ბადრი ჯაფარიძე - მართლმსაჯულების რეფორმის შემთხვევაში ბევრ რამეზე შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს, მაგრამ შანსი, რომ „ქართულ ოცნებას” ამის მზაობა ჰქონდეს, ნულის ტოლია

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოლაპარაკებებში წითელი ხაზების დაწესება ცუდი პრაქტიკაა და ამოცანა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა უნდა იყოს.

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, ოპოზიცია მზადაა განაგრძოს კონსტრუქციულად მოძრაობა და “ქართული ოცნებისგან” ელიან გაცნობიერებას, რომ ქვეყნის ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში დატოვება მძიმე პრობლემებს ქმნის.

“წითელი ხაზების დაწესება მოლაპარაკებებში შესვლისას, წინასწარ, ძალიან ცუდი პრაქტიკაა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ეს მოლაპარაკებები დასრულდეს ისე, რომ ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, რათა შევძლოთ სრულფასოვანი მონაწილეობა მივიღოთ კრიზისის მართვის პროცესში. ამიტომ ამოცანა უნდა იყოს არა წითელი ხაზის დაწესება, რომ მე ამას არ გავაკეთებ, არამედ როგორ ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს. როგორც ვთქვით, მზად ვართ, ამ მიმართულებით კონსტრუქციულად ვიმოძრაოთ, გადავდგით არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი. “ქართული ოცნებისგან” ველოდებით გაცნობიერებას, რომ ამ ქვეყნის ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში დატოვება, ქვეყანას მძიმე პრობლემებს უქმნის იმიტომ, რომ ვეღარ ვახერხებთ სრულფასოვნად ვიმოქმედოთ, რომ გავუმკლავდეთ პანდემიას”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება, “გირჩის” პოზიციას, რომ შესაძლოა, პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების პირობით შევიდნენ, ჯაფარიძე ამბობს, რომ “ეს მოთხოვნები კარგია, თუმცა მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” მას დააკმაყოფილებს, ნულის ტოლია”.

“ეს გასაგებია, რადგან “ქართულ ოცნებას” იმიტომ ვაკრიტიკებდით, რომ მათ სასამართლო დაიქვემდებარეს. ცხადია, ეს იყო ძირითადი პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. თუ ამის მზადყოფნა აქვს, რაშიც ეჭვი მეპარება, რომ გაათავისუფლოს მართლმსაჯულების სისტემა, გაათავისუფლოს სასამართლო წნეხისგან, განხორციელდეს ყველა ის ნაბიჯი, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურა, ცხადია, ეს იმდენად დიდი გარღვევა იქნება ქვეყნისთვის, აქ შესაძლებელია ბევრ რამეზე დაფიქრდეს ადამიანი. ეს მოთხოვნები თავისთავად კარგია, თუმცა ამისთვის “ქართულ ოცნებას” მზაობა უნდა ჰქონდეს, წარმოუდგენელია “ქართულმა ოცნებამ” დამოუკიდებლად მიიღოს მართლმსაჯულების გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება, როდესაც თვითონ დაიქვემდებარა მართლმსაჯულება”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება მოლაპარაკების საგანი გახდეს ის, რომ ოპოზიციამ გარკვეული სამთავრობო თანამდებობები დაიკავოს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს განხილვის საგანი არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო