სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ განცხადებები არ აჩენს მოლოდინს, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისთვის, მაგრამ დაველოდებით დოკუმენტს, რომელსაც მედიატორი გაგვაცნობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები არ აჩენს მოლოდინს, რომ კომპრომისისთვის მზად არიან.

როგორც სამადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მედიატორის ჩართულობით მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრამდე განაცხადა, თუ მხარეები კომპრომისზე არ წავიდნენ, შეთანხმება ვერ შედგება.

„ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს შეთანხმება სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოლოდინი არის, რომ შეთანხმება შედგება. რაც შეეხება იმას, რა შანსებია, რომ შეთანხმება შედგეს, ვფიქრობ, ყველას კარგად გვესმის, რომ თუ მხარეები კომპრომისზე არ წავიდნენ, შეთანხმება ვერ შედგება. „ქართული ოცნების“ განცხადებები უკანასკნელ დღეებში არ აჩენს მოლოდინს, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისთვის, მაგრამ ჩვენ დაველოდებით დოკუმენტს, რომელსაც მედიატორი გაგვაცნობს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეთანხმება, რომელსაც დღეს შესაძლოა ხელი მოეწეროს, სტრატეგიული დოკუმენტია.

„ის, დოკუმენტი, რომელიც დღეს შესაძლოა, ხელმოწერილი იყოს, ფაქტობრივად სტრატეგიული დოკუმენტია, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის განვითარების გზა, ვაპირებთ თუ არა ვიცხოვროთ დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში, ამიტომ სრულიად ვიზიარებ ბატონი დანიელსონის მოსაზრებას, რომ თუ შეთანხმება მოხდა, გამარჯვებული იქნება არა რომელიმე მხარე, არამედ გამარჯვებული იქნება ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურს იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მის არჩევანს საარჩევნო პროცესში შესაბამისი შედეგი აქვს, სადაც კანონი ყველას თანაბრად იცავს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხდულებისა და იცხოვრებს ქვეყანაში, რომელსაც ექნება რეალური პერსპექტივა, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ამ ხელშეკრულების ჩავარდნა დააზიანებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ ამას აცნობიერებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ დოკუმენტს არა პარტიამ, არამედ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა მოაწერონ ხელი, სამადაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რა იქნება დოკუმენტში წარმოდგენილი.

„დიდი იმედი მაქვს ოპოზიცია ამ პროცესში ერთიანობას შეინარჩუნებს და მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც ოპოზიციის ყველა წარმოამადგენელი მოაწერს ხელს. მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია, რა იქნება დოკუმენტში წარმოდგენილი და ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება ის, რა პოზიცია ექნება „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა