მამუკა არეშიძე - გახარიასა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის იყო საკითხები, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ - ღარიბაშვილთან ასეთი მოუგვარებელი თემები არ არის, მას შეუძლია სიტუაციის ხელში დაჭერა

გიორგი გახარიასა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის იყო საკითხები, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ და ეს გახარიამაც დაადასტურა. ღარიბაშვილსა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის ასეთი მოუგვარებელი თემები არ არის, მას შეუძლია სიტუაციის ხელში დაჭერა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, გახარიას წასვლამ გამოაჩინა უთანხმოება, რომელიც მმართველ ძალაში არსებობს და ამ ნაბიჯით კრიზისის დუღილი შეაჩერა.

„ძალიან მძიმე ვითარებაა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შეეძლო აქამდე არ მიეყვანა სიტუაცია. თავი იჩინა იმ დაპირისპირებამ და მიუღებლობამ, რომელიც პოლიტიკაში არის. რაც დრო გადის, სამწუხაროდ, ქვეყნის აქტუალური პრობლემები ნელ-ნელა მეორე ფლანგზე გადადის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიურია ოპოზიცია, რომელიც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ამტკიცებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, მაგრამ არ გვეუბნება მოსვლის შემთხვევაში რა ტიპის ნაბიჯების გადადგმას აპირებს. რაც შეეხება გახარიას წასვლას ამ ფორმით, ამ წასვლამ გამოაჩინა უთანხმოება, რომელიც მმართველ ძალაში არსებობს. მეორეს მხრივ გახარიამ თავისი ნაბიჯით კრიზისის დუღილი შეაჩერა“, - აღნიშნა არეშიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, დაპირისპირება, რომელიც გახარიასა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის არსებობდა, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია კონსოლიდაციით მოაგვაროს, რადგან ღარიბაშვილსა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის მოუგვარებელი თემები არ არსებობს.

„ღარიბაშვილი ითვლება „ქართული ოცნების“ გუნდში ხისტ პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია სიტუაციის ხელში დაჭერა, რომელსაც შეუძლია კონსოლიდაცია მოახდინოს გუნდში. გახარიასა და ხელმძღვანელობას შორის იყო საკითხები, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ და ეს გახარიამაც დაადასტურა. ღარიბაშვილსა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის ასეთი მოუგვარებელი თემები არ არის. ღარიბაშვილი როგორც კი წავიდა, ის თემები, რომელიც დაკავშირებული იყო სანათესაოსთან, დამთავრდა და ის ადამიანები ახლა მასთან ერთად ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. ღარიბაშვილის მიზნები უნდა იყოს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორება, რაც თქვა მან კიდევაც. პანდემიის პროცესი და ეკონომიკური ვარდნის შეჩერება და სხვა, მაგრამ აქ საუბარია იმაზე სტრუქტურულად რამდენად მოახერხებს ამის გაკეთებას. მას უფრო შეუძლია სახელისუფლებო პარტიული ვერტიკალი გააძლიეროს. საზოგადოების დიდი ნაწილი დაიღალა ამ პოლიტიკური თამაშებით, მას სჭირდება სარგებელი ნახოს და ქვეყანა იყოს ძლიერი. ეს უნდა საზოგადოებას და არა დაუმთავრებელი პოლიტიკური თამაშები, რომლის მთავარი რეჟისორი ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი არის“ , - განაცხადა არეშიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა