ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2021

ორი დაპირისპირებული მხარე და მომრიგებელი “ნაცმოძრაობა” - რას ნიშნავს ოპოზიციაში გაჩენილი ახალი კონფიგურაცია

შეზღუდვების მოხსნის გეგმის ზოგიერთი დეტალი უკვე ცნობილია

“ღია ცის” დასასრული - რა პრობლემებს უქმნის საქართველოს ისტორიული შეთანხმების საბოლოო ჩაშლა

* * *

ორი დაპირისპირებული მხარე და მომრიგებელი “ნაცმოძრაობა” - რას ნიშნავს ოპოზიციაში გაჩენილი ახალი კონფიგურაცია

“ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება და ამ ეტაპზე ისიც კი გაუგებარია, შეძლებენ თუ არა ერთობის შენარჩუნებას მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე, რომელიც თვის ბოლოსაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი - ერთის მხრივ “მოქალაქეები” და “გირჩი”, მეორეს მხრივ კი “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო”. “ნაციონალური მოძრაობა”ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ისინი არც ერთი ჯგუფის მხარეს არ დადგებიან. ანალიტიკოსთა შეფასებით, აქ ყველაზე საინტერესო სწორედ “ნაცმოძრაობის” პოზიციაა, რომელმაც ერთგვარი შიდაოპოზიციური ფასილიტატორის როლი მოირგო და პოზიციონირებს არა როგორც დანარჩენების თანასწორი პარტნიორი, არამედ ამ დაპირისპირებაზე მაღლა მდგომი და ოპოზიციის გამაერთიანებელი, ლიდერი პარტია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორი დაპირისპირებული მხარე და მომრიგებელი “ნაცმოძრაობა” - რას ნიშნავს ოპოზიციაში გაჩენილი ახალი კონფიგურაცია.

“რაც შეეხება დაპირისპირებულ მხარეებს, ერთი მათგანისთვის “ნაცმოძრაობის” ბოლო განცხადებები მიუღებელია, მეორესთვის კი - სავსებით ნორმალური. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ პირდაპირ აცხადებს, რომ ძალიან არ მოსწონს ნიკა მელიას განცხადება. “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ “ნაცმოძრაობაზე” ცუდს ვერაფერს იტყვის და მათ “ყველაზე ნორმალური პოზიცია” აქვთ. დაპირისპირების ფორმალური საფუძველი “მოქალაქეებისა” და გირჩის ინიციატივა გახდა. მათ სურთ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ერთგვარ პლებისციტად გამოცხადდეს და მისი შედეგების მიხედვით გადაწყდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს იმის დადასტურებად ჩაითვლება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია, პარლამენტის შემადგენლობა არ შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ განწყობებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია ჩასატარებელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროპულმა საქართველომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ლელომ” ამის განხილვასა და “გირჩი”-“მოქალაქეებთან” შეხვედრაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. “ნაცმოძრაობის” ახალმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი პარტიის შიგნით გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დრო ითხოვა და მზადაა ელისაშვილს თვის ბოლოს შეხვდეს. მთელი ეს შიდა დაპირისპირება საბოლოოდ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლამდე დადის. ანალიტიკოსთა ერთსულოვანი შეფასება ისაა, რომ “გირჩსა” და “მოქალაქეებს” ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ეს ახალი შეთავაზება მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტში თავისი მომავალი შესვლა გაამართლონ. თუმცა, ამაზე არათუ სხვადასხვა პარტიებს შორის, არამედ ცალკეული პარტიების შიგნითაც, როგორც ჩანს, სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ მხრივ თვალში საცემია “ლელოში” მიმდინარე პროცესებია. მაგალითად, დავით უსუფაშვილის მიერ პოლიტიკური პროცესებიდან დროებით ჩამოშორება და ამის ფონზე, პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან ელისაშვილის კრიტიკა და პარლამენტის ბოიკოტის იდეის კიდევ უფრო რადიკალური მხარდაჭერა. რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებელს”, პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოზიცია, როგორც ჩანს, შედარებით ზომიერია. თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ ვაშაძე მათთან შეხვედრისთვის მზად იყო და შემდეგ მოულოდნელად გადაიფიქრა, შესაძლოა პარტიის სხვა ლიდერების გავლენით, რომლებიც “გირჩი”-“მოქალაქეების” მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. თავად ვაშაძე კი ბოლო დღეებში მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებასა და ე.წ. “მესამე პოლიტიკური ძალის” შექმნის დაწებაზე საუბრობს. ყველაზე რადიკალური კი “ევროპული საქართველოს” პოზიციაა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “მოქალაქეები” და “გირჩი” განგრენას შეადარა, რომელიც უნდა მოიკვეთოს. “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ამბობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მასთან და “გირჩთან” ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე “ნაციონალურ მოძრაობას” “ყველაზე ნორმალური პოზიცია აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“დღეს ვაშაძე გამოვიდა და თქვა - ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებასო. ეს იცით როგორი გაუგებარი რამეა?! პარლამენტში არ შედიხარ, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს ზურგი აქციე და იძახი, რომ ბოიკოტს ვუცხადებო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადები, შე დალოცვილი, ისევ თამარ ჟვანიასთან, რომ მიხვიდე?! ეს არის ის, რაც ვერც ჩემს ტვინში ლაგდება. ჩვენ მაინც შევალთ, ჩვენ გვინდა პირნათლები ვიყოთ და ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ ამ ამბავს. არ დავზოგავთ თავს და ზუსტად ვიცით მეც და ლევანმაც რისთვის მივდივართ და მართლა ხალხის პრობლემების გამხმოვანებლები ვიქნებით ჩვენ და გვინდა, რომ უბრალოდ ამოვწუროთ ეს შესაძლებლობა და ყველას დაველაპარაკოთ. ხალხო, რა გჭირთ?! შეხვედრა რა უდგას წინ?! “ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე ნორმალური პოზიცია აქვს - ვერ ვიტყვი ვერაფერს ცუდს, ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ ნიკა მელიამ თქვა, ითხოვა დრო თვის ბოლომდე, რომ ახალი თავმჯდომარე ვარ და პარტიაში რაღაცები მაქვს დასალაგებელიო. კი, ბატონო, ძალიან პატიოსანი სიტყვაა. სხვებმაც თქვან, პირობები დააყენონ, ინიციატივა გვითხრან, ყველაფერზე მივყვებით. არ მოსწონთ ეს აზრი? უკეთესი გვითხრან”, - განაცხადა ელისაშვილმა. ნიკა მელია ამბობს, რომ მას არავისთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს და ყველას მოუსმენს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მელიას თქმით, “ნაციონალურმა მიძრაობამ” მოსმენა ისწავლა და ამბობს, რომ კოლეგების მიმართ ნაკლებად კონფრონტაციული იქნება, რადგანაც ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს. მისი მტკიცებით, როცა კონფლიქტია ან ერთია მართალი და ან მეორე. ამიტომ მას სიტუაციის გამწვავება არ უნდა. საზოგადოება მათგან სამოქმედო გეგმას ელის. ხოლო ოპოზიციიის ნაწილს თუ პარლამენტში შესვლა უნდა, შევიდნენ და ძალით ვერ დააკავებს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიციის დაპირისპირებაში ნიკა მელიას ქცევა და პოზიცია საკმაოდ საინტერესოა. როგორც ჩანს, მელიას როგორც პარტიის ლიდერობა, ასევე მთლიანობაში გაერთიანებული ოპოზიიცის ლიდერობის ამბიციები აქვს. როგორც ჩანს, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზე სწავლობს და ცდილობს, რომ იგივე შეცდომები აღარ დაუშვას. მელიას ტაქტიკა ძალიან სწორად აქვს არჩეული და დიდი ალბათობით მას არა მხოლოდ პარტიის ლიდერობა, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიედრობაც სურს. ამიტომაც სწორად იქცევა, რომ სიტუაციას კიდევ უფრო არ ძაბავს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც იგივე აზრზეა და ფიქრობს, რომ ნიკა მელიას სახით შესაძლოა საკმაოდ საინტერესო პოლიტიკოსი და ლიდერი მივიღოთ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ვფიქრობ, სააკაშვილმა მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მისცა და ამ ეტაპზე, როგორც ვხედავთ, არ ერევა. შემდეგ რა იქნება, ვერ გეტყვით. საინტერესოა ის მიგნებაც, რომ ყველა ოპოზიციური ლიდერი მას დადებითად ახასიათებს და ამბობენ, რომ მასთან კომუნიკაცია არ უჭირთ. ვფიქრობ მელია სიტუაციის დალაგებას ცდილობს და ვანხოთ ეს როგორ გამოუვა. მაინც მგონია, რომ “მოქალაქეები” და “გირჩი” პარალმენტში შევლენ. ყოველ შემთხვევაში ამისთვის ნიადაგს ამზადებენ. მელია ცდილობს, რომ ელისაშვილი, იოსელიანი და “გირჩის” წევრები იმაში დაარწმუნოს, რომ პარლამენტში მათი შესვლა ოპოზიციის ერთიანობას ჩრდილს მიაყენებს. მელიას სურვილია, რომ ოპოზიციური ერთობა, როგორც ხელისუფლებასთან ბრძოლის ბერკეტი, არ დაკარგოს. თუ ელისაშვილმა და სხვებმა მაინც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, მაშინ მელიას სათქმელი ექნება, რომ მათ გადარწმუნებას ეცადა მაინც. ეს არის პროგრამა მინიმუმი, ხოლო მაქსიმუმი მელიას დიდი ალბათობით მთლიანი ოპოზიციის ლიდერობა უნდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე,

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სხვა ოპოზიციური პარტიებზე ერთად აღებული უფრო მეტი ხმა აიღო. ამიტომაც ლოგიკურია მელიასაც და პარტიის სხვა წევრებსაც ლიდერობის ამბიცია აქვთ. “ნაციონალების” გარეშე ოპოზიცია პარლამენტშიც რომ შევიდეს, დიდს ვერც ვერაფერს გააკეთებენ. ამიტომ პარტიასაც და მის ლიდერსაც სიტყვა ეთქმის და ლოგიკურია, რომ მელია მომრიგებლის როლს ირგებს. არც მას და არც “ნაციონალებს” ოპოზიციის შიგნით ასეთი დაპირისპირება არ აწყობთ. მელიას ქმედება ტაქტიკურად სრულიად გამართლებული და სწორია. უკვე იკვეთება, რომ მელია დამოუკიდებელი ლიდერია, რომელის საქმეშიც სააკაშვილი ამ ეტაპზე არ ერევა. დიდი ალბათობით ასეც იქნება, რადგანაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას სააკაშვილზე უკეთესად მელია იცნობს და მისი გადაწყვეტილებებიც შესაბამისად უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე სააკაშვილის, რომელიც ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე უშუალო ინფორმაციას ვერ ფლობს”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

შეზღუდვების მოხსნის გეგმის ზოგიერთი დეტალი უკვე ცნობილია

“კვირის ბოლომდე საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გახსნის გეგმას წარმოადგენს. ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად აღდგება, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა. ქვეყნის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო შეზღუდვების შემსუბუქებაზე უკვე მუშაობს, რომელიც, დაახლოებით, 2 დღეში იქნება ცნობილი. “რეზონანსისთვის” ცნობილი გახდა რამდენიმე დეტალი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში ბიზნესის მცირე ნაწილი გაიხსნება, რის შემდეგადაც მოხდება ეპიდვითარების ცვლილებაზე დაკვირვება და სხვა სფეროების გახსნა ამის მიხედვით გადაწყდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეზღუდვების მოხსნის გეგმის ზოგიერთი დეტალი უკვე ცნობილია / პირველ ეტაპზე გაიხსნება ვაჭრობა, შემდეგ - ტრანსპორტი და ავიაცია, გაზაფხულიდან კი - სკოლები, ბაღები და უნივერსიტეტები.

“რეზონანსი” იმ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომლის აღდგენაც, დიდი ალბათობით, ეტაპობრივად მოხდება. უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნება. ჯერჯერობით, არ გამართულა მსჯელობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებისა და “კომენდანტის საათის” მოხსნის შესახებ, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მეორე ეტაპზე, ანუ თებერვლის შუა რიცხვებიდან მოხდება. დაახლოებით, ამ დროს ამოქმედდება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე სრული მზადყოფნა არსებობს. “ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორისაც კი, სადაც ძალიან მწვავე პრობლემა იყო, არ აკრძალულა ტრანსპორტი. არაადამიანობაა, მობილობა შეამცირო იმ ხალხის ხარჯზე, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს”, ამობს მესხიშვილი, რომლის თქმით, “მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ჰყავს ავტომობილი და მათი გადაადგილების ერთ-ერთი საშუალება სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე თბილისის მერიაში მქონდა საუბარი ტრანსპორტის სამსახურთან და შემიძლია ვთქვა, რომ დედაქალაქის ტრანსპორტის სამსახური მზად არის, მუშაობა განაახლოს და წესები ზედმიწევნით დაიცვას. ჩვენ კი, ვინც ამ სფერში ვართ, რეკომენდაციები მიწოდებული გვაქვს. ყველა ამბობს, რომ მათი შესრულება ნამდვილად შესაძლებელია. მაშინ რაღა დარჩა, რატომ არ მუშაობს ტრანსპორტი? ეს ეხება ბათუმსაც, ქუთაისსაც, მუნიციპალიტეტებს. დედაქალაქის მერიასა და ტრანსპორტის სამსახურს სრული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგეს, რაც მისასალმებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მესხიშვილი.

“ქვეყანის დიდ ქალაქებში ამ ეტაპზე ისევ დისტანციური სწავლება მიმდინარეობს. რაც შეეხება პატარა ქალაქებსა და სოფლებს, იქ მეორე სემესტრი საკლასო ოთახებიდან დაიწყო. შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი შესაძლოა, სწორედ განათლებას დაეთმოს. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გაზაფხულზე, ერთკვირიანი არდადეგების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული შეზღუდვები მოიხსნას და სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ. “ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე მუდმივად ვმუშაობთ, ინფორმაციის გაცვლა ხდება და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დასტაბილურდება ეპიდმდგომარეობა. როდის გაიხსნება სკოლები, ზუსტი თარიღის დაანონსება ჯერ ადრეა, მაგრამ იქითკენ ნამდვილად მივდივართ და ვმუშაობთ”, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ. ჯერჯერობით, გაურკეველია საჰაერო მიმოსვლის ბედიც და უცნობია, როდიდან აღდგება რეგულარული ფრენა. ჯერ კიდევ დეკემბრის მიწურულს მთავრობისგან გაიცა დანაპირები, რომ რეგულარული ავიამიმოსვლა 2021 წლის თებერვლიდან აღდგებოდა, თუმცა ახლა დაუდგენელია, ეს პირობა ისევ ძალაშია თუ - არა. ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობა დანაპირებს შეასრულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაკომპანიები გაკოტრებას ვერ გადაურჩებიან”, - გასძენს გამოცემა.

“ახლა ყველა ელოდება თებერვლის თვეს. ჯერ არავის არ უთქვამს, რომ რეგულარული რეისები თებერვლიდან არ განახლდება. ყველა ელოდება, რომ ეს მაინც შემდეგ თვეში მოხდება. მეც მოველი, რომ აუცილებლად შესრულდება პირობა და მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგება. ავიაციის სექტორი დიდი ხანია, გახსნას ელოდება. ჩაკეტვა არის სერიოზული კრიზისისა და ზარალის მომასწავებელი. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროპულმა სახელმწიფოებმა თავიანთი საჰაერო საზღვრები უკვე გახსენეს. საქართველოშიც ავიაციას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ამოისუნთქოს. მით უმეტეს, დაიხვეწა “პისიარ” ტესტები, დღეს უკვე პასპორტიზაციაც შეიძლება. ზოგადად, საავიაციო სეზონი იწყება აპრილის ბოლოს და მთავრდება ოქტომბერში. ამ პერიოდში ავიაციაზე დიდი მოთხოვნაა და თუკი კომპანიებს არ მიეცათ მუშაობის საშუალება, მაშინ ნამდვილად ვერ გადაურჩებიან გაკოტრებას, რადგან დიდი ხანია, კრიზისში არიან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იასე ზაუტაშვილი.

“ქვეყანაში ავიასექტორის აღდგენა ტუმიზმის ამუშავებას ხელს დიდად შეუწყობს. მართალია, საწყის ეტაპზე ქვეყანას ტურისტების დიდი ნაკადი არ ეყოლება, მაგრამ ბიზნესს ფეხზე წამოდგომაში მაინც დაეხმარება. შეზღუდვების შემსუბუქების დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს ეკონომისტი ირაკლი ლატარია, თუმცა აღნიშნავს, რომ საჭიროა პირველსავე ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება. “ახლა ეკონომიკური პრობლემა თითქმის ყველა სფეროს აქვს. კარგი იქნება, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსორტი გაიხსნას. წესით, ეს არ უნდა იყოს ძალიან დიდ პრობლემასთან დაკავშირებული, მაგრამ არ ვიცი, ჯანდაცვის კუთხით რა შეფასებებია. ვხედავთ, როგორი სიტუაციაა ქვეყანაში და ეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებმაც იციან”, - განუცხადა ლატარიამ “რეზონანსს”. ყველაზე მეტად გაურკვეველია რესტორნების, კაფე-ბარებისა და ფიტნეს დარბაზების საკითხი. მათ წარმომადგენლებს, ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ და ვერც ვერაფერს ამბობენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ღია ცის” დასასრული - რა პრობლემებს უქმნის საქართველოს ისტორიული შეთანხმების საბოლოო ჩაშლა

“ღია ცის” შეთანხმება პრაქტიკულად საბოლოოდ წყვეტს არსებობას. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება გამოაცხადა, რომ თავადაც იწყებს შეთანხმებიდან გასვლის ოფიციალურ პროცედურას. შეთანხმების ჩაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებითან დაკავშირებული უთანხმოებაა და ანალიტიკოსთა შეფასებით, მისი ჩაშლა საქართველოს ახალი გამოწვევების წინაში აყენებს. “ღია ცის” ხელშეკრულებას 1992 წელს მოაწერეს ხელი და ის ძალაში შევიდა 2002 წელს. მასში 30 ქვეყანა იყო გაერთიანული. მთავარი მომენტი კი აშშ-ისა და რუსეთის ჩართულობა იყო, სწორედ ისინი ახორციელებდნენ ძირითადად საჰაერო მონიტორინგს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ღია ცის” დასასრული - რა პრობლემებს უქმნის საქართველოს ისტორიული შეთანხმების საბოლოო ჩაშლა.

“შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიის თავზე პერიოდულად სადაზვერვო ფრენების უფლება ჰქონდათ. 2008 წლის შემდეგ კი რუსეთი ამ მხრივ შეთანხმების სხვა მონაწილეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. კერძოდ, ოფიციალური მოსკოვი მაქსიმალურად ზღუდავდა სხვა ქვეყნების სადაზვერვო ფრენებს კალინინგრადის ოლქის თავზე იმ მოტივით, რომ ეს ხელს უშლიდა სამოქალაქო ავიაციის მუშაობას. გარდა ამისა, რუსები ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ფრენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და აცხადებდნენ, რომ ეს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რომლებიც არ მონაწილეობენ “ღია ცის შეთანხმებაში”. სწორედ ამ წინააღმდეგობების გამო, აშშ-მ საბოლოოდ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორიოდე დღის წინ კი რუსეთმაც იგივე გადაწყვეტილება გამოაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსეთის მიერ “ღია ცის” შეთანხმების დატოვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფრომაციის წვდომას ხელს შეუშლის. ასევე ხელის შემშლელი იქნება ჩვენი პოზიციების ღიად დაფიქსირების კუთხითაც, რადგან ამ შეთანხმების წყალობით საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ინფორმაცია მოეპოვებინა ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო დამკვირვებლებისგან, რომლებიც ამ შეთანხმების მონაწილეები იყვნენ”, - დასძენს გამოცემა.

“ამერიკის გამოსვლის შემდეგ რუსეთიც გამოვიდა და ეს ნიშნავს იმას, რომ “ღია ცის” შეთანხმებამ დაკარგა აზრი, რადგან ორი მთავარი გლობალური აქტორი უკვე გამოსულია. ამ შეთანხმებას აზრი ექნებოდა რუსეთის დარჩენის შემთხვევაში, რადგან რუსეთი წარმოადგენს დღეს რეალურ საფრთხეს საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით. გლობალურ დონეზე ამ შეთანხმების ჩაშლა კიდევ უფრო გააფართოვებს სამხედრო კონფლიქტების არეალსა და უნდობლობას. საქართველოსთვის იმიტომ იყო “ღია ცის” ხელშეკრულება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ღიად დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიციები სტრატეგიული მეგობრების, ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო დამკვირვებლების მეშვეობით. მიგვეღო ჩვენთვის საჭირო ინფორმაციებიც, კერძოდ ის, თუ რა ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს მოგვცემდა საშუალებას, რომ საფრთხეები და რისკები თავიდან აგვერიდებინა. დღეს ეს მომენტი აღარ გვექნება. გარდა ამისა, საჰაერო დაკვირვებისას რთულია რამის დამალვა, თუნდაც შეიარაღების, ტექნიკის და ა.შ. ახლა რუსეთს შესაძლებლობა ექნება ბევრი რაღაც დამალოს ისე, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგოთ. ამ შემთხვევაში ჩვენი ძალებით მოგვიწევს დაკვირვება, თუმცა ყველაფერის გაკონტროლება რთულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა