გრიგოლ გეგელია - თუკი „ოცნებას“ სურს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის შეტანა, მას მოუწევს არაუგვიანეს 2022 წლისა რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს

სანამ თავის ფანტაზიებში მყოფი ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პრეტენზიულ ამბიციას გამოთქვამს, ევროკავშირი კვლავ იგივე გადაუჭრელ პრობლემებზე მიგვითითებს: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ, ევროკავშირის ბოლო ანგარიშის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სურს 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის შეტანა, მას მოუწევს ჩაატაროს ახალი, რიგგარეშე არჩევნები არაუგვიანეს 2022 წლისა, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარების დაცვით.

„მისასალმებელია, რომ ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს სახელმწიფოს მიერ გავლილ გარკვეულ პროგრესს საქართველოს ევროპულ კავშირთან ასოცირების პროცესში. თუმცა, ევროპული კავშირის ანგარიში მკაფიოდ მიგვითითებს სერიოზულ ჩავარდნებზე ისეთი ფუნდამენტური მიმართულებებით, როგორიცაა თავისუფალი არჩევნები, მართლმსაჯულების რეფორმა და კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებელთა აზრით, წინასაარჩევნო პროცესსაც და არჩევნების დღესაც ახასიათებდა ზეწოლა ამომრჩეველზე და პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრების აღრევა. დღეს „ქართული ოცნება“ მანიპულირებს 2024 წელს ევროკავშირში საწევრო განაცხადის შეტანის საკითხით, ევროინტეგრაციის დიად მიზანს კი სამწუხაროდ თავისი პარტიულ პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყენებს. ამასობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამგვარ ამბიციას ზურგს არ უმაგრებს ძირეული ცვლილებები ისეთი უმნიშვნელოვანესი და კრიტიკული მიმართულებებით, როგორიცაა დემოკრატია და მართლმსაჯულება. სანამ თავის ფანტაზიებში მყოფი ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პრეტენზიულ ამბიციას გამოთქვამს, ევროკავშირი კვლავ იგივე გადაუჭრელ პრობლემებზე მიგვითითებს: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო. რადგან ცარიელი რიტორიკის პარალელურად, პრაქტიკაში “ქართული ოცნების” პოლიტიკა საქართველოს კვლავ მოჯადოებულ წრეზე დაატარებს, ნახევრად თავისუფალი დემოკრატიით, ჩამოშლილი ინსტიტუტებითა და უსამართლო მართლმსაჯულებით. ევროკავშირი ცხადად აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების წინ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებები მხოლოდ ნაწილობრივ ითვალისწინებდა ეუთო/ოდირის 2018 წლის რეკომენდაციებს.

სწორედ “ქართული ოცნების” მიზანმიმართული ანტი-დემოკრატიული გულგრილობის შედეგია, რომ საქართველოს დღემდე არ გააჩნია სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა. ევროკავშირის თანახმად, მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებითაც. ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული კრიზისული ვითარების შეფასებისას, ევროკავშირი ხელისუფლებას დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, სწორედ ოდირის რეკომენდაციების სრულფასოვანი აღსრულებით, რაც ამ ხელისუფლებას არ განუხორციელებია და როგორც არჩევნების შემდგომი პერიოდი გვაჩვენებს, მის წიაღში არც არსებობს არავითარი დემოკრატიული იმპულსი. საყურადღებოა ევროკავშირის მოწოდება ინკლუზიური დიალოგის თაობაზე, რომელიც თავისთავად გულისხმობს მხარეთა თანადროულ ჩართულობას კრიზისის განმუხტვის პროცესში. მათ შორის, ეს გულისხმობს „ქართული ოცნების“ პროდუქტიულ ჩართულობას კრიზისის გადაჭრის თვალსაზრისით, რასაც სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონია ადგილი, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ გამოუჩენია ადეკვატური, შემხვედრი პოზიცია. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც ევროპული კავშირის დასკვნა ახსენებს სახელმწიფოსა და პარტიას შორის საზღვრების აღრევას, წინასაარჩევნო ზეწოლას მოქალაქეებზე, მართლმსაჯულების სისტემურ ხარვეზებს, ამ ფონზე და ამგვარი პოლიტიკური კონტექსტებში გამორიცხულია ქვეყნის ევროპულ კავშირში ინტეგრირება. თუკი „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სურს 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის შეტანა, მას მოუწევს ჩაატაროს ახალი, რიგგარეშე არჩევნები არაუგვიანეს 2022 წლისა, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარების დაცვით. რადგან მხოლოდ ამ წესით არჩეულ პარლამენტს შეეძლება ქვეყნის ევროპულ კავშირში გაწევრიანება, რაც ვერ მოხდება საზოგადოებრივ ნდობას მოკლებული, ერთპარტიული პარლამენტის დიქტატის პირობებში“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო