მიხეილ ჩხენკელი - დისტანციური სწავლების დანერგვის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მოწონება დაიმსახურა

Covid-19-ის პრევენციისა და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, დისტანციური სწავლების დანერგვის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მოწონება დაიმსახურა, - ამის თაობაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის გამართვის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შესთავაზა, მათ შორის, Microsoft Teams და Feedc Edu. ასევე, Teams-ში ინტეგრირდა პლატფორმა el.ge, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი და დაინერგა ელექტრონული ჟურნალი, რომლის სისტემური განვითარება აქტიურად მიმდინარეობს.

მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით შექმნილ პროექტ „ტელესკოლაზე“, რომელიც 2020 წლის 30 მარტიდან ხორციელდება და ყველა საფეხურის მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, ტელეგაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე და საგნები ისწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.

“მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში BBC-მ მოსწავლეებს „ტელესკოლა“ 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა. შესაბამისად, საქართველოს განათლების სისტემაში 10 თვით ადრე დაინერგა ის, რაც დიდ ბრიტანეთში 2021 წლიდან დაიწყო. ზოგადი განათლების შესახებ კანონმა დისტანციური სწავლება განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარა და 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი. გარდა ამისა, 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების დასაძლევად, სამინისტროს ინიციატივით, ინტერნეტ პროვაიდერებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეღავათიანი ინტერნეტპაკეტი შესთავაზეს. დისტანციური სწავლების უკეთ წარმართვის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლებისთვის ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და მათი გადამზადება დისტანციური სწავლებისათვის. ზოგადი და პროფესიული მასწავლებლებისთვის ჩატარდა 130 ვებინარი, რომელშიც 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი „დისტანციური სწავლება Microsoft სერვისების გამოყენებით“ 16 000-მდე მასწავლებელმა გაიარა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა