ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის

დრო, როდესაც მხოლოდ პოლიტიკაზეა საუბარი და პარტიები თავიანთ თავსა და ერთმანეთზე საუბრობენ, შეზღუდული უნდა იყოს და უნდა დაიწყოს ქვეყნის უფრო საჭირბოროტო საკითების განხილვა, რადგან საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს,- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რატომ არ იღებს გერმანიის ელჩი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობას, როგორ აფასებს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ოფიციალურ ვიზიტს - ელჩი ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ინტერვიუში ვრცლად საუბრობს...

- რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ გამოწვევად, რომლის წინაშეც ქვეყანა დღეს დგას და როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების ეფექტურობას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში?

- ძალიან კარგია, რომ ვიწყებთ ქვეყნის დიდ გამოწვევებზე საუბრით. ყველაზე უშუალო გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის კოვიდ-პანდემია. ჩვენ ვხედავთ, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი გასული კვირების განმავლობაში საქართველოში ძალიან გაიზარდა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ზაფხულში საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვში იყო, რომელსაც ნაკლებად შეეხო პანდემია. ახლა კი დაინფიცირებულთა რაოდენობა ისეთივეა, როგორიც ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებლებია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სისტემა გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე უშუალო გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, რომ დამატებითი ღონისძიებები მზადდება იმისთვის, რომ ქვეყანა ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ყველაზე დიდი გამოწვევა კი არის საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარება და აქ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი უბრალოდ ისე კი არ გაგრძელდეს, როგორც ყოველთვის, არამედ საქართველომ გამოიყენოს მთელი თავისი ეკონომიკური პოტენციალი, რათა თითოეული ადამიანი, ვისაც მუშაობა შეუძლია, ჩაებას პროდუქტიულ და სასარგებლო საქმიანობაში. საქართველომ მთელი თავისი ეკონომიკური პოტენციალი უნდა აამუშაოს და გახდეს ქვეყანა, რომელიც შეაჩერებს და შემოაბრუნებს დემოგრაფიულ დაღმასვლას, გახდება ისეთი მიმზიდველი, რომ ქართველები უცხოეთიდან დაბრუნდნენ და ქართველი ერი უფრო მრავალრიცხოვანი გახდეს.

- რა თქმა უნდა, პანდემია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის არის გამოწვევა, თუმცა მინდა გკითხოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე პოლიტიკურ ჭრილში დგას. დიპლომატები ხშირად იყენებთ სიტყვა პოლარიზაციას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას. როგორ ფიქრობთ, ვინ არის პასუხისმგებელი პოლარიზებული ვითარების შექმნაში და თქვენი შეფასებით გააღრმავა თუ არა პოლარიზებული ვითარება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ?

- პოლარიზებას ჩვენ ვუწოდებთ ფენომენს, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს დემოკრატიულ განვითარებას საქართველოში. ვხედავთ, რომ პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, რომ ისინი არ თანამშრომლობენ, ერთმანეთს მტრებად განიხილავენ იმის მაგივრად, რომ პარტნიორები იყვნენ დემოკრატიულ პროცესში. მე მგონია, რომ ამის გამო ერთეულ პიროვნებებს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ სხვადასხვა პიროვნებებს სხვადასხვა წვლილი მიუძღვით ამ განვითარებაში. ეს უფრო არის პროცესი, რომელსაც თავისი გარკვეული დინამიკა აქვს, რომელიც ბევრს თითქოს არც სურს, მაგრამ ეს პროცესი თითქმის ავტომატურად მიმდინარეობს თუ მისი შეჩერება არ ხდება. შეიძლება ეს ცოტა იმის ბრალიც არის, რომ ქართველები ამაყი ხალხია და უყვართ მკაფიოდ და დარწმუნებით ლაპარაკი. ეს კეთილშობილური თვისებებია, მაგრამ დემოკრატიაში ისინი უფრო ზომიერად უნდა იქნეს გამომოყენებული.

მგონია, რომ ამ არჩევნებს პოლარიზებაში წვლილი არ შეუტანია, რადგან ეს არჩევნები ჩატარდა ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც ყველა პარტიის დიალოგის საფუძველზე ერთხმად იქნა მიღებული, ანუ მიღწეულ იქნა კონსენსუსი. ეს იყო საარჩევნო სისტემა, რომელმაც საგრძნობლად მეტ პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება. ეს არის ეფექტი, რომელიც ეწინააღმდეგება პოლარიზაციას და რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიების მანდატების წილი საგრძნობლად გაიზარდა. მე მგონია, რომ ამით უფრო პლურალისტული და გაწონასწორებული პარლამენტი იქნება, რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს პოლიტიკურ მიმდინარეობებს საქართველოში.

- არჩევნების თემას გავაგრძელებ, დიპლომატიური კორპუსისგან, საერთაშორისო თანამეგობრობისგან და მათ შორის, თქვენგანაც არაერთხელ გვსმენია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი ინდიკატორი იქნებოდა საქართველოს დემოკრატიულობის გზაზე. როგორ ფიქრობთ, არჩევნების შედეგები გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ეს გამოცდა ჩავაბარეთ?

- ნებისმიერი არჩევნები არის გამოცდა დემოკრატიის საკითხში. ამ არჩევნებმა მოიტანა წინსვლა პარტიების პლურალიზმში და ჩემი აზრით, წინსვლა გვაქვს ასევე იმაში, თუ რა სახით მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანია. მგონია, რომ ნაკლები პოლემიკა იყო, ვიდრე ეს საპრეზიდენტო არჩევნებისას 2018 წელს მახსოვს, ასევე, ნაკლები ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა მაინც გვქონდა მთელი რიგი ასეთი სამწუხარო ფაქტებისა. ახლა იწყება ახალი გამოცდა, რადგან გამოცდა არ მთავრდება არჩევნებით, არანაკლებ დიდ გამოწვევას წარმოადგენს მუშაობა პარლამენტში. საქართველომ ცვლილებები შეიტანა თავის კონსტიტუციაში, შემოღებულ იქნა სრულად საპარლამენტო სისტემა და ახლა პარტიები უნდა შეეგუონ ამ მოცემულობას და გადაიბარონ თავიანთი როლი ამ საპარლამენტო სისტემაში და გამოიყენონ ის.

- თქვენ შეაფასეთ წინასაარჩევნო გარემო და ახსენეთ, რომ ნაკლები დარღვევები იყო წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა აქვე საინტერესო იქნებოდა თქვენი შეფასება არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება, რომელმაც ხაზი გაუსვა არჩევნების დღეს დაფიქსირებულ გარკვეულ დარღვევას. რამდენადაც ცნობილია, საელჩოებიც ჩართულები იყვნენ დაკვირვების პროცესში. თქვენი დაკვირვებით, თავად არჩევნების დღემ როგორ ჩაიარა?

- მთლიანობაში წყნარი არჩევნების დღე გვქონდა, ეს დაადასტურეს დიპლომატებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა, პარლამენტარებმა, ეუთოს დამკვირვებლებმა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თუ რამდენად ბევრი ადამიანი არის აქტიურად ჩართული საქართველოში არჩევნებში - მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას 40 ათასი თანამშრომელი ჰყავდა, ათასობით დამკვირვებელი, მედიის წარმომადგენელი, პარტიების წარმომადგენლები იყრიდნენ თავს საარჩევნო უბნებში, რაც მოწმობს ძალიან მაღალ დემოკრატიულ აქტიურობაზე, მაგრამ ეს იწვევს ასევე იმასაც, რომ საარჩევნო უბნებზე მრავალი საათის განმავლობაში ტურბულენტური მდგომარეობა და ზედმეტი აქტივობაა.

- თქვენ ხაზი გაუსვით იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად 9 პარტიამ შეძლო, რომ გადაელახა ბარიერი და შესულიყო პარლამენტში, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ ეს პარტიები არ იყენებენ თავის შესაძლებლობას და ვითარება ერთგვარ ჩიხშია შესული. როგორ ფიქრობთ, უნდა გამოიყენონ პარტიებმა ეს შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ ?

- პარტიებს ჰქონდად ძალიან დიდი მოლოდინები არჩევნებში თავიანთ შედეგებთან დაკავშირებით, ყველა პარტიის მოლოდინები რომ ერთად შევაჯამოთ, ბევრად უფრო მეტი გამოგვივა, ვიდრე 100 პროცენტია, მაგრამ ყველა ეს მოლოდინი არ გამართლდა.

თუმცა ის, ვინც არჩვენებზე თავის კანდიდატურას აყენებს, იღებს პასუხისმგებლობას, ის თავის ამომრჩეველს რაღაცას სთავაზობს და თავის თავზე იღებს მოვალეობებს და მგონია, რომ არჩევნების შემდგომ დღეებში ყველა პოლიტიკოსისათვის უფრო ნათელი გახდა, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

ჩვენ ვისაუბრეთ გამოწვევბზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ - „შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“, არამედ ახლა უნდა იმუშაოს ყველამ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევბს გაუმკლავდეს.

- ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების უკვე ორი რაუნდი ჩატარდა, მაგრამ მათი პოზიციების დაახლოვება ვერ ხერხდება, იმდენად რადიკალურია მათი შეხედულებები არა მხოლოდ პროცესთან დაკავშირებით, არამედ სასურველ შედეგებთან დაკავშირებით. რა იქნება თქვენი ძალიან კონკრეტული რჩევა მხარეების მიმართ, იმისთვის, რომ მათ პოზიციების დაახლოება შეძლონ და ქვეყანამ სწორედაც რომ უფრო მეტი დრო არ დაკარგოს?

- ეს მოლაპარაკებები არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ საუბარი იყოს მომავალზე და გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები დაისახოს. მგონია, რომ იქნება წინადადებები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა, რათა მომდევნო არჩევნებში მიღებული შედეგები ყველა პარტიის მიერ იქნეს აღიარებული. მოლაპარაკებები კარგია, ასევე, იმაზე სასუბროდ, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა მომავალ პარლამენტში უმრავლესობასა და პატარა პარტიებს შორის, როგორ უნდა ჰქონდეთ პატარა პარტიებსა და ფრაქციებს მეტი ხმა პარლამენტში. საპარლამენტო მუშაობა ხომ ნიშნავს ძალაუფლების გადანაწილებას საგნობრივი დისკუსიების სასარგებლოდ.

- მაგრამ მოლაპარაკებიდან გამოსული მხარეები არ ამბობენ, რომ სამომავლო გეგმებსა და იმ ყველაფერზე საუბრობენ, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. მათი განცხადებებიდან ნათელია, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ერთი თემა დევს - ჩატარდება თუ არა არჩევნები ხელახლა?

- ვფიქრობ, ძალიან კარგია ეს მოლაპარაკებები რომ ტარდება. როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ჩიხში არ ვართ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ ბოლომდე მისულები. ამ დროს რომ საუბრები მხოლოდ წარსულზე მიმდინარეობდეს, გამოდის, რომ მხარეები ერთმანეთს უბრალოდ დროს აკარგვინებენ. მნიშვნელოვანია, რომ ის თემები, რომლებზეც მიდის საუბარი, დარჩეს კანონმდებლობის ფარგლებში. ქვეყანაში კონსტიტუცია არსებობს არა იმისთვის, რომ ყველა ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში რაღაც ახალი მოიგონო, არამედ იმისთვის, რომ მის ჩარჩოებში დარჩე და იქ მოძებნო გამოსავალი.

- ჩვენ გვახსოვს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წინა მოლაპარაკებებში, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა, აქტიურად იყავით ჩართული, ახლა მიმდინარე პროცესებში რამდენად აქტიურად იღებთ მონაწილეობას ?

- მოლაპარაკებებს ახლა უძღვებიან ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი. დიპლომატიაში ვამბობთ, რომ ჯგუფი ყოველთვის ისეთი დიდი უნდა იყოს, როგორც აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს ისეთი პატარა, როგორც შესაძლებელია. მგონია, რომ ძალიან კარგი ჯგუფია ამ მოლაპარაკებების წარმოებისათვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა ელჩებთან ერთად ვაკვირდები ამ მოლაპარაკებებს, ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ მას და ასევე, გვაქვს შეხვედრები მოლაპარაკებებში ჩართულ სხვადასხვა პოლიტიკოსებთან იმისათვის, რომ გაადვილდეს წინსვლა.

- რეგიონში შექმნილ ვითარებაზე მინდა გკითხოთ, იყო ომი ორ მეზობელ ქვეყანას შორის, რომელიც შეთანხმებითა და ჩვენს სამხრეთ საზღვართან რუსული სამშვიდობოების განთავსებით დასრულდა, აქვე გასათვალისწინებელია თურქეთის როლიც. როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეებსა და შესაძლებლობებს უქმნის რეგიონში არსებული ცვლილებები საქართველოს?

- რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ გასული კვირების განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შეწყდა, აღარ იღუპებიან ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ამავე დროს, ნათელია, რომ ამ კონფლიქტში, რომელიც უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს, არ არის ნაპოვნი საბოლოო გადაწყვეტის გზა, არ არის მიღწეული სამშვიდობო გამოსავალი. ამ კონფლიქტის სხვადასხვა მხარე სასწრაფო გამოწვევის წინაშე დგას, რომ იპოვოს ასეთი სამშვიდობო გამოსავალი და აქ საერთაშორისო საზოგადოება მათ უნდა დაეხმაროს. დახმარებას ამ შემთხვევაში უწევს განსაკუთრებით მინსკის ჯგუფი, რომლის წევრი გერმანიაც არის და ჩვენ გვინდა სხვა წევრებთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ ამ საკითხზე. ამ სამშვიდობო გამოსავლის ნაწილი უნდა იყოს, ასევე, იმ გზების ძიება, თუ როგორ შეუძლია ეროვნულ უმცირესობას მშვიდობიანად იცხოვროს კავკასიის ამ ქვეყანაში და თუ მოხერხდება ამ გამოსავლის მოძიება, ეს დადებითად აისახება მთელს რეგიონზე.

- რეგიონსა და ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, თქვენ როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გამტკიცებას უჭერს მხარს, როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტს? რა საგულისხმო მესიჯები დაინახეთ მაიკ პომპეოს განცხადებებში?

- მოხარული ვარ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ესტუმრა. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ვიზიტი არის საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულება. ასევე იყო გერმანიის პირველი პირების ვიზიტებისასაც გასულ წლებში, როდესაც ერთი წლის წინ გერმანიის პრეზიდენტი ესტუმრა საქართველოს, ორი წლის წინ კი გერმანიის კანცლერი. დასავლელი პარტნიორები აჩვენებენ, რომ კარგად ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო კავკასიაში და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და როგორი მნიშვნელოვანია განვითარება, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს კარგად მოქმედ, განვითარებულ საბაზრო ეკონომიკისაკენ, კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისაკენ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის. ამ ვიზიტს, ასევე, ვხედავ, როგორც გამხნევებას ყველა ჩვენგანის მიერ საქართველოში გაწეული მუშაობისათვის.

- ჩვენ ხშირად გვესმის განცხადებები იმის ესახებ, რომ საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი, მნიშვნელოვანი დასაყრდენი, რომ საქართველო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიის გზაზე და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად საკმარისია საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა იმისთვის, რათა მან მიაღწიოს თავის საბოლოო მიზანს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან მიმართებით?

- საქართველომ გასულ წლებში ბევრი რამ გააკეთა. მოხდა ბევრ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მისადაგება ევროპულ კანონმდებლობასთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა მომავალი პარლამენტისათვისაც მისი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება. მნიშვნელოვანია არა მარტო კანონების მისადაგება, არამედ, ასევე, უწყებების, სააგენტოების ჩამოყალიბება, რომლებიც ამ კანონების განხორციელებასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური განვითარება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ასევე, ფიზიკური კავშირების განვითარება ევროკავშირთან, როგორიცაა სატრანსპორტო კავშირები. აუცილებელია ევროკავშირსა და საქართველოს განვითარების დონეს შორის არსებული განსხვავების შემცირება და ეკონომიკური თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერება, რათა შემდგომი ინტეგრაციის გზა გამარტივდეს.

- გასული წლებში გადადგმული ნაბიჯები ახსენეთ, ახლა ვეღარ ხედავთ ამ მცდელობებს ისე აქტიურად, როგორც ადრე ?

- მე ვთქვი, რომ საქართველომ წარსულში ბევრი რამ გააკეთა და რომ ეს თემა ნამდვილად იქნება მომავალი პარლამენტის დღის წესრიგის მთავარი საკითხი, ამგვარად, ველი მომდევნო წინსვლას როგორც კანონმდებლობის, ასევე ქვეყანაში რეალური განვითარების კუთხით. დრო, როდესაც მხოლოდ პოლიტიკაზეა საუბარი და პარტიები თავიანთ თავზე და ერთმანეთზე საუბრობენ, შეზღუდული უნდა იყოს და უნდა დაიწყოს ქვეყნის უფრო საჭირბოროტო საკითების განხილვა, რადგან საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ