ქვეყნის დასუსტება, გახლეჩა და ერთმანეთზე გადაკიდება - როგორ შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა საქართველოში შექმნილი კრიზისით
ღარიბაშვილმა ბიზნესის გული უკვე მოიგო - შეზღუდვების გაუქმებამ ყველას იმედი გაუჩინა
* * *
ქვეყნის დასუსტება, გახლეჩა და ერთმანეთზე გადაკიდება - როგორ შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა საქართველოში შექმნილი კრიზისით
“საქართველოში განვითარებული მოვლენები, საერთაშორისო საკითხთა ექსპერტთა მოსაზრებით დამფიქრებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ ვითარების დესტაბილიზაციით შესაძლოა მხოლოდ რუსეთმა ისარგებლოს. მათი აზრით, ოკუპანტ ქვეყანას შეუძლია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება გამოიყენოს და მოახერხოს მმართველობის სისტემის და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლა, შეასუსტოს შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და გააძლიეროს საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობები. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთი ამ სიტუაციით ისარგებლებს და შეეცდება საინფორმაციო ომის საშუალებებით საქართველოში პრორუსული განწყობები გააძლიეროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქვეყნის დასუსტება, გახლეჩა და ერთმანეთზე გადაკიდება - როგორ შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა საქართველოში შექმნილი კრიზისით.
“ბუნებრივია, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოში შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს. თუ პოლარიზაცია გაგრძელდება, ზედმეტი ძალისხმევაც აღარ დასჭირდება და ჩვენივე ხელით გავაკეთებთ იმას, რაც უნდა - ქვეყნის დასუსტება, გახლეჩა და ერთმანეთზე გადაკიდება. ამ სიტუაციაში ყველაზე მოგებული რჩება რუსეთი, მას შეუძლია აამუშაოს რუსული პროპაგანდა და ისე წარმართოს, რომ წარმოაჩინოს თითქოს საქართველოს არანიარი პერსპექტივა არა აქვს არც ნატოში გაწევრიანების და არც ევროპასთან ინტეგრაციის. ანუ, ელემენტარულად არჩევნებს ვერ ატარებენ და ასეთი ქვეყანა როგორ შეიძლება მიიღონ ნატოში ან ევროკავშირშიო. ასევე, საზოგადოების ნაწილში გაზარდოს პრორუსული განწყობები...”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
"ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ორივე მხრიდან უნდა იყოს მზაობა კომპრომისისკენ. ამის რამდენიმე გზა არსებობს - მაგალითად, შეიქმნას კოალიციური მთავრობა და ოპოზიცია შედის პარლამენტში. ან დანიშნოს ახალი არჩევნები და არჩევნების ბედი ხალხმა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ორივე ამ ნაბიჯის განხორციელება მარტივი არ იქნება, მაგრამ ამისკენ უნდა იყოს მისწრაფება, თუმცა, ბოლო დღეების რიტორიკიდან გამომდინარე ეს მისწრაფება არ ჩანს. ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტიებში უნდა ჩამოყალიბდეს კომპრომისების კულტურა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში აუცილებელია. თუ გადავხედავთ უცხო ქვეყნების პოლიტიკური პარტიების გამოცდილებას, კომპრომისების კულტურა მაღალია, პარტიები ერთმანეთის მეტოქეები არიან, მაგრამ ერთმანეთს არ ანადგურებენ”, - დასძენს კაკაჩია.
“ანუ კონკურენცია არ უნდა გადაიზარდოს ერთმანეთის განადგურებაში. ეს მენტალობა უნდა შეიცვალოს; განსხვავებული აზრების მიუხედავად პარტიებმა უნდა შეძლონ საერთო ენის გამონახვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” - თქვა კორნელი კაკაჩიამ. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, რუსეთი დაინტერსებულია საქართველოში დესტაბილიზაციით და ცდილობს ხელი მოითბოს იმ დაძაბულობით, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, ანუ გაატაროს “დაშალე და იბატონეს” პოლიტიკა”, - წერს სტატიის ავტორი.
“რუსეთის ძირითადი მიზანი არის ფარულად ხელი შეუწყოს ხელისუფლებაში იმ ძალების ყოფნას, რომლებიც მისთვის მისაღებია. მისი ამოცანაა, შექმნილი ვითარებით ისარგებლოს, ხელი მოითბოს იმ დაძაბულობით რომელიც დღეს საქართველოშია და გაატაროს “დაშალე და იბატონეს” პოლიტიკა. მეთოდებს, რომელსაც ის იყენებს, იქნება ეს საინფორმაციო პროპაგანდა თუ სხვა გააორმაგებს, რათა სახელმწიფო დაასუსტოს” - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
ღარიბაშვილმა ბიზნესის გული უკვე მოიგო - შეზღუდვების გაუქმებამ ყველას იმედი გაუჩინა
“საქართველოში შეზღუდვების ელვისებური მოხსნის ეტაპი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მობრუნებამ ბიზნესს შანსი გაუჩინა, რადგან მან მოსვლიდან 2 დღეში რეგულაციები ერთი ხელის მოსმით გააუქმა. ბიზნესის წარმომადგენლებს უკვე იმედი გაუჩნდათ, რომ გაკოტრებამდე მიყვანილი სექტორების ამუშავებას და გაცოცხლებას მალე მოახერხებენ. ხანგრძლივი ჩაკეტვის შემდეგ, 25 თებერვლიდან იხსნება სასტუმრეობი, სამთო კურორტები (საბაგირეობი 8 მარტიდან), ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. მუნიციპალური ტრანსპორტი კი 27 თებერვლიდან მოყოლებული შაბათ-კვირასაც იმუშავებს. რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1-ლი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ საქართველოში - 8 მარტიდან (შაბათ-კვირის გარდა), - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ღარიბაშვილმა ბიზნესის გული უკვე მოიგო - შეზღუდვების გაუქმებამ ყველას იმედი გაუჩინა / კომენდანტის საათის შემსუბუქებაზეც მიდის მუშაობა, რომელიც მეორე და მესამე ეტაპებზე ამოქმედდება.
“კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება 1-ლი მარტიდან, ხოლო 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები. საბავშვო ბაღები სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან 1-ლი მარტიდან, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კი - 15 მარტიდან. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ლი აპრილიდან; არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან; ქვეყანაში არსებული ბიზნეს ასოციაციები ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. როგორც საქართველოს ბიზნესის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, მთავარია რეალური პერსპექტივა გაჩნდეს და ქვეყანაში არსებული ბიზნეს სექტორები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გაცოცხლებას შეძლებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მთავარი ის არის, რომ პერსპექტივა გაჩნდეს. რაღაც ოპტიმისტური განწყობა შეიქმნას, რომ ხვალ და ზეგ სარესტორნო ბიზნესი ნელ-ნელა გაცოცხლდება, ასევე სასტუმროები. სპორტული დარბაზები 15 მარტიდან თუ განაახლებენ მუშაობას, ესეც გაცოცხლდება და ა.შ. კარგია, რომ შაბათ-კვირის საკითხი ბაზრობებზე და მოლებზე მოიხსნა და აღარ იქნება პრობლემა. შეზღუდვა, რომელიც ჯერაც ძალაშია, უკავშირდება კომენდანტის საათს. იგი გარკვეულწილად შეიძლება იყოს პრობლემა და იმედი მაქვს, ეს საკითხიც მალე გადაიხედება, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ მარტის თვეში მივიღებთ. კომენდანტის საათის ძირითადი პრობლემა მაინც უკავშირდება თანამშრომლების სახლებში დროულ წასვლას და ასევე, დამატებით ე.წ. ტრაფიკს, რომელიც ქალაქში იქმნება საღამოს 7-8 საათის მიდამოებში. არის საცობები და ხალხთა დიდი ნაკადი სწორედ ამ შეზღუდვის გამო. ბუნებრივია, ბიზნესისთვის ესეც წნეხია და სჯობს, სულ მცირე ერთი საათით, იდეალურ შემთხვევაში კი 2 საათით გადაიწიოს გადაადგილების შეზღუდვის დაწყების დრომ. ამით კომპანიებს და მათ თანამშრომლებს წნეხი მოეხსნებათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ვეფხვაძე.
“ბიზნესის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია კომენდანტის სააათის გადაწევას ითხოვენ, თუმცა მათ ეს მოთხოვნა არც ახალმა მთავრობამ დაუკმაყოფილა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია და მისი შენარჩუნება ჯერჯერობით მნიშვნელოვანია. ბიზნესს კი ამ რეალობასთან იძულებით შეგუება უწევს, თუმცა ამ ეტაპზე, მათი წარმომადგენლები მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, რადგან შეზღუდვების გაუქმებით, ისინი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ, მართალია შეზღუდული დროით, მაგრამ მაინც. პრემიერის გადაწყვეტილებას მიესალმება რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძეც, რომელიც ადასტურებს, რომ დარჩენილი შეზღუვების მოხსნაც ეტაპობრივად იგეგმება, რაც შაბათ-კვირას მუშაობას და კომენდანტის საათის გადაწევას გულისხმობს”, - დასძენს გამოცემა.
“ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯია, თანაც შეთანხმებული. ამ თემაზე ჩვენი ასოციაცია დიდი ხანია მთავრობასთან მუშაობს. არსებობს მსოფლიო პრეცენდენტები, სადაც კომენდანტი 22:00 და 23:00 საათზე იწყება. ყოველ შემთხვევაში, მაგალითად, ობიექტები იხურება 22:00-ზე და კომენდანტი იწყება 23:00 საათზე და ადამიანები ნორმალურად ბრუნდებიან თავიანთ სახლებში. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ არის და სწორედ ამიტომ ხდება, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხალხმრავლობაა, ფაქტობრივად, ჭედვაა. ეს სიტუცია მოიხსნებოდა, თუკი მინიმუმ 1 ან 2 საათის გადაიწეოდა გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედება. ამაზე ნამდვილად მიდის მუშაობა, რომელიც მეორე და მესამე ეტაპებზე ამოქმდდება. ღია სივრცეების გახსნა, ეს ეკონომიკის გახნის პირველი ფაზა იყო. ახლა, მეორე და მესამე ეტაპიც იგეგმება, რომელიც გულისხმობს შაბათ-კვირის ამუშავებასა და კომენანტის საათის გადაწევას. ამ ყველაფერს ერთად ვერ მოხსნიდნენ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გაართულებდა მდგომარეობას. ახლა კი დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას კოტე გაბრიჩიძე.