„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - საპარლამენტო არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, დარღვევებით და ხარვეზებით წარიმართა, რამაც საზოგადოებაში არჩევნების გაყალბების ეჭვი და შესაბამისად პროტესტი გააჩინა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით დარღვევებით და ხარვეზებით წარიმართა, რამაც საზოგადოებაში არჩევნების გაყალბების ეჭვი და შესაბამისად პროტესტი გააჩინა.

აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, შემაშფოთებელია საოლქო საარჩევნო კომისიებისა და საერთო სასამართლოებში საჩივრების განხილვისას გამოვლენილი პრობლემები.

„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობისა და მკაცრი იზოლირების სახელმწიფო პოლიტიკის პარალელურად, რასაც მძიმე ეკონომიკური კრიზისი ერთვის თან უკმაყოფილო ამომრჩეველთა საპროტესტო ტალღამ შექმნა მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რაც თავისთავად ზიანის მომტანია სახელმწიფოს ინტერესებისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის.

შემაშფოთებელია საოლქო საარჩევნო კომისიებისა და საერთო სასამართლოებში საჩივრების განხილვისას გამოვლენილი პრობლემები. ასევე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებზე უპრეცედენტო რაოდენობით შესწორების ოქმი შედგა. კერძოდ, 507 საარჩევნო უბანზე დაიწერა შესწორების ოქმი (პროპორციული), რაც უბნების 13,18%-ს წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. შედარებისთვის: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 353 (9,57%) იყო. რაც შეეხება მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, 584 საარჩევნო უბანზე დაიწერა შესწორების ოქმი, რაც წარმოადგენს უბნების 15,39%-ს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს მაჩვენებლი იყო 271 (7,46%)“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის პრეზენტაციაზე ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრობლემური იყო ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტები.

„დაზარალდნენ ჟურნალისტების ცესკოს წინ საპროტესტო აქციაზე ძალის გადამეტებით დაშლისას და ეს აქციაც თავისთავად არჩევნების შემდგომ მოჰყვა არჩევნების შედეგებს და არჩევნების მიმდინარეობას ხარვეზებით და დარღვევებით. სამწუხაროდ, ჟურნალისტებზე თავდასხმებს, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაც იწვევს მსგავსი შემთხვევების წახალისებას. ზოგადად, საჭიროა, სახელმწიფომ გამოიძიოს და რეაგირება მოახდინოს ასეთ ფაქტებზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგად, სხვადასხვა უწყებებისთვის რეკომენდაციებიც გამოსცა, მათ შორის, ორგანიზაციას რეკომენდაციები აქვს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, ასევე მედიასაშუალებებისა და საქართველოს მთავრობისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა