ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2021

დანიელსონის დაბრუნება - როგორ დასრულდება შეთანხმების იძულების მეორე ცდა

შანსი გახარიასთვის - როგორ შეიცვალა ორ თვეში პარტიების რეიტინგი და ნეიტრალური ამომრჩევლების რაოდენობა

საქართველოში სტატისტიკურად არც ისე ბევრი ავტომობილია, მაგრამ ქვეყანა ერთ დიდ საცობს დაემსგავსა

* * *

დანიელსონის დაბრუნება - როგორ დასრულდება შეთანხმების იძულების მეორე ცდა

“7-დღიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ევროპა არ ნებდება და მიიჩნევს, რომ საქართველოზე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. სამშაბათს გაირკვა, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კვირის ბოლოს ჩამოვა საქართველოში და ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკება მისი მედიაციით განახლდება. ანალიტიკოსების ვარაუდით, ამჯერად მედიატორის პოზიცია სავარაუდოდ უფრო ხისტი იქნება და მხარეებზე გარკვეულ ზეწოლასაც მოახდენს, რათა მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმებაზე დაიყოლიოს. “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციაში დანიელსონის მედიაციით გამართული პირველი მოლაპარაკების პრაქტიკულად ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ახლაც, მათი შეფასებით, შეთანხმების მიღწევა არა მათზე, არამედ მეორე მხარის კონსტრუქციულ მიდგომაზე იქნება დამოკიდებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დანიელსონის დაბრუნება - როგორ დასრულდება შეთანხმების იძულების მეორე ცდა.

“რა ფორმატით განახლდება მოლაპარაკებები, ჯერ უცნობია. შარლ მიშელის ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მოლაპარაკების განახლებას დადებითად ეხმაურებიან როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში. “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ აცხადებს მზაობას დიალოგისთვის და ამბობს, რომ მოლაპარაკების შედეგი ოპოზიციის ქმედებებზეა დამოკიდებული. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს თქმით, ევროკავშირი საქართველოს განვითარებას მხარს უჭერს. “ევროკავშირი საქართველოს განვითარებას მხარს უჭერს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ტექნიკურად ისე მოხდა, რომ დანიელსონი ჩამოვიდა, გამიჭირდება იმის თქმა, რა ფორმატით იქნება. მოლაპარაკება ერთი კვირა მიმდინარეობდა და ათი პუნქტიდან ცხრა პუნქტი იყო ოპოზიციის მოთხოვნა, რომ მმართველ ძალას რაღაც გაეკეთებინა. ოპოზიციამ თქვა, რომ მათი ერთადერთი კომპრომისია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. საქმე ასე არ კეთდება”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, თუ რამდენად ხისტი იქნება დანიელსონის პოზიცია მოლაპარაკებისას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციის წარმომადგენლები შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში დაბრუნებას ასევე პოზიტიურად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს მეორე შანსი უნდა გამოიყენოს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. “ევროპული კავშირი არ აპირებს „ქართულ ოცნებას“ დაუტოვოს საქართველოს მოქალაქეების ბედი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შარლ მიშელი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომ ყველა გზით, მათ შორის, „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლით გაეგრძელებინა მედიაციის პროცესი”, - აცხადებს “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ხატი დეკანოიძე. “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, მოლაპარაკების წარმატება “ქართული ოცნებისა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული”, - განაგრძობს გამოცემა.

“რა მომენტშიც გონს მოვა ივანიშვილი და მიხვდება, რომ ამ მდგომარეობას ვერ შეინარჩუნებენ, იმ მომენტში ექნება პერსპექტივა რეალურ შეთანხმებას. ამისათვის თავისუფალი სამყარო ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს, მაგრამ, ბუნებრივია, რთულია დღეს იმის თქმა, როდის მოვა გონს ივანიშვილის რეჟიმი”, - განაცხადა ბოკერიამ. ანალიტიკოსები მედიატორი პოზიციის გამკაცრებას პროგნოზირებენ. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლას აზრი არ აქვს, თუ მან და შარლ მიშელმა პირადად ბიძინა ივანიშვილს არ დაურეკეს და არ უთხრეს, რომ ე.წ. პოლიტპატიმრები გამოუშვას. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მოლაპარაკების პროცესი პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების გათავისუფლებაზე შეთანხმების ვერმიღწევამ ჩაშალა, რის შემდეგაც სხვა საკითხების განხილვა საერთოდ არ შედგა. ამიტომაც იყო, რომ დანიელსონი რამდენჯერმე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ევროპა მეორე ჯერზე უკვე საკმაოდ ხისტი და კრიტიკული უნდა იყოს, რათა ხელისუფლება გარკვეული დათმობებზე წავიდეს”, - დასძენს გამოცემა.

“მთავარი პრობლემა აქ პატიმრებია. ბიძინა ივანიშვილს ცოცხალი თავით არ უნდა გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლება. მისთვის ეს ძალაუფლების მთავარი საზომია. ამით ის ყველას აჩვენებს, რომ ვინც გააბრაზებს, ასე დაჭერილი ეყოლება. ამაზე ჭედავს და ამის გამო სხვა საკითხები ვეღარ იძვრება. მით უმეტეს ევროპისთვის ვადმადელი არჩევნები იქნება თუ არა, დიდად მნიშვნელოვანი არაა, რადგანაც ისინი არ ფიქრობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. პარლამენტში შესვლა ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია და თუ ამ თემაზე შეთანხმება მოხდება, პარლამენტში შევლენ. ასევე საარჩევნო თემაზე შეთანხმებაც ყველას უნდა. სამართალდამცავებს რომ ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდეს, ამაზე ოპოზიცია აუცილებლად თანახმა იქნება. ივანიშვილს რაც უფრო უხეში ფორმებით ეტყვი, უფრო გაიგებს. ღიმილით და დიპლომატიური ენით საუბარი ივანიშვილზე არ ჭრის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“ზურაბიშვილის აზრით, ევროპის ასეთი შეუპოვრობა იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად განიხილება, ამიტომაც ჩვენზე ხელს არ ჩაიქნევენ. მეზობელ სომხეთში მიმდინარე პროცესებში ევროპა საერთოდ არ ერევა, ამიტომაც მათი დაჟინებული ინტერესი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგია, თუმცა მეტი სიხისტე უნდა გამოიჩინონ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც ფიქრობს, რომ კრისტიან დენიელსონის დაბრუნება უფრო მოტივირებული და მომზადებული უნდა იყოს, რადგანაც ევროპიდან გაკეთებული ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები მოლაპარაკების დადებითად დასრულებას ხელს უშლის. მისი აზრითაც, სანამ ევროკავშირის მაღლი რანგის დიპლომატები არ შეწყვეტენ იმაზე საუბარს, რომ 2020 წლისს 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა, დენიელსონი მეორედაც უშედეგოდა დაბრუნდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მედიაციის პროცესში კვლავ ჩაერთვება და საქართველოზე უარს არ იტყვის. ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ ევროკავშირიდან უკვე ამხელა დაინტერესებაა და პრეზიდენტიც კი არის ჩართული, რომ როგორმე ქვეყანაში კრიზისი განიმუხტოს. უბრალოდ აქ უკვე მთავარია თავად ევროკავშირი საქართველოში შექმნილ სიტუაციას რამდენად რელისტურად უდგება. ბორელი, როცა აცხდებს, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტ გარემოში ჩატარდა ირიბად ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს. ამიტომაც არის, რომ ხელისუფლება პრინციპულად არაფერს თმობს და სანამ ევროპასთან და ამერკასთან გაუვა, მანამდე ითამაშებს. “ქართულ ოცნებას” მოტივაცია არ აქვს, რომ რამე სახის დათმობაზე წავიდეს. ხელისუფლება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას კატეგორიულად არ თანხმდება. ასევე უარს ამბობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე. ამიტომაც ევროპა თუ უფრო ხისტი არ იქნება და ორივე მხარეს საკუთარ პოზიციას არ შესთავაზებს, მანამდე არანაირი კრიზისი არ განიმუხტება. პირადად მგონია, რომ ევროკავშირის პოზიციის სირბილე დიალოგს აყოვნებს“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

შანსი გახარიასთვის - როგორ შეიცვალა ორ თვეში პარტიების რეიტინგი და ნეიტრალური ამომრჩევლების რაოდენობა

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (“ენ-დი-აი”) მიერ ორთვიანი ინტერვალით ჩატარებული კვლევების თანახმად, გასული წლის დეკემბრიდან წლევანდელ თებერვლამდე პერიოდში 8%-ით შემცირდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა, 2%-ით გაიზარდა “ნაცმოძრაობის” რეიტინგი და რაც მთავარია, 15%-ით მოიმატა ისეთმა ამომრჩეველმა, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკაში ახალი ძალების გამოჩენისათვის და ამ მხრივ ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას შესაძლოა კარგი შანსი აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შანსი გახარიასთვის - როგორ შეიცვალა ორ თვეში პარტიების რეიტინგი და ნეიტრალური ამომრჩევლების რაოდენობა.

“ენ-დი-აის” ბოლო კვლევა 17-24 თებერვალს ჩატარდა და მისი შედეგები სამშაბათს, 23 მარტს გამოქვეყნდა. კითხვაზე, “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს", პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი - 40%; “ქართული ოცნება” - 23%; უარი პასუხზე - 14%; არ ვიცი - 8%; “ნაციონალური მოძრაობა” - 7%; სხვა პარტიები - 7%. “ენ-დი-აის” წინა ანალოგიური კვლევა 17-24 დეკემბერს ჩატარდა და იგივე კითხვაზე პასუხები ასე იყო განაწილებული: “ქართული ოცნება” - 31%; არცერთი - 25%; უარი პასუხზე - 24%; სხვა პარტიები - 9%. “ნაციონალური მოძრაობა” - 5%; არ ვიცი - 5%. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ძველი პოლიტიკური ფიგურების მიმართ ინტერესს ქართულ საზოგადოება სულ უფრო და უფრო კარგავს და ეს ტენდენცია “ენ-დი-აის” ამ კვლევებმაც დაადასტურა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დიდი ხანია უკვე ეს ტენდენცია ვლინდება - დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ ენდობიან არცერთ პოლიტიკურ პარტიას და დიდი ხანია უნდა დაფიქრებულიყვნენ ამაზე პარტიები. რასაკვირველია, სწორია ის, რომ თუ არ შემოვიდა “ახალი სისხლი” ქართულ პოლიტიკაში ძველი პოლიტიკური ფიგურების მიმართ ინტერესი ქართულ საზოგადოებას დაკარგული აქვს. გამოკვლევებიდან ჩანს, რომ გასაკუთრებით, ეს იმედგაცრუება ეხება ოპოზიციურ პარტიებს. აქედან “ნაცმოძრაობას” აქვს 7 %-ი ხოლო, დანარჩენებსაც ასევე. სურათი საკმაოდ მძიმეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პარტიებზე უნდა იყოს დემოკრატია დაყრდნობილი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ახალი ძალის გამოჩენას, რომელიც პოლარიზაციას მოხსნის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

მისივე აზრით, ამ ფონზე ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას კარგი შანსი აქვს, რომ ე.წ. მესამე ძალის ფორმირება მის გარშემო მოხდეს. “გიორგი გახარია თავისუფლად შეიძლება მოგვევლინოს მესამე ძალად. რეალურად რაც მეტი პარტია გამოჩნდება, მით უკეთესი. ამ შემთხვევაში გახარიას მოსახლეობაში რეიტიგი აქვს და როგორც დამოუკიდებელი პარტიის პოტენციური ლიდერი, საკმაოდ აქტუალური პერსონა გახდეს”, - თვლის საყვარელიძე. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ გახარიას სერიოზული პერსპექტივა აქვს და გარდა ამისა, მისი აზრით, ყოფილმა პრემიერმა შესაძლებელია ნეიტრალურ ამომრჩეველთან აერთად “ოცნების” მხარდამჭერთა ნაწილიც გადაიბიროს”, - დასძენს გამოცემა.

“აშკარაა, რომ მოსახლეობაში ახალ ძალაზე მოთხოვნა იზრდება. ეს ჩანს კვლევაშიც და მის გარეშეც. შესაბამისად, ეს ტენდენცია გვაქვს. ვინ შეიძლება იყოს მესამე ძალის წარმომადგენელი, ეს ცოტა რთული სათქმელია. მაგალითად, გიორგი გახარიას შეუძლია მოგვევლინოს ასეთ ამპლუაში, თუ ის რეალურად აპირებს ოპოზიციაში ყოფნას და პოლიტიკაში დამოუკიდებელ თამაშს. მას ნამდვილად შეუძლია საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვება, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” იმ მხარდამჭერებიდან, რომლებიც “ნაცმოძრაობის” მობრუნების შიში აქვთ. თუ ის ამ აუდიტორიაზე გავა, მაშინ მას შანსები აქვს. სიმართლე გითხრათ, ზუსტ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუმცა გახარიაზე იქნება დამოკიდებული, მოგვევლინება თუ არა დამოუკიდებელ მოთამაშედ. მან უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი - დარჩეს “ოცნებაში”, ან იყოს დამოუკიდებელი. ის რა არჩევანს გააკეთებს, ამას, როგორც ჩანს, უკვე მალე დავინახავთ... „ჩემი აზრით, მისი გადადგომა პრემიერობიდან ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იყო და ამით მის მხარდამჭერთა რაოდენობამაც მოიმატა. ვნახოთ რა იქნება შემდეგ, რამდენად ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს და როგორი იქნება მისი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

საქართველოში სტატისტიკურად არც ისე ბევრი ავტომობილია, მაგრამ ქვეყანა ერთ დიდ საცობს დაემსგავსა

“მუდმივად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოში ბევრი მანქანაა, თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში ყოველ ათას მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 304-ია. ამას თუ ძველ, გაუქმებულ ავტომობილებსაც გამოვაკლებთ, ეს რიცხვი 234-მდე შემცირდება. ფაქტია, საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მაშინ საინტერესოა, ამ მაჩვენებლით რატომ ვართ რთულ სიტუაციაში და რატომაა ქვეყანაში მუდმივად საცობები?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოში სტატისტიკურად არც ისე ბევრი ავტომობილია, მაგრამ ქვეყანა ერთ დიდ საცობს დაემსგავსა / “დღესდღეობით არის ისეთი მდგომარეობა, რომ რამდენიმე საქმე ერთდროულად უნდა აკეთო, ამისათვის კი საჭიროა დღის განმავლობაში სწრაფი გადაადგილება”.

“საქართველოში მილიონზე მეტი აქტიური მანქანაა რეგისტრირებული, აქედან, დაახლოებით, 25% არ მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ადამიანი მანქანით გადაადგილდება. ქართველი ხალხი მუდმივად წუწუნებს მანქანების რაოდენობასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე, თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1000 მოსახლეზე არცთუ ისე ბევრი მანქანაა რეგისტრირებული. როგორც “გალთ ენდ თაგარტის” გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (მაგალითად, პოლონეთში ყოველ 1000 მოსახლეზე 642 ავტომობილია რეგისტრირებული, ჩეხეთში - 562, რუმინეთში - 355 და ა.შ). გარდა ამისა, საქართველოში ყოველ 1 000 მოსახლეზე მანქანების განბაჟების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, რაც მომავალში ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე კი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ის მაჩვენებელი, რაც სტატისტიკურად გვაქვს, მაღალია, თუმცა ეს გამოწვეულია ისევ და ისევ საჭიროებების გამო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოველ ათას მოსახლეზე 234 მსუბუქი ავტომობილი მოდის, მაინც დიდია ეს რიცხვი. საინტერესოა, რატომ გვყავს ამდენი ავტომობილი მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ეკონომიკურად კარგი მდგომარეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. დღევანდელი მოცემულობა არის ასეთი, თუ ერთ კონკრეტულ წერტილში მუშაობ, ერთ ხელფასზე, ფაქტია, ოჯახს ვერ შეინახავ, ანუ ხელფასი არის ძალიან დაბალი. ამიტომ პრინციპი არის ასეთი - მიდექი-მოდექი და ოჯახს არჩენ. შესაბამისად, გვინდა-არ გვინდა, მანქანით მიდი-მოდი მაინც უწევს ხალხს, რაც საჭიროებას მოაქვს. გამოდის, რომ ეს არ არის ახირება, რომ მაინცდამაინც ყველას უნდა, რომ მანქანა ჰყავდეს, ამას არსებული რეალობა ითხოვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მევლუდ მელაძე.

“მისივე თქმით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილით სარგებლობა საზოგადოების ნაწილს მაინც მოუწევს და ამის აუცილებლობაც არსებობს. “საზოგადოებრივი ტრანსპორტი წინ უნდა წამოიწიოს, რაც ძალიან კარგია და ადრე თუ გვიან ეს შედეგს მოიტანს, ოღონდ - გრძელვადიან პერსპექტივაში, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტი მოქნილი იქნა. დღესდღეობით არის ისეთი მდგომარეობა, რომ რამდენიმე საქმე ერთდროულად უნდა აკეთო. ამისათვის საჭიროა დღის განმავლობაში გადაადგილება და გამოდის, რომ საქართველოში ავტომობილები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ბევრი მისვლა-მოსვლა უწევს. მართალია, საქართველო ჩამორჩება ცენტრალურ და აღმოსავლეთის ქვეყნებს, თუმცა, ეკონომიკური საზომებით თუ მივუდგებით, იქ პროცენტული სხვაობა გაცილებით მეტია. მაგალითად, მსყიდველუნარიანობა უფრო მეტი აქვს რიგით პოლონელს, ვიდრე - ქართველს და ა.შ.” - თქვა მელაძემ. საინტერესოა, მაშინ, როცა ქვეყანაში სტატისტიკურად ბევრი აქტიური მანქანა არ არის, რატომაა გზები მუდმივად გადატვირთული? საცობები მოსახლეობას პრობლემებს უქმნის და დროულ გადაადგილებაში ხელი უკვე ყველას ეშლება”, - დასძენს გამოცემა.

“ხალხის დიდი ნაწილი გადასაადგილებლად პრიორიტეტს კერძო ავტომობილს ანიჭებს, რაც თავისთავად გზების გადატვირთვას იწვევს. ამის მიზეზი ძველი ინფრასტრუქტურა და ვიწრო ქუჩებია. ამიტომ, როგორც, “ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, მოსახლეობამ კერძო ავტომობილები ყოველდღიური გადაადგილებისთვის არ უნდა გამოიყენოს. “შესაძლოა, ქვეყანაში დიდი იყოს კერძო ავტომობილთა რიცხვი, მაგრამ მთავარი ისაა, რამდენად ხშირად გამოიყენებენ ადამიანები საკუთარ ტრანსპორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კერძო მანქანებით შეიძლება, ისარგებლონ ქალაქიდან გასვლის დროს და არა - ყოველდღიურად. ყოველწლიურად იზრდება ტრანსპორტის რაოდენობა, დაახლოებით, 8%-ით და დედაქალაქში განსაკუთრებით იმატებს მანქანების რიცხვი. შესაბამისად, საჭიროა უფრო მეტი აქცენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მის გამოყენებაზე“, - განაცხადა ლალიაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობა არასწორად გადანაწილებული პრიორიტეტების შედეგია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ყოველდღიურ მოხმარებაში პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არა - კერძო ავტომობილს. სწორედ ეს ქმნის იმ გარემო პირობებს, რომლებიც ქვეყანაშია: საცობები, გადატვირტული გზები, გამონაბოლქვი და დაბინძურებული ჰაერი. რა თქმა უნდა, კერძო ავტომობილის ყოლა გამართლებულია, მაგრამ გამოყენება უნდა იყოს უფრო ზომიერი, ვიდრე დღეს ჩვენს ქვეყანაშია”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ლალიაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს