ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2021

გია ხუხაშვილი - “ვფიქრობ, ოცნება მოახერხებს და პარლამენტში 100-კაციან კვოტას შეავსებს...”

როდემდე ვიცხოვრებთ შეზღუდვებით - “სანამ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ, გაურკვევლობაში მოგვიწევს არსებობა”

ევროპარლამენტარი ნერიუს მალიუკევიჩუსი - “ნავალნის დაპატიმრება პუტინის კარგად გათვლილი პოლიტიკური მანევრი იყო”

მეტი მხარდაჭერის მოლოდინში აშშ-სგან - “ამერიკა დაბრუნდა”

კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი - “არაკარტოგრაფების საქმე!”

* * *

გია ხუხაშვილი - “ვფიქრობ, ოცნება მოახერხებს და პარლამენტში 100-კაციან კვოტას შეავსებს...”

“ყალბი და არაბუნებრივი პროცესის მომსწრენი ვართ - ორივე მხარე თამაშობს ვითომ კონსტრუქციულობას, ამასთანავე, მათგან იმ ტიპის წითელი ხაზების დეკლარირება ხდება, რაც ამას სრულიად გამორიცხავს. მაგალითად, კობახიძეს შეუძლია ერთ წინადადებაში მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობაც ახსენოს და ამასთან, შეურაცხყოს კიდეც ის, ვისთანაც ვითომ მოლაპარაკებას აპირებს, თუმცა ამ ხელისუფლების ამპარტავნობისა და იმის გამო, რომ ოპოზიციას ერთადერთი აქტივი აქვს ხელში - ერთიანობა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიციური ერთობის შენარჩუნება ჯერჯერობით ხერხდება. აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვფიქრობ, ოცნება მოახერხებს და პარლამენტში 100-კაციან კვოტას შეავსებს...” / “ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობს კრიზისი პარლამენტში განვითარდეს, ვიდრე მივიღოთ დაპირისპირება ქუჩასა და სტერილურ ხელისუფლებას შორის, თუმცა ოპოზიციაში ასე არ ფიქრობენ”.

“ვფიქრობ, “ქართული ოცნება” მოახერხებს და პარლამენტში 100-კაციან კვოტას შეავსებს. აშკარაა, რომ “გირჩის” ერთი ნაწილი პარლამენტში შესვლას გეგმავს. ამის შემდეგ შეიძლება ხელისუფლებამ მიიჩნიოს, რომ პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და დაკმაყოფილდეს. ეს სცენარი მიმაჩნია ყველაზე რეალისტურად. სამწუხაროდ, საშუალოვადიან პერიოდში, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ამ ყველაფერმა ქვეყანა შეიძლება მაღალი რისკის ზონაში შეიყვანოს. ეს 100-კაციანი კვოტაც ძალიან დაბალი ლეგიტიმაციის იქნება. საქმე ის არის, რომ ეს რაოდენობა ოპოზიციის ამომრჩევლის ნებას არ ითვალისწინებს. მაგალითად, ვიღაცამ აირჩია “პატრიოტთა ალიანსი” და პარლამენტში მიიღო რაღაც გაუგებარი პოსტ ფაქტუმ შექმნილი პარტია, “გირჩის” ლეგიტიმაციაც, თუ მისი წევრები შევლენ პარლამენტში, საეჭვო იქნება. ერთადერთი ძალა, რომელიც შევიდა თავისი ხმებით, ელისაშვილის “მოქალაქეებია”... მხოლოდ ელისაშვილით ოპოზიციური ფასადის შექმნა ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას, რამაც შეიძლება გააჩინოს სისტემური გადაწყვეტილებების მიღების სასიცოცხლო აუცილებლობა, რასაც პარლამენტის იმგვარი კვორუმი დასჭირდება, რომელიც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში პროცესი შეიძლება ჩიხში შევიდეს. ასეთი რთული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა გვაქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მეტ-ნაკლებად მაქვს ურთიერთობა ამ ადამიანებთან და ვადასტურებ, რომ არაერთი მართლაც ფიქრობს პარლამენტში შესვლაზე. ვისურვებდი, რომ ასეც მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანობა ოპოზიციის სერიოზული აქტივია, ჩვენ მაინც საქმე გვაქვს დამოუკიდებელ პარტიებთან, რომლებსაც თავიანთი მიზნები აქვთ. მათ აქვთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ისევ როგორც რიგით დეპუტატებს. ვიმეორებ, მე ამას მივესალმები, თუმცა ამ პარტიებსაც სჭირდებათ რეალისტური პირობები და არა ის ფარატინა მემორანდუმი, რაც საბაბი უფრო გახდა ელისაშვილის შესვლისთვის, ვიდრე მიზეზი. ოპოზიციაც სახელისუფლებო ინსტიტუტია. მისი ფუნქცია გამოიხატება მმართველი ძალის გაკონტროლებასა და მის დაბალანსებაში. ის უნდა აზღვევდეს ხელისუფლებას კორუფციისგან, ძალაუფლების უზურპაციისგან, აკონტროლებდეს ძალოვან სისტემას, მართლმსაჯულებას და ა.შ., “ქართულმა ოცნებამ” კი ისე წარმოაჩინა, რომ ოპოზიცია მას მხოლოდ ფასადისთვის სჭირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რა შეიძლებოდა გამხადრიყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების საფუძველი, თავი რომ დავანებოთ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას - შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნები მაინც გახდება საჭირო, იმიტომ, რომ კრიზისი არ არის გადალახული, თან ხელისუფლებას დაბალი ლეგიტიმაცია აქვს. შესაბამისად, ადვილი შესაძლებელია პარლამენტში ისე განვითარდეს პროცესები, რომ მისი პარალიზება მოხდეს. დავუბრუნდეთ ფართო შეთანხმების საკითხებს. ეს შეიძლება ყოფილიყო ოპოზიციის ინსტიტუციური როლის ერთგვარი ფიქსაცია არა მარტო საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზების გაჩენით. მაგალითად, კარგი იქნებოდა კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოსთვის ხელშემწყობ მექანიზმებზე შეთანხმება, რის შედეგადაც წინასაარჩევნოდ რიგები კი არ დადგება სახელისუფლებო სალაროსთან, არამედ რესურსები გადანაწილდებოდა”, - განმარტავს ექსპერტი.

“ამის გამოცდილება არსებობს მსოფლიოში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ძალაუფლების უზურპაციისგან დაცვის მექანიზმების შექმნა. ამის მაკონტროლებელი ინსტიტუტები ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ ინსტიტუტების გაკონტროლება უნდა იყოს ოპოზიციის ხელში. მაგალითად, ხშირად ვლაპარაკობთ კორუფციასა და არასწორ სახელმწიფო ხარჯებზე. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური იქნება, თუ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი. ამაზე კიდევ უკეთესი იქნებოდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომლის ხელმძღვანელიც ოპოზიციონერი იქნებოდა. ქვეყანას ასე დავაზღვევდით პოლიტიკური კორუფციისგან. ასევე ხშირად ლაპარაკობენ მოსმენებსა და პირადი ინფორმაციის დაცვის პრობლემებზე. აქედან გამომდინარე, რატომ არ შეიძლება პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს? მიმაჩნია, რომ საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის საბჭოებში უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენლობა. მოკლედ, ოპოზიციას კონტროლის რეალური მექანიზმები უნდა მივცეთ, რათა ქვეყანა რისკებისგან დავაზღვიოთ. ჩემი აზრით, ასეთი ფართო შეთანხმებისკენ სვლა შედეგს აუცილებლად მოიტანდა”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“წულუკიანი, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი სახეა, რაც გამოიხატება ამპარტავნებაში, შეუვალობასა და არცთუ სახელმწიფოებრივ აზროვნებაში. ჰგონიათ, რასაც აკეთებენ, ის არის კანონი და ჭეშმარიტება. შესაბამისად, წულუკიანი მართლაც ფიქრობს, რომ ჰქონდა უფლება კონკრეტული პირის (არა აქვს მნიშვნელობა, ვისი) უფლება დაერღვია და რაც მთავარია, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეექმნა საფრთხე. ეს ხომ დაგეშილი მოქალაქეების წახალისება იყო აგრესიული თავდასხმებისკენ? წულუკიანის ამპარტავნება გამოჩნდა იმაშიც, რომ ჯერ ელჩი დაიბარა, შემდეგ ამტკიცა, ეს მისი პირადი განცხადება იყოო. ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ საოცარი გუნდი დატოვა ხელისუფლებაში. მინდა მივულოცო, შეუძლია იამაყოს, რომ დატოვა წულუკიანი, რომლის წყალობითაც სეირები არ მოაკლდება”, - მიიჩნევს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - მოგეხსენებათ, დღეიდან შემსუბუქდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები...” - პასუხობს:

“არ ვეთანხმები, რომ ყველაფერი უნდა გავხსნათ. ხომ ვხედავთ, სამყაროში რა ხდება, ძალიან მძიმე პროცესი მიდის. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ქვეყნებში ვაქცინაცია მასშტაბურად მიმდინარეობს, პრობლემა მაინც ბევრი აქვთ, ამის მაგალითად ბრიტანეთი გამოდგება. აქედან გამომდინარე, დამშვიდების უფლება ნამდვილად არა გვაქვს. მეორე მხრივ, შიმშილის შიშის პრობლემაც გვაქვს. ურთულესი ამოცანა დგას ხელისუფლების წინაშე. ეს არ არის ის თემა, რის გამოც მას გავაკრიტიკებ. ურთულესია სწორი ბალანსის პოვნა შიმშილისა და სიკვდილის შიშს შორის. დღეს როგორც ხელისუფლება იქცევა, რა დინამიკითაც კეტავს თუ ხსნის ქვეყანას, ვფიქრობ, მისაღებია. ერთადერთი პრეტენზია მაქვს _ სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს ისეთი ფინანსური რეზერვი, რითაც ამ ჩაკეტვისგან წარმოშობილ პრობლემებს გავუმკლავდებოდით ისე, როგორც სხვა ქვეყნები ახერხებენ. მაგალითად, თუ რესტორნებს კეტავენ, მათ ისეთ კომპენსაციას აძლევენ, რომ ეს ბიზნესი არ მოკვდეს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება”.

როდემდე ვიცხოვრებთ შეზღუდვებით - “სანამ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ, გაურკვევლობაში მოგვიწევს არსებობა”

“რატომაა მნიშვნელოვანი “კომენდანტის საათის” არსებობა და აქვს თუ არა მას რეალური დადებითი ზეგავლენა პანდემიის საერთო სურათზე იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ დაწყებულა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ექსპერტი აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ თუ “კომენდანტის საათმა” ღამის 12:00 საათზე გადაიწია, მობილობას არ შეამცირებს და 23:00 საათზეც ისეთივე მდგომარეობა იქნება, როგორიც ახლა 20:00 საათზეა. ამბობს, რომ სანამ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია არ ჩატარდება, საზოგადოებას გაურკვეველ პირობებში მოუწევს ცხოვრება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდემდე ვიცხოვრებთ შეზღუდვებით - “სანამ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ, გაურკვევლობაში მოგვიწევს არსებობა”.

“სანამ ვაქცინაციას მასობრივად არ ჩავატარებთ, სამწუხაროდ, ასეთ გაურკვეველ პირობებში ცხოვრება მოგვიწევს. ვაქცინაცია კი ერთადერთი გზაა, რომ ამ დამანგრეველ შეზღუდვებს თავი დავაღწიოთ. როგორც პანდემიამდე ვიყავით, ჩვეულებრივი ცხოვრების წესის ნაწილია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს, ალკოჰოლის მიღება, მერე ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვლა და ა.შ. ის, რაც ხდება ხოლმე, ადამიანების კონტაქტები ხშირად ცხრა საათის შემდეგ დგება ხოლმე. ახლა სადმე სტუმრად წავლა-წამოსვლა 9 საათის შემდეგ შეზღუდულია, ესაა მთავარი, თორემ ის კი არა, რომ ზოგიერთები რომ ბრძანებენ, თითქოს ცხრა საათის შემდეგ ვირუსი უფრო ვრცელდება. ეს კონკრეტულ გამოცდილებებზე დაყრდობით ხდება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შეზღუდვის ერთ-ერთი ზომა მთელ მსოფლიოშია. ეს, ამ შემთხვევაში, მობილობას ამცირებს, ეს ამის პირდაპირი შედეგია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“მაგრამ არ ვიცი, “სტრატეგია აღმაშენებელი” რის საფუძველზე ასკვნის ამას და რა მტკიცებულება აქვს ისეთი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა, ეს არსებული ზომა მობილობას ზრდის. გასაგებია, რომ დღის განმავლობაში მოძრაობენ და 8 საათზე და იმ მომენტში მოძრაობა ინტენსიურია, როცა ადამიანებს სახლებში დაბრუნება ეჩქარებათ, მაგრამ იმ შემთხევაში, თუ “კომენდანტის საათი” ღამის 12 საათზე დაწესდა, 11 საათზე ისეთივე მოძრაობა იქნება და ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება. “კომენდანტის საათის” ერთი საათით გადაწევ-გადმოწევას მობილობის კუთხით რა შედეგი ექნება, ამაზე ვერ ვიმსჯელებ, იმიტომ, რომ ამისი მონაცემები არ მაქვს, თუ “სტრატეგია აღმაშენებელს” აქვს, შეუძლიათ, მათ იმსჯელონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ზოიძე შაბათის “დაუმორჩილებლობის” აქცია-მსვლელობასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს პანდემიისგან დაღლილობის შედეგია, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია. “ეს კოვიდ-19-ით დაღლილობის ნიშანი უფროა, რაც მთელ მსოფლიოში ობიექტური ფენომენია. ადამიანებისაც მესმის, ვისი შემოსავალიც ამ ყველაფერზეა დამოკიდებული. მეორე მხარეს ძალიან დიდი საფრთხე გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ახლა ჩვენ გეგმაზომიერი ქმედებების გარეშე წინ წავედით და ისე გავხსენით ეკონომიკა, როგორც შარშან შემოდგომით იყო, შეიძლება, იგივე სურათი მივიღოთ, როგორიც ნოემბერ-დეკემბერში, როცა 5-6 ათასი ინფიცირების ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და რამდენიმე ათეული დაღუპული გვყავდა. ეს უდიდესი საფრთხეა. მე, მაგალითად, მხარს დავუჭერდი იმას, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების შესაბამისად გახსნა მომხდარიყო, თუნდაც მოკლე სეზონით, ოღონდ ეს სამასპინძლო ბიზნესის გააქტიურების გარეშე იყოს, რა დროსაც ინფექციის გადადებისა და გავრცელების ძალიან დიდი საფრთხეა” - ამბობს ზოიძე, რომლის თქმით ასე ასე ავსტრიაშია -იქ საბაგიროები მუშაობს, მაგრამ არ მუშაობს კაფეები და რესტორნები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება დახურულ სივრცეს, მე არ დავუჭერდი მხარს, რომ ამ ტიპის ობიექტები გაიხსნას, იმიტომ, რომ ეს ყველაზე უფრო დიდი საფრთხეა. მთელ მსოფლიოში ვირუსის გადაცემა სწორედ დახურულ სივრცეში ხდება. იქ, რაც არ უნდა რეგულაციები დაიცვა, ვირუსის გადადებისგან თავის დაცვა შეუძლებელია იმიტომ, რომ რესტორნებსა და კაფეებში ჭამის დროს პირბადეს ვერ გაიკეთებ და ფანჯრები რაც არ უნდა გამოაღო, რისკი მაინც ძალიან მაღალია, თან როცა დახურულ სივრცეში 15 წუთზე მეტხანს ხარ. დანარჩენთან დაკავშირებით, მაგალითად, ტრანსპორტში ადამიანების კონტროლი, აქ მკაფიოდ უნდა იყოს გაცხადებული, რომ თუ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილობის რაოდენობა რაღაც ნიშნულზე ავიდა და ერთი კვირის განმავლობაში ეს მომატება შენარჩუნდა, მაშინ ისინიც უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ შესაძლოა, შეზღუვებს ისევ დაუბრუნდნენ. ასეთი ტიპის გეგმა რომ იყოს, რა თქმა უნდა, სასურველია”, - აცხადებს ექსპერტი.

“დანარჩენ შემთხვევაში კი, სანამ ვაქცინაციას მასობრივად არ ჩავატარებთ, სამწუხაროდ, ასეთ გაურკვეველ პირობებში ცხოვრება მოგვიწევს, ვაქცინაცია კი ერთადერთი გზაა, რომ ამ დამანგრეველ შეზღუდვებს თავი დავაღწიოთ. ამ ადამიანების კარგად მესმის, უბრალოდ, თუ ჩვენ ეს ყველაფერი მკაფიო გეგმისა და სიფრთხილის გარეშე გვაკეთეთ, შესაძლოა, გაცილებით უარესი ეპიდსიტუაცია მივიღოთ. მით უმეტეს, როდესაც ახლა მთელ მსოფლიოში ახალი შტამები ვრცელდება, რაზეც მაღალი ხარისხის მტკიცებულებებია, რომ უფრო ადვილად გავრცელებადია, ჩვენთან შედარებით უფრო მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი უფრო ადვილად ვრცელდება და გადადების პროცენტი ძალიან მაღალია. ასე რომ, მოსალოდნელია, ეს შტამები ჩვენთანაც შემოვიდეს, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ვირუსს საზღვრები ვერ აკავებს, შესაბამისად, საფრთხე, რომ ეპიდვითარება უფრო გართულდეს, კიდევ უფრო მეტი იქნება”, - დასძენს აკაკი ზოიძე.

ევროპარლამენტარი ნერიუს მალიუკევიჩუსი - “ნავალნის დაპატიმრება პუტინის კარგად გათვლილი პოლიტიკური მანევრი იყო”

“ფაქტია, რომ დასავლეთის ილუზიები, რომ სასამართლო ნავალნის მიმართ ლმობიერებას გამოიჩენდა და სანქციების აუცილებლობა არ დადგებოდა, არ გამართლდა. შეგვიძლია უსასრულოდ ვაკრიტიკოთ ევროკავშირი იმის გამო, რომ ახალი სანქციების შემოღებაზე ფეხს ითრევს ხოლმე, მაგრამ სამართლიანობის გამო ისიც უნდა ითქვას, რომ როცა ევროკავშირს სხვა გამოსავალი არ რჩება, პრინციპულობას იჩენს და ვერავინ იტყვის, რომ რუსეთზე დაკისრებული სანქციები უმტკივნეულოა და ქვეყნის კეთილდღეობაზე გავლენას არ ახდენს”, - აცხადებს ევროპარლამენტარი ლიეტუვადან ნერიუს მალიუკევიჩუსი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამდენად შორს წასასვლელად არის მზად დასავლეთი პირველი ოპოზიციონერის გასათავისუფლებლად / “თუ ხელოვანები საკუთარ შემოქმედებით საქმიანობას პუტინის ლაქიობას უთავსებენ, ყირიმის აღიარების პეტიციაზე აწერენ ხელს და 2008 წლის ომს იწონებენ, ვფიქრობ, ასეთი ხალხი ავტომატურად უნდა ხვდებოდეს პერსონა ნონ გრატა სიაში”.

“რამდენად შორს წავა ამჯერად ევროკავშირი? იდეალური იქნებოდა, თუ ახალი სანქციების სამიზნე “ნორდსტრიმ 2”-ის გაზსადენი გახდებოდა, მაგრამ ამისთვის გერმანიის თანხმობაა საჭირო. ამას გარდა, დასავლეთს შეუძლია იხელმძღვანელოს ნავალნის გუნდის სიით, სადაც ამ უკანასკნელის მოწამვლაში მონაწილე ან ხელშემწყობი პირები ფიგურირებენ. ასევე კარგი იქნება, თუ ბრიუსელში გულდასმით შეისწავლიან ნავალნის საგამოძიებო ფილმებს - ვფიქრობ, იქ საკმარისად იპოვიან იმ პირებს, რომლებიც პუტინის სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენენ... საქმე ის არის, ნავალნის დაპატიმრება პუტინის კარგად გათვლილი პოლიტიკური მანევრი იყო და არა ბრაზის გადმონთხევა და მისი გაჩუმების ცდა. ვფიქრობ ის ახლა ნავალნის სავაჭრო მონეტად გამოიყენებს დასავლეთთან მოლაპარაკებებში, რათა გონიერი ადამიანის შთაბეჭდილება მოახდინოს, რომ მზად არის დასავლეთის თხოვნას ანგარიში გაუწიოს. ნავალნის გათავისუფლება შეიძლება გახდეს “ახალი საწყისი ეტაპი” კრემლისა და ბაიდენის ადმინისტრაციის ურთიერთობებში. ასევე მოსალოდნელია, რომ პუტინმა ნავალნის თავისუფლება “ნორდსტრიმ 2”-ის ხელშეუხებლობის გარანტიებზე გაცვალოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნერიუს მალიუკევიჩუსი.

“რაც შეეხება “კირკოროვის საქმეს~, ეს 10 წლის წინ რომ მომხდარიყო, შეიძლება ფურორი გამოეწვია, ახლა კი მშვიდად მიიღეს. ფაქტია, ის პრობლემად იქცა - პრობლემა იყო მისი გამუდმებული მონაწილეობა პუტინის პოლიტიკურ ავანტიურებში, მისი ყირიმში გამართული საზეიმო კონცერტები და ასე შემდეგ. პიარგადმოსახედიდან, კირკოროვის “შავ სიაში” შეყვანა სწორი გათვლა იყო არა მარტო იმის გამო, რასაც ის აკეთებს, არამედ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნითაც - შეიძლება სანქციები დააკისრო კრემლის ათ ოლიგარქს, რომლებზეც მოსახლეობას არაფერი სმენია, მაგრამ კირკოროვი სხვა საქმეა - ეს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დააფიქრებს, თუ რატომაა საჭირო რუსეთის შეკავება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვინც ამით უკმაყოფილოა _ მათი მთავარი არგუმენტია, რომ პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ სწორედ კირკოროვმა და მისმა იდეოლოგიურმა საძმომ დაიწყეს პირველად კრემლის პოლიტიკისა და კულტურის ერთმანეთში აღრევა. ცოტა ხნის წინ, მინსკის პროტესტების დროს, მან და მისმა თანამოაზრეებმა ლუკაშენკოს მხარდამჭერი სიმღერაც გაავრცელეს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ სიმღერას მხოლოდ ხელოვნებისა და კულტურის გადმოსახედიდან უნდა მივუდგეთ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელ რუსეთში პოლიტიკისა და კულტურის გამყოფი ხაზი აღარ არსებობს. შესაბამისად, ჩვენც უნდა მივიღოთ ზომები, რომ კრემლის რბილი ძალის შემოტევებს გავუმკლავდეთ” - დაასკვნის ევროპარლამენტარი და შეკითხვაზე - “90-იანი წლების შემდეგ საქართველოს რუსეთისგან ბევრად მეტი ზიანი მიადგა, ვიდრე ლიეტუვას. მიუხედავად ამისა, კირკოროვი, ბეზრუკოვი, ლუჟკოვი და მისთანანი კვლავ უპრობლემოდ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას. ამაზე რას იტყვით?” - პასუხობს:

“ვფიქრობ, რუსეთის რბილ ძალას უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ - თუ ხელოვანები საკუთარ შემოქმედებით საქმიანობას პუტინის ლაქიობას უთავსებენ, ყირიმის აღიარების პეტიციაზე აწერენ ხელს და 2008 წლის ომს იწონებენ, ვფიქრობ, ასეთი ხალხი ავტომატურად უნდა ხვდებოდეს პერსონა ნონ გრატა სიაში... ანალოგიური პოზიცია უნდა ჰქონდეს დასავლეთსაც, რადგან დღეს აშკარაა, რუსეთი ფიქრობს, რომ შეუძლია რაც მოეპრიანება, ის აკეთოს სამეზობლოში, შემდეგ კი დასავლეთს უტიფრად მოსთხოვოს ადამიანის უფლებებისა და ბიზნესის თავისუფლების პრინციპებით თანამშრომლობა. მსგავსი კომბინაცია შეუძლებელი უნდა გახდეს: არ შეიძლება იყო აგრესორი მეზობლებთან და შემდეგ მომგებიანი ბიზნესპროექტები გაჩარხო დასავლეთთან”.

მეტი მხარდაჭერის მოლოდინში აშშ-სგან - “ამერიკა დაბრუნდა”

“აშშ-ის ახალი პრეზინდეტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გააქტიურდა. კეთდება მნიშვნელოვანი განცხადებები და იკვეთება რადიკალური პოზიციები აშშ-ის მხრიდან რუსეთის მისამართით. ჩნდება ვარაუდიც, რომ შეერთებული შტატები საფუძვლიანად შეცვლის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას და განამტკიცებს დასავლეთის პოზიციებს მსოფლიო მასშტაბით. არის თუ არა მოსალონდელი, რომ ბაიდენი რადიკალურად შეცვლის ტრამპის საგარეო პოლიტიკას, “რეზონანსს” პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი კორნელი კაკაჩია ესაუბრა. მისი თქმით მოსალოდნელია, რომ ბაიდენმა მისი წინაბორბედის, ტრამპის პოლიტიკა შეცვალოს და საკუთარი პოზიციები მსოფლიო მასშტაბით განამტკიცოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მეტი მხარდაჭერის მოლოდინში აშშ-სგან - რა უთხრა სინამდვილეში ბლინკენმა ლავროვს საქართველოზე.

“მოსალოდნელი იყო, რომ ჯო ბაიდენი ტრამპის პოლიტიკას შეცვლიდა. ეს ყველაფერი შეინიშნებოდა წინასაარჩევნო სტრატეგიებში, რომელიც ბაიდენის ჯგუფის მიერ გამოქვეყნდა. აღნიშნული დაადასტურა აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმაც, როდესაც თქვა, რომ დიდი ცვლილებები მოხდება საგარეო პოლიტიკაში, განსაკურებით გაძლიერდება ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ასევე თავიანთ მოკავშირეებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან იქნება მუდმივი კომუნიკაცია და მხარდაჭერა მისი მხრიდან. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის სატელეფონო საუბრის თემებიც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ მეტი ყურადღება იქნება მომართული და შესაბამისად უფრო მეტ მხარდაჭერასაც უნდა ველოდოთ. არსებობს მოლოდინიც და ამბიციაც იმისა, რომ აშშ შეეცდება დასავლური სამყაროს ფლაგმანის პოზიციების დაბრუნებას. თავის გამოსვლაში ბაიდენმა გარკვევით თქვა, რომ ამერიკა ბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიდენს აქვს ამბიცია გახდეს თავისუფალი სამყაროს ლიდერი, რომლის როლიც ბოლო პერიოდში საკმაოდ დაკნინებული იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ასევე, იდენტიფიცირებულია მოწინააღმდეგეები რუსეთისა და ჩინეთის სახით და აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატები შეეცდება თავისი მოკავშირეების დარაზმვას ამ საერთო მიზნებისათვის, რომ ისევ შედგეს დასავლურ ღირებულებებზე დამყარებული ერთობის განმტკიცება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის დროს შედარებით მორყეული იყო. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი და შეგრძნება არსებობს. რაც შეეხება რუსეთს, მას გარკვეულწილად მოუწევს თავისი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების ნორმების გადახედვა და მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა. თუ იქამდე რუსეთმა იცოდა, რომ მის ქმედებებს პასუხები არ მოჰყვებოდა, ახლა ეს ასე აღარ იქნება, ამიტომ უნდა ველოდოთ გაარკვეულ ცვლილებებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი. მას ხშირად უბრალოდ მოწოდებები არ აშინებს, ამიტომ პირველ რიგში, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაამტკიცოს ქმედებით, რომ განცხადებებს რომელსაც აკეთებს რუსეთის მისამართით, სიმართლეს შეესაბამება”, - დასძენს კაკაჩია.

“აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორისკი სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც, ბლინკენმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოწია. აღნიშნული საუბრის დროს საკითხი ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებაც იყო, - ამაზე ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სიტყვით გამოსვლისას კი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადა, რომ “ამერიკა დაბრუნდა”: “ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში. დამთავრდა დრო, როცა აშშ არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას, ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერშეტევებს, რუსეთის მიერ საკუთარი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენი ინტერესებისა და ხალხის დასაცავად უყოყმანოდ ვიმოქმედებთ”, - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენმა რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა”, - წერს სტატიის ავტორი.

კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი - “არაკარტოგრაფების საქმე!”

“1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა შედგენილია მიუფლინგის მრავალწახნაგა კარტოგრაფიულ პროექციაში, ამ პროექციაში ადგენდნენ ტოპოგრაფიულ რუკებს 1942 წლის ჩათვლით. 1942 წლის შემდეგ, 1991 წლამდე, ტოპოგრაფიულ რუკებს გაუს-კრიუნგერის ცილინდრულ პროექციაში ადგენდნენ. ამ ორივე პროექციას ერთი და იგივე საკოორდინატო ბადე აქვს. საერთოდ, მათემატიკურ კარტოგრაფიაში ცნობილია, რომ თუ ორ პროექციას ერთი და იგივე კარტოგრაფიული ბადე აქვს, ე.ი. საკოორდინატო ბადე ერთი და იგივეა და ასეთ შემთხვევაში რამის დამახინჯება გამორიცხულია, ანუ რუკები იდენტურია, მხოლოდ პროექცია შეიცვალა.. მთავარი ის არის, რომ განსხვავება საკოორდინატო ბადესა და სისტემაში არ არის”, - აცხადებს აცხადებს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არაკარტოგრაფების საქმე?!”

“1937 წლით არის დათარიღებული 200 000-იანი რუკა, რომელიც შედგენილია ენ-კა-ვე-დეს, ანუ შინსახკომის დაკვეთით. ტოპოგრაფიულ რუკას პასუხისმგებელი რედაქტორი ჰყავდა და მას ხელს აწერს სერგი ცხაკაია. იგი ქართული კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული სკოლების ფუძემდებელი გახლდათ. სწორედ სერგი ცხაკაიამ შექმნა გასული საუკუნის 30-იან წლებში კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი - საქართველოში სამხრეთის საზღვრების მსხვილმასშტაბიან ტოპოგეოდეზიურ აგეგმვებს და სწორედ ამის საფუძველზე დგებოდა ტოპოგრაფიული რუკები. მან გაზარდა აკადემიკოსი ალექსანდრე ასლანიკაშვილი, რომელმაც ფურორი მოახდინა კარტოგრაფიაში და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. თავის მხრივ, ასლანიკაშვილმა კარტოგრაფების მთელი პლეადა აღზარდა, მათ შორის მეც. ვსვამ კითხვას: ისეთი პიროვნების, როგორიც იყო სერგი ცხაკაია, პასუხისმგებელი რედაქტორობით გამოცემულ რუკას ივერი მელაშვილი აყენებს ეჭვქვეშ?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ გორდეზიანი.

“ტოპოგრაფიული რუკა ნიშნავს სიზუსტეს, მსხვილმასშტაბიანობას, დეტალურმასშტაბიანობას; მასზე ზედმიწევნით არის ასახული ყველაფერი - საზღვარიც, წერტილიც, სტრატეგიული სიმაღლეც და ა.შ., ანუ ის, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ. სერგი ცხაკაიას ხელმოწერით დაიბეჭდა 1937 წელს ეს რუკა, რომელიც 1932-33 წლების ტოპოგეოდეზიური აგეგმვების საფუძველზეა შედგენილი. თვითონ ცხაკაია ხელმძღვანელობდა ამ აგეგმვებს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროფესიით კარტოგრაფები არ არიან და ასეთი ხალხი აყენებს ამ რუკას ეჭვქვეშ? ამ რუკის შედგენის დროს გამოყენებულია შემდეგი კარტოგრაფიული მასალები: 1) 1880-1900 წლების ინსტრუმენტალური ტოპოგეოდეზიური აგეგმვის მასალები მასშტაბით 1:42 000 (ე.ი. 1 სმ-ს შეესაბამება 420 მ); 2) საქნავთის 1930-1933 წლების აგეგმვის მასალები მასშტაბით 1:50 000 (1 სმ-ს შეესაბამება 500 მ); 3) ხუთვერსტიანი რუკები მასშტაბით 1:210 000 (1 სმ-ს შეესაბამება 2,1 კმ). თურმე სერგი ცხაკაიას არ სცოდნია ტოპოგრაფია და სცოდნია მელაშვილს! ამდენი ხანია ვითმენ ამ უაზრო და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართული კარტოგრაფიული სკოლის მიმართ, რომლის წევრი მეც გახლავართ, მაგრამ როდესაც მტკივნეულზე განსაკუთრებულად დაგადგამენ ფეხს, სიმართლე უნდა თქვა! ისიც ვერ გავიგე, რატომ უწოდებენ ამ საქმეს კარტოგრაფთა საქმეს, როცა არც ერთი მათგანი კარტოგრაფი არ არის!” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამჟამად საქართველოში მხოლოდ 3-4 მეცნიერ-კარტოგრაფია. იმისთვის, რომ იყო მეცნიერ-კარტოგრაფი, უნდა გქონდეს გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო სტატია (მათ შორის უცხოეთშიც), მონოგრაფია, სახელმძღვანელო. რუკის ადეკვატურად წაკითხვა არ შეუძლიათ და ნუ იღებენ საკუთარ თავზე ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს! მიწათმოწყობა სულ სხვა სფეროა, უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან მიწათმოწყობა - ერთი მხრივ და კარტოგრაფია (რომელიც უზარმაზარი სისტემაა) - მეორე მხრივ. გასაგებია, რომ მიწათმოწყობაც რუკასთან მიდის, მაგრამ ეს არ არის კარტოგრაფია. ამდენ ხანს ვითმენდი, მაგრამ მოთმინების ფიალა აივსო! ივერი მელაშვილმა თავისი განცხადებებით საკუთარ დანაშაულს კიდევ ერთი დაუმატა და მიცვალებულს, სერგი ცხაკაიას მიაყენა შეურაცხყოფა. მას რომ ვუჩივლო ცილისწამებისა და მიცვალებულის შეურაცხყოფისთვის, პასუხისგება მოუწევს. კარტოგრაფი ჯანსუღ კეკელია ეომებოდა ამ კომისიას და ბოლოს გამოიქცა იქიდან. ეს ჯანმრთელი კაცი ამ საკითხზე ნერვიულობით დააავადეს და დღეს მელაშვილი ამ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას ყალბ ასლარიანს ადარებს! როგორ შეიძლება ეს თქვა რუკაზე, რომელსაც პასუხისმგებელი რედაქტორის რანგში აწერია სერგი ცხაკაიას გვარი”, - თვლის კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი.

“ამ რუკის მასშტაბის ზღვრული სიზუსტე 2 მეტრს შეადგენს და თუ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას 400-500-მეტრიანი ცდომილება აქვს, მაშინ მას კარტომეტრიაში ახალი აღმოჩენა გაუკეთებია. ეს ხომ სასაცილოა! მელაშვილისგან არავინ არაფერს ითხოვს, საერთოდ შეეშვას ამ საქმეს. მე რაში მაინტერესებს მისი დაპატიმრება, მეცნიერი-კარტოგრაფი ვარ, პედაგოგი, პროფესორი, მაგრამ არ არის ლამაზი, როცა სახალხოდ გაიძახის: “დავითგარეჯის ის ნაწილი საქართველოსი არასოდეს ყოფილა და რატომ ვითხოვთ იმას, რაც ჩვენ არ გვეკუთვნისო”. წარმოიდგინეთ, ამას ამბობს, როცა რუკებზე ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ არის ასახული! სტუდენტების მთელი არმია მყავს, პატრიოტი ახალგაზრდები. ეს თაობა ძალიან მგრძნობიარეა ასეთი ეროვნული საკითხებისადმი და ისინი აღშფოთებული არის მისი განცხადებებით”, - ამბობს თენგიზ გორდეზიანი.

“ბატონი ჯანო კეკელია ამბობდა, - რომ ვეუბნები, თხემზე არ შეიძლება საზღვრის გატარება და რუკების მიხედვით ასე არ არის, არ ესმითო. ამბობდა, ვეუბნები, რომ ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის 1996 წლის შეთანხმების პროტოკოლში შავით თეთრზე წერია, რომ საზღვარი 1938 წლის მდგომარეობით უნდა განისაზღვროს, ამ რუკაზე კი ყველაფერი ასახულია, მაგრამ არ ესმითო. 1938 წელს გამოცემულია ორი რუკა. ერთ-ერთი სწორედ ის, რომელსაც მელაშვილი ყალბ ასლარიანს ადარებს, არადა ეს არის ფასდაუდებელი რუკა. ქრონოლოგიურად, ამ რუკის შემდეგ და მისივე საფუძველზე (ეს პროცესი კარტოგრაფიაში კარტოგრაფიულ გენერალიზაციად იწოდება) 1938 წელს დაიბეჭდა 1:500 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის პლანშეტები. თუ მაინცდამაინც 1:500 000 მასშტაბის რუკის გამოყენება უნდოდათ, გამოეყენებინათ ეს რუკა, რომელზეც ქართველთათვის ეს საკრალური ისტორიული საკულტო ძეგლი მთლიანად საქართველოს საზღვრებშია (ბერთუბნის მონასტრის გამოკლებით). აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ 1:500 000 მასშტაბის (კედლის) რუკას (თუნდაც პლანშეტებით) არავინ იყენებს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში”, - განმარტავს რესპონდენტი.

“არ მესმის, როგორ უნდა მონიშნო საზღვარი, როცა 1 სანტიმეტრში 5 კილომეტრია? როცა სასაზღვრო ზოლის სიგანე 20+20 მეტრია, როგორ უნდა მოზომო? გარდა ამისა, 1:500 000 მასშტაბის რუკაზე არ არის აღნიშნული ყველა სიმაღლე, 1:200 000 მასშტაბის რუკაზე კი ყველა მნიშვნელოვანი სიმაღლეა დატანილი. მოკლედ, აღშფოთებული ვარ ამ ყველაფრით! ჩემი საქმის ფანატიკოსი ვარ, მელაშვილი კი ჩემს დარგს შეეხო და ამბობს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, თანაც ამით გამოჩენილ ქართველ კარტოგრაფებს ადგებათ ჩრდილი! ვმონაწილეობდი ყველა ექსპერტიზაში, რაც პროკურატურამ ჩაატარა და დასკვნა ჩვენ დავდეთ. ამ მასალაში არის წარმოდგენილი ის, რაც მან სახელმძღვანელოდ გამოიყენა. მელაშვილმა გააკეთა “ვიკაპიროვკა”, ანუ ამონახაზი კალკაზე. ჩვენ უნდა დაგვედგინა, საიდან იყო გაკეთებული ეს ამონახაზი და დავადგინეთ, რომ გაკეთებული იყო 500 000-იანი მასშტაბის რუკიდან! კარგი, 200 000-იანის ნაცვლად აქედან ამოხაზე, მაგრამ მითხარი, საზღვარი რატომ შეცვალე? რატომ გადაანაცვლე? იმ 1:500 000 მასშტაბის რუკაზეც ხომ დავითგარეჯის კომპლექსი მთლიანად ჩვენს საზღვრებშია?! ეს რუკები არსებობს და ამის დანახვა ყველას შეუძლია!” - დაასკვნის კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი.

“სასაცილოა ამ კაცის საქციელი - ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი... როგორც გადმოცემით ვიცი, ეს ტოპოგრაფიული რუკა სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანის მხარეს გადასცეს. მათ თქვეს, ჩვენ განვიხილავთ ამ რუკას და უახლოეს თვეებში გავმართოთ შეხვედრაო. დარწმუნებული ვარ, ისინი დაამუშავებენ ამ მასალებს. მათ კომისიის ხელმძღვანელად ჰყავთ ასაკოვანი გეოდეზისტი. განიხილავენ ყველაფერს და შედგება შეხვედრაც. ვფიქრობ, აზერბაიჯანული მხარე ამ მოლაპარაკებაზე უნდა წამოვიდეს. 1938 წელს ასევე გამოცემულია კედლის რუკაც და იქაც დავითგარეჯის მთელი კომპლექსი საქართველოს შემადგენლობაშია. არის ასევე ადმინისტრაციული დაყოფის ტოპოგრაფიული პლანშეტები და იქაც ისეა. ეს 1:200 000 მასშტაბის რუკა (დედანი) არის ფასდაუდებელი ისტორიულ-კარტოგრაფიული წყარო, რომელიც ჩამოიტანა ბატონმა დავით ხიდაშელმა. იგი ღირსეული მამულიშვილია და მეამაყება, რომ ვიცნობ მას”, - მიიჩნევს თენგიზ გორდეზიანი.

“თქვენთან საუბარს დავასრულებ ქართული კარტოგრაფიის პატრიარქის, ალექსანდრე ასლანიკაშვილის ერთგვარი შეგონებით: “კარტოგრაფია ისეთ კეთილ მხცოვან ადამიანს მოგვაგონებს, რომელიც სულ სხვებს ეხმარება, სხვისი კეთილდღეობისათვის ზრუნავს და თავისი ვინაობის გარკვევისთვის არ იღვწის”, ანუ კარტოგრაფია ყოფილა ძალიან თავმდაბალი ადამიანი. ამიტომ გახდა ეს მეცნიერება თავშესაფარი ბევრი არასპეციალისტისთვის და მათ შორის - ივერი მელაშვილისთვის, რომელიც პროფესიით კარტოგრაფი არ არის. მინდა ჩვენი ინტერვიუ მაინც მშვიდობიან კილოზე დავასრულო და მოვუწოდო ერსაც და ბერსაც: ძვირფასებო, ყველამ ვაკეთოთ ჩვენი პროფესიული საქმე და ერთად დავდგეთ სამშობლოს საზღვრების სადარაჯოზე. კარტოგრაფია კი სწორედ ის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტრატეგიული დარგია, რომელიც ყოველთვის თავის სიტყვას იტყვის ყველა მამულიშვილურ გამოწვევაში”, - დასძენს რესპონდენტი.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი