ქართული პრესის მიმოხილვა 28.12.2020

გია ხუხაშვილი - “თუ სააკაშვილი მითოლოგიას კლასიკურ რელიგიურ სქემაზე აგებს - მოდის, მაგრამ არ მოდის, ივანიშვილმა ალტერნატიული სქემა შემოგვთავაზა - მიდის, მაგრამ არ მიდის”

საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით

კოტე ჯანდიერი - “რევოლუციის მოსურნეთა ფაფხური დინების საწინააღმდეგოდ ცურვას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ საქმიანობას”

“მექანიკურად მოდელების გადმოტანა არ ხდება” - რა არის ე.წ. სერბული მოდელი და რატომ ალაპარაკდა ამაზე ოპოზიცია

პაატა ბაირახტარი - “ეკონომიკის განვითარების სტრატეგია დიდი შეცდომა იყო, რომელიც პირველივე სტრესის დროს ბუშტივით გასკდა”

* * *

გია ხუხაშვილი - “თუ სააკაშვილი მითოლოგიას კლასიკურ რელიგიურ სქემაზე აგებს - მოდის, მაგრამ არ მოდის, ივანიშვილმა ალტერნატიული სქემა შემოგვთავაზა - მიდის, მაგრამ არ მიდის”

“კოვიდმა” დროის უდიდესი ნაწილის ჩვენს მიკროსამყაროში, ოჯახში გატარების საშუალება მოგვცა. სხვა ბევრ რამეზეც დაგვაფიქრა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველა სიტუაციის ფართო სპექტრში დანახვა მჩვევია. სხვათა შორის, პროფესიით არც ეკონომისტი ვარ, მექანიკა-მათემატიკური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ეს იყო ჩემი პირველადი განათლება, ეკონომიკაში დისერტაცია დავიცავი. ჩემი სპეციალობით მუშაობასაც ვგეგმავდი, მაგრამ 9 აპრილის ცნობილმა მოვლენებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა... “ვარდების რევოლუციაში” აქტიურად ვიყავი ჩართული. ზურაბ ჟვანიასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. კოსტავას ქუჩაზე პირველი ლიტერატურული კაფე ჩემი ინიციატივით გაიხსნა. დაუმორჩილებლობის შტაბის ფუნქციას ასრულებდა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ დროულად ვერ მოვახერხე განზე გადგომა”.

“სააკაშვილი თავიდანვე მაშფოთებდა, მაგრამ ზურა იყო გარანტი, რომ პროცესი ნორმალურად განვითარდებოდა. მისი თხოვნით სამეთვალყურეო საბჭოშიც ვიყავი. ჩემი მთავარი მიღწევა რკინიგზაში შავი სალაროს ამოძირკვა იყო. მაშინ ლევან ვარშალომიძე იყო დირექტორი და ერთად ვიბრძოდით. შემდეგ ლევანი აჭარაში წავიდა, დირექტორი დავით ონოფრიშვილი გახდა და ძალიან მალე მოვიდა ახალი სქემების დალაგების დირექტივა. იქიდან დაიწყო ჩემი კონფლიქტი ხელისუფლებასთან. წამოვედი რკინიგზიდან და საჯარო განცხადებები გავაკეთე, რის შემდეგაც თავს დამესხნენ. სხვათა შორის, პირველი პოლიტიკური თავდასხმის მსხვერპლი მე ვიყავი. ეს დღეს არავის ახსოვს - ქვედა და ზედა ყბა დამსხვრეული მქონდა, 6 საათს მიკეთებდნენ ოპერაციას. ამ შემთხვევიდან 10 დღეში დაიღუპა ზურაბ ჟვანია და ამის მერე დაიწყო ჩემი დაპირისპირების ეპოპეა რეჟიმთან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“პირველი ადამიანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი შეხვდა პოლიტიკაზე სასაუბროდ, მე გახლდით. “მინდა მე და შენ დავიწყოთ” - ზუსტად მახსოვს ეს სიტყვები. სამი დღე ვუყურე ტელევიზორს და შენ აგარჩიეო. შევპირდი, დავეხმარებოდი, მაგრამ პოლიტიკაში არ შევიდოდი. მეორე დღიდანვე გავმართე კონსულტაციები იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვისთან ერთადაც ბიძინა ბრძოლის დაგეგმვას აპირებდა. პირველი შეხვედრა გავმართე რესპუბლიკელებსა და “თავისუფალ დემოკრატებთან”. საჯარო მონაწილეობაზე თავიდანვე უარი მქონდა ნათქვამი, მაგრამ კულისებში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. პირველი ნაბიჯები ნამდვილად მე გადავდგი კოალიციის ფორმირებაში. შემდეგ ვიფიქრე, კულისებში ყოფნა სწორი აღარ იქნებოდა და საჯაროდ ჩავერთე საქმეში. დღეს აღარავის ახსოვს და შეთქმულების თეორიებს აწყობენ, მაგრამ მე მაშინვე ვთქვი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე გავდგებოდი განზე. სამწუხაროდ, არჩევნები მოვიგეთ. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ დროულად ვერ მოვახერხე განზე გადგომა. დავაპირე, მაგრამ ივანიშვილმა მთხოვა რამდენიმე თვე არ წავსულიყავი, რადგან იყო საკითხები, რომელთაც ჩემ გარდა ვერავინ მოაგვარებდა. სწორი იქნებოდა, რომ არ დავთანხმებულიყავი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ასე ვერ მოვიქეცი. ამიტომაც მივიღე რეპუტაციული ზიანი. ბინძური კამპანია დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ, არა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, არამედ თავად გუნდში. რატომ? იმიტომ, რომ მავანთ ეკონომიკური ინტერესები ჰქონდათ, ხელისუფლების გამოყენებით ფულის შოვნა უნდოდათ და მე ხელს ვუშლიდი. ვიცოდი, ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანია რომ წამოიწყეს, საქმის კურსში ბიძინაც ჩავაყენე, მაგრამ ზერელედ შეხედა ამ პრობლემას. მაშინ მივხვდი, უკვე პრინციპული გადაწყვეტილების მიღების დრო იყო. ისევ მთხოვა დარჩენა, ამის გამო ურეკშიც ჩამიყვანა, მაგრამ მე აზრი აღარ შევიცვალე... ივანიშვილი ჩემთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ვერასდროს გადავხაზავ იმ ადამიანურ ურთიერთობას, რაც ერთად ბრძოლის დროს ჩვენ შორის ჩამოყალიბდა. ვერ დავივიწყებ მის კეთილ საქმეებს როგორც ქვეყნის, ისე პირადად ჩემთვის. მატერიალურ სიკეთეებზე არაფერს ვამბობ, შეუფასებელი რამ გამიკეთა - ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე. ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ისე დააფინანსა, არც მითხოვია მისთვის. მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რომ დღეს ასევე ჩემთვის შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს”, - ამბობს ექსპერტი.

“არ მიხარია მისი გაკრიტიკება, არც ჩასაფრებული ვარ. ხვალ რომ დაცვა დასჭირდეს, ისევ მე დავიცავ, ირაკლი კობახიძე კი არა - კობახიძე დაჯდება პროკურატურაში და დაწერს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი იყო, ის მავალებდა ცუდ საქმეებსო... ივანიშვილი ტაქტიკოსია, სტრატეგიებზე არ ფიქრობს. ის ასე უყურებს ცხოვრებას: გაჩნდა პრობლემა, გადაწყვიტე. მერე შეხედავს, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაძლოა რაიმე დააკორექტიროს. ამ წუთში ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ტაქტიკური ამოცანა გადაწყვიტა. ახლა აკვირდება მოვლენებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. არანაირი გრძელვადიანი გეგმა არა აქვს. ოპოზიციის ერთადერთი აქტივი ერთიანობაა, ივანიშვილი ცდილობს მათ დაშლას და დაპირისპირებას. ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს: დაშინებას, დაშანტაჟებას, მოსყიდვას. თუ ამას ვერ მოახერხებს, აუცილებლად შეცვლის პოზიციას. არ არის ხისტი ადამიანი, რომელიც მეთოდურად ერთ სქემაში ზის. მას ახასიათებს ადამიანებში ცუდი თვისებების ძიება, პოვნა და მერე ამით მანიპულირება. ასეთი ტიპის მენეჯერია. ის ახლა ფიქრობს, შეიძლება არც მე ვარ მთლად წელში გამოყვანილი, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან, ორ შაურად იყიდებიანო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მორალური უპირატესობის მოპოვება”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “გახარიასაც კარგად იცნობთ. თქვენი მეზობელია და მთავრობაშიც თქვენ წარადგინეთ”, - პასუხობს:

“დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში გახარია იმ იშვიათთაგანია, ვისგანაც სერიოზული სახელმწიფო მოღვაწის ჩამოყალიბება, გამოთლა შეიძლებოდა. თუმცა დღევანდელი მმართველობითი ალგორითმიდან გამომდინარე, გახარია ვერასდროს მოახერხებს ამ უნარების გამოვლინებას. ივანიშვილს არ სჭირდება განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. ის ყველას რესურსად იყენებს. როგორც კი ამა თუ იმ პირის რესურსი ამოიწურება, მაშინვე განზე გასწევს. წულუკიანის მაგალითი ნახეთ - სანამ სჭირდებოდა, მისი ხელით ბევრი ცუდი საქმე აკეთა, ახლა განზე გასწია, ვითომ ამბიციაც დაუკმაყოფილა, კულტურის სფერო ჩააბარა. თუმცა ახლა მისი მთავარი საქმე ის იქნება, თუ რომელი როიალი იყიდოს პარლამენტისთვის”.

“ივანიშვილმა გახარიაც განზე ძალიან მკვეთრად გასწია - უთხრეს, არა ხარ პოლიტიკური ლიდერი, პანდემიასა და სოციალურ პრობლემებს მიხედეო. მინისტრთა კაბინეტის შეცვლის უფლებაც არ მისცა. ეს კაბინეტი არ არის გახარიას გუნდი, ის ივანიშვილის გუნდია. ამით პირდაპირ უთხრა, პოლიტიკა არ არის შენი საქმეო. ყველას ასე ეუბნებოდა, მათ შორის კვირიკაშვილსაც. თუ დასჭირდა ოპოზიციასთან კონსტრუქციულობანას თამაში, გახარიას ისევ შემოსწევს და კობახიძეს დამალავს. ხომ გახსოვთ, კობახიძემ ძალიან რომ გადაამლაშა, როგორ გადამალა. ახლა ასე სჭირდება და ისევ წინა ხაზზე გამოიყვანა. ამით კობახიძესაც აჩვენებს, რომ არაფერს წარმოადგენს 8-წლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის სტატუსის შეცვლა არც მის წასვლას ნიშნავს და არც მოსვლას - ძალაუფლება მაინც მხოლოდ მის ხელში იქნება. შეიძლება საბელი ცოტა დააგრძელოს, მერე ისევ დაამოკლოს. სააკაშვილი და ივანიშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თუ სააკაშვილი მითოლოგიას კლასიკურ რელიგიურ სქემაზე აგებს, მოდის, მაგრამ არ მოდის, ივანიშვილმა ალტერნატიული სქემა შემოგვთავაზა - მიდის, მაგრამ არ მიდის”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით

“კორონავირუსის გავრცელების ძირითადი წყარო შეზღუდვების შემოღებამდე იყო დახურული და ღია თავშეყრის ადგილები, რესტორნები, ბარები, სავარჯიშო დარბაზები, ტრანსპორტი და ა.შ, ხოლო ვირუსთან დაკავშირებულმა აკრძალვებმა გვიჩვენა ის, რომ ყველა შემოღებული რეგულაცია იყო სწორი. გარდა ამისა, ინფიცირების რაოდენობა შემცირდა იმიტომ, რომ ბევრმა ადამიანმა უკვე მოიხადა ვირუსი და გამოუმუშავდა ე.წ იმუნური ფენა, რასაც სხვაგვარად ზოგჯერ ჯოგურ ან კოლექტიურ იმუნიტეტს (Herd Immynity) უწოდებენ - ასე აფასებენ დარგის სპეციალისტები კორონავირუსის ეპიდემიის გამო ერთი თვის წინ შემოღებული შეზღუდვების შედეგებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით.

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძის აზრით, კორონავირუსის გავრცელების ძირითადი კერა იყო თავყრილობები დახურულ და ღია სივრცეებში, რადგან სადაც დისტანცია არ არის დაცული, ვირუსი ყველაზე მარტივად იქ ვრცელდება. მისივე თქმით, მსოფლიოშია დადასტურებული, რომ ძირითადი გავრცელების კერა არის სამასპინძლო ბიზნესები - რესტორნები კაფეები, ბაზრობები, მაღაზიები. ასევე სავარჯიშო დარბაზები და ტრანსპორტი. ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის აზრით კი, გარდა რეგულაციებისა, ვირუსის გავრცელება შეამცირა იმუნური ფენის გამომუშავებამ, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ კორონავისურთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღება სწორი აღმოჩნდა. ამის გარდა, სრული ლოკდაუნიც ავიცილეთ თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის აღნიშნული რეგულაციები მძიმე გადასატანია და ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, დადებითი მხარე ის არის, რომ სიკვდილიანობა შემცირდა და ეს არის მთავარი. ამ კუთხით გარკვეული შედეგი მოიტანა, რაც ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია. ძირითადი გავრცელების კერა, არა მხოლოდ ჩემი აზრით, არამედ მსოფლიო მასშტაბით დადასტურებული აზრით, არის სამასპინძლო ბიზნესები - რესტორნები კაფეები, ბაზრობები, მაღაზიები, სადაც ვერ კონტროლდება ადამიანთა ნაკადები. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ღია თუ დახურული სივრცეები. რასაკვირველია, დახურულ სივრცეში უფრო მარტივად ვრცელდება ვირუსი, მაგრამ, როცა ღია სივრცეში ხალხი მჭიდროდ იყრის თავს, ამ შემთხვევაშიც ეფექტი იგივეა. სავარჯიშო დარბაზები და ტრანსპორტიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ვირუსის გავრცელების კუთხით“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ჩვენ შეგვეძლო რეგულაციების თავიდან არიდება, თუ კი დავიცავდით წესებს და გავაკონტროლებდით ადამიანთა ნაკადებს, თუმცა, სამწუხაროდ, ამის დაცვა და აღსრულება ყველა ტრანსპორტსა და რესტორანში პრაქტიკულად შეუძლებელია და შესაბამისად იქნა არჩეული ეს გზა, რომელმაც თავისი შედეგი მოიტანა, მართალია ძალიან მძიმე ფასად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ეფექტი მივიღეთ. ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ უახლოეს დღეებში, როცა სავაჭრო მოლები და მააღაზიები გახსნილია, არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, არ დავიცავთ დისტანცირების წესს, არ გავიკეთებთ პირბადეს, ის მსხვერპლი, რაც გავიღეთ, ტყუილად წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, რადგან საკმარისია ორი, სამი დღე რეგულაციების დარღვევა და დამთავრებულია აღნიშნული დადებითი დინამიკაც, რომელიც რეგულაციების ხარჯზე მივიღეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ახალი წელი მაქსიმლურად სახლში გავატაროთ ჩვენს ოჯახებთან ერთად”, - დაასკვნის აკაკი ზოიძე.

“პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყველაზე მწვავე გავრცელების კერა იყო თავშეყრის ადგილები. მეორე მომენტი კი ის არის, რომ უკვე შეეშინდათ ადამიანებს და აქტიურად დაიწყეს ნიღბის გაკეთება, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. გარდა ამისა, ინფიცირების რაოდენობის შემცირებაზე იმოქმედა ე.წ იმუნური ფენის გამომუშავებამ. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უკვე მოიხადა კორონავირუსი და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ვირუსის მოხდის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში არსებობს იმუნური ფენა, რის შემდეგაც ვირუსით დაინფიცირება დაბალია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელის შემწყობი ფაქტორია ის, რომ ბევრმა უკვე მოიხადა ეს ვირუსი და ეს აისახა კორონავირუსის დღიურ გავრცელების მაჩვენებელზეც, რომელიც საგრძნობლად შემცირდა. ზოგადად ვფიქრობ, რომ რეგულაციებმაც გაამართლა, რადგან, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გავრცელების წყარო იყო ავტობუსები, საზოგადოებრივი ტრანპორტი, რომლებშიც ხშირად ადამიანებს 10-15 წუთით მაინც უწევდათ ყოფნა და სადაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო დისტანციის დაცვა”, - მიიჩნევს ირაკლი ხმალაძე.

კოტე ჯანდიერი - “რევოლუციის მოსურნეთა ფაფხური დინების საწინააღმდეგოდ ცურვას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ საქმიანობას”

“თუკი ისტორიას კოვიდპანდემიის გადასახედიდან დავაკვირდებით, საინტერესო კანონზომიერებას აღმოვაჩენთ: ხალხთა ნებისმიერი დიდი გაერთიანება, საზღვრების გაფართოება ან მათი მოშლა, როგორც წესი, კაცობრიობას ძალიან ძვირად უჯდებოდა. ასეთი პროცესები თანამდევი საშინელი ეპიდემიოლოგიური კატასტროფებით აღინიშნებოდა ხოლმე. მაგალითად, მრავალი განსხვავებული ხალხისა და ეთნიკური ჯგუფის თავმოყრა რომის იმპერიაში II საუკუნის დამდეგს “ანტონინეს სახადად” წოდებული მომაკვდინებელი დაავადების გავრცელებით დასრულდა; ბიზანტიის იმპერიამ, რომელმაც VI საუკუნეში “იუსტინიანეს ჭირის” გამანადგურებელი ეპიდემია გადაიტანა; XIV საუკუნეში ევრაზიაში გავრცელებული “შავი სიკვდილის” ეპიდემიამ იაპონიიდან ადრიატიკის ზღვამდე გადაჭიმული მონღოლთა იმპერიის შექმნა განაპირობა. გამოდის, კორონავირუსის პანდემია არის ფასი, რომელსაც კაცობრიობა გლობალიზაციისათვის იხდის. ჩვენ თვალწინ კვლავ აღიმართა თითქმის გაუქმებული საზღვრები ევროპის სახელმწიფოებს შორის, გაუქმდა საერთაშორისო ფრენები, შეწყდა ტურისტული ნაკადები, ადამიანები დასცილდნენ ერთმანეთს და დეპრესია დაეწყოთ”, - აცხადებს მწერალი კოტე ჯანდიერი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რევოლუციის მოსურნეთა ფაფხური დინების საწინააღმდეგოდ ცურვას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ საქმიანობას”.

“გარდა ამისა, საინტერესო დეტალია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მკვეთრად დაცემული ავტორიტეტის გამო სწრაფად გაიზარდა აღმასრულებელი ხელისუფლებების გავლენა და პოლიტიკური წონა. ამ არასტანდარტულ ვითარებას საქართველოში ლამის ეროვნულ უბედურებად ქცეული არჩევნები და შემდგომი გართულებებიც დაემატა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულ ნერვიულ აშლილობამდეა მისული... პანდემიასთან ბრძოლის პირველმა ეტაპმა ნათლად დაგვანახა - როცა პოლიტიკური კლასი, უპირველესად კი მმართველი ძალა, ყურადღებით უსმენს სპეციალისტებს, გადაწყვეტილებებს მათი რეკომენდაციებით იღებს და, რაც მთავარია, ახერხებს მათი აღსრულების კონტროლს, მაშინ შედეგი დაუყოვნებლივ დგება. მაგრამ საკითხავია, რა ვისწავლეთ? ბევრი ვერც ვერაფერი. ყველამ ჩავთვალეთ, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები აღარ არის აქტუალური. ის, რაც აგვისტო-სექტემბერში აჭარის საკურორტო ზონაში ხდებოდა, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და სამოქალაქო შეგნებას კი არა, ელემენტარულ საღ აზრს იყო გაცდენილი - თითქოს მოსახლეობა უპასუხისმგებლო ქცევით, ხელისუფლება უმოქმედობით, ხოლო ოპოზიცია მთელი საქართველოდან ჩამოყვანილი მომხრეებით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ეპიდვითარების რაც შეიძლება სწრაფად და ძლიერ აფეთქებაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჯანდიერი.

“ერთი რამის თქმა შეიძლება - სამოქალაქო დაპირისპირებისა და რევოლუციის დამღუპველი შედეგები საქართველოში ყველა ოჯახმა იწვნია და ეს კოლექტიურ მეხსიერებაში დაილექა. ამიტომაც პოლიტიკურ პარტიებად წოდებული რადიკალური ჯგუფების მომხრეებიც კი ამ საკითხში არ ეთანხმებიან თავიანთ რჩეულებს, არ მიჰყვებიან ქუჩაში და საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვას საარჩევნო ყუთებთან არჩევენ. თუმცა თემურ ალასანიამ და მისმა აღზრდილმა ეს რატომღაც ვერ გაიგეს ან არ სურთ გაგება. ასე რომ, საზოგადოება მართლაც წინ უსწრებს პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვან ნაწილს. მაინტერესებს, რა პასუხი მიიღეს “ევრონაცებმა”, არჩევნების წინ ხალხს რომ ეკითხებოდნენ, ხართ თუ არა მზად იარაღით ხელში დაუპირისპირდეთ ხელისუფლებას და ასე დაიცვათ ხმებიო?”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როცა წინასაარჩევნო გამოკითხვების, ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა, კარგად არ მესმის, რა ტოტალურ გაყალბებაზე შეიძლება ლაპარაკი?! ყველა ეს ორგანიზაცია, პლუს ოპოზიციის დამკვირვებლები და კომისიის წევრები (მინიმუმ 11 ათასი კაცი), პლუს საერთაშორისო დამკვირვებლები იყიდეს ან დააშინეს?! ჯერ ერთი, ასეთი მასშტაბის დაშინება პოლ პოტის და რობერტ მუგაბეს რეჟიმებსაც არ ხელეწიფებოდათ, არათუ ჩვენს ძალოვნებს, რომლებსაც გრიგოლ ვაშაძე თავში ურტყამს, უგულავა აგინებს, ხოშტარია კი სახეში აეროზოლს ასხამს. ახლა მეორე - როცა საარჩევნო უბნების გახსნას და გადათვლას გთავაზობენ, როცა გაძლევენ ნებისმიერი უბნის ვიდეოთვალის ჩანაწერს ე.წ. კარუსელების დასაფიქსირებლად, როცა საშუალება გაქვს საგამოძიებო კომისია შექმნა, რომლის თავმჯდომარე და შემადგენლობის ნახევარზე მეტი ოპოზიციურია, როცა გეუბნებიან, თუ ეს კომისია 1%-იან ცდომილებას მაინც აღმოაჩენს, მაშინ ხელახალი არჩევნები დაინიშნებაო, რა ლოგიკით უნდა თქვა უარი, თუკი საკუთარ სიმართლეში ხარ დარწმუნებული? ან იდიოტი უნდა იყო, ან სხვა მიზნები უნდა გამოძრავებდეს”, - მიიჩნევს მწერალი.

“ალეკო ელისაშვილისთვის ერთი ქვა არ ჩაურტყამთ თავში და ბულდოზერით არ გადაუვლიათ, თორემ სხვა არაფერი დაუკლიათ მხოლოდ იმის გამო, რომ იკითხა, თუ პარლამენტში არ შევდივართ, მერე რა არის ჩვენი გეგმაო? ეს უწყინარი კითხვა ძალიან არსებითი აღმოჩნდა. ელისაშვილი ამბობს, თუ მმართველი ძალა დავიყოლიეთ ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებაზე, რაც ხელს უშლის ოპოზიციას არჩევნების მოგებაში, მაშინ ჩნდება რეალური შანსი კონსტიტუციური, საარჩევნო პროცედურებით შეიცვალოს ხელისუფლება. ამაზე კარგი რა უნდა იყოს ხალხის, ქვეყნის და თავად ოპოზიციისთვის? ეს გზა მრავალპარტიული და პლურალისტული მმართველობის მოდელს გულისხმობს, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, თუნდაც დღევანდელი საარჩევნო სისტემით რომელიმე ერთმა ძალამ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა. აღარაფერს ვიტყვი იმ პრაქტიკულად უკვე შეთანხმებულ ფუნდამენტურ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებზეც ელისაშვილი ლაპარაკობს. ამ შემთხვევაში ოპოზიციის უარს პარლამენტში შესვლაზე არც რაიმე საფუძველი აქვს, არც პოლიტიკური პრაგმატიზმით ახსნადი მიზეზი”, - ამბობს კოტე ჯანდიერი.

“ყველაფერი გასაგები გახდება, თუ გავიაზრებთ, რომ “ნაცური” და “პრონაცური” ძალები სულაც არ არიან პლურალისტურ გარემოსა და მრავალპარტიულ ხელისუფლებაში ყოფნის მსურველნი. მათ პოლიტიკური რევანშის, სრული და განუყოფელი ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებთ, ვინაიდან ასეთია მათი ბუნება და პოლიტიკური გენეტიკა. აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგები ხდება მათი გაუგებარი ჭირვეულობა. სრული და განუყოფელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება დღეს მხოლოდ არაკონსტიტუციური, რევოლუციური გზით არის წარმოსადგენი. ხალხს ამის სურვილი დღეს არა აქვს, მათ მიტინგებზე მისულთა რაოდენობა ამაზე მეტყველებს. მაშინ რა რჩება? არც არაფერი, გარდა “კოვიდითა” და გაუსაძლისი ეკონომიკური ვითარებით გამოწვეული მასობრივი პროტესტისა და დესტაბილიზაციისა. ეს მათ დაუფარავად განაცხადეს. რაიმე პოლიტიკური, ეროვნული ან მორალური პრინციპები რომ ჰქონდეთ, ასე თავხედურად ვერ გაილაშქრებდნენ ფასილიტატორ ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებზე”, - დასძენს ჯანდიერი და შეკითხვაზე _ “გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ალტერნატიული პარლამენტის შექმნაზე ლაპარაკობს...” - პასუხობს:

“თქვენ, ალბათ, ნათელაშვილის ეზოში გამართულ “საფიხვნოს” გულისხმობთ. მოგახსენებთ, რომ არც ეს ოპოზიციაა “გაერთიანებული”, არც ნათელაშვილის ეზოა ალტერნატიული პარლამენტი და არც გიგა ბოკერიას დაანონსებული ნონსენსი, ე.წ. ლეგიტიმური რევოლუციაა მოსალოდნელი. მთელი ეს პარლამენტობანა, რობინჰუდობანა და ბოლშევიკობანა ოპოზიციონერებად წოდებული ადამიანების უნიჭო, უშნო და დრომოჭმული პერფორმანსებია. რეალურად საქართველოში მხოლოდ საგარეო შოკებმა და ფაქტორებმა­ შეიძლება გამოიწვიონ ფართომასშტაბიანი მღელვარება. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშინ ამ პროვინციული სპექტაკლის მონაწილეებს შესაძლოა დესტრუქციული პროცესების სათავეში ჩადგომის რეალური შანსი გაუჩნდეთ. საბედნიეროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ასეთი სცენარი არ გათამაშდეს. ამიტომ რევოლუციის მოსურნეთა ფაფხური დინების საწინააღმდეგოდ ცურვას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ საქმიანობას”.

“მექანიკურად მოდელების გადმოტანა არ ხდება” - რა არის ე.წ. სერბული მოდელი და რატომ ალაპარაკდა ამაზე ოპოზიცია

“ასე მექანიკურად მოდელების გადმოტანა არ ხდება, საჭიროა ანალიზი. ანალიზი იმის, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში, ხელისუფლებაში, პოლიტიკურ ძალებს შორის. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და თუ ეს ფაქტორები თანხვედრილია, მაშინ არც არაფერი პრობლემაც არ იქნება”, - ასე შეაფასა “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ ე.წ. სერბული მოდელი, რომელზეც ბოლო დროს ოპოზიცია ალაპარაკდა. შეგახსენებთ, რომ ფერადი რევოლუციების ტალღა, რომელიც ქვეყანაში მმართველობის მშვიდობიანი გზით ცვლებისთვის იყო, 2000 წელს სერბეთში დაიწყო, შემდეგ საქართველოში ვარდების, უკრაინაში - ნარინჯისფერი, ხოლო ყირგიზეთში - ტიტების რევოლუციით გაგრძელდა, როგორც ძაბირაძე ამბობს, მაშინ საქართვლოში რეალობა სხვანაირი იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მექანიკურად მოდელების გადმოტანა არ ხდება” - რა არის ე.წ. სერბული მოდელი და რატომ ალაპარაკდა ამაზე ოპოზიცია.

“პარტია “ლელოს” ლიდერები “ზუმის” საშუალებით სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ვუკ ჯერემიჩს ესაუბრნენ, რომელიც სერბეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტია. როგორც “ლელო საქართველოსთვის” აცხადებს, საუბრისას სერბეთის ოპოზიციის ის გამოცდილება განიხილეს, რომელიც 2018-2020 წლის ოპოზიციის ბოიკოტირება და საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების უკან დახევითა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით დასრულდა, რომელიც 2022 წელს ჩატარდება. როგორც “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს კომუნიკაცია ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პირველი რაუნდი იყო, რომელიც ფიქრობს, რომ გაგრძელდება და შედეგიანი აღმოჩნდება. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, იმისათვის, რომ სერბეთის მოდელი საქართველოშიც განხორციელებადი აღმოჩნდეს, ქვეყნებში არსებული რეალობები უნდა შეესაბამებოდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იქ 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა და ახლა ქართულ ოპოზიციას სურს, რომ იგივე საქართველოშიც მოხდეს. სერბეთში რა განწყობა იყო, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს რეალობას რამდენად შეესაბამება სერბეთში არსებული მაშინდელი რეალობა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თავის დროზე, როცა 2003 წელს ვარდების რევოლუციის წინ სერბული მოდელის გადმოტანაზე იყო ლაპარაკი, მაშინ საქართველოში რეალობა სხვანაირი იყო და შესაძლოა “კმარას” და მაშინდელ სერბულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნდათ, რომ საზოგადოებრივი განწყობები სწორად იყო გადანაწილებული. მაგრამ დღეს არ ვიცი დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა როგორია, ოპოზიციის ძალისხმევა როგორია და სერბეთში როგორი იყო. ამიტომ ასე მექანიკურად მოდელების გადმოტანა არ ხდება, საჭიროა ანალიზი, ანალიზი იმის თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში, ხელისუფლებაში, პოლიტიკურ ძალებს შორის. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. თუ ეს ფაქტორები თანხვედრილია, მაშინ არც არაფერი პრობლემაც არ იქნება, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. მაგრამ მეეჭვება, რომ სერბეთში ისეთივე განწყობები ყოფილიყო, როგორიც დღეს საქართველოშია და რიგგარეშე არჩევნები ასე დანიშნულიყო. არ მგონია, რომ დღეს ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

პაატა ბაირახტარი - “ეკონომიკის განვითარების სტრატეგია დიდი შეცდომა იყო, რომელიც პირველივე სტრესის დროს ბუშტივით გასკდა”

“ეს იყო ეგზოგენური და გლობალური შოკი, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ეკონომიკას, თუმცა ჩვენი ეკონომიკისთვის უფრო დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ხელისუფლებისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად გაუაზრებლად მიიღეს და რომელმაც ჩვენი ეკონომიკა, ფაქტობრივად, მოკლა. ამ სიტყვას შემთხვევით არ ვამბობ. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ეკონომიკა მეორე ლოკდაუნს ვერ გაუძლებდა და ეს მას მოკლავდა. ჰოდა, როცა 3,7-მილიონიან ქვეყანაში 400 000 სამუშაო ადგილი ერთბაშად იკარგება, დამერწმუნეთ, ეს მისი ეკონომიკური აღსასრულია”, - აცხადებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით 2020 წლის ეკონომიკა - XXI საუკუნის ყველაზე რთული წელიწადი ეკონომიკისთვის / “პრობლემა არის ფუნდამენტური, კერძოდ, სებ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არა აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან. ეს მოსაზრება გახლავთ მცდარი!”

“მოდი, გავაანალიზოთ, რისთვის გამოცხადდა პირველი ლოკდაუნი, რა დაპირებები იყო და რა მიიღო ქვეყანამ. როდესაც 15 ინფიცირებულის გამო სრულად გავაჩერეთ ეკონომიკა, მაშინ პრემიერი გახარია ქვეყანას არწმუნებდა, რომ ეს აუცილებელი იყო, რათა ქვეყანას ზაფხულში ტურისტული სეზონი გაეხსნა, რადგან ტურიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრემიერის დაპირება დაპირებად დარჩა. თუმცა, მოდი, აქაც რიცხვები მოვიშველიოთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში ქვეყანამ შარშანდელზე 97%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტურიზმიდან შემოსავლები განულდა. თვალსაჩინოებისთვის - ტურისტული შემოსავალი იმავე პერიოდში 54%-ით შემცირდა თურქეთში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაცილებით რთული იყო. ივლისში საქართველოში 24 საათში 15-20 ინფიცირებული აღირიცხებოდა, ხოლო თურქეთში ეს მაჩვენებელი ათასს აღწევდა. პირველი ლოკდაუნის გამართლებისთვის ტურიზმის გახსნა რომ აღარ გამოდგა, მიზეზად ახლა ჯანდაცვის სისტემის მომზადება დასახელდა. ვნახოთ, რეალურად რა გაკეთდა - მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ აქვეყნებს, თუმცა კლინიკების შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად, ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის მართვისას, ფაქტობრივად, არ გაზრდილა პირველი ლოკდაუნისას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

“კიდევ ერთი გარემოება ადამიანური რესურსია. სახელმწიფო კლინიკის ექიმს ჩვეულებრივ მორიგეობაში საათში 6 ლარს სთავაზობს და ზუსტად ამდენივეს სთავაზობდნენ კოვიდკლინიკებში მორიგე ექიმებსაც, ეს კი სამართლიანად იწვევდა სამედიცინო პერსონალის პროტესტს, რაც ადამიანური რესურსის დეფიციტს ქმნიდა. ამის გამოსწორება მხოლოდ პანდემიიდან რვა თვის შემდეგ მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ და “კოვიდ-19”-ით დაავადებულ პაციენტებთან მომუშავე მედპერსონალს ხელფასი 50%-ით გაუზარდა. ეს იყო იმ ცვლილებების ძირითადი ჩამონათვალი, რომლებიც პანდემიის დაწყებიდან მეორე ლოკდაუნამდე განახორციელა ჯანდაცვის სისტემამ. ალბათ, მკითხველი განსაზღვრავს, იყო თუ არა ამ ცვლილებებისთვის ეკონომიკის გაჩერება აუცილებელი. მაგრამ ესეც არაფერი - უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის მწვერვალი იყო მეორე ლოკდაუნის გამოცხადება. შევახსენოთ მკითხველს, რომ მეორე ლოკდაუნის მიზეზად ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობა და გადატვირთვა დასახელდა. მაშინ ისმის კითხვა: რისთვის გავაჩერეთ გაზაფხულზე მთელი ეკონომიკა და რისთვის დაიკარგა 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი?!” - განაგრძობს რესპონდენტი.

“პირველი ლოკდაუნის შემდეგ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა პროგნოზი, სადაც საქართველოს ეკონომიკის შემცირება 6%-ის ფარგლებშია ნავარაუდევი. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წლის დასაწყისში დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების გამო საქართველოში 40 000 ადამიანს შეუმცირდება ან საერთოდ შეუწყდება შემოსავალი, ხოლო 16 000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება. ეს მონაცემები მეტყველებს, რომ ეკონომიკური შეზღუდვები, რომლებიც ვითომდა ვირუსის შესაჩერებლად აამოქმედეს, მთელ ეკონომიკაზე სერიოზულ დარტყმად იქცა. გვაქვს განსაკუთრებულად დაზარალებული დარგებიც, რომელთა უმრავლესობა მეორე ლოკდაუნის შემდეგ აღდგენას ვეღარ მოახერხებს - ეს არის ტურიზმი და მისი მომიჯნავე სფეროები. აღარაფერს ვამბობ იმ სამსახურებზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გაჩერებულია (გასართობი ცენტრები და სხვ.). ცხადია, ასეთი მცირე და საშუალო კომპანიები რეანიმირებას ვერ შეძლებენ”, - თვლის “ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის” პრეზიდენტი.

“აქ აუცილებელია ვახსენოთ შეღავათებიც, რომლებიც ბიზნესის დასახმარებლად ამოქმედდა. მოდი, გავაანალიზოთ, რეალურად რა შეღავათი მისცა ამან კერძო სექტორს. ცხადია, ერთ-ერთი პირველი, ვისი დახმარებაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, ტურისტული სექტორი იყო. ამ მიმართულებით მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადასახადების გადავადებით გადადგა და ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ნოემბრის ბოლომდე გადაუვადა. იმ პერიოდში ეს ნამდვილად იყო შვება ამ სექტორისთვის, რადგან გაჩერებულ ბიზნესს დამატებითი ხარჯი უმცირდებოდა, ამასობაში კი პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის დაპირებული საზაფხულო ტურიზმის გახსნაც წამოეწეოდათ, მით უფრო, რომ ქვეყანას მწვანე ზონის სტატუსი მეტ მიმზიდველობას შემატებდა. სწორედ ამიტომ შეღავათების პროგრამით თითქმის 5000-მა ბიზნეს-სუბიექტმა ისარგებლა, თუმცა ტურისტული სეზონი არ გახსნილა და ასეთ რეალობაში ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ მექანიზმის გამოყენებით ბიზნესმა სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი შეღავათი მიიღო”, - მიიჩნევს პაატა ბაირახტარი.

“გასული წელი ლარისთვისაც უმძიმესი იყო. ქვეყანას ორმაგი შოკი დაერთო და თუ მიწოდების შოკს გლობალური ფაქტორები განაპირობებდა, ქვეყნის შიგნით მთავრობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, მოთხოვნის შოკიც მივიღეთ. წარმოიდგინეთ, 97%-ზე მეტით შემცირდა უცხოური ვალუტის შემოდინება ტურიზმიდან და მხოლოდ მესამე კვარტალში 23%-ით შემცირდა ინვესტიციები. არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს რეექსპორტის მიმართულებით. პოზიტიური მონაცემები დასტურდება მხოლოდ ფულად გზავნილებში, რაც ვალუტის შემოდინების არცთუ ჯანსაღი წყაროა და ის ქვეყნის კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ მეტყველებს. ასეთ ვითარებაში უცხოური ვალუტის მიწოდების ძირითად წყაროდ ეროვნული ბანკის რეზერვები იქცა. ცხადია, ჩვეულებრივ, ეს ნორმა არ არის და ეკონომიკაში უცხოური ვალუტის სიმცირეს სებ-ი ვერ და არც ავსებს. თუმცა, ასეთ არაორდინარულ ვითარებაში სებ-ის რეზერვები ძირითად წყაროდ იქცა სავალუტო ბაზრისთვის. ამას აცნობიერებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და სწორედ ამიტომაც საგარეო დახმარების პირველი ტრანშები სწორედ ეროვნული ბანკის რეზერვში წავიდა. შეეძლო თუ არა მარეგულირებელს ლარის უკეთესი სტაბილურობის შენარჩუნება? ცხადია, ეს შეიძლებოდა სებ-ის უფრო მოქნილი საინტერვენციო პოლიტიკით, უფრო აქტიური კომუნიკაციით... მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლებოდა უფრო გონივრული მონეტარული პოლიტიკის გატარება, რაც ლარის ნაკლებ გაუფასურებას გამოიწვევდა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“მართალია, სებ-ში ლარზე პასუხისმგებლობას იხსნიან, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, ინფლაციაზე მთავარ წნეხს ხშირად გაცვლითი კურსი ახდენს. ასე მოხდა წლეულსაც. იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის დასაწყისიდან რეგიონში კორონაკრიზისის გამო შოკი მძაფრდებოდა, ეროვნული ვალუტა პოზიციებს ინარჩუნებდა და პირველი კვარტალის მიწურულს, 1 დოლარი 2,77 ლარის ფარგლებშიც კი იყიდებოდა. ამ მონაცემებით გულმოცემული ხელისუფალნი თავსაც იწონებდნენ, რომ გლობალურმა კრიზისმა ლარს ვერაფერი დააკლო და ეს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებდა, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და თუ მარტის დასაწყისში 1 დოლარი 2,77 ლარის ფარგლებში მერყეობდა, მარტის მიწურულს ეს ფასი 3,50 ლარს გადასცდა, მაგრამ ლარის გაუფასურების მხოლოდ გლობალური კრიზისისთვის დაბრალება არ იქნება სწორი, მით უფრო, რომ, როგორც ვახსენეთ, კრიზისის საწყის ეტაპზე ლარი თავმომწონედ გამოიყურებოდა. თუმცა, მოხდა რაღაც, რამაც ლარი თავდაყირა დააყენა, ეს რაღაც კი იყო ადგილობრივ ბაზარზე დაშვებული შეცდომა. როგორც ვთქვით, ლარმა მკვეთრი გაუფასურება მარტის დასაწყისში დაიწყო. თუ გაუფასურების ტრენდს დავაკვირდებით, ის ლამის საათის სიზუსტით მიჰყვა საპენსიო სააგენტოს ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც 500 მლნ ლარი კომერციული ბანკების ანგარიშებზე გადავიდა. ბანკებს გაეზარდათ ლიკვიდობა და ეს თანხა მიმოქცევაში გაუშვეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთბაშად ლარის მასა ნახევარი მილიარდით გაიზარდა, რაც ლარისთვის მნიშვნელოვანი წნეხი აღმოჩნდა. ეს გარემოება ბევრს გამორჩა და ლარის გაუფასურება პირდაპირ გლობალურ კრიზისსა და კორონავირუსს დაბრალდა, - ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი.

“გლობალური შოკის მოლოდინში, ცხადია, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმაც დაიწყეს ჰეჯირება და ამან კიდევ უფრო გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე. ისიც ცხადია, რომ ამ პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა ცენტრალურ ბანკს, მაგრამ ამის მიუხედავად ის მთელი თვის განმავლობაში არ ჩარეულა სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებში. სებ-ი ლარის გაუფასურებასა და სავალუტო ბაზარზე შექმნილ პანიკას შორიდან უყურებდა. ეს ის შეცდომაა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ერთხელ უკვე დაუშვა 2019 წელს. მისი ჩაურევლობის პოლიტიკა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ძნელია სებ-მა აჟიოტაჟურ მოთხოვნას რეზერვები დაუპირისპიროს, თუმცა არც კომუნიკაციით უცდია პანიკის გაფანტვა. მოგვიანებით სებ-ის ქმედითმა ნაბიჯებმა ყველას დაანახა, რომ ცენტრალურ ბანკს სიტუაციის კონტროლი თავიდანვე შეეძლო, თუმცა დააგვიანა. კერძოდ, გვენეტაძის უწყებამ მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა სავალუტო ბაზარზე ჩარევა, როცა კურსი 3,60-ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა და ბაზარს 40 მლნ დოპლარი მიაწოდა. ამასთან, მონეტარული ხელისუფლების აღმასრულებლებმა აქტიური კომუნიკაცია დაიწყეს სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან და საჯაროდ განაცხადეს, რომ სებ-ი ბაზარზე უფრო აქტიურად იქნებოდა წარმოდგენილი, - იხსენებს პაატა ბაირახტარი.

“რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკური გუნდის საგაისო პროგნოზს, ან როდის დაუბრუნდება საქართველო პანდემიამდელ ეკონომიკურ ვითარებას... მინდა გითხრათ, რომ პროგნოზი არა მხოლოდ არარეალისტურია, არამედ ზოგიერთი ნაწილი ფანტასტიკის სფეროსაც განეკუთვნება. ამისთვის საკმარისია გავაანალიზოთ შემდეგი წლის ბიუჯეტის პარამეტრები, ან თუნდაც ეკონომიკური გუნდის განცხადებებს გადავავლოთ თვალი. მაგალითად, 2021 წლიდან მთავრობა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადებიდან იმაზე მეტი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს, ვიდრე 2019 წელს. და ეს მაშინ, როცა ბიზნესის უმრავლესობა გაკოტრდა მთავრობის მიერვე შემოღებული შეზღუდვებით; როცა აქციზის ნაწილში პანდემიამდეც ყოველწლიურად აკლდებოდა ბიუჯეტს თანხები; როცა მომავალ წლამდე 400 000-მდე სამუშაო ადგილი დაიკარგება. დღეს რომ ქვეყანა საგარეო შოკის მიმართ ასეთი მოწყვლადი აღმოჩნდა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ხელისუფლების სტრატეგია, რომლის მიხედვით ქვეყანა მთლიანად გადაეწყო მომსახურების სექტორზე. რამდენჯერ მოგვისმენია სხვადასხვა კაბინეტიდან, რომ ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივი ტურისტული სექტორია. ტურისტული სექტორი კი არაფერია, თუ არა მომსახურების ეკონომიკა. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ განვითარებულ, მით უფრო - სწრაფად გამდიდრებულ ქვეყანას, რომელმაც ეს ყველაფერი მომსახურების სექტორის ხარჯზე მოახერხა, ინდუსტრიალიზაციის გარეშე”, - აცხადებს რესპონდენტი.

“თუმცა, ჩვენთან საქმე უფრო რთულადაა, ვინაიდან ადგილობრივი წარმოების უქონლობის გამო მომსახურების სექტორიც იმპორტირებულ პროდუქციას იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქვეყანაში შემოდის 3 დოლარი, აქედან 2 დოლარი სხვადასხვა არხით კვლავ გაედინება, რადგან ქვეყანას თავისი წარმოება არ გააჩნია და ყველაფერს ყიდულობს... გლობალურმა შოკმა ყველას, მათ შორის - ეკონომიკურ გუნდსაც კარგად დაანახა, რომ მათ მიერ არჩეული ეკონომიკის განვითარების სტრატეგია დიდი შეცდომა იყო, რომელიც პირველივე სტრესის დროს ბუშტივით გასკდა. სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის დროს ადგილობრივი წარმოებისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ლაპარაკი, თუმცა, ცხადია, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია და მას ლაპარაკზე გაცილებით მეტი სჭირდება”, - დასძენს პაატა ბაირახტარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო