სალომე სამადაშვილი - შედგება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება დანიელსონის დაბრუნების შემდეგ, მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შედგება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, ეს მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული.

სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაგეგმილი მორიგი ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია შეთანხმებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ვერ გეტყვით, ნაყოფიერი იქნება თუ არა ეს პროცესი, რადგან მთლიანად დამოკიდებული იქნება „ქართულ ოცნებაზე“, აქვთ თუ არა მათ სურვილი, რომ შეთანხმება შედგეს.

რეალურად, კრისტინ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს შედეგი ვერ დაიდო, რადგან „ქართული ოცნების“ პოზიციამ მხარეები მოლაპარაკებების პროცესში დააშორიშორა.

ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიები ამ პროცესში განსაკუთრებული კონსტრუქციულობით გამოირჩეოდნენ. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. თავისთავად ის, რომ დღეს ორი პოლიტპატიმარი პატიმრობაში რჩება და მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ, ვფიქრობ, ესეც ოპოზიციის მხრიდან ერთგვარი კომპრომისია. ამ მოლაპარაკებებში ჩვენი ამოცანა არის ის, რომ შევცვალოთ პოლიტიკური გარემო. საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად, წაართვეს შანსი, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლება შევცალონ. ამიტომ, ერთადერთი კომპრომისი, რაზეც შეიძლება წავიდეთ, არის გზები, მაგალითად, როგორ მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე, შეიძლება შევთანხმდეთ, როგორ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის რეფორმა. ვფიქრობ, „წითელი ხაზი“ ჩვენთვის გადის იქ, სადაც „წითელი ხაზი“ ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ცვლილებისთვის გადის. ჩვენი ამოცანა არ არის შეთანხმება, ჩვენი ამოცანა არის ამ შეთანხმების გზით ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს შეცვლა“,-განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ დასავლელი პარტნიორების მხრიდან დახმარება დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და სხვა თვალსაზრისით არსებობს. სამადაშვილი იმედოვნებს, რომ დასავლეთი ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტებს გამოიყენებს, თუმცა, ის არ აკონკრეტებს, შეიძლება თუ არა ეს სანქციები იყოს.

„ზოგადად, ყველანაირი უკუსვლა ცხადია, თავის შედეგებს გამოიწვევს დასავლეთთან ურთიერთობაში. პოტენციურად, ეს საკმაოდ დამაზიანებელია, პირველ რიგში, მმართველი გუნდისთვის, რომელიც დღეს კვლავ მართავს ქვეყანას ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, ცხადია, დასავლეთს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტები აქვს. იმედი მაქვს, ამ ბერკეტებს ისე გამოიყენებენ, რომ ქვეყანაში შეიცვლება პოლიტიკური გარემო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს“,-განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს საკითხის სენატში განხილვას, მისი თქმით, აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხის განხილვით საკმაოდ ბევრი სენატორია დაინტერესებული.

„ვფიქრობ, ჩვენ მოვისმენთ განცხადებებს, რომელიც იქნება ძალიან ღიად მხარდამჭერი საქართველოში დემოკრატიული სისტემის, დემოკრატიული მმართველობის. მოვისმენთ შეფასებებს, რაც შეეხება ქვეყანაში კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების პრობლემებს. დაველოდოთ, დანარჩენი უკვე მოსმენის დროს გამოჩნდება“,-განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა მეორედ ჩამოვა. როგორც მიშელი აცხადებს, დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პირველად საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო