ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2020

მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე შესაძლოა პარლამენტში შემსვლელი ოპოზიციონერების რიცხვი გაიზარდოს

“ნაცმოძრაობისთვის” აშშ-ის ელჩის ეს განცხადება საკმაოდ მძიმე შეფასებაა” - ძაბირაძე

საქართველომ ყველაზე მეტი დახმარება მიიღო, ესე იგი, პრობლემებიც სხვაზე მეტი აქვს

* * *

მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე შესაძლოა პარლამენტში შემსვლელი ოპოზიციონერების რიცხვი გაიზარდოს

“მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე ელჩები “რედისონში” დახურულ კარს მიღმა საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მედიასთან დეტალებზე არავის უსაუბრია, თუმცა ადვილი გამოსაცნობია, რომ ხელისუფლებასთან ფასილიტატორი ელჩები დახურულ კარს მიღმა ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განიხილავდნენ. მანამდე კი დახურულ კარს მიღმა ელჩები “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძეს შეხვდნენ, სადაც ასევე მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე იყო საუბარი. სავარაუდოდ, ახლა საინტერესოა ვინ და რომელი მხარე გადაშლის წითელ ხაზებს და რა გავლენას იქონიებს გრიგოლ ვაშაძის “ნაცმოძრაობიდან” წასვლა ზოგადად ოპოზიციაზე. არ არის გამორიცხული, რომ ვაშაძის მწვავე განცხადების შემდეგ პატარა პარტიების წევრების უმრავლესობამ პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე შესაძლოა პარლამენტში შემსვლელი ოპოზიციონერების რიცხვი გაიზარდოს.

“ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ელჩებს მოუწოდა, რომ მედიატორის როლი შეასრულონ და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლისთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. თუმცა მის ამ თხოვნაზე ელჩების პასუხი ცალსახაა, რომ შეთანხმებას მხარეებმა თავად უნდა მიაღწიონ. ხოლო მათ რა უფლებამოსილებაც აქვთ იმ ფარგლებში იშუამდგომლებენ. “ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკების პროცესი. პარლამენტის გახსნის შემდეგ სხვა რეალობის წინაშე დავდექით”, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს. ის მზად არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე გაგრძელდეს, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ელჩებზე თავდასხმები შესაძლოა მოლაპარაკების პროცესზე აისახოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ფასილიტატორი, მზად ვარ ვიპოვოთ მხარეებს შორის შეთანხმება. შესაძლებლობების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ვაგრძელებთ მათ დახმარებას. რთული სათქმელია რა გამოვა აქედან, თუმცა არსებობს შანსი. რაც უფრო დაიხურება კარი, მით უფრო მეტად გართულდება გამოსავლის პოვნა. მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ ფასილიტატორი მხარეებს შორის. რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე უფრო შეშფოთებული ვარ, თუ როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე, სადაც ერთიანობის მიღწევას ვცდილობთ”, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. “ფაქტი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს”, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აშშ-ის ინტერესშია, რომ საქართველოს დაეხმაროს და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იპოვონ ძალა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ საქართველოში ყველა პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას დახმარება გაუწიოს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. პარტიებს შორის დიდი განსხვავებებია, მაგრამ ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული. ვიცი, რომ ჩვენს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა. ყველას აქვს მოსაზრების უფლება, მაგრამ არსებობს ფაქტებიც. ფაქტი კი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს”, - განაცხადა დეგნანმა. “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგანაც ეს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებში შედის. მისივე თქმით, ოპოზიციაში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც პარლამენტში შესვლა უნდა. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილიც “რეზონანსთან” ამბობს, რომ თუკი მოლაპარაკება შედგება და ახალ საარჩევნო პირობებში სრული პროპორციული არჩევნების გარანტია იარსებებს, მათთვის პარლამენტში შესვლის პირობასაც ეს წარმოადგენს”, - დასძენს გამოცემა.

“ახლა ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება, მოლაპარაკება და იქიდან რაღაცა შედეგის გამოტანაა. “ევროპულმა საქართველომ” ფაქტობრივად პოლიტიკური მოღვაწეობა დაასრულა და ამიტომაც მათ ჭკუაზე, ჩემი აზრით, ოპოზიციის ლიდერებმა აღარ უნდა იარონ. მაქვს იმედი, რომ ბევრი მათგანი გრიგოლ ვაშაძის წავსლის და განცხადებების შემდეგ, კარგად დაფიქრდება და მიხვდებიან რომ მანდატები არ უნდა დათმონ და მოლაპარაკება უნდა გავაგრძელონ. მარტო იმიტომ, რომ ჩვენ გავბედეთ და ვთქვით, რომ არის ხალხის ნაწილი, რომლებსაც პარლამენტში შესვლა უნდა და ამას კონკრეტული პირები ხელს უშლიან, ჩვენს მიმართ საკმაოდ ბინძური კამპანია დაიწყო. რა არ დაგვაბრალეს, თურმე “ოცნების” ნარატივს ვიმეორებთ და ფაქტიურად ამ პარტიას წარმოვადგენთ. არადა ჩვენ ერთადერთ სწორ გამოსავლად ამ პროცესებიდან მოლაპარაკება მიგვაჩნია. ჩვენ არ განვიხილავთ იმ სცენარს, რომელიც სახალხო მღელვარებას ეფუძნება და სააკაშვილმაც ამის შესახებ თავისუფლად ილაპარაკა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან იოსელიანი.

“დიპლომატებზე თავდასხმის და შეურაცხყოფის მიზეზი რა არის - ის ხომ არა, რომ პოლიტიკოსების ნაწილი მათ მოუწოდებენ, რომ მხარი მათ დაუჭირონ? მოდი ამ საკითხს ასე შევხედოთ - ვის უნდა შეთანხმება და ვის არა. პრაქტიკულად ყველას შეთანხმება უნდა, “ევროპული საქართველოს” ლიდერების გარდა, რომლებიც გარეთ დარჩნენ. “ნაციონალებშიც” ბევრს უნდა, რომ მოლაპარაკება მოხდეს და პარლამენტში შევიდნენ. ბატონი გრიგოლ ვაშაძის ამ პროცესებიდან წასვლა და გვერდით გადგომა ხომ იმას ნიშნავს, რომ მის მსგავსად ბევრი ფიქრობს და ტყუილი არაფერი გვითქვამს? საქმე იქამდე მიდის, რომ პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ, თუ პროცესები გავწელოთ გაზაფხულამდე, დაველოდოთ ხალხის მღელვარებას და ქვეყანა ბუნდოვანი მომავლისთვის გავწიროთ? - ესაა ჩვენი კითხვები, რომლის გამოც მოღალატეებად შეგვრაცხეს. აგერ, “გირჩი” და მისი წევრებიც იგივეს ამბობენ. პატარა პარტიების თითქმის ყველა წევრი ამ აზრზეა და იმედი მინდა დავიტოვო, რომ ეს რეალობა შეიცვლება”, - მიიჩნევს ლევან იოსელიანი.

“ოპოზიიცის ერთიანობა, რომელმაც ბოიკოტის სახე მიიღო, რეალური შედეგით უნდა დასრულდეს. ჩვენი პარტიისთვის და ამომრჩევლისთვის ამ მოლაპარაკების დასრულება მაშინ იქნება ნაყოფიერი და შედეგიანი, რომლის შემდეგაც პარლამენტში შესვლაზე ვიფიქრებთ, როცა ხელში ბევრად უკეთესია საარჩევნო პირობებს მივიღებთ. სრული პროპორციული არჩევნების გარანტია გვქონდეს როგორც ადგილობრივ, ისე პარლამენტის დონეზე და ყოველ შემდგომ არჩევნებში და არა დღევანდელი წესებით და ადმინისტრაციით, რომ 30 მაჟორიტარი დეპუტატით ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები. ამიტომ ღიად ვამბობ და აქ დასამალი არაფერია - ჩვენ ამ პირობის მიღება ხელისუფლებისგან გვინდა. ამის გარანტია “ქართული ოცნებისგან” რომ გვქონდეს, სათითაოდ ყველა იმ 56 დეპუტატს დაველაპარაკებოდი, რომ თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ უარს ამბობთ ასეთი ძალაუფლების გამორთმევაზე. მერე ყველას მოუწევდა იმის გააზრება, რომ სახელმწიფოებრივად უნდა მოიქცნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახო მეგრელიშვილი.

“ამიტომ გვინდა ეს მოლაპარაკებები, რომ “ოცნებისგან” მაქსიმუმი მივიღოთ, არა პირადად ჩვენი კეთილდღეობისთვის, არამედ ქვეყნის სასიკეთოდ. ამიტომ მოლაპარაკება რაც მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად გასაჯაროვდეს და ამ გასაჯაროებით მიღწეული იყოს შესაძლებლობა, რომ თითოეულმა პარტიამ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ძალიან ბევრი ამ აზრზეა”, - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი ჩამოყალიბდა, რომელსაც შესაძლოა კარგი განვითარება ჰქონოდა მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ცხადი იყო, კრიზისის გადალახვის რესურსი არ არსებობდა. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ არსებობდა შანსი კრიზისს პარლამენტის კედლებში გადაენაცვლა და დისკუსია იქ გაგრძელებულიყო და ლოკალიზება მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, იმ რისკების გათვალისწინებით, რაც საქართველოს შესაძლოა ჰქონდეს, არჩევნების შემდეგ პროცესები ქვეყანაში ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა. ამიტომაც მოლაპარაკების გაგრძელება აუცილებელია და ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა იფიქროს იმაზე, გამოსავალი ამ ჩიხიდან როგორ იპოვოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ქვეყანაში რომ მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი გვქონდეს, სხვა რამეზე საუბარი კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ თუ სრულ სურათს დავაკვირდებით, იმგვარი პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენთან ახლაა, დიდი პოლიტიკური რისკების შემცველია. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დროს სრულიად აბსურდული კონსტრუქციონულობის თამაში ვიხილეთ. ორივე მათგანი რაღაცა წითელ ხაზებს ავლებდა და საუბარი მიდიოდა არა საქმეზე, არამედ რაღაცა ძალის დემონსტრირებაზე. საბოლოო ჯამში კი ის მივიღეთ, რომ ყოველივე ამას ნიღაბი ჩამოეხსნა. მაგიდის აყირავების კატალიზატორი გახდა ირაკლი კობახიძის ცნობილი ბრიფინგი, რომლის შემდეგ ყველაფერმა აზრი დაკარგა. ხელისუფლება თავიდან კონსტუქციულობის თამაშს ცდილობდა, მაგრამ ბოლოს ნერვებმა უღალატა. რაღაც კარგი კარტები გაათამაშა “სამართლიანი არჩევნების” მიმართულებით, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში ამ ყველაფერს როგორ გაუძლებს. ეგაა საკითხავი. იმ ოპოზიციონერებსაც კი, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე ფიქრობდნენ, კობახიძის მუქარის შემდეგ, უხერხულობა შეექმნათ და ახლა ისინიც კი აღარ შედიან. ამიტომაც ახლა მაინც ყველაფერი მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე იქნება დამოკიდებული. დიდად იმედი არ მაქვს, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ნაცმოძრაობისთვის” აშშ-ის ელჩის ეს განცხადება საკმაოდ მძიმე შეფასებაა” - ძაბირაძე

“ვაშაძის შექება იმ პოზიციის აღიარება და მხარდაჭერაა, რაც მას ჰქონდა და რასაც ელჩები იზიარებენ. “ნაციონსლური მოძრაობისთვის” კი ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მძიმე შეფასებაა, რომელიც ალბათ “ნაცმოძრაობისა” და ოპოზიციის იმ ნაწილს წაახალისებს, რომლებსაც სტრატეგიულად მიჩნიათ, რომ პარლამენტშიც უნდა შევიდნენ, იქიდან უნდა იბრძოლონ და ქუჩასაც არავინ წაართმევთ, მათ ხელშია”, - ასე აფასებს, “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ “ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაცმოძრაობისთვის” აშშ-ის ელჩის ეს განცხადება საკმაოდ მძიმე შეფასებაა” - ძაბირაძე.

“ბატონი ვაშაძე არის ქართველი, რომელსაც აქვს ხანგრძლივი და ძალიან ძლიერი პოლიტიკური კარიერა. მას აქვს განათლება და იცავს პარტიულ და სახელმწიფო ინტერესებს. ამაყი ვარ, რომ ვიცნობ და საწყენია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს ასეთი ლიდერი, ისეთი თავდადებული, როგორიც გრიგოლ ვაშაძეა”, -განაცხადა კელი დეგნანმა. როგორც ძაბირაძე ამბობს, დეგნანის ეს განცხადება ოპოზიციაში იმ ნაწილს წაახალისებს, რომლებიც ელჩებს ეთანხმებიან, რომ ბრძოლა პარლამენტის შიგნიდან გააგრძელონ.

„როგორც ჩანს, ელჩებთან მოლაპარაკების დროს ვაშაძის პოზიცია და სტრატეგია იყო სწორედ ის, რასაც ელჩები ქართველ ოპოზიციას სთხოვენ და გულწრფელად გითხრათ, რაც სწორი მიმართულებაა, სტრატეგიულადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია. ამიტომ არ გამკვირვებია, რომ ვაშაძის მიმართ არა მარტო ამერიკის ელჩმა, არამედ ევროკავშირის წარმომადგენელმაც ფაქტიურად იგივე განცხადება გააკეთა. “ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს რა სურთ და საქართველოში პოლიტიკური ვითარების განვითარებას როგორ უყურებენ. ძალიან საინტერესო იყო ელჩის ერთ-ერთ პასაჟში იმის ხსენება, რომ დღეს ვითარება საკმაოდ რთულია, რომელიც არა მხოლოდ საქართველო ეხება, არამედ ვითარება რეგიონში შეიცვალა და რომ რუსეთი ყურის ძირშია. ანუ, ამერიკის ელჩმა ფაქტიურად ყველა ის მომენტი მოხაზა, რაზედაც ჩვენც დიდი ხანია ვლაპარაკობთ. მაგრამ ოპოზიცია რაღაცნაირად ჯიუტად ცდილობს, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით - ბოიკოტით, ქუჩის აქციებით და ა.შ. - საკმაოდ გაურკვეველი და ვიტყოდი, ამ ეტაპზე საკმაოდ უპერსპექტივო მეთოდებით რაღაც შედეგს მიაღწიოს”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით, “მაგრამ ის შედეგი, რაც მათ უნდათ, ასე არ მიიღწევა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვაშაძის შექება იმ პოზიციის აღიარება და მხარდაჭერაა, რაც მას ჰქონდა და რასაც ელჩები იზიარებენ. “ნაცმოძრაობისთვის” კი ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მძიმე შეფასებაა, რომელიც ალბათ “ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციის იმ ნაწილს წაახალისებს, რომლებსაც სტრატეგიულად მიჩნიათ, რომ პარლამენტშიც უნდა შევიდნენ, იქიდან უნდა იბრძოლონ და ქუჩასაც არავინ წაართმევთ, მათ ხელშია. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ნაწილი გაატიურდება და ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიციაში მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც პარლამენტში შევლენ, რათა პარლამეტში შესვლას და იქიდან ბრძოლას აზრი ჰქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო, ამას უზრუნველყოფას დამატებით 30-მდე მანდატი სჭირდება. არ ვიცი ოპოზიციაში რამდენი მოიძებნება, მაგრამ უფრო ნაკლები თუ შევა, მაშინ შესვლას აზრი არ აქვს. დეპუტატთა ის რაოდენობა უნდა იყოს, რომელსაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა შეუძლია, რათა საარჩევნო სისტემა, 1%-იანი ბარიერი და ა.შ დაკანონდეს, რასაც 113 ხმა სჭირდება”, - დასძესნ გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

საქართველომ ყველაზე მეტი დახმარება მიიღო, ესე იგი, პრობლემებიც სხვაზე მეტი აქვს

“საქართველოს მთავრობამ პანდემიის პირობებში არაერთი სახის დახმარება გასცა. ხელისუფლება დაეხმარა როგორც ბიზნესს, ისე - მოქალაქეებს, რათა მათთვის კორონავირუსის პანდემიური შოკი რთულად გადასატანი არ ყოფილიყო, მაგრამ გაცემული დახმარებები საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი ოდენობა იმაზე ბევრად მცირეა, ვიდრე პანდემიისგან მიღებული დანაკარგია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საქართველო პირველ ადგილზეა იმ პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, რომელსაც ქვეყანა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იღებს. საქართველო იყო პირველი სახელმწიფო, რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. უკვე ხელმოწერილია შეთანხმებები, რომელთა ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველომ ყველაზე მეტი დახმარება მიიღო, ესე იგი, პრობლემებიც სხვაზე მეტი აქვს / მეტი რესურსი და შესაძლებლობა ქვეყნის ბიუჯეტს არ გააჩნია.

“საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზუსული გეგმა დღესაც მოქმედებს, რომელიც მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს და რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს მიმართა. “თუ ყველაზე მეტ დახმარებას ვიღებთ, ესე იგი, ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი სახის დახმარებები და მდგომარეობა არც ისეთი სახარბიელოა, როგორც ჩანს. შესაბამისად, მოსახლეობის მდგომარეობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ რთულია, თუმცა ხელისუფლებას არ უნდა დავუკარგოთ ის დამსახურება, რომ მან, მრავალ სხვა ქვეყანასთან შედარებით, პირველმა მიმართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და სხვებზე ადრე მოახერხა დახმარებების მიმღებთა რიგში ჩადგომა. ასეთი ქვეყნების რაოდენობა ძალიან ბევრია, ხოლო მათი მოთხოვნის პაკეტი თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პოტენციურ შესაძლებლობას. ამ მხრივ, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა სხვებზე ადრე და სხვებზე მეტი დახმარების მიღება”, - განაცხადა სოსო არჩვაძემ, რომლის აზრით, “ეს არ უნდა დავუკარგოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მთავრობის მიერ გაცემული დახმარებები არასაკმაირია და იმ დანაკარგის აღდენა ვერაფრით ვერ ხდება, რომელიც ამ დროის განმავლობაში მიიღო საქართველომ და მისმა მოსახლეობამ, რადგან ეკონომიკური კრიზისი და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯერ ისევ გამოწვევაა ქვეყნისთვის. სოსო არჩვაძე ადასტურებს, რომ კომპენსაციის მოცულობა არასაკმარისია, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ასეთი მდგომარეობაა სხვაგანაც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. მეათე თვეა, რაც საქართველოს მთავრობა დახმარებებს გასცემს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველმხრივ მაინც მძიმე მდგომარეობაა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტი კომპენსაციაა საჭირო, მაგრამ რამდენად აქვს საქართველოს ეკონომიკას ამის შესაძლებლობა და რესურსი? ეკონომისტი გიორგი პაპავა დარწმუნებულია, რომ ჩვენს ეკონომიკასა და ბიუჯეტს უფრო მნიშვნელოვანი დახმარებების გაცემის შესაძლებლობა არ გააჩნია”, - დასძენს გამოცემა.

„გაცემული დახმარებები საკმარისი ჩვენთან კი არა, ამერიკაშიც არ ყოფილა. აშშ-ში დღევანდელი კოვიდ-19-ით საშუალო სადღეღამისო დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ აღებატება ამერიკის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს საშუალო სადღეღამისო სამხედრო დანაკარგებს. ასეთ მასშტაბებს აქვს ადგილი ყველაზე ძლიერ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში. სხვა ქვეყნებზე რაღა უნდა ვთქვათ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი, რომელსაც სჭირდება რესურსებისა და საზოგადოების არნახული მობილიზება, რადგან მხოლოდ ფინანსური დახმარება და ხელისუფლება ვერაფერს შეძლებს, თუ ხალხში არ იქნა კონსენსუსი იმ ძირითად ქცევის ნორმებსა და წესებზე, რომლებზეც გადის პანდემიის შემცირების მაგისტრალური გზა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსოს არჩვაძე.

“ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ კორონავირუსის პერიოდში აიღო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შესადარებელ ქვეყნებთან მიმართებაში. ვგულისხმობ იმას, რომ საკმაოდ დიდი თანხა ვისესხეთ. ერთი მხრივ, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ თანხა, რომელიც დახმარებების სახით გავეცით, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნასესხები თანხა საკმაოდ დიდია, რომელიც მომავალ წლებში ჩვენს ეკონომიკას დააწვება. რაიმე მნიშვნელოვანი არაეფექტურობა თანხის მოცულობის განსაზღვრაში არ ყოფილა. ამის კრიტიკა დიდწილად არარელევანტურია. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტი არ არის იმ მოცულობისა და შესაძლებლობების, რომ უფრო მნიშვნელოვანი დახმარებები გაიცეს. თანაც, პანდემია და მძიმე კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი პაპავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა