ალეკო ელისაშვილი - წარმოდგენა არ მაქვს რომელმა პუნქტმა შეიძლება დაგიტოვოს შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია გარიგებას აპირებს - როგორ მოახერხა ირმა ინაშვილმა, საკითხისთვის ასეთი რაკურსი მიეცა, ვერაფრით ვხვდები

წარმოდგენა არ მაქვს რომელმა პუნქტმა შეიძლება დაგიტოვოს შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან გარიგებას აპირებს. როგორ მოახერხა ირმა ინაშვილმა, რომ ამ საკითხისთვის ასეთი რაკურსი მიეცა ვერაფრით ვერ ვხვდები, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პატრიოტა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით, ოპოზიციის მიერ შედგენილ წინადადებათა პაკეტში 2 პუნქტი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს კი მათი გუნდი ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულად აღიქვამს.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ირმა ინაშვილის განცხადება ოპოზიციურ ერთობას ,,ურტყამს" და დააზიანებს მოლაპარაკებების პროცესს, რომელსაც შეიძლება შედეგამდე მიეყვანათ.

,,ეს დარტყმაა, რა თქმა უნდა, ეს შეარყევს ოპოზიციურ ერთობას, არ ვიცი რატომ არ იყო დღევანდელ შეხვედრაზე შალვა ნათელაშვილი და ირმა ინაშვილი. ინაშვილის ეს განცხადება და პოზიცია დააზიანებს მოლაპარაკებების პროცესს, რომელსაც შეიძლება, რომ მივეყვანეთ შედეგამდე. რატომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ გარიგების მცდელობა იკითხება, გაუგებარია“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ელჩებს სთხოვეს, რომ მოლაპარაკებებზე განხილულ საკითხებზე საჯარო დისკუსია გაემართათ, რაზეც ელჩებმა უპასუხეს, რომ კიდევ რამდენიმე დღე უნდა შეეკავებინათ თავი საჯარო საუბრისგან.

„ჩვენ დღეს ელჩებთან მივედით და ვთხოვეთ მათ, რომ ხალხში არასწორი წარმოდგენები არ ყოფილიყო, თითქოს მართლაც ვიღაცასთან გარიგებას ვაპირებთ, ყველაფერი რაზეც დღეის აქეთ გვისაუბრია და რაც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა, დაგვეწყო საჯარო დისკუსია. ორივე ელჩისგან იყო ძალიან გულითადი თხოვნა, რომ კიდევ რამდენიმე დღე შეგვეკავებინა თავი საჯაროდ საუბრისგან ამ დეტალებზე, რათა პროცესი არ დაზიანებულიყო. მათი მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე იციან, რომ თუ ამაზე საჯაროდ საუბარს დავიწყებთ, პროცესი დაზიანდება და ვერანაირ შედეგამდე ვერ მივალთ. „ქართული ოცნების“ პასუხიც რამდენიმე დღეში გვეცოდინება და შემდეგ შეგვეძლება ამის შესახებ გახსნილად ვილაპარაკოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 7 პარტიის შედგენილ პაკეტში 2 პუნქტი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს კი პირდაპირ აღიქვამენ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას.

ამასთან, ირმა ინაშვილი გამოეხმაურა შეკითხვას, რატომ არ ესწრებოდა „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციასა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრას.

„ჩვენ არასდროს არ ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. ელჩებს ჩვენ ვხვდებით ან მარტო ან ე.წ. რაუნდებზე, სადაც არის ხელისუფლებაც და საერთოდ სულყველა;

რამდენადაც მე ვიცი (შეიძლება, სწორად არც ვიცი), ეს იყო 7 პარტიის შეხვედრა და მე კვლავ ვამბობ: ჩვენ ვმოქმედებთ მარტო, ცალკე და დამოუკიდებლად!“ - წერს ინაშვილი „ფეისბუქში“.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს