ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2021

ცივი შხაპი ოპოზიციისათვის - რა შეთავაზებას დადებს უახლოეს დღეებში კრისტიან დანიელსონი

არის თუ არა ანტივაქცინური განწყობები ქართველ ექიმებში და შემცირდა თუ არა ნდობა “ასტრაზენეკას” მიმართ

ბიზნესისთვის კომენდანტის საათის 23:00-ზე დაწყება მისაღებია, ოღონდ ცვლილებას სასწრაფოდ ითხოვენ

* * *

ცივი შხაპი ოპოზიციისათვის - რა შეთავაზებას დადებს უახლოეს დღეებში კრისტიან დანიელსონი

“უახლოეს დღეებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს ახალ შეთავაზებას გაუკეთებს, სადაც, სავარაუდოდ, არ იქნება გათვალისწინებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან პლებისციტი. ამაზე მინიშნებები სამშაბათს ბრიუსელში გაკეთდა და ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნამდვილი ცივი შხაპია ოპოზიციისათვის. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და ამის მტკიცებულებად ეუთოს დასკვნა მოაქვს. ბორელმა აქვე დაამატა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს და ორივე მხარემ მის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ცივი შხაპი ოპოზიციისათვის - რა შეთავაზებას დადებს უახლოეს დღეებში კრისტიან დანიელსონი.

“მაღალი რანგის დიპლომატი ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ქვეყანას დიდ ზანს მოუტანს. ხოლო მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ ხსენებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ იქნება. ახლა ყველაფერი ოპოზიციაზეა დამოკიდებული - გადაიხედება თუ არა მათი მხრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. “ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში”, - ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება იყოს ეფექტიანი გამოსავალი, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები მიიჩნია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ჟოზეფ ბორელის შეფასებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა და აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ გვჯერა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა, ყველა აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს. ყველა პოლიტკურმა პარტიამ უნდა იპოვოს საერთო პოზიცია და წინსვლის გზა, მთავრობამ კი უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ხელმძღვანელობა. მთავრობას და მმართველ პარტიას ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა წინსვლის გზის პოვნაზე. პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად”, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. მისივე ცნობით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მომდევნო დღეებში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მისამართით კონკრეტულ შეთავაზებას გააკეთებს. “დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა. მომდევნო დღეებში იქნება ეს და ვნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა”, - განაცხადა ბორელმა. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. “რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩემი პრეროგატივა არ არის, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ბორელის გზავნილები ახალი არ არის და მან ამის შესახებ ადრეც ისაუბრა. ბორელს ეუთოს დასკვნაზე და პარლამენტის ბოიკოტირებაზეც პოზიცია უკვე დაფიქსირებული ჰქონდა, თუმცა მის ნათქვამს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაემატა, მან ფაქტიურად აღიარა, რომ ქვეყანა მძიმე კრიზისშია და მოლაპარაკებები ერთადერთი გამოსავალია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამ მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიცია ნათელია. თუ შეთანხმება შედგება, ჩვენ მზად ვართ, რომ პარლამენტის ბოიკოტირება შევწყვიტოთ. თუმცა მოლაპარაკება ისეთი უნდა იყოს, რომ ოპოზიციას საშუალება მიეცეს ევროპელი კოლეგების და მეგობრების აზრი გავითვალისწინოს. ვერ გეტყვით, რომ დღევანდელი გზავნილების შემდეგ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები შეიცვლება. ცხადია ჩვენი პოზიციები არ გადაიხედება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამადაშვილი და შეკითხვაზე - “ნიშნავს თუ არა ბორელის განცხადება, რომ მომზადდება დოკუმენტი, რომელზეც ორივე მხარემ ხელი უნდა მოაწეროს და თუ იქ რიგაგრეშე არჩევნებზე და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ იქნება...” - პასუხობს:

“მოლაპარაკების დროს ეს სტანდარტული განცახდებაა, რომელიც მხარეებს მოუწოდებს, რომ კონსტრუქციულები იყვნენ. მე ამ განცხადებაში ახალს ვერაფერს ვკითხულობ. ვნახოთ, ჩვენ ინტერესით ველოდებით მედიატორი მოლაპარაკებას რა შეთავაზებით განაახლებს. ეს მოლაპარაკების პროცესი ჩვენც ძალიან გვინდა, რომ წარმატებული იყოს და კარგად გვესმის ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის მიმართ რამხელა გეოპოლიტიკურ ინტერესს გამოხატავს. ევროკავშირს ოპოზიციის მხრიდან ძალიან სანდო მოკავშირე ჰყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის მხადაჭერის გარეშე არ დარჩეს”.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატის ჟოზეფ ბორელის განცხადებებიდან უკვე ნათელია, რომ დოკუმენტში, რომელიც მომზადებული იქნება, პლებისციტი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები არ იქნება გათვალისწინებული. ძაბირაძის შეფასებით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და ეს მოთხოვნა არც ევროპის მხრიდან არ დგას. ძაბირაძეისთვის გაუგებარია ოპოზიციას რატომ ჰქონდა ილუზია, რომ ევროკავშირში “აირაის” და ეუთო/ოდირის დასკვნებს გაყალბებულად გამოაცხადებდნენ და ამის საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდებოდა. გაუგებარია ოპოზიციას ევოკავშირიდან რატომ ჰქონდა მოლოდინი, რომ ვინმე პარლამენტის ბოიკოტირებას მხარს დაუჭერდა და მათსავე ორგანიზაციების მიერ დადებულ დასკვნებს გააკრიტიკებდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სანამ ნიკა მელიას დააკავებდნენ, ყველა უცხოური ექსპერტი თუ ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს პრობლემატიკით იყო დაკავებული, ოპოზიციას ცალსახად მოუწოდებდა, რომ პარალმენტში შესულიყო. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის და “აირაის” დასკვნები გამოქვეყნდა. ორივე უდიდესი ორგანიზაცია აღიარებს, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები იყო, ამას არჩევნების ბედზე გავლენა არ მოუხდენია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“დღევანდელი ოპოზიციიდან, რომელსაც მხადაჭერა ჯერ კიდევ აქვს, თუ ის პარალმენტში არ შევა, მივიღებთ იმ ოპოზიციას, რაც 2011 წელს გვქონდა. ანუ მათი პოლიტიკური გაკოტრება მოხდება. მაშინაც, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არსებული ოპოზიცია ვერაფერს შეძლებდა. ოპოზიცია საკუთარი რეიტნგის განულებისკენ წავა, თუ კი იმ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რომელსაც ევროკავშირი დაუდებს. დღევანდელ ოპოზიციას, თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, დიდი ალბათობით, იგივე ბედი ელოდება. ამას კი ის დაუმატეთ, რომ დღევანდელ ოპოზიციას მოსახლეობიდან იმ დონის მხარდაჭერა არ აქვს, როგორიც 2011 წელს ჰქონდა. ოპოზიციაში არის ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ ქუჩაში 100 ათასამდე კაცი თუ არ გამოვიყვანეთ, ხელისუფლებას ვერაფერს ვაიძულებთო. რა თქმა უნდა, მართლები არიან, მაგრამ ამდენ ხალხს ვერ გამოიყვანენ. ამის რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ეს რომ შეეძლოთ, მელია როცა დააპატიმრეს, იმავე საღამოს გამოჩნდებოდა. ამიტომ ჯობს პარლამენტში შევიდნენ და ამ მოლაპარაკებიდან რაც შეიძლება მაქსიმუმი მიიღონ”, მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

არის თუ არა ანტივაქცინური განწყობები ქართველ ექიმებში და შემცირდა თუ არა ნდობა “ასტრაზენეკას” მიმართ

“საქართველოში “ასტრაზენეკათი” ვაქცინირებული ჯანდაცვის მუშაკების რიცხვმა ერთ დღეში 668 შეადგინა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ აღნიშნული რიცხვი უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ვაქცინაციის პროცესში მედპერსონალის ჩართვა უახლოეს დღეებში არ გააქტიურდება, სამიზნე მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ. პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია, გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გამო, დროებით შეჩერებულია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი არ შეაქვს. რატომაა ვაქცინაციისადმი მედიკოსთა ნაწილში სკეპტიკური დამოკიდებულება? ეპიდემიოლოგ ალექსანდრე გოგინავას აზრით, აცრაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი შესაძლოა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში “ასტრაზენეკას”ვაქცინის გამოყენების შეჩერება იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არის თუ არა ანტივაქცინური განწყობები ქართველ ექიმებში და შემცირდა თუ არა ნდობა “ასტრაზენეკას” მიმართ.

“პირდაპირ ვერ ვიტყოდი, რომ მედიცინის მუშაკებს ზოგადად ანტივაქცინური დამოკიდებულება აქვთ. იმედი მაქვს ეს ასე არ არის. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მედიცინის ზოგიერთ მუშაკს აქვს ამ კონკრეტული ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, რადგან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნული ვაქცინა დროებით შეჩერდა და სწორედ ეს შეიძლება იყოს მთავარი და ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ აღნიშნული ვაქცინა არავითარი საფრთხის შემცველი არ არის და მათ შორის საქართველოშიც გასცა რეკომენდაცია ამ ვაქცინის გამოყენების თაობაზე. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ნაწილი არის ინფორმაციის სწორად მიწოდება, ამ შემთხვევაში მედპერსონალისათვის. ეს ევალება ოფიციალურ სტუქტურებს, რომ ჩაატარონ შეხვედრები, სხვადასხვა კამპანიები ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, ექიმებთან, რათა ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს იმაზე უფრო აქტიურად, ვიდრე ახლა მიმდინარეობს”, - აცხადებს გამოცემია კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“რეალურად აუცილებელია ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა და ამას ორი მნიშნელოვანი მიზანი აქვს. ერთი ის, რომ ჯანდაცვის მუშაკები არიან პირველები, რომლებიც ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე იმყოფებიან და მეორე ის, რომ მოსახლეობაში გაჩნდეს სანდოობა “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია მედპერსონალში ვაქცინაცია სწრაფად და აქტიურად ჩატარდეს, რათა მოვახერხოთ რომ წლის ბოლოს გვყავდეს მოსახლეობის 60%-ზე მეტი იმუნიზირებული”, - მიიჩნევს გოგინავა. ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, სამშაბათს საფრანგეთმაც შეაჩერა “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება. საფრანგეთის ვაქცინაციის კამპანიის ხელმძღვანელის, პროფესორ ალენ ფიშერის თქმით, ვაქცინის გამოყენება დროებით შეჩერდა, რადგან აცრილ ადამიანებში გვერდითი მოვლენები მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც გამოვლინდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ საფრანგეთთან ერთად, ამჟამად “ასტრაზენეკას” გამოყენება ევროპის კიდევ ოცამდე ქვეყანაშია შეჩერებული. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა თრომბი, (სისხლის შედედება) განვითარდეს. “ასტრაზენეკას” გამოყენება ასევე შეჩერებულია შვედეთში, ლატვიაში, ესპანეთში, დანიაში, იტალიაში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ლუქსემბურგში, კვიპროსში, პორტუგალიაში, სლოვენიაში, ინდონეზიაში, ნიდერლანდებში, ირლანდიაში, ბულგარეთში, კონგოში, ტაილანდში, რუმინეთში, ისლანდიაში, დანიაში, ნორვეგიასა და ავსტრიაში. შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ მიიღო “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების გადაწყვეტილება, სანამ არ მოხდება ევროპის წამლების სააგენტოს მიერ საეჭვო გვერდითი მოვლენების გამოძიება”, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტომ კი განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებში დაფიქსირდა თრომბის 10 შემთხვევა და თრომბოციტების დაბალი დონის შემთხვევა. ლატვიის მთავრობის ჯანდაცვის სააგენტოებმა კი, 16 მარტს გაავრცელეს „ასტრაზენეკას" ვაქცინის დროებითი შეჩერების შესახებ ინფორმაცია. გერმანიის მთავრობამ 15 მარტს განაცხადა “ასტრაზენეკას” გამოყენების შეჩერების შესახებ”, - დასძენს გამოცემა.

“ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “სიფრთხილისთვის” და გერმანიის ვაქცინის ეროვნული მარეგულირებლის, პოლ ერლიხის ინსტიტუტის რჩევით, რომელმაც მოითხოვა გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი გამოძიება. იტალიის მედიკამენტების სააგენტომაც 15 მარტს განაცხადა, რომ იგი შეუერთდა ევროპის სხვა ქვეყნებს “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენების შეჩერებაში. აღნიშნული ვაქცინის შეჩერების შესახებ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას შეუერთდა ესპანეთიც და 15 მარტს გამოაცხადა, რომ შეაჩერებს “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენებას მინიმუმ ორი კვირით, რათა ექსპერტებმა გადახედონ მის უსაფრთხოებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით კი, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გვერდითი მოვლენები ვაქცინაციას უკავშრდება”, - წერს სტატიის ავტორი.

ბიზნესისთვის კომენდანტის საათის 23:00-ზე დაწყება მისაღებია, ოღონდ ცვლილებას სასწრაფოდ ითხოვენ

“კომენდანტის საათი ძლივს გახსნილ ბიზნესს დიდ პრობლემას უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ყოველდღიურად უმჯობესდება და თანაც, ქვეყანამ უკვე ვაქცინაცია დაიწყო, გადაადგილების შეზღუდვა მაინც ძალაში რჩება. არადა, ბიზნესი უკვე დიდი ხანია, კომენდანტის საათის შემსუბუქებას ითხოვს, მინიმუმ, 2-3 საათით, თანაც, რაც შეიძლება, მალე. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე პირდაპირ ამბობს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. კომენდანტის საათის ამოქმედების დრომ აუცილებლად უნდა გადაიწიოს და რაც შეიძლება, სასწრაფოდ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბიზნესისთვის კომენდანტის საათის 23:00-ზე დაწყება მისაღებია, ოღონდ ცვლილებას სასწრაფოდ ითხოვენ / “ერთ კვირაში გადაწყვეტილების მიღება უკვე შესაძლებელი იქნება”.

“ახლა ბიზნესისთვის აუცილებელია, რომ შეზღუდვის დაწყებამ, მინიმუმ, 2 საათით მაინც გადაიწიოს და თანაც, რა შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, საერთოდ მოიხნას, თუმცა ამ ეტაპზე ეს არარეალურია, შესაბამისად, გადაწევა მაინც აუცილებელია”, - განუცხადა “რეზონანსს” გაბრიჩიძემ. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ყველაზე დიდ დარტყმას ბიზნესსექტორს აყენებს. მიუხედავად ამისა, მთავრობა ბიზნესის თხოვნას არ ითვალისწინებს. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძეც კატეგორიულად მოითხოვს, კომენდანტის საათის შემსუბუქება სასწრაფოდ მოხდეს. “გადაადგილების შეზღუდვის დაწყების დრო აუცილებლად შესაცვლელია. ბიზნესი გადაწევას ცალსახად ითხოვს, მინიმუმ, 22:00 საათამდე, ვფიქრობ, 23 საათამდე გადაწევა იქნება იდეალური და ეს რაც შეიძლება, მალე უნდა მოხდეს”, - ამბობს მიხეილ ჭელიძემ. იმის მიუხედავად, რომ გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვამ ეპიდთვალსაზრისით კარგი შედეგი გამოიღო, ბიზნესს მაინც დიდი პრობლემები მოუტანა, რადგან საზოგადოების ნაწილისთვის მოუხერხებელია რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებში სიარული კომენდანტის საათის პირობებში. ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ კომენდანტის საათის გადაწევასთან დაკავშირებით, აუცილებელია რისკების შეფასება, რამდენად ხელსაყრელი იქნება რეგულაციის შემსუბუქება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როდესაც ვსაუბრობთ კომენდანტის საათის გადაწევაზე, აუცილებელია შევაფასოთ რისკები. რეგულაციის შემსუბუქებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მობილობის გაზრდა და ეპიდმდგომარეობის გაუარესება, თუმცა ბიზნესისთვის სასურველია და ბევრიც ითხოვს გადაადგილების შეზღუდვის გადაწევას. რთული სათქმელია, რამდენად მალე უნდა გადაიწიოს კომენდანტის საათმა, რადგან უნდა შეფასდეს ეპიდმდგომარეობა. ისიც დასათვლელია, რა მოგებას მოგვცემს ეკონომიკურად რამდენიმესაათიანი გადაწევა. გარკვეული შეზღუდვები ჯერ მხოლოდ 1 კვირაა, რაც მოიხსნა, მართალია, ინფიცირებულთა მატებას ვერ ვხედავთ, თუმცა ფაქტია, იკლო პირბადის ტარებამ. ჩემი აზრით, ერთ კვირაში გადაწყვეტილების მიღება უკვე შესაძლებელი იქნება. კომისია განიხილავს ყველა რისკს და, ალბათ, საბოლოოდ ამ ვადაში ჩამოყალიბდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის მოთხოვნა მკაფიო და, როგორც ისინი ამბობენ, სასწრაფოდ შესასრულებელია, ინფექციონისტები მიიჩნევენ, ასე მალე გადაწყვეტილების მიღება და რეგულაციის შემსუბუქება არასწორი იქნება, რადგან მყისიერმა მოქმედებამ შესაძლოა, უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს, თუმცა ისიც ფაქტია, დაწესებული შეზღუდვა მაგალითად, სარესტორნო სფეროს დიდ ზიანს აყენებს, რადგან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კაფე-ბარებში სიარულს ვერ ასწრებს. როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, თუკი კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი სტაბილურად 1,5%-ს ქვემოთ იქნება, კომენდანტის მოხსნის ან გადაწევის საკითხის განხილვა შესაძლებელი გახდება. მანამდე აუცილებელია, გადაწყვეტილება არა მყისიერად, არამედ 2-3-კვირიანი დაკვირვების შედეგად მოხდეს”, - დასძენს გამოცემა.

“შეზღუდვების გავლენის შეფასება ორკვირიანი დაკვირვებით უნდა მოხდეს. ახლა გარკვეული ტიპის აკრძალვები მოიხსნა, იგივე სარესტორნო სივრცეებთან, ზამთრის კურორტებთან, სატრენაჟორო სივრცესთან დაკავშირებით და ა.შ. ამიტომ 2 კვირის შემდეგ, თუკი სტაბილურობა შენარჩუნდება და დადებითობის მაჩვენებელი 1,5 ან 2%-ს ქვემოთ იქნება, მაშინ შეიძლება, დღის წესრიგში დადგეს “კომენდანტის საათის” გადახედვაც. ეს სწრაფად და მყისიერად არ უნდა მოხდეს, არამედ განხილული უნდა იყოს, მინიმუმ, 2-3 კვირის ინტერვალით”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა