აშშ ბირთვული შეთანხმების განახლების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებებში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოხატავს

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მზად არის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ვიდეო შეხვედრაზე გააჟღერა.

„თუ ირანი დაუბრუნდება ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს, შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს და მზად არის, ამ მიზნით ირანთან დისკუსიებში ჩაერთოს”, - ნათქვამია ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების პასუხად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა აღნიშნა, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას.

„ჩვენს მიერ მიღებული ზომები არის პასუხი აშშ / E3-ის [აშშ-ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია] დარღვევებზე. წაშალეთ მიზეზი, თუ შედეგის გეშინიათ, ”- განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ირანი ითხოვს, „ტრამპის მემკვიდრეობის“ დასრულებას, რომელიც ირანის წინააღმდეგ ეკონომიკურ ტერორიზმს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან ქვეყანაში გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმებას შეზღუდავს, იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების სხვა მხარეები არ ითანამშრომლებენ მასთან.

ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-მა ხელშეკრულება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ თეირანმა ბირთვული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. გასული წლის დეკემბერში ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, ურანის 20% -მდე გამდიდრება განაახლოს და ასევე შეაჩეროს გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა