ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს

“ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, რომელიც ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული, საგამოძიებო უწყებაში არ მივა.

მელაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს.

ნოდარ მელაძის განცხადებით, პროკურატურის მიზანი არა სავარაუდო დანაშაულის გამოძიებაა, რომელზეც მისივე თქმით, აუდიოჩანაწერშია საუბარი, არამედ, წყაროს იდენტიფიცრებაა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში გამოკითხვის სწორი ფორმა არის სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ისევე როგორც, ეს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავაფიქსირეთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს იქ გამოკითხვის შუამდგომლობით, ჩვენ უკვე მივალთ ჩვენების მისაცემად სასამართლოში. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ გვიცავს კანონი და კანონისმიერი ვალდებულება გვაქვს, რომ არ გავცეთ წყარო, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, ან არ მივაწოდოთ ისეთი მასალები საგამოძიებო უწყებას, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში და შესაბამისად, ჩვენც ვიმოქმედებთ კანონით მინიჭებული უფლებით. ის გამოძიება და ის განცხადებები, რომელიც ჩვენ აქამდე მოვისმინეთ, აჩენს ერთადერთ განცდას, რომ საქართველოს პროკურატურის მიზანია არა სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელზეც ამ აუდიოჩანაწერებშია საუბარი, არამედ, მათი მიზანია წყაროს იდენტიფიცირება“, - განაცხადა მელაძემ.

ამასთან, მელაძის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, პროკურატურას შეატყობინეს, რომ უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებენ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა