პრეზიდენტი - ქვეყანა გათავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები

საქართველო გზაგასაყარზეა. ქვეყანა გათავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, „მტრად და მოღალატედ გამოცხადება“, „მტრის ხატის ძიება შიგნით და გარეთ“, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ, რათა ამაზეა დამოკიდებული ძლიერი საქართველოს შექმნა.

„საქართველო გზაგასაყარზეა. ქვეყანა გათავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები. დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება. ამისთვის კი საჭიროა გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც გვაბრკოლებს: შიში სიმართლის თქმისა, შიში ინიციატივის და პასუხისმგებლობისა! თამამი ნაბიჯების გადადგმის შიში! შიში, რომელიც ყველაფერს აბრკოლებს და ჩვენს თავს გვართმევს.

ტყუილი და ხალხით მანიპულირება ცრუ ლოზუნგებისა და პოპულისტური დაპირებების მეშვეობით. იდეოლოგიების დრო დასრულდა: კომუნიზმი დასრულდა, ულტრალიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურაპატრიოტიზმი რეალური ეროვნული შემართების საპირისპიროა. ფანატიზმი შლის საზოგადოებას და ანგრევს პიროვნებას.

ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი, რომელიც დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს; ნაკლებად გვჯერა საკუთარი თავის, საკუთარი წიაღიდან წამოსული სიტყვისა და აზრის. ეს გვართმევს თვითდაჯერებულობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია გვქონდეს საკუთარ თავის რწმენა და ეფექტურად ვმართოთ ქვეყანა. ეს ჩვენი სისუსტეა, რომელიც გვაიძულებს, მაგალითად, მუდმივად ვამტკიცოთ ჩვენი ევროპელობა მაშინ, როცა ევროპელობა ჩვენი ისტორიისა და კულტურის არსია.

ნეპოტიზმი, რომელიც გზას უკეტავს პროფესიონალიზმს. უნდა დასრულდეს გამოცდილებისა და ცოდნის უგულებელყოფა, რაც შრომის ბაზრიდან უფროსი თაობების განდევნას ამართლებს და გვაღარიბებს. დაუშვებელია ნიჭიერების და განათლების დაუფასებლობა; დამღუპველია შიში თავისუფალი ადამიანისა. ეს გვაკარგვინებს ძვირფას ადამიანურ რესურსს და აფერხებს მათ მოზიდვას ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში.

მერკანტილური მიდგომა, რაც გამოითქმის ორი სიტყვით - „მე რა?" - მრავალჯერ გავიგონეთ არჩევნების და არა მხოლოდ არჩევნების დროს. უანგარობა და თავდადება სისულელედ უფრო აღიქმება, რაც საწყისშივე კლავს სახელმწიფო მოღვაწეობის სურვილს. ერთნაირად გვესმის მოღვაწეობა, საქმიანობა და მუშაობა! მერკანტილობა გვიბიძგებს სწრაფი მატერიალური შედეგის მიღებისკენ და არა გრძელვადიანი მიზნის მიღწევისკენ. იმაშიც გვიშლის ხელს, რომ სათანადოდ დავაფასოთ მეცენატობა.

მტრად და მოღალატედ გამოცხადება, რაც ყველა ტოტალიტარული რეჟიმის პირველი მახასიათებელი იყო. მტრის ხატით, მისი ძიებით შიგნით და გარეთ, ამართლებდნენ ადამიანების დამონებას, საზოგადოების ჩაკეტვას და პიროვნებების განადგურებას. ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ეს ტერმინები, ეს ენა, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებისა და ადამიანებისადმი. ამ ბორკილების დამსხვრევაზე დამოკიდებულია ჩვენი მომავალი ახალი, თამნამედროვე, ძლიერი საქართველოს შექმნა“, - მიმართა პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის წევრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა