ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, რამოდენიმე დღეა ყველაზე განხილვადი თემა ის ჩანაწერებია, რომელიც ტვ პირველმა გაავრცელა და რომლის ფიგურანტები სავარაუდოდ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილია.

ხელისუფლების მხარდამჭერების ნაწილი და მათი ოპონენტები სხვადასხვა მოტივაციით მოითხოვენ გამოძიების დაწყებას, იმის გარკვევას ავტენტურია თუ არა იგი. ასევე იმის დადგენას გავრცელებული მასალა მხილებაა თუ წილისწამება, ანუ განზრახ სიცრუის ტირაჟირება.

ახლა ბევრი ფარული ჩანაწერის გამავრცელებელ ტელევიზიას ადანაშაულებს. უმეტესობა იმაზე ამახვილებს ყურადღებას თუ როდის იქნა იგი გავრცელებული, იგულისხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყება.

ჩვენ ამ თემასაც შევეხებით, მანამდე კი კითხვას ასე დავსვამდი - თქვენი აზრით, როგორი იქნება მომხდარზე ხელისუფლების პასუხი - გაქვთ მოლოდინი, რომ ამ საქმეზე პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში როგორც მინიმუმ მასალის აუტენტურობას დაადგენს?

- ხელისუფლებას დღემდე არ დაუდგენია არც ერთი ფარული ჩანაწერის არც ავთენტურობა, არც რეალური დამკვეთი და არც რეალური ჩამწერი თუ გამავრცელებელი. ეს მის ინტერესში არ არის.

პირიქით, პირდაპირ ვიტყვი - რუსეთი „ქართული ოცნების“ ხელით აწარმოებს და იგებს ბრძოლას საქართველოს მოსახლეობის ტვინებისთვის - საზოგადოების მორალური და ღირებულებითი ფასეულობების დანგრევის, ტოტალური უიმედობის დანერგვის, გამოუვალობის, დაუცველობის და უსუსურობის შეგრძნების გავრცელების, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფის, ავტორიტეტების ნგრევის გზით.

მთელი ეს წლები „ოცნების“ ხელისუფლება აქტიურად იყენებდა ფარული ჩანაწერების გავრცელებას ადამიანების ავტორიტეტის შერყევის, მათი დაშინების და კონტროლის მიზნით, როგორც „ნაციონალური“ ხელისუფლების დროს გადაღებულს, ასევე „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩაწერილს და ახლა ეს მას ბუმერანგად მიუბრუნდა.

მთელი ეს წლები „ოცნების“ ხელისუფლება აქტიურად იყენებდა ფარული ჩანაწერების გავრცელებას ადამიანების ავტორიტეტის შერყევის, მათი დაშინების და კონტროლის მიზნით, როგორც „ნაციონალური“ ხელისუფლების დროს გადაღებულს, ასევე „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩაწერილს და ახლა ეს მას ბუმერანგად მიუბრუნდა

მიზანი, როგორც აღვნიშნე იყო, ერთის მხრივ, საზოგადოების დატოვება ავტორიტეტების, მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ადამიანების გარეშე, რათა ყველა გადამწყვეტ მომენტში ამომრჩეველს ეთქვა - კი ბატონო, „ოცნება“ ცუდია, მაგრამ გვაჩვენეთ ვინ არის უკეთესი.

სხვა თემაა, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილსაც არ აღმოაჩნდა თვითკრიტიკის და თვითგანახლების უნარი, რომ მორალურად გაცვეთილი ლიდერები გამდგარიყვნენ გვერდზე და გზა მასობრივად ახალი თაობისთვის დაეთმოთ ანუ გადაესინჯათ საკუთარ პარტიებში დამკვიდრებული არადემოკრატიული მართვის სტილი. ოპოზიციის უკეთეს ალტერანტივად ვერაღქმა კი „ოცნების“ მიერ დანთებულ იმედგაცრუების ცეცხლს ნავთს ასხამდა და ასხამს.

მეორეს მხრივ, „ოცნების“ მიერ საკუთარი საზოგადოების ფსიქოლოგიური ტერორის მიზანი იყო აქტიური სამოქალაქო პოზიციის ადამიანების დაშინება - როგორც კი პრობლემად გვექცევით, ცას ჩამოგამხობთ თავზე, თქვენზე არსებული თუ არასებული ჩანაწერების თუ ფეიკ-ნიუსების გავრცელების გზით.

ამას ბოლო წლებში „ოცნებამ“ დაუმატა ტროლების და ბოტების არმია, რომელსაც იყენებს არასასურველ პერსონებზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელების და ისევ და ისევ მათი ავტორიტეტის შერყევის მიზნით.

ამ საქმეში რუსული და ქართული „ოცნების“ ინტერესები დიდის მონდომებით ემთხვევა ერთმანეთს - ორივეს სჭირდება ძალაგამოცლილი, დემორალიზებული და ავტორიტეტების გარეშე დარჩენილი, მარტივ მამრავლებად დაშლილი და ერთმანეთზე წაკიდებული ქართული საზოგადოება და მიიღეს კიდეც.

მოკლედ რომ შევაჯამოთ - დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ხელში ყველაზე ეფექტური იარაღია საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ საბრძოლველად.

რის გამოძიებაზე ვსაუბრობთ საერთოდ, როცა ხელისუფლების აპოლოგეტებმა ამ ჩანაწერების გასაჯაროებისთანავე დაანონსეს ფარული ჩანაწერების ომის ოფიციალური დაწყება - ახლა გვიყურეთ ჩვენ რა ჩანაწერები გამოვყაროთო, ღიად, მოურიდებლად გამოაცხადეს.

რის გამოძიებაზე ვსაუბრობთ საერთოდ, როცა ხელისუფლების აპოლოგეტებმა ამ ჩანაწერების გასაჯაროებისთანავე დაანონსეს ფარული ჩანაწერების ომის ოფიციალური დაწყება - ახლა გვიყურეთ ჩვენ რა ჩანაწერები გამოვყაროთო, ღიად, მოურიდებლად გამოაცხადეს

- დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. თუ ის ამას არ გააკეთებს, ავნებს საკუთარ რეპუტაციას.

თუ დადგინდა ჩანაწერის ავტენტურობა, ამის შემდეგ სავარაუდოდ მოვლენათა განვითარების რა სცენარებია მოსალოდნელი?

- ვინ უნდა დაადგინოს ამ ჩანაწერის ავთენტურობა?! ხელისუფლებამ რაც არ უნდა თქვას, მას მის მიერვე დახლეჩილი საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილი ენდობა, მეორე - არა. ახლა რთულია მოვლენების პროგნოზირება. დღეს ხელისუფლება ემოციურ ნოტაზეა გადაწყობილი და მისგან ყველაზე ირაციონალური ნაბიჯებიც კია მოსალოდნელი.

ტრადიციულ შემთხვევაში „ოცნება“ დროის გაყვანას მიმართავდა. ეს „ოცნების“ გამოცდილი და და ეფექტური ხერხი იყო აქამდე - დროში გაეწელა პროტესტი მანამ, სანამ ემოციური მუხტი არ ჩაქრებოდა და მერე მშვიდად გაგერძელებინა საკუთარი საქმის კეთება.

მოვლენათა ასეთი განვითარებით, მორიგი უშედეგო პროტესტით და წაგებების სერიით ოპოზიციურ ელექტორატში უიმედობის და უსუსურობის განცდა კიდევ უფრო ღვივდებოდა და ხელისუფლებაც, მორიგ შეცდომამდე, მშვიდად იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას.

დღეს ამ ჩანაწერმა „ოცნებას“ იმგვარი დარტყმა მიაყენა, როგორც მისმა ცხრაწლიანმა, რუსეთთან კაპიტულანტურმა და საკუთარ კომფორტზე ორიენტირებულმა მმართველობამ, ჯამურად. სამწუხაროა, რომ დღეს სიტუაციის რაციონალურად შემფასებელი, ხელისუფლებაში ძალიან ცოტა დარჩა.

დღეს ამ ჩანაწერმა „ოცნებას“ იმგვარი დარტყმა მიაყენა, როგორც მისმა ცხრაწლიანმა, რუსეთთან კაპიტულანტურმა და საკუთარ კომფორტზე ორიენტირებულმა მმართველობამ, ჯამურად. სამწუხაროა, რომ დღეს სიტუაციის რაციონალურად შემფასებელი, ხელისუფლებაში ძალიან ცოტა დარჩა

არსებულ სიტუაციაში მთავარ გამოწვევად კი ის მიმაჩნია, რომ განვლილი 9 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საზოგადოების დიდ ნაწილს განახლებული და ღირებული ალტერნატივა ვერ შესთავაზა, რაც „ოცნების“ ხელისუფლების გაგრძელების ერთადერთი საფუძველია.

- 3. რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ამ მასალის გავრცელების დროდ ის დრო შეირჩა, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო?

მასალების გავრცელება „ნაციონალებს“ ბრალდებათ, რომლებსაც არ სურთ მათ გარეშე სედგეს ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება და იმავე ნაწილის პარლამენტში შესვლა...

- ვერ გეტყვით, ეს რომ ვამტკიცო ფაქტები უნდა გვქონდეს. ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ რომ პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა. პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო - ჰკითხონ თავის დასავლელ, დემოკრატ კოლეგებს - ასეთი რამ საკუთარ ქვეყნებში რომ მოესმინათ, ჩაატარებდნენ თუ არა პლებისციტს კითხვით - დარჩეს თუ არა ეს ხელისუფლება სათავეში კიდევ 4 წელიწადს თუ მაშინვე გადააყენებდნენ მთავრობას ან მინიმუმ შეუჩერებდნენ უფლებამოსილებას გამოძიების დასრულებამდე?!

რა თქმა უნდა, არც ერთი ჯანსაღი საზოგადოება ამ ჩანაწერების შემდეგ ასეთ ხელისუფლებას აღარ იგუებდა, სხვა თუ არაფერი, თვითგადარჩენის და უსაფრთხოების ინსტინქტი ამუშავდებოდა - ასეთი ხელისუფლება საშიშია უპირველესად მისსავე მოქალაქეებისთვის. მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე.

პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა... ასეთი ხელისუფლება საშიშია უპირველესად მისსავე მოქალაქეებისთვის. მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე

- თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს ამ მასალის გავრცელება შიდა პოლიტიკაზე და თუნდაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასაწყებ მოლაპარაკებებზე, რამაც მხარეები შეთანხმებამდე უნდა მიეყვანა? ვხედავთ, რომ შარლ მიშელის მიერ დატოვებულ 6 პუნქტიან საკითხებზე მხარეების პოზიციებში აზრთა სხვადასხვაობა კვლავ ნარჩუნდება.

უკვე ცხადად ჩანს, რომ პლებისციტისა და ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებში მხარეები ვერ თანხმდებიან. გაქვთ მოლოდინი, რომ ეს პროცესი ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება?

- „ოცნებამ“ სერიოზული დარტყმა მიიღო ამ ჩანაწერებით, თუმცა, როგორც აღვნიშნე, მისგან რაციონალური მოქმედებების იმედი არ მაქვს. მეორე მხრივ, დასავლეთს კიდევ უფრო აეხილება თვალები ვისთან აქვს საქმე რეალურად „ოცნების“ ხელისუფლების სახით - არა მხოლოდ ამ ჩანაწერებით, არამედ მასზე ხელისუფლების რეაგირებითაც, რომ ვითომ არაფერი, ისე აგრძელებს საქმიანობას და თავში არავის მოსდის აზრად, რომ მთავრობის გადადგომა მოითხოვოს.

წესით დასავლეთი ახლა უფრო მძაფრად უნდა მიხვდეს, რომ რეგიონში მისი ძირითადი დასაყრდენი - საქართველო - სასწრაფოდ ამ ხელისუფლებისგან დახსნას საჭიროებს და ამის ერთადერთი კანონიერი გზა - რიგგარეშე არჩევნებია. მოკლედ, დასავლეთის ფაქტორი იქნება გადამწყვეტი - როგორ და რა გზებით დაითანხმებენ „ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნებზე.

წესით დასავლეთი ახლა უფრო მძაფრად უნდა მიხვდეს, რომ რეგიონში მისი ძირითადი დასაყრდენი - საქართველო - სასწრაფოდ ამ ხელისუფლებისგან დახსნას საჭიროებს და ამის ერთადერთი კანონიერი გზა - რიგგარეშე არჩევნებია. მოკლედ, დასავლეთის ფაქტორი იქნება გადამწყვეტი - როგორ და რა გზებით დაითანხმებენ „ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნებზე

3 მარტს ბაიდენის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების გზამკვლევი გამოაქვეყნა, სადაც სამ ძირითად ნაციონალურ მიზანს შორის მსოფლიოში დემოკრატიის დაცვა-განმტკიცება კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ეს შანსია საქართველოსთვის, ისევე როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის შეკავების ხედვა.

რუსული წყაროები აქვეყნებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის თებერვალში შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს განხილული იყო იდეა უკრაინულ-ქართულ-მოლდოვური სამხედრო კავშირის თაობაზე.

რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია, ფაქტი გახლავთ ის, რომ რუსები ამის ალბათობას უშვებენ და მოსწრებზე არიან. სამაგიეროდ, დადასტურებული ფაქტია ის, რომ უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში „ნატოს“ ათი სამხედრო თვითმფრინავის და სხვა სამხედრო ტექნიკის მუდმივად, ხოლო 4000 ჯარისკაცის, მათ შორის 2000 ამერიკელის ხანგრძლივად ყოფნას.

მართალია ფორმალურად ეს უკრაინა-ნატოს ერთობლივი სწავლების ეგიდით გაკეთდა, მაგრამ „ნატოს“ ასეთი დოზით უკრაინაში ყოფნის რეალურ შინაარს ჩვენი მკითხველი იოლად მიხვდება.

აღარაფერს ვამბობ, ევროკავშირის უჩვეულოდ აქტიურ პოზიციაზე საქართველოს მიმართ მიშელის ვიზიტის და ინიციატივების სახით.

ასე რომ, საქართველოს დასავლეთის პრიორიტეტების სახით დიდი კოზირი უჭირავს ხელთ. სხვათა შორის, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ შარლ მიშელმა, როგორც სოციალურ ქსელებში იწერება, ბოლო შეხვედრისას საქართველოს პოლიტიკურ სპექტრთან ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს წინ უდიდესი საგარეო პოლიტიკური საფრთხეები და გამოწვევები ელოდება და რომ ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად თვეები გვაქვს დარჩენილი და მანამდე შიდა პრობლემების მოგვარება უნდა მოვასწროთ.

თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გვსტუმრობდა და საუბარი აუცილებლად შეეხებოდა „ექვსთან კავშირში“ - თურქეთი, ირანი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო - ჩვენი შესვლის საკითხს, ნათლად დავინახავთ, მართლაც რა გზაგასაყრაზე, ლამის ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას საქართველო.

ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ქვეყანას ჰყავდეს კოალიციური ხელისუფლება, რომელიც კაპიტულანტურ დამოკიდებულებაში არ არის რუსეთთან და დასთანხმდება ხელისუფლების რეალურ დანაწილებას და ფუნდამენტურ დემოკრატიულ რეფორმებს.

ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ქვეყანას ჰყავდეს კოალიციური ხელისუფლება, რომელიც კაპიტულანტურ დამოკიდებულებაში არ არის რუსეთთან და დასთანხმდება ხელისუფლების რეალურ დანაწილებას და ფუნდამენტურ დემოკრატიულ რეფორმებს

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია.

16 მარტი, რიცხვი, როცა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში უნდა ჩავიდეს და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პრობლემატიკა უნდა განიხილოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს უნდა შეხვდეს, მალე დადგება.

სავარაუდოდ, რა წინადადებებს ჩაიტანს და რას ჩამოიტანს პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელიდან?

- ხელისუფლება თუ ისევ ქუჩაში ხალხის რაოდენობით გაზომავს კომპრომისებზე წასვლის საჭიროებას, მაშინ არც არაფერს ჩაიტანს და ჩამოიტანს.

რეალისტები თუ ვიქნებით, საქართველოში რეალური ცვლილებების ალბათობა, პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სჭირდება საქართველო დასავლეთს ამ რეგიონში როგორც პარტნიორი, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, როგორც საჩვენებელი ნიმუში ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, იმისა, რომ ის მართლაც ასრულებს სიტყვას, როგორც დემოკრატიების დამცველი მსოფლიოში და ყველაფერს გააკეთებს საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.

რეალისტები თუ ვიქნებით, საქართველოში რეალური ცვლილებების ალბათობა, პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სჭირდება საქართველო დასავლეთს ამ რეგიონში როგორც პარტნიორი, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, როგორც საჩვენებელი ნიმუში ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, იმისა, რომ ის მართლაც ასრულებს სიტყვას, როგორც დემოკრატიების დამცველი მსოფლიოში და ყველაფერს გააკეთებს საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად

ობიექტურობისთვის აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დასავლეთისთვის საქმეს ართულებს აქ იმგვარი ოპოზიციის არარსებობაც, რომლის, სულ მცირე, უვნებლობის თაობაზეც საზოგადოების უდიდეს ნაწილში შეთანხმება იქნებოდა მიღწეული.

ოპოზიციური სპექტრი, რომლისაც საზოგადოების ერთ ნაწილს ეშინია, მეორე ნაწილს ნდობა აქვს დაკარგული, მესამე ნაწილში - გამარჯვების რწმენას ვერ აღვივებს, დასავლეთშიც კითხვის ნიშნებს აღძრავს.

აქ გამოსავალი ერთია - როგორც საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთმაც უნდა მიიღოს მყარი გარანტიები იმისა, რომ მომავალი ხელისუფლება იქნება ა) კოალიციური; ბ) გაატარებს ფუნდამენტურ რეფორმებს ხელისუფლების რეალური დანაწილების, განსაკუთრებით სასამართლოს დამოუკიდებლობის და სრულყოფილი თვითთმმართველობის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის გზით; გ) არ იქნება რევანშისტი და დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებებს და თავისუფლებებს, რა თქმა უნდა პარტიული კუთვნილებისგან განურჩევლად; დ) აუცილებლად უარს იტყვის სიძულვილის ენაზე, საზოგადოების დაქსაქსვაზე, მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ტერორზე, ჩანაწერების წარმოებასა და გავრცელებაზე, ტროლებისა და ბოტების ამაზრზენ საქმიანობაზე.

გასაგებია, რომ ეს ყველაფერი კანონით უნდა რეგულირდებოდეს, ჰოდა სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ჯერ შიგნით გვჭირდება ერთგვარი მემორანდუმი პოლიტიკურ ძალებს შორის, პოლიტიკური სპექტრის ერთგვარი ხელშეკრულება ხალხთან, სადაც ის საქართველოს ამომრჩეველს მისცეს გარანტიებს რომ მიიღებს საკანონდმებლო ცვლილებებს ზემოთჩამოთვლილი საკითხების გარშემო და განუხრელად შეასრულებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

ამასთან, უკიდურესად სასურველია, პოლიტიკურ სივრცეში ახალი ძალების შემოსვლა, რადგან არსებული პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის შიდა პარტიული მართვის სტილი საფუძველშივე გამორიცხავს ყოველგვარ დემოკრატიას, ამიტომ რატომ გვიკვირს, როცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავით ეშვებიან ავტორიტარიზმში.

უკიდურესად სასურველია, პოლიტიკურ სივრცეში ახალი ძალების შემოსვლა, რადგან არსებული პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის შიდა პარტიული მართვის სტილი საფუძველშივე გამორიცხავს ყოველგვარ დემოკრატიას, ამიტომ რატომ გვიკვირს, როცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავით ეშვებიან ავტორიტარიზმში

- ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, „ნაცმოძრაობა“ რევოლუციისთვის მზადებას აგრძელებს, რისთვისაც დეზინფორმაციით კვებავს საზოგადოებას. სახეზე გვაქვს სახელისუფლებო და ოპოზიციის მხარდამჭერ მედიებს შორის საინფორმაციო ომი.

ხელისუფლების მხარდამჭერების მტკიცებით, ოპოზიციური პროპაგანდა ხალხზე არ მოქმედებს. უფრო პირიქით. ოპოზიციის მხარდამჭერებიც იგივეს ამბობენ - სახელისუფლებო პროპაგანდა არ მოქმედებს, უფრო პირიქით.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება რომ ხალხი ორივე მხარის საინფორმაციო საშუალებებს კი უყურებს, მაგრამ რეალურად ვის გულშემატკივრობენ, ამის თქმა ჭირს, რადგან ორივე მხარე ცდილობს ხალხი მათთვის სასარგებლო ვირტუალურ სივრცეში ამყოფოს. ვხედავთ იმასაც რომ ამას ორივე მხარე მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს.

თუ ასე გაგრძელდა, საშინაო პოლიტიკაში რომ კარგი არაფერია მოსალოდნელი, სულ უფრო ცხადად ჩანს. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ რეაგირებდა კანონზე, რეგირებდა მხოლოდ ქუჩის პროტესტზე, ხალხის ფართო მასების ქუჩაში გამოსვლაზე. ეს ხელისუფლებაც, რყევების მიუხედავად, არც იფიქრებს რეალურ ცვლილებებზე, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებზე, სანამ ქუჩიდან მისი შეცვლის რეალურად საშიშროებას არ დაინახავს ან დასავლეთის რეალურ ზეწოლას.

მით უფრო, რომ რუსის სუნთქვას კეფაში მუდმივად გრძნობს. თუმცა, ისეთ შეცდომებს უშვებს ყველა ფეხის ნაბიჯზე, რომ არავინ იცის, როდის აუფეთქდება სიტუაცია, ამიტომაცაა მისი შეკავება აუცილებელი.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ხელისუფლებად, რომლის მარტო საქმე კი არა, უმოქმედობაც დამანგრეველი ეფექტის მომტანია - როცა შეიძლებოდა ე.წ. „ვაქცინის ტურიზმით“ ეკონომიკა ფეხზე დაგვეყენებინა და ქვეყნისთვის ახალი სუნთქვა გაგვეხსნა, უცხოელებს კი არ ვეპატიჟებით აქ ვაქცინის გასაკეთებლად, ჩვენს მოსახლეობასაც არ ვცრით.

იმიტომ რომ კაცმა არ იცის, როდის გამოადგება ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის ისევ ქვეყნის სრულად ჩაკეტვა, აცრილ და კოვიდუსაფრთხო მოსახლეობას კიდევ სახლებში ვეღარ გამოკეტავ - ამიტომ უვაქცინობა სჯობს ვაქცინირებულ მოქალაქეს. ასე მარტივადაა საქმე ხელისუფლებისთვის. თუმცა, ამის მიუხედავად „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება საკუთარსავე შეცდომაზე.

„ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება საკუთარსავე შეცდომაზე

ფაქტია, რომ ქვეყანა გადარჩენას საჭიროებს. პირველი რიგის ამოცანებია - ვაქცინაცია, ეკონომიკის გადაწყობა-აღდგენის გეგმა, ძალაუფლების მაქსიმალური დანაწილება და გადაცემა ადგილებზე, თემისთვის თუ მუნიციპალიტეტისთვის, თანმდევი საგადასახადო დეცენტრალიზაციით, რათა მოქალაქე წყვეტდეს სად აშენდეს ჰესი, სად გასცეს ხრეშის მოპოვების თუ წყლის გაყიდვის ლიცენზია და მანვე მიიღოს ამით შემოსავალი.

სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თუ საჭიროა დროებით უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანის ჩათვლით, განათლების ფუნდამნეტური რეფორმა იმავე პირობით, რომ ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ მინიმუმ ათი წელი განათლების სისტემას მორიგი, დამანგრეველი „რეფორმის“ ტალღა არ შეეხება.

შეუძლებელი არაფერია, მთავარია ვირწმუნოთ, რომ ძალა ჩვენშია. საქართველოს მთელი ისტორიაც ხომ შეუძლებლის ზღვარზე სიარულის და შესაძლებლობის გამოძერწვის ისტორიაა. ახლაც შევძლებთ

საარჩევნო ადმინისტრაციის რეალური რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სპეციალური, მაქსიმალური ნდობით აღჭურვილი ორგანოს ჩამოყალიბება, საინფორმაციო ტერორის შეწყვეტა საკუთარ მოსახლეობაზე, მისი უიმეოდობასა და დეპრესიაში ჩაგდებისა და დასაქსვის მიზნით.

ლუსტრაციის კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის, მსოფლიოს ყველა კუთხეში არსებული უდიდესი ქართული ინტელექტუალური პოტენციალის და პროფესიონალური გამოცდილების მოზიდვა საქართველოს სტრატეგიული იდეის და სწრაფი განვითარების გეგმის შესაქმენლად, ახალგაზრდობის ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკასა და სახელმწიფოს შენების პროცესში.

შეუძლებელი არაფერია, მთავარია ვირწმუნოთ, რომ ძალა ჩვენშია. საქართველოს მთელი ისტორიაც ხომ შეუძლებლის ზღვარზე სიარულის და შესაძლებლობის გამოძერწვის ისტორიაა. ახლაც შევძლებთ

ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით