მიხეილ სარჯველაძე - პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიების მიზანი სამართლის აღსრულება იყო - სამართლის აღსრულებას არც ერთ სხვა უფლებაზე არანაკლები ღირებულება გააჩნია

პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიების მიზანი სამართლის აღსრულება იყო - სამართლის აღსრულებას არც ერთ სხვა უფლებაზე არანაკლები ღირებულება გააჩნია, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ნიკა მელიას დაპატიმრების ოპერაციაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წესრიგის დამყარება ის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რასაც ეფუძნება მთლიანად სახელმწიფო და მისი სამართალი.

„ვფიქრობ, შს სამინისტრომ ყველა ზომა მიიღო, რაც შეიძლება მცირე ყოფილიყო ზიანი, თუკი წინააღმდეგობის გაწევას ექნებოდა ადგილი. კითხვა, რაც შეიძლება დაისვას რომელიმე კონკრეტული ღონისძიების, ქმედებების მართლზომიერებასთან ან მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, შესაძლებელია ამაზე გაიმართოს მსჯელობა. არ მგონია, ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრობასთან გვქონდეს საქმე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველამ ერთად ვიხილეთ, პროკურატურის არაერთი მცდელობა, არაერთი მოწოდება, გამოეყენებინა შესაძლებლობა და თავად არ მიეღო გადაწყვეტილება საკუთარი პატიმრობის შესახებ. სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ითარგმნება, როგორც მელიას პირდაპირი დაუმორჩილებლობა სამართლებრივი წესრიგის მიმართ, რაც ვერ იქნებოდა შეწყნარებული ვერც ერთი სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გარკვეული ემოციური ტალღა არსებობს და პირველი, საწყისი მოცემულობაა, რომ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ოპერაციის შედეგად დააკავეს.

„დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც ყველა გარემოება და დეტალი გახდება ცნობილი, რაც ამ ფაქტს უძღვოდა წინ, მათი დამოკიდებულება და შეფასებები თვისობრივად შეიცვლება", - დასძინა სარჯველაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი