დავით ბაქრაძე - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეს „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩმა“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მოაწერეს ხელი ერთობლივ დოკუმენტს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არ შევლენ პარლამენტში და არ მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურში.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები მზად არიან უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შევიდნენ დიალოგში, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეხება.

„დღეს შედგა პოლიტიკური კონსულტაციები 4 ოპოზიციურ პარტიას შორის, ესაა „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ამ კონსულტაციებზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც ვაგრძელებთ ჩვენს ოპოზიციურ ბრძოლას.

პირველი, აქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, ჩვენ დავინახეთ, რომ ცესკოსთან მიმდინარე აქციის ძალადობრივი დაშლით ამ ხელისუფლებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ის მზად არის ქვეყანა ჩაითრიოს ძალადობასა და სამოქალაქო დაპირისპირებაში. ამის პასუხი ჩვენგან იქნება ძალიან მტკიცე, განგრძობითი აქციები, ოღონდ ეს აქციები იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. ჩვენი ძალა არის მშვიდობიან აქციებში, ამიტომ, მივმართავ და მოვუწოდებ შსს-ს, არ დაუშვას პოლიციის ახლო კონტაქტი მოქალაქეებთან, მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველა დემონსტრანტს, არ შევიდეს ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან, ვინაიდან, ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პოლიტიკურ პროცესს.

მეორე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, არის ის, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შევიდეთ დიალოგის პროცესში, მაგრამ დიალოგი შეიძლება წარმოებდეს მხოლოდ საქართველოში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების თემაზე, სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაციით და ძალადობისაგან თავისუფალი გარემოთი, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გამოშვებას და ქვეყანაში ზეწოლისა და ძალადობრივი ჯგუფების დაშლას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

ეს სამი ძირითადი პრინციპი კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, ამ დოკუმენტს უკვე გავაცნობთ სხვა პარტიებს და იმედი გვაქვს, რომ სხვა პარტიებიც გაიზიარებენ ამ დოკუმენტში ასახულ ძირითად პრინციპებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს