სერგი კაპანაძე - ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკების მაგიდა ფაქტობრივად დატოვებული აქვთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკების მაგიდა „ფაქტობრივად უკვე დატოვებული აქვთ“, რადგან „ქართული ოცნების“ მიზეზით, მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ გრძელდება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ოპოზიცია იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკებები შეიძლება განახლდეს, იმ შემთხვევაში, თუ „ქართულ ოცნებას“ საღი აზრი ეყოფა, მაგრამ თუ არ ეყოფა, მოლაპარაკებები შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს, რომლის შედეგიც ერთპარტიული პარლამენტის გაფორმება იქნება.

ამასთანავე, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით ბრძოლას ქუჩიდან გააგრძელებს.

„გამოსავალი არცერთ ცალკე აღებულ სტრატეგიაში არ არის, არამედ არის სტრატეგიებისა და სხვადასხვა ნაბიჯების ერთობლიობაში და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რომელიმე ერთი სტრატეგიით შემოვიფარგლოთ, მაგალითად, მარტო დაუმორჩილებლობით. ჩვენი სტრატეგია რამდენიმე ნაწილისგან შედგება:

პირველი, ეს არის, მათ შორის, მწვავე პროტესტი ქუჩაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რამ, ხშირად მოლოდინი იქმნება ხოლმე, რომ ქუჩის პროტესტი იქნება და ამით შეიცვლება ყველაფერი. არა, ასე არ იქნება, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ პროტესტის.

მეორე, ეს იქნება აქტიური კონტაქტი საზოგადოებასთან და ხალხთან იმის ასახსნელად, რატომ არის დღევანდელი სტატუს- ქვო პრობლემატური, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც ძალაუფლების უზურპირება მოახდინა და სადამდე შეიძლება ეს მივიდეს ქვეყნისთვის. მოსახლეობას ეს კარგად ესმის, მაგრამ ჩვენც უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ და ვაპირებთ ეს გავაკეთოთ, მათ შორის, კარდაკარით, მოსახლეობასთან პირდაპირი შეხვედრებით, რომ ეს კარგად გაიგოს ყველამ. მათ შორის, მედიის გამოყენება, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა და ასევე, სხვადასხვა ტიპის საზოგადოებაში რა პროტესტიც გაჩნდება, ამ პროტესტის მხარდაჭერა შედის სტრატეგიაში.

არ გამოვიყენებთ მხოლოდ პარლამენტს და სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუცია ისეა მოწყობილი, გამარჯვებულს რომ ყველაფერი მიაქვს, ისეთი მოდელი გვაქვს. პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას მარტო ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ ტრიბუნად გამოიყენოს. ოპონირებას სხვაგანაც შევძლებთ. სამი თვეა არ ვმონაწილეობთ საპარლამენტო ცხოვრებაში, ოპოზიციური ხმა დაიკარგა ქვეყანაში ? ანუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ოპოზიციას რა გზავნილის გაჟღერებაც უნდა, ის არ მიდის საზოგადოებამდე? არა, ბუნებრივია, მედიასაშუალებები ჯერ კიდევ იძლევა საშუალებას, რომ ეს მედიუმი იქნას გამოყენებული, არსებობს სოციალური მედია, არსებობს უშუალო მუშაობა საზოგადოებასთან, პარლამენტიდან იქნება ეს განცხადება გაკეთებული თუ ამ ეთერიდან, ამას დიდი მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში, არ აქვს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მან, ამასთანავე, განმარტა, ოპოზიციის პარლამენტში არ ყოფნა ხელისუფლებისთვის მოჩვენებითი კომფორტია და სინამდვილეში ისინიც ხვდებიან, რომ არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მათი პარტიული სტატუსისთვისაც ერთპარტიული პარლამენტი პრობლემას წარმოადგენს.

„ბუნებრივია, ეს არის მოჩვენებითი კომფორტი, როდესაც არავინ არ გეწინააღმდეგება და შიგნით არის სრული ჰარმონია, რა თქმა უნდა, პიროვნულად შეიძლება კომფორტულად არიან, მაგრამ, ბუნებრივია, მათაც ესმით, რომ ქვეყნისთვის და მათი პოლიტიკური ძალის სტატუსისთვისაც, გარეთაც და შიგნითაც უოპონენტო პარლამენტი არის სერიოზული პრობლემა“, - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს