის შეცდომებმა და “ნაციონალური მოძრაობის” მიუღებლობამ შეასრულა დიდი როლი, თორემ ამომრჩეველში აღარც “ქართული ოცნება” აღიქმება უკვე პოზიტიურ ძალად”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აუცილებლად უნდა გაძლიერდეს მესამე, შუალედური ძალა, რომელიც არც ერთ ამ პოლუსთან არ იქნება ასოცირებული. სხვა შემთხვევაში ეს ორპოლუსიანი განხეთქილება “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ქვეყნის განვითარებას კარგა ხანს შეაფერხებს. ხომ ნახეთ აჭარაში რა მოხდა? იქ მხოლოდ ეს ორი პარტია გავიდა. ვფიქრობ, ქართველ საზოგადოებაში უფრო გაიზარდა პოლიტიკური კულტურა, ვიდრე პოლიტიკურ სპექტრში. ხალხი ეძებს გამოსავალს ამ 2 ძალის დაპირისპირებიდან, მაგრამ ჯერ ვერ პოულობს. გამიკვირდა “გირჩის” წარმატება, თუმცა რომ ვაანალიზებ, ამ ორგანიზაციას სწორი გათვლები აქვს - ისინი ახალგაზრდებზე მუშაობენ, სწორად ჰყავთ შერჩეული სამიზნე სეგმენტი და სხვა ოპოზიციური ძალებისგან განსხვავებით, სამოქმედო გეგმაც სწორად დასახეს. მცდარი კამპანია და სტრატეგია ჰქონდათ იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ევროპულ ფლანგზე მოიაზრებიან და თითქოს ნაკლებად რადიკალური არიან. ისინი რადიკალური განცხადებებითა და ხელისუფლების კრიტიკით ჩაეწერნენ “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივში. შესაბამისად, მათი აღქმა მესამე დამოუკიდებელ ძალად ამომრჩეველს გაუჭირდა. ამან განსაკუთრებით “ლელო” დააზარალა”, - განმარტავს ექსპერტი.

“ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო იმის გამოცხადება და რაღაც შეთანხმებების გაფორმება, რომ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, არ შექმნიდნენ კოალიციას. ამომრჩევლის 56% მივიდა საარჩევნო ურნებთან, 44% კი არის აბსოლუტურად გაწბილებული ამომრჩეველი - მას არც “ქართული ოცნება” სურს, არც “ნაციონალური მოძრაობა” და თან ვერავითარ შუალედურ ძალას ვერ ხედავს. ნუ დავაბრალებთ ამას პანდემიას. ეს არის ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის მიმხრობა და გააქტიურება ოპოზიციამ ვერ შეძლო, სამწუხაროდ... რაც შეეხება მეორე ტურებს, 1-2 ოლქის გარდა, ისევ “ქართული ოცნების” კანდიდატები გაიმარჯვებენ. ძალიან გამიხარდებოდა ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის გამარჯვება, მაგრამ, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ, რადგან ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ “ქართული ოცნების” კანდიდატებს”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

“საქართველოში იდეოლოგიურად გამოხატული 2 პარტია არსებობს: “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის იდეოლოგია ასეთია - ჯერ სახელმწიფო და მერე ადამიანი; და “ქართული ოცნება” იდეოლოგიით - ჯერ ადამიანი და მერე სახელმწიფო. ჩვენ თავისუფალი ცხოვრების მოყვარული ხალხი ვართ და ამიტომაც უფრო მისაღებია “ქართული ოცნების” იდეოლოგია. მიუხედავად სიდუხჭირის, უმუშევრობისა თუ პანდემიისა, თანაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” იმდენი ადამიანი გაამწარა, თუ სრულად არ შეიცვალეს სახელიც და ლიდერებიც, არ მიატოვეს მიხეილ სააკაშვილი, გამარჯვების შანსი კარგა ხანს არ მიეცემათ. არჩევნებს აკვირდებოდა ბევრი შიდა თუ გარე დამკვირვებელი, მოვისმინეთ პირველი შეფასებებიც, ითქვა, რომ იყო ხარვეზებიც, მაგრამ ადამიანის არჩევნის თავისუფლად გამოხატვისთვის პირობები დაცული იყო. ამიტომაც ვამბობ, რომ მხოლოდ ოპოზიციის უაზრო განცხადებების გამო რევოლუცია ვერ მოხდება. ცხადია, პატარ-პატარა ექსცესები იქნება, შეეცდებიან პროვოკაციებს, მაგრამ ეს შედეგს ვერ შეცვლის. ასე რომ, 4 წელი კიდევ განწირული ვართ “ქართული ოცნების” მმართველობისთვის. საუბედუროდ, არჩევანი ისევ ცუდსა და უარესს შორის გაკეთდა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“წინა არჩევნებისგან უპირველესი განსხვავება ის არის, რომ აბსოლუტურად სხვა საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რამაც პირველად მისცა საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, საზოგადოების ფსონი ამ არჩევნებზე გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა არჩევნებზე იყო. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნები ჩავატარეთ ორგანიზებულად, რაც ნამდვილად მახარებს. ამ პანდემიის დროს ეს არ იყო ადვილი, რასაც ყველა უცხოელი დამკვირვებელი აღნიშნავს. წინასაარჩევნო პერიოდი, ისევე როგორც სხვა არჩევნების წინ, იყო რადიკალური, მაგრამ ნაკლები შეხლა-შემოხლითა და აურზაურით სავსე. ჩემი აზრით, ოპოზიციის შედეგი განაპირობა კრიტიკულად მძიმე შეცდომებმა. უპირველესად იმიტომ, რომ მხარი არ დაუჭირეს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რისთვისაც იბრძოდნენ. ამით განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაანაწყენეს, ისინი, ვინც აქტიურად იყვნენ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაში ჩართული. ამით ქართულმა ოპოზიციამ თავისი არათანამიმდევრულობა და დესტრუქციულობა აჩვენა. დღეს ვინმე ლაპარაკობს კიდევ გიორგი რურუაზე? - არც არავინ, აღარც ახსოვთ, არადა, საკუთარი იმიჯი გადააყოლეს. რა თქმა უნდა, რურუა არ იყო მათი გადაწყვეტილების მიზეზი, უბრალოდ, ოპოზიციას სურდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ჩავარდნილიყო და “ქართული ოცნება” გაშავებულიყო, რაც არ გამოუვიდა”, - თვლის ექსპერტი.

“შეცდომა იყო ოპოზიციის დამოკიდებულება პანდემიისადმი. მაშინ, როცა საზოგადოება ხედავდა და ხედავს ხელისუფლების ძალისხმევას, თავი გაართვას როგორმე კორონავირუსის შემოტევას და ავად თუ კარგად ეს გამოსდის, მით უფრო, რომ ვხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში - ბევრ ძლიერ ქვეყანასთან შედარებით, უკეთესი ვითარება გვაქვს დღესაც. ამ დროს კი ოპოზიციური ძალები, ნაცვლად იმისა, მოეძებნათ რაიმე გზები, რათა თანადგომა ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, მხოლოდ უსაგნო ლაპარაკით გამოირჩეოდნენ. როგორც უკვე ვთქვი, მიუღებელი და მცდარი იყო ოპოზიციის განცხადებებიც, რომ კოალიციას “ქართულ ოცნებასთან” არ გააფორმებდნენ. არადა, ეს ის ხალხია, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა. გამოდის, ფუნდამენტურად არ ესმით პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, შეხლა-შემოხლა იყო, მაინც მგონია, რომ დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა საარჩევნო პროცესმა. ოპოზიცია ცდილობს არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს, მაგრამ ვერაფერს დაამტკიცებს, რადგან დარღვევების თაობაზე დაწერილ 300-მდე ოქმში უმეტესად მხოლოდ პროცედურულ დარღვევებზეა ლაპარაკი და არა მნიშვნელოვან გადაცდომებზე”, - დასძენს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “შეძლებს “ოცნება” ასეთი მყიფე გამარჯვების შემდგომ პრობლემებთან გამკლავებას?” - პასუხობს:

“ძნელად სათქმელია. მიმაჩნია, რომ თუ “ოცნებამ” არ შეცვალა და გიორგი გახარია დატოვა პრემიერად, ვნახავთ საკმაოდ ხისტ და ქმედით ნაბიჯებს. ის კარგი მენეჯერი და ეკონომისტია, პოლიტიკური ინტრიგები სულ არ აინტერესებს, საქმის კაცია და რაც შეუძლია, აკეთებს. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად მოახერხა როგორც ეპიდემიასთან გამკლავება, ასევე ლარის “დაჭერაც”. შეხედეთ სხვა ქვეყნებს, საშინელი ინფლაციაა, თურქეთსა და ირანში ეროვნული ვალუტის კატასტროფული დევალვაციაა, შვედეთშიც კი მნიშვნელოვნად გაუფასურდა კრონი. პანდემიის გამოც არ ველი სრულ ლოკდაუნს, მაგრამ იქნება უფრო ქმედითი წერტილოვანი შეზღუდვები. თუ ამ აქციებმა არ გამოიწვია აფეთქება, ვფიქრობ, პანდემია საქართველოში პროფესიულად იმართება. ჩემი აზრით, პირბადეების ტარებისა (მათ შორის ქუჩაშიც) და სოციალური დისტანციის დაცვის კონტროლი უნდა გამკაცრდეს. პირდაპირი ჯარიმებია საჭირო, პოლიცია სულ ქუჩაში უნდა იყოს...”

“ოცნების” მესამე ვადა - დარჩა თუ არა რაიმეს შეცვლის შანსი ოპოზიციას

„ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება შეინარჩუნა და უკვე აქვს საკმარისი ადგილები ახალ პარლამენტში, რომ მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად შეძლოს. 15 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნული მეორე ტური კი, რომელც 21 ნოემბერს გაიმართება, მხოლოდ იმით იქნება საინტერესო, შეძლებს თუ არა “ოცნება” ამ წარმატების კიდევ უფრო გამყარებას. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. გუშინდელი ხანმოკლე აქციის შემდეგ მათ ერთკვირიანი ტაიმაუტი აიღეს და ამ პერიოდში უნდა გადაწყვიტონ, ბოიკოტს გამოაცხადებენ, თუ შევლენ ახალ პარლამენტში. ანალიტიკოსთა უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ასეთი შედეგები ლოგიკურია, რადგან ოპოზიციამ ამომრჩეველს “ოცნების” რეალური ალტერნატივა ვერ შესთავაზა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” მესამე ვადა - დარჩა თუ არა რაიმეს შეცვლის შანსი ოპოზიციას.

“ახალ პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის. 1-ლი ნოემბრის საღამოს მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებზე პარტიების მიერ დაფიქსირებული შედეგები ასეთია: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 48.07%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” - 27.12%; “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” - 3.78%; “ლელო - მამუკა ხაზარაძე” - 3.16%; “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - 3.18%; საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15%; “გირჩი” - 2.9%; “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები” - 1.34%; “შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” -1%. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ეს არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში არაფერი იცვლება და ყველა შემდგომი ხელისუფლება კარგად ითვისებს იმ მანკიერებას, რასაც ხელისუფლებასი მოსვლის ეტაპზე თითქოს ებრძვის. მისივე შეფასებით, ძალიან რთული სიტუაციაა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნის წინ ვდგავართ, რაც შემდგომ ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებს არ გამორიცხავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ ოპოზიცია პრინციპული იქნება და პარლამენტში არ შევა, შესამისად, საკონსტიტუციო ორგანო მუშაობას ვერ დაიწყებს. კონსტიტუციით 100 კაცი მაინც უნდა შევიდეს პარლამენტში, რომ მან მუშაობა დაიწყოს, ივანიშვილს კი ამდენი მანდატი არ აქვს. ამიტომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. თუ ოპოზიცია ამას ვერ მოახერხებს და შევა პარლამენტში, ამ შემთხვევაშიც პოზიტივი ის გახლავთ, რომ რაოდენობრივი უპირატესობა ოპოზიციას ექნება. ბევრი ლიდერი იქნება ისეთი, რომელსაც შეეძლება მექანიკურად უმრავლესობის პარალიზება მოახდინოს. საბოლოო ჯამში კი ეს პარლამენტი არასტაბილური იქნება. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს როგორც პანდემიის კუთხით, ასევე ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებით. ძალიან მაღალი ალბათობით, ახლა თუ არა, ერთ წელში მაინც ისევ რიგგარეშე არჩევნები გვექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მისივე თქმით, ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არის და საპროტესტო აქციები არ არის ადეკვატური. ხუხაშვილი ოპოზიციას ურჩევს, რომ უბრალოდ მაგიდასთან დასხდნენ, გადაწყვიტონ პარლამენტში შედიან თუ არა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ პანდემიის პირობებში ქუჩა გამოსავალი არ არის და მოსახლეობის უმრავლესობა მათ არ აჰყვება. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ არჩევნების ასეთი შედეგები მოსალოდნელიც იყო და დაახლოებით ასეთი პროგნოზებიც კეთდებოდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ძაბირაძის თქმით, ესეც პროგნოზირებადი იყო, “ოცნება” 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში ვერ მოიგებდა. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ის დიდი ალბათობით ელოდა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველგვარი კოალიციის გარეშე მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებდა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ სიტუაცია დაახლოებით ისეთია, როგორსაც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ და მოლოდინი, რომ “ოცნება” 45%-მდე მიიღებდა, გამართლდა. ზაქარეიშვილის თქმით, მოულოდნელი “ნაციონალური მოძრაობის” და გაერთიანებული ოპოზიიცის ხმებია. არსებობდა ვარაუდი, რომ “ნაციონალები” 15%-ზე მეტს ვერ აიღებდა. მათი რეიტინგის ასეთ მატებაში კი ზაქარეიშვილი ხელისუფლების წვლილს ხედავს”, - დასძენს გამოცემა.

“მოსახლეობის უმრავლესობას, მართალია, “ქართული ოცნება” არ მოსწონს და ცვლილებებს ისურვებდნენ, მაგრამ ოპოზიციამ მათ ალტერნატივა ვერ შესთავაზა. “ნაციონალებს” ფიქსირებული ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც ვერ იზრდება. ხოლო ამ შეემთხვევაში მის გარდა არ აღმოჩნდა არავინ ახალი, ვინც მთელს ოპოზიციას გაერთიანებდა. ამიტომაც ოპოზიციისკენ მოსახლეობამ არჩევანი ვერ დაინახა და შეჩეული ჭირი შეუჩვეველს არჩიეს. დარწმუნებული ვარ, მეტ-ნაკლებად მისაღები ძალა ოპოზიციურ ფლანგზე რომ ყოფილიყო, ეს “ოცნების” ხელისუფლებას დაასრულებდა. რეალობა ასეთია და ამ რელობას “ოპოზიცია” ვერ ეგუება. ოპოზიცია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ახლა თუ შეცდომები დაუშვეს, ყველაფერი ჯერ ერთი, რომ მათ დაბრალდება და საბედისწერო შეცდომა თუ დაუშვეს, საერთოდ 2024-შიც კი ვეღარაფერს შეძლებენ. ჩვეულებრივად განულდებიან. პანდემიის დროს ისრების გადატანა მათკენ ადვილი იქნება. მშვიდობიან აქციებს წინ არაფერი უდგას, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია, თორემ საბოლოო ჯამში ისევ ისინი იქნებიან ყველაფერში დამნაშავეები“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“ხელისუფლებამ “ნაციონალებისგან” მტრის ხატი დიდი ხანი ბერა. ამიტომაც მოსახლეობამ დაიჯერა, რომ მათი დამარცხება მხოლოდ “ნაციონალებს” შეეძლოთ. “ოცნებისგან” ასეთი უცნაური პოლიტიკა მაკვირვებს - ტეხს იმ ტოტს, რომელზეც ზის. ეს გამარჯვება ხელისუფლებისთვის დამარცხების ტოლფასია. უმრავლესობა თუ არა, მოსახლეობის ნახევარი “ოცნების” წინააღმდეგია. 48% ძალიან ცოტაა. ამიტომ უნდოდა ყველას, რომ პროპორციული სისტემა ყოფილიყო სრულად და რა განწყობაც არის ქვეყანაში, ის პარლამენტშიც გამოჩენილიყო. არ ვამბობ არაფერს „ოცნების“ რეალურ ამომრჩეველზე, რომელსაც “ნაციონალების” დაბრუნების ეშინია. პასუხი უნდა აგოს იმ ხალხმა, რომლებმაც ხმები უბრალოდ გაყიდეს. თუმცა, ვისაც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების ეშინოდა, მინდა ვუთხრა, რომ ეს საფრთხე სწორედ “ოცნებამ” შექმნა. მათგან მტრის ხატის შექმნეს და დღეს უფრო ძლიერია “ნაციონალური მოძრაობა”, ვიდრე ეს 216 წელს იყო, უფრო შემართულია და მეტი პრეტენზიები აქვს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ოცნება” აშკარად ახლა სულს ღაფავს და ეს მხოლოდ მისი მაქსიმუმია. მეტი მართლა არ შეეძლო. ნახევარ მოსახლეობას ის აღარ უნდა. უბრალოდ, პარლამენტი უფრო საინტერესო იქნება - ჭრელი, ხმაურიანი და მრავალპარტიული. რაც შეეხება სიტუაციის ქუჩაში გადატანას, რა თქმა უნდა, გამოსვლები იქნება, მაგრამ მხოლოდ პარტიული ელექტორატის. გარეთ დიდხანს ვერ იდგებიან, მითუმეტეს, რომ მოსახლეობის მხადაჭერა არ ექნებათ. ამ პარტიის მიმართ იმხელა მიუღებლობაა, რომ გარეთ ბევრი ხალხის გმოსვლას არ ველი”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - რატომ ვერ მიაღწიეს წარმატებას ახალმა პარტიებმა?!

“მე არ ვფიქრობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ასეთ შედეგს ველოდი. ახლა მცირე იმედი შემომრჩა, რომ “ქართული ოცნება” ერთპარტიულად ვერ დააკომპლექტებს მთავრობას. თუ მაჟორიტარულ ოლქებში 16 მანდატს მიიღებს, დამოუკიდებლად შექმნის. ოპოზიციის ლიდერები ისევ აცდენილი არიან რეალობას. საზოგადოებაში არ არის ის მუხტი, რომელიც მძლავრ საპროტესტო ტალღას ააგორებს. შესაბამისად, აღმოჩნდებიან მხოლოდ აქტივის იმედზე, ფართო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე. ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნან? ჩემს რჩევას თუ მიიღებენ, უკეთესი იქნება, იმ სამაჟორიტარო ოლქებს მიაქციონ ყურადღება, სადაც გამარჯვების პერსპექტივა აქვთ”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ ვერ მიაღწიეს წარმატებას ახალმა პარტიებმა?!

“ძალიან რთული ვითარება იქნება მაჟორიტარულ ოლქებში, რადგან ძირითადად “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” კანდიდატები გაიმარჯვებენ და მიკროოლქებში ისეთივე ვითარება იქნება, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. არ იქნება სწორი, თუ ოპოზიცია ხმებს ჯამურად, ერთი კალათისკენ წაიღებს, შესაძლოა ოპოზიციური ელიტა შეთანხმდეს რაიმეზე, მაგრამ ოპოზიციურ ამომრჩეველს ვერ გააერთიანებენ. “ლელოს”, ელისაშვილისა და “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველი ოპოზიციის საერთო კანდიდატს, თუ მაგალითად, ის “ნაციონალი” იქნება, ხმას არ მისცემს. როცა არჩევნების შედეგები ცნობილია, გამარჯვებულ პარტიას ყოველთვის აქვს ფორა. მოსალოდნელი იყო, რომ თბილისში თითქმის ყველა უბანში მეორე ტური ჩატარდებოდა. მგონი, მეორე ტურებში ოპოზიციური პარტიებიდან ელენე ხოშტარია და ალეკო ელისაშვილი გავლენ. ქუთაისში ვაშაძის წარმატებაც ლოგიკური იყო. ეს არჩევნები არ იყო ისეთი რთული და ჩახლართული, რომ მისი წაკითხვა შეუძლებელი ყოფილიყო. კი, იყო დარღვევები, შეხლა-შემოხლა. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ჩვეულებრივი ამბავია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოპოზიციურ ფლანგზე არ აღმოჩნდა ლიდერი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს კი არა, მთლიანად ოპოზიციურ ელექტორატს გააერთიანებდა. ამ შესაძლებლობის მქონე პოლიტიკური ძალა რომ გამოჩენილიყო, “ქართული ოცნების” დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა. ამიტომ ხალხმა “შეჩვეული ჭირის” პრინციპით იმოქმედა. იცით, რატომ ვამბობ, რომ საპროტესტო ტალღა არ აგორდება? ხალხს არა აქვს განწყობა, რომ ოღონდ “ოცნება” მოგვშორდეს და ვინც გინდა, იყოსო. 60%-ზე მეტს არ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შელითხვაზე - “გასაგებია, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას ხალხი მიზეზთა გამო აღარ ენდობა, მაგრამ ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა რატომ ვერ მოახერხეს ნდობის მოპოვება?” - პასუხობს:

“ძველი პარტიებისგან განმასხვავებელი მათაც ვერაფერი შესთავაზეს ხალხს, უფრო სწორად, ვერ მოასწრეს. “ლელო”, ელისაშვილის პარტია, “სტრატეგია აღმაშენებელი” და სხვებიც ძალიან გვიან გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. თითოეულ მათგანს ჰქონდა რაღაც ხარვეზი, თუნდაც პიარში, “ოცნებამ” კი ეს კარგად გამოიყენა. რამდენიც უნდა ილაპარაკონ “ლელოს” ლიდერებმა, ბანკირები არა ვართ, ან ბანკირი და მევახშე სხვადასხვა რამეაო, არაფერი გამოვა. ხალხს, რომელიც ბანკში მაღალ პროცენტს იხდის, შენი თეორიები სულ არ აინტერესებს. გიორგი ვაშაძემ რამდენიც უნდა იძახოს, სრულიად დამოუკიდებელი ვარო, ხალხს მაინც არ სჯერა, რომ მეუღლის ბიძასთან, ვანო ჩხარტიშვილთან კავშირი არა აქვს. ალეკო ელისაშვილიც ახლახან შემოვიდა პოლიტიკაში, ფაქტობრივად, ერთი კაცია, მის გუნდს არავინ იცნობს. ხელისუფლება რომ არ ვარგა, ყველამ ვიცით, შენ რას მპირდები, რას გააკეთებ, ეს უნდა მითხრა და იმაშიც დამარწმუნო, რომ არ მატყუებ. კიდევ ერთი მომენტია _ კი ვამბობთ, აღარ გვინდა ქარიზმატული ლიდერიო, მაგრამ სინამდვილეში გვინდა. ყველა ქვეყანას ჰყავს ლიდერი. ჩვენთან კი ვერც ერთი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად”.

“თუ ახლა ოპოზიციამ რაიმე “ბრძნული” გადაწყვეტილება არ მიიღო, ახალ პოლიტიკურ ძალებს მართლაც ეძლევათ შესაძლებლობა, უფრო სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდნენ. “ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნებით ძალაუფლება კი შეინარჩუნა, მაგრამ არა მგონია, დღეს არსებულ პრობლემებთან გამკლავების რესურსი ჰქონდეს. მომავალი 4 წელი მშვიდი ნამდვილად არ იქნება. ხალხის საპროტესტო მუხტი აუცილებლად გაიზრდება - რევოლუციის რა გითხრათ, მაგრამ მოსახლეობის საპროტესტო ტალღა რომ ძალიან გაიზრდება და ხალხი ქუჩაში გამოვა, ცხადია და თუ მაშინაც არ გამოჩნდა ოპოზიციური სპექტრის გამაერთიანებელი ძალა, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. თუ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ისევ ძველ წრეზე მოგვიწევს სიარული, მაგრამ თუ ოპოზიცია მოახერხებს ვითარების მართვას, გამოსავალი მოინახება. იმის რისკიც არის, რომ არცთუ ძლიერმა ოპოზიციამ სულ გაინულოს თავისი რეიტინგი და “ქართული ოცნება” 2024-მდე კი არა, 2030 წლამდე დარჩება ხელისუფლებაში, რაც დიდი კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

4.1%-იანი ცდომილება არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და ხმების პარალელური დათვლის შედეგებს შორის

“მოხდება თუ არა ხმების ხელახლი გადათვლა და რატომ ამტკიცებს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”, რომ ოფიციალურ მონაცემებში 4%-იანი ცდომილებებია. ორგანიზაცია ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვს. შეცვლის თუ არა ეს 2020 წლის არჩევნების ბედს და გაეზრდება თუ არა ოპოზიციას შანსები, რომ მან ხელისუფლება დააკომპლექტოს. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ხმების პარალელური დათვლის (PVთ) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ცეესკოს მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 48%-ია. გარდა ამისა, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში დისბალანსი დაფიქსირდა და საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, ცესკო-მ ეს ხმები თავიდან უნდა გადათვალოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 4.1%-იანი ცდომილება არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და ხმების პარალელური დათვლის შედეგებს შორის.

“სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კი ამბობს, რომ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს არ ემთხვევა. მისი თქმით, მინიმუმ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ასეთი რამ არ მომხდარა. “სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად (რომლის შეფასებებიც ეყრდნობა პროცესების უშუალო დაკვირვებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონიტორინგსა და გამართულ და გამოცდილ მეთოდოლოგიას): “საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა არსებითი დისბალანსები: საარჩევნო ყუთებში აღმოჩნდა მისულ ამომრჩევლებზე გაცილებით მეტი ბიულეტენი და აღნიშნულ უბნებს და მის შედეგებს შესაძლოა ჰქონდეს არჩევნების საერთო შედეგებზე 4.1%-ის ფარგლებში ზეგავლენა. საყურადღებოა, აგრეთვე ისიც, რომ ISFED-ის მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები (რაც უბნებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დგება), ამ დროისთვის ცდომილების ფარგლებშიც არ ემთხვევა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს” - აცხადებს ლომჯარია, რომლის მტკიცებით, “მინიმუმ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ასეთი რამ არ მომხდარა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობენ აგრეთვე, იმაზე, რომ შემაჯამებელი ოქმების გადაცემა დამკვირვებლებისთვის მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. მე, როგორც სახალხო დამცველი, რომლის კონსტიტუციურ ვალდებულებასაც წარმოადგენს ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვის ზედამხედველობა, მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მონაწილობით, დამაჯერებელი პასუხები გასცეს და სამართლიანად და გამჭვირვალედ განიხილოს და გადაწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითხები”, - წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ თუკი რეალურად დადგინდა, რომ ცესკოს მონაცემებში 4%-იანი ცდომილებაა, ეს რადიკალურად არაფერს შეცვლის. ხმალაძე ამბობს, რომ თუკი ცესკოს ახლანდელ მონაცემებს ავიღებთ და 48%-ს 4%-ს გამოვაკლებთ, მაშინ პლიუს-მინუს ცდომილებით უნდა ვიანგარიშოთ 44-დან 52-მდე შეიძლება მონაცემები შეიცვალოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ ფარგლებში მონაცემები, რომც შეიცვალოს ის ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, მინიმუმამდე შემთხვევაშიც ვერ იმუშავებს, რადგან 44%-ზე ჩამკეტი აღარ მოქმედებს. 4% - ეს 4-დან 5-მანდატამდე არის. “ოცნებას” 44%-ითც რომ ჰქონდეს მიღებული, მინიმუმამდეც რომ დავსვათ, ამას მივუმატოთ 9 მადატი კიდევ ხომ, რაც ვიცით უკვე რომ პირველი ტურში აქვთ მოგებული, გამოდის 53 %-ი. ამის შემდეგ კი „ოცნებას“ უკვე 23 მაჟორიტარული მანდატიღა დასჭირდება იმისთვის, რომ 76 მანდატი ჰქონდეს და ერთპარტიული მთავრობა შექმნას. შესაბამისად, მას მაინც ჰყოფნის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს. ამიტომაც დიდს ვერაფერ სურათს ვერ მოგვცემს და ოპოზიცია ამით ვერაფერს გახდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“კიდევ ერთი კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ამ 4%-იანი ცდომილებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ არჩევნების ბედი რადიკალურად შეიცვალოს. მენაბდე ამბობს, რომ ეს არის 5-მანდატამდე და შესაბამისად, “ოცნება” კონსტიტუციით მთავრობის დაკომპლექტებას ხმების ხელახლა გადათვლის შემთხვევაშიც მაინც შეძლებს, თუკი მეორე ტურების შემთხვევაში მაჟორიტარულ მანდატებს მოიგებს. ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე კი მეორე ტურებს ყოველთვის ხელისუფლება იგებს. “4% დაახლოვებით 5 მანდატია და არ მგონია ამან რადიკალური ცვლილება შეიტანოს. თუკი ხმების ხელახლა გადათვლა მოხდება, ეს კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ჩამკეტ მექანიზმზე ვერ იმოქმედებს. „ოცნება“ დიდი ალბათობით ხელისუფლებას მაინც დაკომპლექტებს. მას ამისთვის 76 მანდატი სჭირდება და მეორე ტურების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ამის აღებას შეძლებს” - ამბობს ვახუშტი მენაბდე. კონსტიტუციონალებისგან განსხვავებით ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ 4%-იანი ცდომილება და “ოცნებისთვის” პროცენტების ჩამოკლება ოპოზიიცის ამომრჩეველს მოტივაციას მისცემს, რომ მეორე ტურებში არჩევნებზე მივიდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩიტაძე ამბობს, რომ თუკი “ოცნებას” 44% გაუხდება, მაშინ ოპოზიციას 46% ექნება და ამომრჩევლისთვის მეორე ტურები უკვე დამატებით შანსის მიმცემი გახდება. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ წარმოუდგენელია ღამე “ოცნებას” 54%-მდე მხარდაჭერა ჰქონდა და დილით უკვე მას მონაცემები ასე სწრაფად დააკლდა. მისი აზრით, ეს იმით არის განპირობებული, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს და ციფრებით თამაშობს. ხოლო მეორე ტურებში ფიქრობს, რომ გარანტირებულად მოიგებს და 76 მანდატის აღებას შეძლებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“შესაძლოა 4% ერთი შეხედვით არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ეს ოპოზიციისთვის და მისი ამომრჩევლისთვის დამატებით მოტივაციას ქმნის. ასევე შანს აძლევს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს და “ოცნებას” არ მისცეს საშუალება, რათა ერთპიროვნულად მთავრობის დაკომპლექტება შეძლოს. ქვეყანაში სიტუაცია უკვე ისე ვითარდება, რომ აქ უკვე ნებისმიერ მანდატს ძალიან დიდი მნიშვნელობა ეძლევა. ბრძოლაა საჭირო და ამიტომაც ამის გასაჩივრება უნდა მოხდეს. ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ ღამის მონაცემებით “ოცნებას” 54% ჰქონდა და შემდეგ, როგორც კი ხალხის და ოპოზიიცის პროტესტი დაინახეს, მაშინვე მათი კლება დაიწყეს. ასე რომ, რაზეც შესაძლებელია, რომ “ოცნება” წამოვიდეს, ბრძოლა ყველაფერზე ღირს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ნოემბრის ნომრის N11 (273) მიმოხილვა

ომით დაკარგულს ომით იბრუნებენ... / დიდი ომი პატარა ყარაბაღისთვის / “დრონი მეფობენ” / საჰაერო თავდაცვა ყარაბაღის ცაში / ბალისტიკური რაკეტების სამიზნე ქალაქები / “დელტას” ჯავშანმანქანები ქართული არმიის არსენალში / ესპანური უპილოტოები ქართველი სამხედრო მზვერავებისთვის / ჯარისკაცები, რომლებიც აფრიკაში საქართველოს ასახელებენ / ცეცხლის ალყაში მყოფი ადამიანების გადასარჩენად... / აზერბაიჯანული “სპაიკებით” სომხურ ტანკებზე...

“ყარაბაღის მესამე ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის თავზე (როდესაც ეს სტატია იწერებოდა), აზერბაიჯანის არმიამ ნელი ტემპით, მაგრამ დიდ გამარჯვებას მიაღწია, ძირითადად, ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე. ბაქომ მთლიანად დაიბრუნა კონტროლი აზერბაიჯან-ირანის საზღვრის იმ 134 კმ-იან მონაკვეთზე, რომელსაც ბოლო 26 წელიწადს სომხური მხარე აკონტროლებდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანელი სამხედროები მიადგნენ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში, რაც რეალურს ხდის ყარაბაღის მესამე ომის გადაზრდას უფრო ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებაში სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთებზე. მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარება არ შედის ოფიციალური ბაქოს ინტერესებში – აზერბაიჯანის არმიის გენერალიტეტისთვის უფრო მნიშვნელოვანია შეტევების გაგრძელება ჩრდილოეთით ლაჩინის დერეფნის გადასაკეტად”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N11, ნოემბერი, 2020) სტატიაში, სათაურით ომით დაკარგულს ომით იბრუნებენ... / აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი მთლიანად აღადგინა და ლაჩინის დერეფნის - მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი მთავარი არტერიის გადასაკეტად ემზადება.

“საერთოდ, ამ ბოლო 26 წლის განმავლობაში, რაც სომხეთი მთიანი ყარაბაღის გარდა, აზერბაიჯანის კიდევ შვიდ რაიონს აკონტროლებდა (რომლებიც არასოდეს შედიოდნენ მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში), ერევანს სტეფანაკერტთან სწორედ ამ რაიონებზე გამავალი სამი გზა აკავშირებდა - ჩრდილოეთში, სამხრეთსა და ცენტრში ლაჩინის დერეფნის სახით. სამხრეთი მიმართულება უკვე აზერბაიჯანელების ხელშია, ჩრდილოეთი მაგისტრალი აზერბაიჯანული არტილერიის სამიზნეშია, რჩება მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალი, ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხებმა გასულ წლებში ასფალტირებულ საავტომობილო გზად გადააქციეს და მისი გამტარუნარიანობა (მიუხედავად რთული მთაგორიანი რელიეფისა), მაღალია. აზერბაიჯანის საბრძოლო დანაყოფები სამხრეთიდან ისე მიუახლოვდნენ ლაჩინის გზას, რომ უკვე შეუძლიათ მისი საარტილერიო “დამუშავება”, თუმცა ბაქო აუცილებლად გააგრძელებს შეტევას, რათა ქვეითებმა და ჯავშანტექნიკამ საიმედოდ გადაკეტონ ლაჩინის დერეფანი. ცხადია, აზერბაიჯანი ცდილობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღი “ქვაბში” მოაქციოს და მთლიანად აღადგინოს კონტროლი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, რის შემდეგაც ალყაში მოქცეული ყარაბაღის მთავარი ქალაქების - სტეფანაკერტისა (რომელსაც აზერბაიჯანელები ჰანკენდის უწოდებენ) და შუშის ბედი გადაწყდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აზერბაიჯანის არმიის ტაქტიკური უპირატესობა ყარაბაღის მესამე ომში, რა თქმა უნდა, განაპირობა უკეთესმა, თანამედროვე შეიარაღებამ (ძვირად ღირებული, მაგრამ უზუსტესი მართვადი რაკეტებისა და ბომბების მასობრივად გამოყენებამ) და შეტევის ახალმა ტაქტიკამ (შეტევის მთავარ მიმართულებად სამხრეთის და არა ცენტრალური, რომელიც ყველაზე ძლიერად ჰქონდათ სომხებს გამაგრებული, ფლანგის არჩევა), მაგრამ უმთავრესი მაინც პოლიტიკური რეალობაა. ყარაბაღის პირველ ომში, რომელიც 1994 წელს, ფაქტობრივად, სომხეთის გამარჯვებით დამთავრდა, ერევანს ფარულადაც და აშკარადაც მოსკოვი ეხმარებოდა, რამაც განაპირობა სომხების სამხედრო წარმატება. მეორე ომში, რომელიც 2016 წელს სულ რაღაც ოთხ დღეს გაგრძელდა, პირველად გამოჩნდა როგორც აზერბაიჯანის არმიის ახალი ტაქტიკა და თანამედროვე შეიარაღება, ისე ახალი პოლიტიკური რეალობაც - კრემლმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, რაც ოფიციალური ერევნისთვის ცივი წყლის გადასხმის ტოლფასი გახდა. და, აი, ყარაბაღის მესამე ომი ერთი თვეა გრძელდება და სომხები ამაოდ ელიან რუსეთის ისეთივე სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რამაც 1990-იანი წლების დამდეგს ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვება მოუტანა...”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს საზღვრების ახლოს, ყარაბაღში, ისევ ესვრიან და ხოცავენ ერთმანეთ აზერბაიჯანელები და სომხები. ერევანი ყარაბაღის თვითგამორკვევას ითხოვს, რაც 1890-იანი წლების ბოლოს კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა. ბაქოსთვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ეს მოთხოვნა მიუღებელია. რადგან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, ახლა მხარეები ურთიერთობას ომით არკვევენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით დიდი ომი პატარა ყარაბაღისთვის.

“ბაქოს მონაცემებით 20 ოქტომბრისთვის 24-დღიან ბრძოლებში სომხების 241 ტანკი განადგურდა, 39 კი ნაალაფარია. ერთ-ერთი ბლოგერის დათვლით კი სომხების დანაკარგი 138 ტანკს შეადგენს, ხოლო ნაალაფარი 44-ია. სომხეთის არმიის სსრ კავშირში 1978-1989 წლებში გამოშვებული T-72-ის ტიპის სხვადასხვა მოდელის ტანკები დღისთვის ტექნიკურად და მორალურად მოძველებულია. ასეთი ტექნიკა ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე კომპლექსების წინაშე განწირულია. ტანკების მოდერნიზაციის პრობლემა სამხეთის არმიას დიდი ხანია გადასაჭრელი აქვს და როგორც ცნობილია, ჩარენცავანის ჩარხმშენებელ ქარხანაში ტანკების სარემონტო წარმოება გამართეს, თუმცა ვიდეორგოლებით ნაჩვენებ სომხურ ტანკებს მოდერნიზაციის არაფერი ეტყობა. აზერბაიჯანის არმიის განკარგულებაშია 439 ტანკი, საიდანაც 100 ცალი T-90C, 244 - T-72, ხოლო 95 - T-55 ის ტიპისაა. აზერბაიჯანს კიდევ უცნობი რაოდენობის მოდერნიზებული T-72 Aslan-ებიც ჰყავს ახალი სამიზნე კომპლექსებით, დინამიკური დაცვით და სანავიგაციო სისტემებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფრონტის ხაზზე შექმნილი ოპერატიული ვითარება დაახლოებით ასეთია: ყარაბაღის სამხრეთით, ირანის საზღვრის გასწვრივ, აზერბაიჯანმა დაიკავა რაიცენტრები ფიზული, გუდრუთი, ზანგელანი და შეტევებს გუბადლის მიმართულებით მიმართულებით ავითარებს. ამ უკანასკნელის დაკავების შემთხვევაში აზერბაიჯანელთა არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცევა სომხეთ-ყარაბაღის ძირითადი დამაკავშირებელი ლაჩინის გზა. შედარებით ნაკლები წინსვლაა ცენტრალურ - ხოჯავანდისა და ჩრდილოეთით აღდერე-აღდამის მიმართულებაზე...” განაგრძობს გამოცემა.

“ბოლო წლების ლოკალურ კონფლიქტებში დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატთა აქტიურობა თვალში საცემად გაზრდილია. 2020 წლის თებერვალ-მარტში სირიის პროვინცია იდლიბში ოპერაცია “გაზაფხულის ფარის” მსვლელობისას მთავარ როლს თურქული დამრტყმელი უპილოტოები ასრულებდნენ. სირიის სამთავრობო ჯარების დანაკარგის ლომის წილი (მათ შორის საზენიტო კომპლექსების) სწორედ მათ ანგარიშზეა. მართვადი შეიარაღებით აღჭურვილი დრონების მასობრივად შემოტევის წინააღმდეგ სირიის არმია უძლური აღმოჩნდა. პრაქტიკულად იგივე მეორდება მთიან ყარაბაღში. საბრძოლო მოქმედების დაწყებისთანავე აზერბაიჯანის უპილოტოებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დაბალმა ეფექტიანობამ დრონებს მოქმედების სრული თავისუფლება მისცა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “დრონი მეფობენ”.

“პირველივე დღეებში აზერბაიჯანმა Harop-ის ტიპის კამიკაძე-დრონების გამოყენება დაიწყო. საფრენი აპარატის საჯარო ჩვენება 2009 წელს ინდოეთში გამართულ ავიაგამოფენაზე შედგა. ისრაელის IAI-ს კამიკაძე-დრონი სტარტს სპეციალური კონტეინერიდან რეაქტიული ამაჩქარებლის გამოყენებით იღებს. 2,5 მ-ის სიგრძისა და 3 მ-ის ფრთის გაქანის მქონე Harop-ი ჰაერში 6 სთ-ს დაფრინავს. მიზნის დაფიქსირება, ისევე როგორც საჰაერო დაზვერვა, ოპტიკურ-ელექტრონული სისტემით წარმოებს. საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია დრონის სტარტის ადგილზე დაბრუნება და მისი განმეორებითი გამოყენება. მიზნის ჩაჭერის შემდეგ კომპოზიტური მასალებისგან დამზადებული Harop-ი პიკირებაში გადადის და დაფიქსირებულ ობიექტს 15 კგ-იანი საბრძოლო ქობინით ანადგურებს. სწორედ კამიკაძე-დრონების ანგარიშზეა პოზიციებზე და მათ მისადგომებთან განადგურებული ათეულობით ტანკი, საარტილერიო საშუალება, ავტომობილი და საზენიტო კომპლექსი (მათ შორის С-300-ის გამშვები მანქანა)”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აზერბაიჯანი ხშირად იყენებს თურქეთისგან ზაფხულში მიღებულ Bayraktar TB2-ებსაც. ამ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების უპილოტოს ისტორია 2007 წლიდან იღებს სათავეს. 2010 წელს ორმა თურქულმა კომპანიამ Baykar Technologies-მა და Kale Group-მა ერთობლივად დაპროექტებული Bayraktar Block A (იგივე TB1) წარმოადგინა, ორი წლის თავზე კი გაუმჯობესებული Bayraktar Block B-ის (TB2) პრეზენტაცია გაიმართა. სერიულად სწორედ ამ ვარიანტს აწარმოებენ. უპილოტო (სიგრძე – 6,5 მ, ფრთის გაქანი – 12 მ) ბრძოლაში 2016 წელს გამოიყენეს. მაშინ TB2-ით თურქეთმა ერაყთან მოსაზღვრე რაიონში ქურთებზე საჰაერო იერიში მიიტანა. სახმელეთო მიზნებს საფრენი აპარატი კომპანია Roketsan-ის ორი სახის მართვადი საბრძოლო მასალით - MAM-L-ითა და MAM-C-ით ანადგურებს. პირველი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო UMTAS-ის ბაზაზეა შექმნილი. მას რაკეტული ძრავა “ჩამოაჭრეს” და შეიქმნა უპილოტოებიდან გამოყენებისთვის კომპაქტური ავიაბომბი გამიზვნის ნახევრად აქტიური ლაზერული სისტემით. MAM-L-ი 22 კგ-ს იწონის, საიდანაც 8 კგ (მეორე მონაცემით, 10 კგ) საბრძოლო ნაწილზე მოდის. ბომბის გამოყენების მანძილი 8 კმ-ს აღწევს. რაც შეეხება MAM-C-ს, წონიდან (6,5 კგ) გამომდინარე, ის ცოცხალი ძალისა და შეუჯავშნავი მიზნების გასანადგურებლად გამოიყენება. მისი მოქმედების მანძილი და გამიზვნის სისტემა MAM-L-ის ანალოგიურია...” - განაგრძობს გამოცემა.

“27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედების პირველივე დღეებში აზერბაიჯანის უპილოტო ავიაციამ ჰაერში სრული უპირატესობა მოიპოვა. ფრონტის ხაზის გასწვრივ განლაგებულ სომხურ და მთიანი ყარაბაღის აუღიარებელი რესპუბლიკის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები თურქეთისა და ისრაელის წარმოების საბრძოლო უპილოტოების წინააღმდეგ პრაქტიკულად უძლური აღმოჩნდა. უპილოტოებიდან გადაღებულ და ოფიციალური ბაქოს მიერ გავრცელებულ ათობით ვიდეორგოლში ნათლად ჩანს ჰაერიდან წერტილოვანი დარტყმებით აფეთქებული მოწინააღმდეგის საარტილერიო საშუალებები, ჯავშანტექნიკა, ტანკები და საზენიტო კომპლექსები. ყველაზე დიდი რაოდენობით ფრონტის ხაზის სიახლოვეს განთავსებული Оса-АКМ-ის ტიპის კომპლექსი განადგურდა. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, უპილოტოებმა ამ ტიპის 15-მდე საზენიტო საშუალება გაანადგურეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით საჰაერო თავდაცვა ყარაბაღის ცაში.

“დიდ დანაკარგზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ მთიან ყარაბაღში ცრუსამიზნეებად Оса-АКМ-ის მულაჟების გამოყენებაზე გადავიდნენ. საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანელი ოპერატორები ამ სატყუარას ერთხელ წამოეგნენ და კამიკაძე-დრონით სწორედ კომპლექსის მულაჟი ააფეთქეს. ტექნიკურად და მორალურად მოძველებული Оса-ს პრაქტიკულად ნულოვანი ეფექტიანობა მოსალოდნელიც იყო. მართალია, ზაფხულში ამ კომპლექსით აზერბაიჯანული Orbiter-3 და Hermes 900-ის ჩამოგდება მოხერხდა, მაგრამ ისრაელის წარმოების კამიკაძე-Harop-ისა და მართვადი შეიარაღებით აღჭურვილი თურქული TB2-ის წინააღმდეგ შეიარაღებაში 1980 წელს მიღებული Оса-АКМ-ი (რაკეტებით 9К33М3) უძლური აღმოჩნდა - უმეტეს შემთხვევაში კომპლექსის რადარები აზერბაიჯანული უპილოტოების დაფიქსირებას ვერც ახერხებდნენ. ერთი შეხედვით სომხეთს მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო ფარი აქვს. მოსკოვი ერევანს ამ მხრივ აქტიურად ეხმარება და გადასცა С-300-ის 5 დივიზიონი (თითოში 12 გამშვები მანქანა), Бук-М1-2 და Тор-М2КМ-ი (მოდულური მოდიფიკაცია სხვადასხვა საავტომობილო შასიზე განთავსებისთვის), ამას ემატება მოძველებული С-125, 2К11 Круг-ი, 2К12 Куб-ი და დიდი რაოდენობით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო საშუალება, მათ შორის თანამედროვე რუსული Верба”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საბრძოლო ავიაციის და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დაპირისპირების მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო 35-40 წლის განმავლობაში მეზენიტეები მარცხს მარცხზე განიცდიან. ცალკეული ეპიზოდების გამოკლებით, საზენიტო სისტემები დაბალ ეფექტიანობას ავლენენ, ხშირად საკუთარი თავის დაცვაც ვერ შეძლეს. 1982 წლის სექტემბრის სულ რაღაც სამ დღეში ისრაელის ავიაციამ პრაქტიკულად უდანაკარგოდ ლიბანში განთავსებული სირიის ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო დაჯგუფება პირწმინდად გაანადგურა. იგივე განმეორდა 4 წლის შემდეგ ლიბიაში. ოპერაცია “ელდორადოს კანიონის” დროს ტრიპოლის ჰაერსაწინააღმდეგო გუმბათმა (60 ერთეული ფრანგული Croatale, С-75-ის 42 და С-125-ის 48 გამშვები დანადგარი, Квадрат-ის 3 დივიზიონი და შორი მოქმედების С-200-ის 24 გამშვები დანადგარი) 45 თვითმფრინავისგან შემდგარი დაჯგუფება ვერ შეაჩერა. ამერიკელებმა მხოლოდ ერთი F-111 დაკარგეს. 1991 წელს “უდაბნოს ქარიშხლის” დროს ერაყელებს ვერც ნაქებმა საბჭოურმა კომპლექსებმა და ვერც ფრანგულმა რადარებმა უშველა. კოალიციური ავიაცია თავის საქმეს შეუფერხებლად აკეთებდა. საბჭოთა სპეციალისტების დახმარებით შექმნილმა ერაყის ეშელონირებულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ პრაქტიკულად პირველივე დღეს შეწყვიტა არსებობა. როგორც წესი, მსგავს ლოკალურ ომებსა და კონფლიქტებში საბჭოური საზენიტო საშუალებები მარცხდებიან...”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამხრეთკავკასიური ბალისტიკური რაკეტების დუელი სულ უფრო მასშტაბური ხდება. ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული ომის არეალი რამდენიმე დღეში გაფართოვდა. 1992-1994 წლების ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად სამი მიმართულებიდან შეტევაზე გადასული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი, სატანკო და ქვეითი ქვედანაყოფების წინააღმდეგ თვითაღიარებული ყარაბაღის სამხედრო შენაერთები და სომხეთის არმიის ნაწილები იბრძვიან. საბრძოლო მოქმედებამ მოიცვა როგორც ტაქტიკური, ისე ოპერატიული სიღრმეები, ორივე მხრიდან ჩართულია ჯარების თითქმის ყველა გვარეობა და შეიარაღებაში არსებული ყველა ტიპის სამხედრო ტექნიკა.ომის პირველივე დღეებში აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებაში ჩართო დამრტყმელი და კამიკაძე-დრონები. როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხრიდან შეტევასა და თავდაცვაში მყოფ ძალებს მხარდაჭერას უწევენ საარტილერიო დანაყოფები, მათ შორის შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ოპერატიულ სიღრმეებში ცალკეულ ობიექტებზე დარტყმისთვის ორივე მხარე იყენებს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკურ სარაკეტო კომპლექსებს, რომლებმაც სამხედროებზე ბევრად მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ბალისტიკური რაკეტების სამიზნე ქალაქები.

“სარაკეტო დარტყმების ზონა გასცდა ყარაბაღის ფარგლებს, სომხური ბალისტიკური რაკეტები ჩამოვარდა აზერბაიჯანის ისეთ ტერიტორიებზე, როგორიცაა ქალაქები მინგეჩაური, განჯა, ტერტერი და ბეილაგანი, ასევე ღრმა ზურგში ბაქოსთან მდებარე ხიზისა და აფშერონის რაიონები. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღო განჯამ, სადაც 6, 8, 11 და 17 ოქტომბერს ბალისტიკური რაკეტები პირდაპირ ქალაქის საცხოვრებელ რაიონებში ცვიოდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სახეობის იარაღის სხვადასხვა ნიმუში ორივე ქვეყნის შეიარაღებაში დიდი რაოდენობით დაგროვდა. ომამდე ამ სარაკეტო ხელკეტებს მხარეები პოლიტიკური ზეწოლის იარაღადაც იყენებდნენ, მით უმეტეს, როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი ტაქტიკური რაკეტებით სრულად ფარავენ ერთმანეთის ტერიტორიებს, რაც მოწინააღმდეგის სამხედრო-ეკონომიკურ ცენტრებსა და დედაქალაქებზე სარაკეტო დარტყმის ტექნიკურ საშუალებას იძლევა. ომამდე სომხეთის არმიას რამდენიმე ტიპის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი ჰქონდა. მათ შორის ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად 4 ერთეული შედარებით თანამედროვე რუსული 9К720Э Искандер-Э ითვლება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთის “ისკანდერები” დაკომპლექტებულია 9М723Э ტიპის საექსპორტო მოდიფიკაციის რაკეტებით, რომლებიც მხოლოდ 280 კმ-მდე მოქმედებს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რუსეთმა სომხეთს გადასცა 9М723-1 ტიპის რაკეტებიც, რომელთა მოქმედების რადიუსი 480 კმ-ია, რითაც სომხეთის სარაკეტო ქვედანაყოფები უკვე მთელ კავკასიას ფარავენ. “ისკანდერის” საბრძოლო ნაწილი კასეტური ან უნიტარული ტიპისაა და რუსული ჩამორჩენილი ტექნოლოგიების კვალობაზე შედარებით დიდი სიზუსტით გამოირჩევა. თუმცა ბოლო დღეებამდე სომხური “ისკანდერების” გამოყენება არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, 20 წელზე მეტია სომხეთის შეიარაღებაშია 8 ერთეული მოძველებული საბჭოთა წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი 9К72 Эльбрус-ი (SS-1Scud), რომელიც ერევანში აღლუმზე არაერთხელ გამოუტანიათ. თხევადსაწვავიანი ძრავით აღჭურვილი საბჭოთა “სკადი” სახიფათოა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რადგან უკიდურესად მოძველებული ინერციული დამიზნების სისტემის გამო რაკეტა ხშირად მიზანს 2-3 კმ-ით სცდება. თუმცა რაკეტის 990 კგ-იან ქობინს დიდი დამანგრეველი ძალა აქვს, რაც განჯის საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდნამაც დაადასტურა. საპასუხოდ 4 ერთეულამდე “სკადი” აზერბაიჯანულმა კამიკაძე-დრონებმა პირდაპირ საბრძოლო პოზიციებზე გაანადგურეს...” - განაგრძობს გამოცემა

“რამდენიმე ათეული “დიდგორი” სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდება. ოქტომბრის დამდეგს საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” წარმოებული ქართული ჯავშანმანქანა “დიდგორის” მსხვილი პარტია შევიდა. სხვა შემთხვევაში ეს სიახლე შეიძლება განსაკუთრებული არც ყოფილიყო, რომ არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ეს იყო ისტორიაში პირველი ფაქტი, როცა ქართული ჯარის ქვედანაყოფებმა ამ რაოდენობის სამამულო ეროვნული წარმოების თანამედროვე სამხედრო ტექნიკა მიიღეს. 40 ერთეულამდე საბრძოლო და სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაციის “დიდგორის” საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილება მნიშვნელოვნად აამაღლებს ამ ქვედანაყოფების საბრძოლო, სადაზვერვო და სამედიცინო დანაყოფების მობილურობასა და შესაძლებლობებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “დელტას” ჯავშანმანქანები ქართული არმიის არსენალში.

“დიდგორების" თავდაცვის ძალებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. მინისტრის განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თავდაცვის ძალებისთვის მიწოდებული მანქანების დიდი ნაწილი კარგად ცნობილი სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაცია DIDGORI MedEvac-ია, რომლის საექსპორტო მოდიფიკაციები გასულ წლებში “დელტამ” ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებში გაიტანა ექსპორტზე. მანქანის სერიულ წარმოებასა და მოდიფიცირებაზე რამდენიმეწლიანმა მუშაობამ “დელტის” სპეციალისტებს დიდი გამოცდილება შესძინა, რაც რეალიზებულ იქნა “დიდგორის”ბოლო, მათ შორის მრავალფუნქციურ საბრძოლო მოდელებში, კერძოდ, მოდულურ ჯავშანმანქანაში “დიდგორი მეომარი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა “დიდგორი მედევაკი” (4X4) განკუთვნილია დაჭრილების უშუალოდ საბრძოლო მოქმედების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. მანქანას აქვს 356 ცხ. ძალის V8 ტიპის ორმაგი ტურბოდიზელის ძრავა. ეს საშუალებას იძლევა ჯავშანმანქანამ გზატკეცილზე 120 კმ/საათი სიჩქარე განავითაროს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, რადგან სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას ხშირად წუთები წყვეტენ ყველაფერს. ჯავშანმანქანას აქვს მაღალი დონის EN1063 BR7+ სტანდარტის ჯავშანდაცვა, რაც ორფენიანი ჯავშნის დამსახურებაა. ჯავშანფილები უზრუნველყოფს ახლო მანძილიდან ნასროლი 7,62 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავებას. “დიდგორი მედევაკი” თანამედროვე სტანდარტებისა და კონცეფციების მიხედვითაა აგებული. მანქანის უკანა ნაკვეთურში განთავსებულია ოთხი ერთეული საკაცე და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა. მანქანას აქვს საბურავებში წნევის კონტროლისა და დაბერვის სისტემა, რაც სხვადასხვა რელიეფზე ზედაპირზე შეხების ფართობის ცვლილების საშუალებას იძლევა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახალი უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა. მიმდინარე წლის 28 სექტემბერს მარნეულის სამხედრო აეროდრომზე ესპანეთში შეძენილი უპილოტოების პრეზენტაცია გაიმართა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ქართულ არმიაში უპილოტო ავიაციაში ბევრი არაფერი გაკეთებულა. 2008 წლის ომამდე საქართველომ ისრაელისგან კომპანია Elbit-ის მსუბუქი Skylark-ის და საეროდრომო ბაზირების Hermes-450-ის ტიპის საფრენი აპარატები შეიძინა. 2008 წლის 20 აპრილს ერთი Hermes-450 აფხაზეთის თავზე ფრენის დროს რუსულმა МиГ-29-მ “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტით ჩამოაგდო. 2011-2014 წლებში სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” ესტონურ კომპანიასთან ერთად უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დაწყებაზე მუშაობდა. კომპოზიტური მასალისგან დამზადებული დრონი სტარტს კატაპულტის მეშვეობით იღებდა და მიწაზე პარაშუტით ეშვებოდა. მაშინ მიზეზთა გამო წამოწყებული საქმე პროტოტიპების დამზადებით დასრულდა...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ესპანური უპილოტოები ქართველი სამხედრო მზვერავებისთვის.

“ამჟამად ესპანეთისგან საქართველომ ორი განსხვავებული ტიპის უპილოტო შეიძინა – თვითმფრინავი Atlantic-1 და შვეულმფრენი Alpha 800. კომპანია SCR Drones-ი დრონ Atlantic-1-ს აწარმოებს. ამ საფრენ აპარატს საშუალოდ 5 სთ ფრენა შეუძლია კრეისერული 110 კმ/სთ სიჩქარით. დრონის ჰაერში აშვება ორი გზით ხდება - სპეციალური კატაპულტიდან ან 30 მ-მდე სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან. ავარიული დაშვებისთვის Atlantic-1-ის კონსტრუქციაში სპეციალური პარაშუტია გათვალისწინებული. მწარმოებლის ვებგვერდზე მოყვანილი ინფორმაციით, 5 კგ-იანი სასარგებლო დატვირთვის წყალობით უპილოტოს სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობით დაკომპლექტება შეიძლება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება Alpha 800-ს, რომელსაც Alpha Unmanned Systems-ი აწარმოებს, მას შედარებით მოკრძალებული შესაძლებლობები აქვს. მაქსიმალური საფრენი 14 კგ მასის მქონე უპილოტო შვეულმფრენის ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა 2,5 სთ-ს შეადგენს. ამ ტიპის უპილოტოებით დაზვერვის ქვედანაყოფები დაკომპლექტდება. სადაზვერვო ოპერაციებთან ერთად საჭიროების შემთხვევაში ორივე დრონის გამოყენება სამძებრო-სამაშველო სამუშაოს დროსაც შეიძლება. შეიარაღებულ ძალებში უპილოტო ავიაციის განვითარება აუცილებელია და ბოლოდროინდელი ლოკალური კონფლიქტების გათვალისწინებით სავალდებულოც არის. მაგრამ მხოლოდ მზვერავი დრონებით ფონს ვერ გავალთ. საჭიროა შეიარაღებაში მიღებულ უპილოტო საჰაერო პლატფორმებს სადაზვერვო ამოცანების შესრულებასთან ერთად, დამრტყმელი ფუნქციებიც ჰქონდეს”, - დასძენს გამოცემა.

“მიმდინარე წლის სექტემბერში ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მორიგი როტაცია განახორციელა. მეექვსე ნაკრები ოცეული ევროკავშირის საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა “უკატექსზე” ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. საქართველოს თავდაცვის ძალები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საერთაშორისო მისიაში “ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები” (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომდევნო მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო და მასში ქართული სწრაფი რეაგირების ჯგუფი 12 აპრილიდან მონაწილეობს. 2017 წლის 31 იანვრიდან ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ სამხედრო-საწვრთნელ მისია EUTM RCA-ში ჩაერთო. ჩვენ დავუკავშირდით ეროვნული გვარდიის ნაკრებ ოცეულს, რათა მკითხველისთვის გაგვეცნო ის ჯარისკაცები, რომლებიც აფრიკაში საქართველოს ასახელებენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ჯარისკაცები, რომლებიც აფრიკაში საქართველოს ასახელებენ.

“კაპიტანი ნუკრი ტაბატაძე ოცეულის მეთაურის მოადგილეა. საქართველოში მას მშობლები, მეუღლე და ოთხი შვილი ელოდებიან. ის 2005 წლიდან არის ჯარში, ბოლო ერთი წელია კი ეროვნული გვარდიის თელავის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში მსახურობს. 2016 წელს მონაწილეობდა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. აფრიკის მისიაში პირველადაა. “ჩვენი ჯარისკაცები კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. სულ ახლახან გადავიბარეთ მისია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დანარჩენი 12 ქვეყნის წარმომადგენლებთან კოლეგიური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მათთან ერთად დაგვეწყო ყოველდღიური რუტინაც - ჩვენი ჯარისკაცები მოტორიზებულ პატრულირებაში მონაწილეობენ”, - გვიამბობს ნუკრი. როგორც ჯარისკაცმა, კაპიტანმა მძიმე და საინტერესო გზა განვლო. საერთაშორისო მისიებამდე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ძმასთან ერთად იბრძოდა. ნუკრი ტაბატაძე ომში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოებულია მედლით “სამშობლოსათვის თავდადებული”. როცა ჯარისკაცი ხდები, სიცოცხლის ბოლომდე ჯარისკაცი ხარო, - ამაყად ამბობს ნუკრი და დასძენს, რომ ქალაქ გორში ის უბანი, სადაც დაიბადა და გაიზარდა, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ლერი ზერეკიძის სახელობისაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კაპიტანი ჯაბა ხუსკივაძე ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში ცხოვრობს. მისიიდან მის დაბრუნებას მშობლები, მეუღლე და 13 წლის ვაჟი, გიორგი ელოდებიან. თავდაცვის ძალებში 2008 წლის მარტიდან მსახურობს. მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური გვარდიის ნაკრებ ოცეულშია მივლინებული. ეს მისთვის პირველი მისიაა, სადაც ფრანგული ენის თარჯიმანია. “ჩვენს ჯარისკაცებს კომუნიკაციაში ვეხმარები. ფრანგებთან კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხზე მიწევს. იქნება ეს დაკავშირებული ლოჯისტიკურ უზრუნველყოფასთან, ინფრასტრუქტურასთან, გადაადგილებასთან თუ სხვ. ხშირად პირად შემადგენლობასაც ვუწევ თარჯიმნობას. როცა პატრულში გადიან, მეც მათთან ვარ. ჩემ გარდა, აქ კიდევ არის ფრანგული ენის თარჯიმანი და პატრულირებისას ერთმანეთს ვენაცვლებით”, - ამბობს ჯაბა ხუსკივაძე. წელს პირველად მისიაში ჩვენს კონტინგენტთან ერთად საპატიო ყარაულის წარმომადგენლებიც არიან. ბიჭებს ჩოხები თან წაუღიათ და მისიის გადაბარების დროს სახელმწიფო დროშა ეროვნულ სამოსში გამოწყობილებს აღუმართავთ...”, - განაგრძობს გამოცემა.

“ტყის ხანძარი ის მძიმე რეალობაა, რომლის კვალდაკვალ ცხოვრება გვიწევს - ბორჯომი, რაჭა, შიდა და ქვემო ქართლი, სვანეთი, ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც ასობით ჰექტარი ტყის მასივი ხანძარმა დააზიანა. მუდმივი პიარკამპანიების მიუხედავად, გავუფრთხილდეთ ბუნებას, ხანძრის მიზეზი უმეტესად ისევ ადამიანის დაუდევრობაა. ყოველი დარღვეული წესისა და გულგრილი დამოკიდებულების გამო ჩნდება ხანძარი, რომელსაც ფეხდაფეხ მისდევენ მეხანძრე-მაშველები სიცხეში, ქარსა თუ ყინვაში... შეიძლება უეცრად ამოვარდნილი ქარის შედეგად ცეცხლის შუაგულში მოექცნენ, სამუშაო იარაღებთან ერთად ზურგით ეზიდებიან წყალს მიუვალ ადგილებში, რათა ყველა კერა ჩააქრონ; ხშირად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ან სძინავთ ღია ცის ქვეშ მხოლოდ რამდენიმე საათს, რათა ძალები აღიდგინონ და შემდეგ ისევ ახალი შემართებით განაგრძონ ცეცხლთან ბრძოლა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ცეცხლის ალყაში მყოფი ადამიანების გადასარჩენად....

“ბოლო მასშტაბური ხანძარი იყო სვანეთში, სადაც ექვსი დღე მოგვიწია ყოფნამ. ცეცხლი სოფელ ლატალში ტყის ქვედა საფარს, წიწვოვან და ფოთლოვან მცენარეებს მოეკიდა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ ასი მეხანძრე-მაშველი, ათი ერთეული სახანძრო ცისტერნა. ყველა იმ ადგილას, სადაც მისვლა ხერხდებოდა, ყველგან მივდიოდით, თუმცა უმეტესად მაინც მეხანძრე-მაშველებს უწევთ ხანძრის ჩაქრობა თავიანთი ინსტრუმენტებით, თოხ-ფოცხებით, ნაჯახით, ბენზოხერხით.Y სპეციალური წყლის ოცლიტრიანი წყლის ზურგჩანთებით ეზიდებოდნენ წყალს, რითაც მცირე კერებს ვაქრობდით, საიდანაც შეიძლება დიდი ხანძარი გაჩნდეს. მთიან ადგილებში, სადაც რთული რელიეფია, საბედნიეროდ, ბლომად არის წყალი. მდინარეს ან ნაკადულს ვაგუბებთ და ზურგჩანთებს ვავსებთ. შრომატევადი საქმეა, 100-200 მეტრზე და შესაძლოა რამდენიმე კილომეტრზეც მოგვიწიოს გადაადგილებამ. განსაკუთრებით, თუ მეჩხერი ტყეა და ყველაფერი გადამხმარია, ხანძარი ადვილად ვრცელდება...” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ კუპრეიშვილი.

“წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც სამაშველო სამსახურში ვარ. 2007 წლიდან ძალოვან უწყებაში ვმუშაობ. სპეციფიკიდან გამომდინარე, რისკთან ერთად ძალზე ჰუმანური სამსახურია, ადამიანის დახმარების შესაძლებლობა გვეძლევა. ამ დროის განმავლობაში არაერთი მასშტაბური ხანძარი ჩავაქრეთ, მათ შორის ქვემო და შიდა ქართლში, რაჭაში, რომ არაფერი ვთქვათ შენობებში გაჩენილ ხანძრებზე. რელიეფიდან გამომდინარე, მუშაობა ყველგან განსხვავებულია – ტყის მასივში ზოგი ადგილი წიწვოვანია, ზოგიც ფოთლოვანი და შესაბამისად, ხანძარიც განსხვავებულია. წიწვოვან ტყეში საფრთხე მეტია, ყოველი ნაბიჯის დამუშავება გიწევს, ფოთლოვანში მუშაობა შედარებით იოლია. მიუხედავად გახშირებული ხანძრებისა, რომლებიც ბუნებას ძალიან დიდ ზიანს აყენებს, ხალხს მაინც უჭირს საფრთხის გაცნობიერება. ძალიან მცირე ნაწილი თუ იცავს უსაფრთხოების წესებს. ტყის ხანძრის ჩაქრობისას მხოლოდ ცეცხლი არ გვიქმნის საფრთხეს, შეიძლება ქვა ჩამოვარდეს, თუ ხანძარი მასშტაბურია, შეიძლება უეცრად ქარი ამოვარდეს, მიმართულება შეუცვალოს და ცეცხლის შუაგულში აღმოჩნდე. გააჩნია იმასაც, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან არის თუ არა. თუ ცეცხლი დიდ ფართობზეა, მაშინ ღამეც ვმუშაობთ, რადგან შეიძლება მოსახლეობასაც საფრთხე შეექმნას. რისკებიდან გამომდინარე, ვაფასებთ ხანძრის მდგომარეობას, თუმცა ღამით მუშაობა ბევრად სარისკოა და სხვადასხვა ნიუანსის გათვალისწინება გვიწევს...” - განაგრძობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გლდანი-ნაძალადევის რაიონის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსი ლევან მუსელიანი.

“ის, რომ ისრაელში ნაყიდ მესამე თაობის მართვად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ბაქო აქტიურად გამოიყენებდა ყარაბაღში ახალი შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილის შეტაკებების დროს გამოჩნდა, რომელიც ყარაბაღის მეორე ომად შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის აპრილის ომი მხოლოდ ოთხი დღე გაგრძელდა, აზერბაიჯანის არმიამ იმ დროისთვის ისრაელისგან ახალშეძენილი ტანკსაწინააღმდეგო “სპაიკებით” სომხური ტანკები წერტილოვანი დარტყმებით გაანადგურა. კაპონირებში ტანკების დამალვის შემდეგ სომხური მხარე თავს არხეინად გრძნობდა, რადგან მიწის ზემოთ მხოლოდ კოშკურა თუ მოჩანდა, რომლის დაზიანება პირდაპირი ხაზით მფრენი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა. აზერბაიჯანელებმა კი ისრაელის “სპაიკის” მთავარი უპირატესობა გამოიყენეს - რაკეტა ზემოდან პიკირებდა ტანკზე და მის აფეთქებას უზრუნველყოფდა, რადგან ნებისმიერი ჯავშანტექნიკის დაცვის დონე ზედა პროექციაში ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე შუბლა ჯავშნისა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით აზერბაიჯანული “სპაიკებით” სომხურ ტანკებზე... / ისრაელის შეიარაღებას ბაქო აქტიურად იყენებს ყარაბაღის მესამე ომში სომხების ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად.

“ის, რაც ერთხელ წარმატებით გამოცადეს, დღეს უკვე მასიურად იყენებენ, უბრალოდ უპილოტო-კამიკაძეების “ჰაროპების” ფონზე, რომლებიც მიზანში ზუსტად მოხვედრის საოცარ ვიდეოკადრებს “გზავნიან”, ტანკსაწინააღმდეგო “სპაიკების” წარმატებული “მუშაობა” ფრონტის ხაზზე ერთგვარ “ჩრდილში” მოექცა, თუმცა სომხეთის არმიის ჯავშანტექნიკას ისინიც აქტიურად “ერჩიან”. აზერბაიჯანის შეიარაღებაშია რამდენიმე ტიპის “სპაიკი”, მათ შორის შორსმსროლელი ვარიანტი, რომელიც საპატრულო კატარღებზეა დამონტაჟებული. სულ არსებობს “სპაიკების” შემდეგი ვარიანტები: Mini-Spike - 1,5 კმ-მდე მფრენი 4 კგ მასის რაკეტა, რომლის გაშვება ერთ მებრძოლსაც შეუძლია მოწინააღმდეგის ქვეითების მიმართულებით; Spike-SR - ოცეულის შემადგენლობაში გამოყენებადი სარაკეტო დანადგარი; Spike-MR - 2,5 კმ რადიუსის მოქმედების 14 კგ-იანი დანადგარი; Spike-LR - 5,5 კმ-ზე მფრენი რაკეტა, რომელსაც 900 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გარღვევა შეუძლია; Spike-ER - მისი 34 კგ-იანი რაკეტა 8 კმ-ზე მიფრინავს და ერთი მეტრის სისქის ჯავშანი გააქვს; Spike NLOS - ყველაზე შორსმსროლელი ვარიანტი, მას “ტამუზსაც” უწოდებენ, მისი 70 კგ-იანი რაკეტა 25 კმ-ს ფარავს და ოპტიკურ-ელექტრონული დამიზნების საშუალებებს იყენებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სპაიკი” მესამე თაობის მართვად ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების კლასს განეკუთვნება და მოქმედებს პრინციპით “გაისროლე-დაივიწყე-მოახვედრე”, ანუ ის ამერიკული “ჯაველინის” (რომელიც ქართული არმიის შეიარაღებაშიცაა) ერთგვარი კონკურენტია, მით უმეტეს, რომ შედარებით იაფიც ღირს. ამ სტატიის ავტორს, ზუსტად 20 წლის წინ საშუალება მიეცა ახლოს და დეტალურად გასცნობოდა “სპაიკის” ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსს. 2000 წელს პრაღაში, ნატოს ეგიდით გამართულ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველომ თავისი შეიარაღების საჩვენებელი ნიმუშებიც წარადგინა და ამ სტატიის ავტორი რამდენიმეკაციანი ქართული ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში გახლდათ. ჩვენი საგამოფენო კუთხის სიახლოვეს განთავსებული იყო ისრაელის ცნობილი საიარაღო ფირმის “რაფაელის” მრავალფეროვანი გამოფენა, სადაც გამორჩეულად იყო წარმოდგენილი “სპაიკების” სადემონსტრაციო ნიმუშები. ყველაზე შთამბეჭდავი კი სარეკლამო ვიდეორგოლი იყო - ჯარისკაცი მოწინააღმდეგის ტანკისკენ უშვებს “სპაიკს”, თვითონ უკან შემობრუნდება და აგრძელებს ვაშლის ჭამას, ხოლო “სპაიკი” თავად “პოულობს” მიზანს, “აედევნება” და ზუსტი დარტყმით ზემოდან ანადგურებს მას”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა