შეცვლის თუ არა ოპოზიცია მოთხოვნებს - რაზე მოილაპარაკეს “ლელოს” ოფისში “ცხარე დისკუსიის” შემდეგ
“ოპოზიცია უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, “ვარდების რევოლუციაც” ასე იწყებოდა” - პაატა ზაქარეიშვილი
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” დეკემბრის ნომრის N12 (274) მიმოხილვა
* * *
შეცვლის თუ არა ოპოზიცია მოთხოვნებს - რაზე მოილაპარაკეს “ლელოს” ოფისში “ცხარე დისკუსიის” შემდეგ
“მწვავე დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა - რაზე შეთანხმდა საბოლოოდ ოპოზიცია და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მან რიტორიკა შეარბილოს. რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა მედიასთან განაცხადეს, რომ ისინი ელჩებთან შეჯერებული და ერთიანი პოზიციით მივლენ. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების სანაცვლოდ სხვა მოთხოვნები წამოაყენოს. “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ წითელი ხაზი სადაც არის, იქ დარჩება და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციები არ გადაიხედება. “რეზონანსისთვის” ცნობილია ის სამი თემა, რომლითაც შესაძლოა მოლაპარაკების მესამე რაუნდზე “ოცნება” მივიდეს. ეს არის 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის 0%-ამდე დაწევა, საარჩევნო რეფორმა და თვითმართველობის არჩევნების წესის ცვლილება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეცვლის თუ არა ოპოზიცია მოთხოვნებს - რაზე მოილაპარაკეს “ლელოს” ოფისში “ცხარე დისკუსიის” შემდეგ.
“შანტაჟზე მოდიხარ, როდესაც ამბობ, “თუ არ დამთანხმდები კოვიდსაც გავავრცელებ, ეკონომიკურ პრობლემებსაც შევქმნი და ქვეყნის ინტერესებს დავაზიანებ”, - ამის შესახებ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა. ამასთან, ვოლსკის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდისათვის “რაღაც თემები დამუშავებულია”, თუმცა მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. “საწყისი პოზიცია არის ასეთი - ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გაყალბებულა და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გავხსნათ უბნები და ვიდეოთვალი. თუ ეჭვი გეპარებათ, ვნახოთ, რას ამბობენ აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, ეუთო/ოდირი, ევროსაბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არ აინტერესებთ! აქედან გამომდინარე, რას ელოდებიან, რომ ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით?! მიმდინარეობს ოპოზიციის სერიოზული ლუსტრაცია... ახლა უნდათ იქეთ, ამ ბოსტნიდან იმ ბოსტანში გადაიტანონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. “ქართული ოცნების” წევრის კახა კუჭავას თქმით კი მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე კონკრეტული წინადადებების წარდგენას აპირებს, რომლებზეც საუბარი წინა რაუნდებზეც იყო. ამ წინადადებებს შორის არის თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის 0%-მდე დაწევა, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ დეტალებში შესვლა არ სურს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“არ მინდა შევიდე დეტალებში. ეს ის საკითხებია რომელთა შესახებაც, არ მინდა პირველი გავხდე ვინც გამოიტანს რაიმე სახის ინფორმაციას. ამიტომ არც დაგიდასტურებთ, არც უარვყოფ, მაგრამ ვიტყვი, რომ ნამდვილად საინტერესო შეთავაზება არის ის, რაზეც ვთვლით, რომ კარგი იქნება თუ განხორციელდება და მოგვცემს საშუალებას ყველამ ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში”, - განაცხადა კახა კუჭავამ. მისი თქმითაც, არჩევნების განმეორებითი ჩატარება წითელი ხაზია და მმართველი გუნდი ამაზე დათანხმებას არ აპირებს, თუმცა არსებობს საკითხები, რაზეც მოლაპარაკება შესაძლებელია: “ყოველთვის არის გამოსავალი, ყოველთვის არის იმის საშუალება, რომ კონსენსუსი შედგეს, თუმცა ეს უნდა იყოს დაფუძნებული რეალურ საკითხებზე, ის რაც შესრულებადია და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე... ის, რაც დღემდე რჩება მათი მთავარი მოთხოვნა, განმეორებით არჩევნებზე, თუმცა ამ ბოლოს აღარ მესმის, ერთი-ორი პოლიტიკოსის გარდა - ეს არ იქნება, ეს ის წითელი ხაზია, რომელიც მათ იციან, რომ ნამდვილად ვერ იქნება განხილვის საგანი”, - განმარტა კახა კუჭავამ. “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ლელოს” ოფისში ცხარე კამათი იყო, თუმცა ოპოზიცია შეჯერებულია და ერთი აზრზეა”, - დასძენს გამოცემა.
“გეტყვით, რომ ოპოზიცია ერთიანია და კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. რა თქმა უნდა, ოფისში კამათი და ცხარე დისკუსია იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცეებზე ვერ შევჯერდით. მზად ვართ, რომ მოდერატორებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. მართალია ძალიან ბევრი ვიკამათეთ, მაგრამ კონკრეტულ კონსესუსამდე მაინც მივედით. ადრეც ვამბობდი და ახლაც იგივე გავიმეორებ, რომ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა არასწორი ნაბიჯები გადადგეს, როდესაც დაფინანსება მიიღეს. ჩვენი პარტია პარლამენტში ტყუილად გადმოგდებული კანფეტისთვის არ შევა. არავის უნდა ეგონოს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი იტყვის სასამართლოში რეფორმას ვატარებ და პარლამენტში შედითო, მე შევიდე. ძალიან ცდებიან თუ ამის იმედი აქვთ. ელჩებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება. მოთხოვნები რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა. ჯერ ჩვენს შეჯერებულ პოზიციას მოდერატორებს გავაცნობთ და მერე ვნახოთ. შესაძლოა საჯაროდაც ვისაუბროთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ჯაფარიძე.
“მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანიც “რეზონანსთან” ადასტურებს, რომ ხმამაღალი საუბარი და დისკუსია ოფისში ნამდვილად იყო, თუმცა საბოლოოდ საერთოდ შეთანხმებამდე მივიდნენ. ახლა კი “ოცნების” პოზიციას დაელოდებიან და შესაძლოა საზოგადოებასაც აცნობონ, რას და რატომ დასთანხმდებიან ან უარს იტყვიან. “ხმამაღალი საუბარი ოპოზიციაში გასაკვირი არაა. ეს არ ნიშნავს, რომ განხეთქილებაა. უბრალოდ შეთანხმებაა, რომ საუბრის თემები გარეთ არ გამოვიტანოთ. მოლაპარაკების სტრატეგიაზეა აზრთა სხვაობა. დისკუსია ძირითადად ამაზე იყო. საბოლოოდ შევჯერდებით და ელჩებამდეც მივიტანთ. შევთანხდით, რომ რა წინადადებასაც “ოცნება” მოიტანს საჯაროდაც ითქვას. აუცილებელია, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა იცოდეს რა ნაბიჯებს ვდგამთ. რახან დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ, ესე იგი არსებობს შანსი, რომ ორივე მხარეს არსებული წითელი ხაზები გადაიხედება. პროცესს მაინც იმედიანად ვუყურებ და მჯერა, რომ ოპოზიციას იმდენი არა აქვს დასაკარგი, რამდენიც ხელისუფლებას“, - ამბობს იოსელიანი, რომელსაც ჰგონია, რომ “ადეკვატური წინადადებებით მოვლენ”, - წერს სტატიის ავტორი.
“ოპოზიცია უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, “ვარდების რევოლუციაც” ასე იწყებოდა” - პაატა ზაქარეიშვილი
“მე მომხრე ვიყავი, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, მაგრამ რადგან ასეთ პრინციპულობას იჩენენ, სჯობს ახლა ერთად იყვნენ და მოემზადონ ადგილობრივი არჩევნებისთვის. შევარდნაძე სწორედ ადგილობრივ არჩევნებში დაამარცხა ოპოზიციამ და აქედან დაიწყო “ვარდების რევოლუცია”, ეს კი ყველას რატომღაც ავიწყდება" - აცხადებს “რეზონანსთან” პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას. ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვამდე ოპოზიცია პირობებს არ ცვლის, პარლამენტში არ შედის და ალტერნატიული პარლამენტის შექმნას აანონსებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ხელისუფლება კი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ნაწილი პოზიციას შეიცვლის და შევა პარლამენტში”, - წერს გაზეთი”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოპოზიცია უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, “ვარდების რევოლუციაც” ასე იწყებოდა” - პაატა ზაქარეიშვილი.
“ხელისუფლება ხომ ოცნებობდა, რომ ოპოზიცია არ ყოფილიყო პარლამენტში და თოვლის ბაბუამაც შეუსრულა ეს სურვილი. ახლა დარჩა მარტო, 90 დეპუტატი ჰყავს და მიხედოს პარლამენტს. თქვას, არ შემოდიხართ, ნუ შემოდიხართო, და განაგრძოს ქვეყნის მართვა. საქართველოში არჩევნების გაყალბების გამო ქვეყანა არასდროს გაჩერებულა, ცხოვრება გრძელდება. სააკაშვილმაც გააყალბა 2008 წელს არჩევნები, ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში და თქვა არ შემოდიხართ, ნუ შემოდიხართო და განაგრძო მართვა. რას ჩამოეკიდა “ოცნება” ოპოზიციას? ოპოზიციას თავისი პრობლემები აქვს, ხელისუფლებამ თავის პრობლემებს მიხედოს. მიხედოს სიღარიბეს, უმუშევრობას, ჯანდაცვას, ეპიდვითარებას. ხომ ხედავთ, რა ხდება? ახლა კი არ უნდა გამოეცხადებინა შეზღუდვები, აგვისტოში უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ არჩევნები უნდოდა და გამარჯვება უნდოდა, ახლა მის სინდისზეა, რაც ხდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი
“რაც შეეხება ოპოზიციას, მე მომხრე ვიყავი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ რადგან ორივე ასეთ პრინციპულობას იჩენს, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და პარლამენტში არ შედის, ხელისუფლება კი ვადამდელ არჩევნებზე წამსვლელი არ არის, ჩემი აზრით გამოსავალია, რომ ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთობა და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს არჩევნებიც მალე მოვა და შეუტიოს ხელისუფლებას. შევარდნაძე სწორედ ადგილობრივ არჩევნებზე დამარცხადა, მაშინ გახდა სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე და აქედან დაიწყო “ვარდების რევოლუცია”, რატომღაც ეს დღეს ყველს ავიწყდება”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” დეკემბრის ნომრის N12 (274) მიმოხილვა
აზერბაიჯანს თურქები, სომხებს - რუსები, საქართველოს კი ვინ დაეხმარება სამხედრო ძალით? / ყარაბაღის ომის დანაკარგები / 500-მდე “ყველგანმავალი” საქართველოს თავდაცვის ძალებში / სასაზღვრო სექტორი “ჯუთა” ახალ წელს ახალ შენობაში ხვდება / სამხედრო ნეიტრალიტეტი და უბლოკო სტატუსი საქართველოში / ყარაბაღისა და საქართველოს ისტორიული კავშირები (უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე) / აფხაზეთში საქართველოსთვის მებრძოლი აზერბაიჯანელისა და სომხის გმირული ისტორიები / ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო სამსახური გაიხსნა / “შვიდი ლულა ერთი სნაიპერული “ბარეტისთვის”
“აზერბაიჯან-სომხეთის მორიგი ომის შედეგი გასცდა მარტო ორი მეზობელი ქვეყნის დავას და ერთიანად მოიცვა სამხრეთი კავკასია, რადგან ამ “ორომტრიალში” ღრმად ჩაერთვნენ რუსეთი და თურქეთი. რუსეთმა ძალზე ოპერატიულად გადაისროლა მთიან ყარაბაღში 2-ათასიანი სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტი საშტატო შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით. რუსულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ორასამდე საჰაერო რეისი შეასრულეს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, რაც მიუთითებს, რომ მოსკოვი ემზადებოდა ყარაბაღში თავისი სამხედროების ჩასაყენებლად, ეს კი კიდევ ერთ ეჭვს აძლიერებს - სავარაუდოდ, ყარაბაღის მესამე ომის დაწყებამდე პუტინი და ალიევი საიდუმლოდ შეთანხმდნენ მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული სომხეთის კონტროლირებადი აზერბაიჯანის შვიდი რაიონის სამხედრო ძალით გათავისუფლებაზე. თუმცა აზერბაიჯანის არმია არ უნდა შესულიყო უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ყოფილი საბჭოთა ოლქის საზღვრებში და იქ რუსი სამხედროები უნდა ჩამდგარიყვნენ მშვიდობის დაცვის საბაბით”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N12, დეკემბერი, 2020) სტატიაში, სათაურით აზერბაიჯანს თურქები, სომხებს – რუსები, საქართველოს კი ვინ დაეხმარება სამხედრო ძალით? / რუსი და თურქი სამხედროების დაფუძნება აზერბაიჯანში მნიშვნელოვნად შეცვლის სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს სამხრეთ კავკასიაში.
“საბრძოლო მოქმედებების პერიოდში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუკი სომხეთი დატოვებდა ჯერ ხუთ და შემდეგ ორ ოკუპირებულ რაიონს, ბაქო შეაჩერებდა იერიშს. ომის დამთავრების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა, რომ გაცხარებული ბრძოლების დროს, როცა სომხეთის არმია უკან იხევდა, მან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს შესთავაზა ამ შვიდი აზერბაიჯანული რაიონის დატოვება, სამაგიეროდ მთიანი ყარაბაღის შენარჩუნება, მაგრამ მისთვის მოულოდნელად, ოფიციალურმა სომხეთმა უარი შეუთვალა. შესაბამისად, აზერბაიჯანის არმიამ განაგრძო შეტევა უშუალოდ მთიან ყარაბაღზეც, აიღო ქალაქი შუშაც და უკვე ორიოდე კმ-ში იდგა სტეფანაკერტიდან (ჰანკენდიდან), როცა ფაშინიანი დათანხმდა პუტინის მოთხოვნას. შესაბამისად, სომხეთს 1-ლ დეკემბრამდე მოუწევს შვიდიდან ბოლო ოთხი რაიონის სრულად გათავისუფლება (დანარჩენი რაიონები აზერბაიჯანის არმიამ ბრძოლით დაიბრუნა) და ამასთან, დაკარგა გავლენა ქალაქ შუშაზე, რადგან დააგვიანა გადაწყვეტილების მიღება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შედეგი - აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი შვიდი რაიონი და მთიანი ყარაბაღის ნაწილი ქალაქ შუშის ჩათვლით, სამაგიეროდ, თავის ტერიტორიაზე მიიღო რუსული სამხედრო პლაცდარმი სამშვიდობო კონტინგენტის საფარქვეშ. ამ რეალობის გასანეიტრალებლად პრეზიდენტი ალიევი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო პლაცდარმის შექმნას თანხმდება. რუსეთი შეეცდება უშუალოდ ყარაბაღის ტერიტორიაზე, სადაც მოასწრო თავისი სამხედროების შეყვანა, არ დაუშვას თურქი კოლეგები, მაგრამ მოსკოვი ვერ შეუშლის ხელს ალიევ-ერდოღანის ჩანაფიქრს, განათავსონ თურქეთის არმიის დანაყოფები ყარაბაღის გარშემო, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ შვიდ რაიონში. გამოდის, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მოტივით, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ერთ თვეში “უცბად” გამოჩნდა ორი ძლიერი ქვეყნის სამხედრო პლაცდარმები, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს მთელ სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის მნიშვნელოვნად შეცვლის ფონზე იბადება კითხვა: თუკი აზერბაიჯანი თანხმდება მეგობარ თურქეთის სამხედრო ბაზის შექმნას, სომხეთში უკვე დიდი ხანია არსებობს რუსული სამხედრო ბაზა, სჭირდება თუ არა ამავე რეგიონში მყოფ საქართველოს რომელიმე მეგობარი ქვეყნის სასწრაფო დახმარება სამხედრო ბაზის სახით?..” - განაგრძობს გამოცემა.
“ყარაბაღში აღარ ისვრიან და, ასე თუ ისე, მშვიდობამ დაისადგურა. გამარჯვებული და დამარცხებული არმიები ახლა გამარჯვება-მარცხის მიზეზთა დადგენით, საკადრო ცვლილებებით, დანაკარგის დაზუსტებითა და სხვა საკითხებით არიან დაკავებული. ომს თავისი სტატისტიკა აქვს, რომელიც მოიცავს როგორც ბრძოლაში განადგურებულ-დაზიანებულ, ასევე ალაფად წაღებულ ტექნიკას. ტრადიციულად, ერთი მხარე მეორის დანაკარგს ყოველთვის მეტობით წარმოაჩენს და ასეთი არითმეტიკა ყარაბაღის მესამე ომშიც გაიხსენეს. თუმცა საბრძოლო მოქმედებათა დროს გადაღებული ფოტო-ვიდეომასალები გარკვეულწილად ობიექტური სურათის დანახვის საშუალებას იძლევა... ყარაბაღის ომში დამარცხებულმა სომხეთის არმიამ ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2425 სამხედრო მოსამსახურე. ეს ციფრი კიდევ გაიზრდება, ვინაიდან ასეულობით სამხედრო დაკარგულად ითვლება და მათი ნაწილი გარდაცვლილად შეიძლება ჩაითვალოს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ყარაბაღის ომის დანაკარგები.
“სომხეთის არმიას ტანკების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და სხვა საბრძოლო თუ უზრუნველყოფის საშუალებათა დიდი დანაკარგიც აქვს. აზერბაიჯანის არმიამ დაახლოებით 120 ტანკი გაანადგურა ან მწყობრიდან გამოიყვანა, ხოლო 65 კი ხელში ჩაიგდო. სომხების სატანკო პარკი საბჭოთა არმიიდან მიღებული 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დამდეგს გამოშვებული ტანკებით იყო დაკომპლექტებული. ამგვარი ტექნიკა თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების წინაშე, ფაქტობრივად, დაუცველია. 30-40 წლის წინათ გამოშვებული საბრძოლო მანქანების ტექნიკური გამართულობაც საეჭვოა და გამორიცხული არ არის, ყარაბაღელები გაუმართავ ტანკებს წინასწარ მოწყობილ სტაციონარულ პოზიციებზე საცეცხლე საშუალებებად გამოყენებას უპირებდნენ. ყარაბაღის მესამე ომის შედეგი კი ის არის, რომ სომხების სატანკო პარკის დაახლოებით 300 ტანკიდან უდიდესი ნაწილი განადგურებულია, ხოლო დარჩენილს კაპიტალური რემონტი და საფუძვლიანი მოდერნიზაცია დასჭირდებათ. სავარაუდოდ, სომხები ტანკებს სტრატეგიული მოკავშირის რუსული 102-ე ბაზის ხარჯზე დაიმატებენ, ხოლო რუსები მარაგს ახალი ტანკების შემოზიდვით შეივსებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ტანკებთან ბრძოლაში აზერბაიჯანი შედეგიანად იყენებდა უპილოტოებს - ისრაელურ Harop-ებს, Sky Striker-ებს, Orbiter 1K-სა და ამ უკანასკნელის აზერბაიჯანულ ანალოგ Zerbe-ს, აგრეთვე მართვადი საბრძოლო მასალებით შეიარაღებულ თურქულ Bayraktar TB2-ებს. ტანკებს ბომბები ყველაზე სუსტად დაცულ ადგილებში - კოშკურის სახურავსა და ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებაში ხვდებოდა, რაც ტექნიკას ანადგურებდა ან მძიმედ აზიანებდა. იყო ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Spike-ER-ის მეშვეობით სომხების ტანკების მწყობრიდან გამოყვანის შემთხვევებიც. ყარაბაღის ომზე გაკეთებული ერთ-ერთი დასკვნით, აუცილებელია ტანკების დრონებთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებებით აღჭურვა, რაც დრონების აღმომჩენ კომპაქტურ სისტემასაც მოითხოვს. ტანკებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია მსუბუქი ჯავშანტექნიკის – ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და მსუბუქად დაჯავშნული გამწეების დანაკარგი. უპილოტოების აზერბაიჯანელი ოპერატორებისთვის, ალბათ, ტანკები უფრო პრიორიტეტული მიზნები იყო და თანაც მსუბუქ ჯავშანტექნიკას მეტი სისწრაფე-მანევრულობა ახასიათებს. მნიშვნელოვანი დანაკარგია არტილერიაში – 148 ბუქსირებადი საარტილერიო სისტემა, 72 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 19 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. Aამას ემატება 19 ნაღმსატყორცნი, 3 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა და 50-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სხვადასხვა სარაკეტო კომპლექსი (Конкурс-ი, Фагот-ი, Метис-ი და Корнет-ი)...” - განაგრძობს გამოცემა.
“საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროგრამა გრძელდება. ამჯერად უწყებამ FORD TRANSIT-ის მოდელის ტიპის 20 ახალი მიკროავტობუსი და კომპანია IVECO-ს წარმოების 7 სპეციალიზებული მანქანა-მაცივარი შეისყიდა. ავტოტექნიკის 500 ერთეული აუცილებელია საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა უსაფრთხო და კომფორტულად გადაადგილებისთვის. ასევე საჭიროა სპეცავტოტექნიკა, რომელიც ბაზების სურსათით მომსახურებას უზრუნველყოფს. ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს, გაზრდის მობილურობას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალთან” თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძემ მანქანების მნიშვნელობაზე ისაუბრა”, - წერს ჟურნალი“არსენალი” სტატიაში, სათაურით 500-მდე “ყველგანმავალი” საქართველოს თავდაცვის ძალებში.
“ეს არის თავდაცვის მინისტრის ინიცირებული ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამით მიმდინარე პროექტი. პროექტის მიზანია თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა ხარჯების შესამცირებლადაც მომგებიანი იქნება, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. პროექტის თანახმად, მოძველებული საბჭოთა სპეცავტოტექნიკა ლიდერი საავტომობილო კომპანიების: გერმანული MAN-ის, იტალიური IVECO-სა და ამერიკული FORD-ის სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით შეიცვლება. თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეისყიდა Toyota Land Cruiser-ის, ასევე, Toyota Hilux-ისა და FORD Ranger-ის მოდელის, ასევე 0,75 ტონა ტვირთამწეობის პიკაპები. ახალი სატრანსპორტო საშუალებების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ყველა მაღალი გამავლობისაა. თავდაცვის სამინისტროს ასეთი 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შეემატება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯუანშერ ბურჭულაძე.
“ცოტა ხნის წინ საქართველოს თავდაცვის ძალებს დაემატა სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ “დელტას” წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა “დიდგორი”, მათ შორის “დიდგორი მედევაკი” და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები. “დიდგორების” ქვედანაყოფებისთვის გადაცემა, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით პირველად აღიჭურვა, რაც ჩვენი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის ძალიან დიდი სტიმულია. 40-მდე “დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი. „დიდგორი“ მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა “დიდგორი მედევაკი” სამედიცინო დანიშნულებით, საბრძოლო მოქმედების ზონიდან დაჭრილთა უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად შეიქმნა”, - დასძენს რესპონდენტი.
“შს სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ეგიდით სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოს მაღალმთიან სექტორ “ჯუთას” თანამედროვე სტანდარტებით აგებული სასამსახურე შენობა გადასცეს. სექტორი “ჯუთა” საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს აკონტროლებს და ზღვის დონიდან 2 300 მ სიმაღლეზე მდებარეობს. სექტორის მდებარეობიდან გამომდინარე, მესაზღვრეებს სამსახური რთულ პირობებში უწევთ, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ჰაერის ტემპერატურა - 35 გრადუსზე დაბლა ეშვება. “ჯუთა” ბოლო 8 წლის განმავლობაში მესაზღვრეებისთვის აშენებული 24-ე ახალი სასაზღვრო სექტორია. გახსნის დღეს “ჯუთას” ეწვივნენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სასაზღვრო სექტორი “ჯუთა” ახალ წელს ახალ შენობაში ხვდება.
“გახსნის ცერემონიალზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც აშშ-ის მთავრობას შეაქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, როგორც სახმელეთო საზღვრის, ასევე, სანაპირო დაცვის განვითარებაში. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ხელშეწყობისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის აშშ-ის წარმომადგენლები დააჯილდოვა. “ასევე მინდა მადლობა ვუთხრა მესაზღვრეებს, რომლებიც ამ მკაცრ პირობებში მუშაობენ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევუმსუბუქოთ სამსახური ჩვენს მესაზღვრეებს. სასაზღვრო სექტორების დაახლოებით 20% დარჩა ასაშენებელი, რასაც მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად აუცილებლად განვაახლებთ”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს არის საქართველოს ძალისხმევა, შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოახდინოს სასაზღვრო ობიექტების მოდერნიზება, რათა გაუმჯობესდეს ტექნიკა, რომელიც მიეწოდება მესაზღვრეებს. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა მესაზღვრეების მისცემს საშუალებას საზღვარზე მთელი წლის განმავლობაში დარჩნენ. ეს შენობა არის თანამედროვე სტანდარტების ნიმუში და მე ძალიან ვამაყობ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად შეძლო ამი გაკეთება...” - აცხადებს გამოცემის კორეპონდენდთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. “მესაზღვრეების ვცხოვრობდით კონტეინერებში, რომლებიც იმავდროულად საძინებელი, სამორიგეო და მოსასვენებელიც იყო, ღამით შეშის ღუმელით ვთბებოდით, დღეს კი გვაქვს თანამედროვე შენობა...” - განაგრძობს გამოცემასთან საუბრისას “ჯუთას” უფროსის მოადგილე, სასაზღვრო პილიციის მაიორი ბერდია არაბული.
“რუსულ-ქართული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ჰარმონიული - რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ აგრესიული გახლდათ. პოლიტიკური რეჟიმებისა თუ სახელმწიფო წესწყობილებათა ცვლილების მიუხედავად, ამ უკანასკნელ ასწლეულშიც საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. არც რუსეთ-საქართველოს 2008 წელი ყოფილა გამონაკლისი. სწორედ ამიტომ საომარი მოქმედებებისა და შედეგების გათვალისწინებით, განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოსთვის ძლიერ მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთობა, თუმცა ქართულ პოლიტიკურ თუ სამეცნიერო წრეებში გაჩნდა იდეა სამხედრო მიუმხრობლობის, ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სამხედრო ნეიტრალიტეტი და უბლოკო სტატუსი საქართველოში.
“საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების ისტორიული გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა, რომ საქართველო ნეიტრალური ქვეყანაა, ხოლო 1920 წელს მისი ტერიტორიული მთლიანობა და ნეიტრალიტეტი თვით რუსეთმა ცნო, მიუხედავად ამისა, 1921 წელს განვითარებული მოვლენების პრევენცია ვერ მოხერხდა - წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა, ხოლო დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, ნეიტრალიტეტი კი მხოლოდ ფურცელზე დაწერილ თეორიად იქცა. მსგავსი მაგალითები უახლეს ისტორიაშიც მოიძებნება მოლდოვის სახით, სადაც გამოცხადებულმა სამხედრო მიუმხრობლობამ ვერ შეაჩერა ტერიტორიული კონფლიქტები და რუსული სამხედრო ნაწილების შესვლა მის ტერიტორიაზე, ნეიტრალიტეტის დაცვის ძიებაში კი უმოკავშირეოდ დარჩენილ ქვეყანას მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი დაუტოვა - დარჩეს რუსეთთან პირისპირ, პოლიტიკური თუ სამხედრო მოკავშირეების გარეშე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სამხედრო ნეიტრალიტეტი საქართველოში ვერ გამოცხადდება ოკუპირებული ტერიტორიების გამოისობით, რისი საწინდარიც არის 1907 წლის ჰააგის მე-2 კონფერენციის N5 კონვენციის წინა პირობები, რომლის მიხედვითაც აუცილებელია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა; სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება ნიშნავს იმ პროდასავლური კურსისა და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობით მიღწეული შედეგების გაუფასურებას, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დავაგროვეთ; საქართველოსათვის სამხედრო ნეიტრალიტეტი ნიშნავს აშშ-სა და სხვა დასავლეთის სახელმწიფოებთან სამხედრო ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების დერატიფიკაციას, რის შემდეგაც ქვეყანა ძლიერ მოწინააღმდეგესთან რჩება, ძლიერი პარტნიორებისა და თანამედროვე შეიარაღების, გაწვრთნილი ჯარის გარეშე; რუსეთის ფედერაციიდან შესაძლო გარანტიები ვერასოდეს ჩაითვლება საკმარისად, რადგანაც ჯერ კიდევ 1992 წლის მრავალმხრივი ხელშეკრულებით უკრაინიდან ატომური შეიარაღების გატანის სანაცვლოდ რუსეთის ფედერაცია ხდებოდა ერთ-ერთი გარანტორი მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა, მიუხედავად ამისა, ის დღემდე განაგრძობს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას...”, - განაგრძობს გამოცემა.
“ყარაბაღი” თურქული წარმომავლობის ტერმინია, რომელიც ქართულად “შავ ბაღს” ნიშნავს. ამ ტერმინის პარალელურად, ადგილობრივი სომხები იყენებენ სომხურ ტერმინს “არწახ”. თანამედროვე ყარაბაღი მდებარეობს სამხრეთ კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის წარმოადგენს ვულკანური წარმოშობის ლავურ მთიანეთს, რომელიც მოქცეულია ყარაბაღისა და ზანგეზურის ქედებს შორის. ამ მთიანეთის მთავარი ნაწილია სუბალპური მდელო, რომელსაც საძოვრად იყენებენ. ყარაბაღის ქედი წარმოადგენს მცირე ქედს კავკასიონზე, რომელიც გადაჭიმულია მდინარე ტერტერიდან მდინარე არაქსამდე. ყარაბაღის ტერიტორია, სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, სისტემატურად ხდებოდა უცხოელ დამპყრობთა თავდასხმის ობიექტი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ყარაბაღისა და საქართველოს ისტორიული კავშირები (უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე).
“ავტოქთონური მოსახლეობა ყარაბაღის ტერიტორიაზე არაინდოევროპული წარმოშობისაა. თუმცა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე აქ იწყებენ დამკვიდრებას სომხები, რომლებმაც შემდგომ პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის თანდათანობითი არმენიზაცია მოახდინეს. რეგიონი “არწახის” სახელწოდებით შედიოდა დიდი სომხეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც ძვ. წ. II საუკუნიდან ახ. წ. IV საუკუნემდე არსებობდა. ამის შემდეგ ეს ტერიტორია მოექცა ალბანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში 461 წლამდე არსებობდა. ალბანეთის ყოფილ ტერიტორიაზე მოსახლე მკვიდრი ალბანელი მოსახლეობის ნაწილი, რომელიც თანამედროვე კახეთისა და ჰერეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, გაქართველდა, ხოლო დანარჩენები და მათ შორის, ყარაბაღის ტერიტორიაზე მოსახლენი გასომხდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“IX საუკუნის დამდეგს ყარაბაღის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სომხური ფეოდალური სათავადო ხაჩენი, რომელსაც სათავეში სახლა სმბათიანი ჩაუდგა. IX-XI საუკუნეებში ხაჩენი შედიოდა ბაგრატიდების დინასტიის მიერ აღდგენილი სომხური სახელმწიფოს შემადგენლობაში. XI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთის ტერიტორია დაიკავეს შუა აზიიდან გადმოსახლებულმა თურქმანულმა მომთაბარე ტომებმა - სელჯუკებმა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე აზერბაიჯანელ ხალხს. XIII საუკუნის დასაწყისიდან ხაჩენს მართავდნენ სომხური თავადური სახლები – ჰასან-ჯალალიანები და დოპიანები (სახლ სმბათიანის განშტოება). ეს მხარე სომხური კულტურის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. ხაჩენი შედიოდა ჯერ ყარა-ყოიუნლუს ანუ შავბატკნიანთა თურქმანული სახელმწიფოს (1375-1468), ხოლო შემდეგ აღ-ყოიუნლუს ანუ თეთრბატკნიანთა ასევე თურქმანული სახელმწიფოს (არსებობდა 1501 წლამდე) შემადგენლობაში. ყარა-ყოიუნლუს მბრძანებლის ჯაჰან-შაჰის (1435-1467) მმართველობისას ხაჩენში შეიქმნა მცირე ფეოდალური სამფლობელოები – სამელიქოები. ამ ღონისძიებით ჯაჰანმა სომხური ფეოდალური საგვარეულოების მიმხრობა სცადა... XVI საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც სპარსეთში სეფიანთა დინასტია გაბატონდა, ყარაბაღიც მის შემადგენლობაში მოექცა. ადმინისტრაციულად ეს ტერიტორია შედიოდა განჯის (ყარაბაღის) საბეგლარბეგოში, რომელსაც ზია-ოღლის საგვარეულო განაგებდა. ამ მხარის მთიანი ნაწილი სომეხი მელიქების გამგებლობაში დარჩა...”, - განაგრძობს გამოცემა.
“მაშინ, როცა დამოუკიდებელი საქართველო სახელმწიფოდ ყალიბდებოდა, ამ ქვეყნის შვილთა უმრავლესობას, ეთნიკურობის განურჩევლად, სურვილი ჰქონდა თითო აგური დაედო ქვეყნის აღმშენებლობაში. სახელმწიფოს ხერხემალი ჯარია და დამოუკიდებლობის განმტკიცების პარალელურად ძლიერდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალებიც. ახალწვეულებთან ერთად მის რიგებს იკავებდნენ მოხალისეები, რომელთა უმრავლესობას სამხედრო გამოცდილება საბჭოთა ჯარში ჰქონდა მიღებული. როგორც ახალწვეულთა, ისე მოხალისეთა შორის ბევრი იყო სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯარისკაცი. მათთვის საქართველოს დაცვა ისეთივე წმიდათაწმიდა ვალი იყო, როგორიც ნებისმიერი ქართველისთვის. ამიტომაც ზოგმა კიდეც დადო თავი ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობისთვის. საბედნიეროდ, ბევრიც დაბრუნდა. წინამდებარე წერილში გვინდა მკითხველს იმ აზერბაიჯანელ და სომეხ მეომრებზე მოვუთხროთ, რომელთაგან ერთი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მეორე კი საქართველოს დაცვას შეეწირა აფხაზეთში”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით აფხაზეთში საქართველოსთვის მებრძოლი აზერბაიჯანელისა და სომხის გმირული ისტორიები.
“თადარიგის მაიორი ილიას რიზაევი ქალაქ თბილისში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. საბჭოთა არმიიდან დაბრუნებული 21 წლის აზერბაიჯანელი ჭაბუკი ქართულ შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ შევიდა და აფხაზეთში ომიც დაიწყო - ის ეროვნული გვარდიის `შავნაბადის~ შემადგენლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩაება. “1993 წლის თებერვლის ბოლო იყო. ინფორმაცია მივიღეთ, ქუთაისელი ბიჭები, დაახლოებით 30 კაცი, ტყვედ ჩავარდნილიყვნენ მერკულაში. ორი “კამაზით” წავედით, 60-მდე მეომარი ვიქნებოდით. ისეთი ადგილი იყო, ხელისგულივით ჩანდა ყველაფერი. ამიტომ არ ელოდნენ, ასე პირდაპირ თუ მივადგებოდით, თანაც ქარსაცავი დანაღმული ჰქონდათ. მაშინვე შეგვამჩნიეს და სროლა აგვიტეხეს, მაგრამ გვიანი იყო, შეჭრა მოვასწარით. მთელი ყურადღება ჩვენკენ მომართეს და ტყვეებმა გასვლა მოახერხეს. ერთი კაცი დაგვეღუპა ამ ბრძოლაში, სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს, სნაიპერი იყო. როცა დაბნელდა, ნელ-ნელა გამოვედით, რადგან გამოსვლის ბრძანება გვქონდა. ადგილობრივებიც ძალიან დაგვეხმარნენ, სწორედ ისინი შეცვივდნენ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლის გამოსაყვანად...”, - იხსენებს გამოცემასთან საუბრისას ილიას რიზაევი.
„... საოცარი გურული იუმორი ჰქონდა ამ სომეხ ბიჭსო, განსაკუთრებულად მამაციც იყოო - ასე ახასიათებენ თანამებრძოლები არტურ აივაზიანს, რომელიც ახალფეხადგმული ქართული ჯარის გაწვეული ჯარისკაცი იყო. 19 წლისა უკვე აფხაზეთის ომში იბრძოდა. 27 წელია, აღარ გაუვლია იმ შარაგზაზე, რომლითაც ომის გზას დაადგა. აღარ შეუღია სახლის კარი, სადაც ისევ დგას შავით მოსილი დედა და შვილის სახელის მახსენებელს ისე ელოდება, როგორც საკუთარ ვაჟს ელოდა ხოლმე. დიდი დრო გავიდა, საუკუნის მეოთხედი, მაგრამ ეს დრო დედის გულს ვერ ამრთელებს. დედის ტკივილით მევსებოდა მეც გული, როცა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში ორსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ მოკრძალებულ ბინაში შვილმკვდარი დედის პირისპირ ვიჯექი და საქართველოსთვის შეწირული სომეხი ბიჭის, არტურ აივაზიანის ისტორიას ვისმენდი. არტურმა წელიწადი და ორი თვე მოასწრო ჯარში მსახური, როცა ოზურგეთის კომისარიატმა აფხაზეთის ომში გაიწვია. ერთ-ერთ ბრძოლაში დაიჭრა და ომიდან ჭრილობების მოსაშუშებლად გამოუშვეს, მაგრამ მშობლებისთვის არ გაუმხელია. დილით დედამ სისხლიანი საწოლი ნახა. მინა დამეცაო, თავი „იმართლა“ არტურმა, სინამდვილეში კი სისხლი ნატყვიარიდან გამოსვლოდა...” - განაგრძობს გამოცემა.
“შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. გასულ თვეში ანაკლიას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ესტუმრა და სახანძრო-სამაშველო ძალების ახალი შენობა გახსნა. მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს გააცნო ის სიახლეები, რომლებიც სტრუქტურაში მიმდინარეობს და კიდევ იგეგმება. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2020 წლის იანვრიდან 30 ერთეული “მაგირუსის” მარკის სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა ჰყავს; 2020 წლის ივნისიდან მეხანძრე-მაშველის ხელფასი 125 ლარით გაიზარდა, ხოლო წელს შეიქმნა მყვინთავ მაშველთა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებებიც. ამავე რეფორმის ეგიდით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მაშველებს ხელფასი 100%-ით გაეზარდათ. ამასთან, სახანძრო-სამაშველო ძალებში ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით პირადმა შემადგენლობამ ოფიცრის წოდება მიიღო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო სამსახური გაიხსნა.
“ჩვენი სამსახურის მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ რეაგირების ეფექტიანობა, რისთვისაც საჭიროა, რაც შეიძლება მეტი განყოფილება. ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნით, ფაქტობრივად, ახალი განყოფილება ჩამოვაყალიბეთ, რადგან ანაკლიაში არ არსებობდა სახანძრო-სამაშველო დანაყოფი. ეს სიახლე ბევრად ეფექტიანს გახდის ჩვენს მუშაობას. სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის ჩართულობით ახალი განყოფილებისა და მისი შენობისთვის შევარჩიეთ ისეთი ადგილმდებარეობა, სადაც განვათავსებდით როგორც სახანძრო-სამაშველო, ასევე წყალზე სამაშველო დანაყოფებს. ანაკლიის განყოფილება გათვლილია როგორც სახანძრო-სამაშველო, ასევე, წყალზე სამაშველო დანაყოფების 35-მდე თანამშრომელზე. გასახარია, რომ დანაყოფი მთლიანად ადგილობრივებისგან დაკომპლექტდა. ჩვენი კონკურსის პირობებში ეს სწორედ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ასე რომ, ანაკლიასა და მის მიმდებარე რვა სოფელს კვალიფიციური მეხანძრე-მაშველები მოემსახურებიან. რაც შეეხება ავტოტექნიკას, ანაკლიის განყოფილებას გადაეცა “ფორდ კარგოს” მარკის სახანძრო-სამაშველო და “მერსედესის” მარკის განახლებული სამაშველო ავტოტექნიკა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსს დავით სუხიშვილი.
“ეს არის უახლესი სტანდარტების შესაბამისად აგებული სამსართულიანი შენობა. ის სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მასში განთავსებულია სპეციალური ბოქსი ავტომობილებისთვის, ქოლცენტრი, სასადილო, სასწავლო აუდიტორია, საძილე და მოსასვენებელი სივრცეები და სამზარეულო. მოგეხსენებათ, 2020 წელი მეხანძრე-მაშველებისთვის უპრეცედენტო სიახლით დაიწყო – შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს ყოველდღიური კვება დაენიშნათ. ასეთი რამ სახანძრო-სამაშველო ძალების ისტორიაში არ ყოფილა. ანაკლიაში განთავსდება წყალზე სამაშველო სტანდარტული დანაყოფიც. მათ განკარგულებაში იქნება სამი სწრაფმავალი სკუტერი და ერთი კატარღა. საზღვაო სეზონზე დამატებით მოვიზიდავთ სეზონურ მაშველებს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ზღვაზე სამაშველო სამუშაოების ეფექტიანობას. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის - რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად დავეხმაროთ ადამიანებს. ანაკლიის სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნით ინფრასტრუქტურული განახლება არც დაწყებულა და არც დასრულდება. ბოლო ორ წელიწადში ახალი შენობები გაიხსნა ზუგდიდში, ბორჯომში, სიღნაღსა და ანაკლიაში. ანაკლიის გახსნიდან მალევე გაიხსნა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შენობა ჩხოროწყუში. მალე გაიხსნება მარტვილში, ჩოხატაურსა და აბასთუმანში”, - დასძენს რესპონდენტი.
“ცნობილმა ამერიკულმა საიარაღო კომპანია Barret Firearms-მა 15 ნოემბერს დიდი სიამაყით განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ სწორედ მათი ახალი სნაიპერული შაშხანა Barret MRAD MK22 აირჩია შეიარაღებაში მისაღებად და კონტრაქტის შესრულება უკვე მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება. “ბარეტის” ხელმძღვანელობას სასიხარულოდ მართლაც ჰქონდა საქმე, რადგან აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა (US SOCOM) ჯერ კიდევ 2016 წლიდან ეძებდა ისეთ ახალ უნივერსალურ სნაიპერულ შაშხანას, რომელზეც რამდენიმე სხვადასხვა კალიბრის გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი, ანუ საველე პირობებში თავად სნაიპერს შეეცვალა ლულა ორიოდე წუთში მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის საშუალებით”, - წერს “არსენალი” სტატიაში სათაურით შვიდი ლულა ერთი სნაიპერული “ბარეტისთვის” / ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ახალი სნაიპერული Barret MRAD MK22 აირჩიეს.
“და, აი, “ბარეტმა” ამერიკელ სპეცრაზმელებს შესთავაზა სწორედ ასეთი ”საოცრება-შაშხანა”, რომელზეც შვიდი(!) სხვადასხვა სიგრძისა და კალიბრის ლულის მორგება შეიძლება თვით საბრძოლო ვითარებაში. წრფივად მოსრიალე საკეტის მქონე Barret MRAD შექმნილია ამ ფირმის კარგად ცნობილი სნაიპერული შაშხანა Barret 98B-ის ბაზაზე, რომელიც, თავის მხრივ, მხოლოდ .338 Lapua Magnum-ის (8,6×70 მმ) ვაზნის გამოყენებაზე იყო გათვლილი, ახალ "ბარეტს" კი, ამ ვაზნის გარდა, შეუძლია მოიხმაროს .300 Norma Magnum-ი, .338 Norma Magnum-ი, 7,62×51 მმ და სხვა ტიპის ვაზნებიც. ეს, რა თქმა უნდა, აძვირებს და ართულებს ახალ სნაიპერულ შაშხანას, მაგრამ სამაგიეროდ, უნივერსალურია იმ სნაიპერისთვის, რომელსაც იუველირული “მუშაობა” უწევს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერებს მსოფლიოს თითქმის ყველა შეიარაღებულ კონფლიქტსა და სპეციალურ ოპერაციაში უწევთ მონაწილეობა და პენტაგონის ხელმძღვანელობა ცდილობს მათი ყველაზე ახირებული მოთხოვნაც შეასრულოს, რადგან ხშირად სწორედ ამ სპეცსნაიპერებზეა დამოკიდებული აშშ-ის პრესტიჟის დაცვა ჩახლართულ, მსოფლიო დონის საიდუმლო პოლიტიკურ თამაშებში. საგულისხმოა, რომ სანამ რამდენიმეწლიანი ყოყმანის შემდგომ აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტდა ამ უნივერსალური “ბარეტების” შეძენას, მას რუსეთის სპეცსამსახურებმა დაასწრეს და რუსული გრუ-ს სნაიპერებისთვის 20 შაშხანა და რამდენიმე ათასი სპეციალური სნაიპერული ვაზნა იყიდეს. Barret MRAD ტიპის უნივერსალური შაშხანის ფასი აშშ-ის საიარაღო მაღაზიებში არანაკლებ 15 ათასი დოლარია”, - დასძენს გამოცემა.