სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა სუიციდის პრევენცია.
როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი, ქვეყანაში არ არსებობს ბავშვებში სუიციდის რისკის შეფასებისა და გამოვლენის მეთოდოლოგიური დოკუმენტი და კონკრეტული ინსტრუმენტი.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება სუიციდის თავიდან არიდება და დროული რეაგირება.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი მარტიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოსწავლეთა სუიციდური აზრების/ქცევისა და თვითდაზიანების 36 შემთხვევა გამოვლინდა.
ბავშვთა სუიციდის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს შორის ბევრი დღემდე გადაუჭრელი სისტემური პრობლემაა. მწვავედ დგას ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობისა და უგულებელყოფის გამოვლენის პრობლემა, ოჯახში ძალადობა, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რასაც ემატება ქვეყანაში სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა, მსგავს შემთხვევებზე მომუშავე პროფესიონალების სიმცირე და მათი დაბალი კვალიფიკაცია. განსაკუთრებით პრობლემურია სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების სიმცირე, სკოლებში პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების საჭიროება, სამართლდამცავი ორგანოების თანამშრომლების გადამზადების საკითხი. ქვეყანაში არ არსებობს ბავშვებში სუიციდის რისკის შეფასებისა და გამოვლენის მეთოდოლოგიური დოკუმენტი და კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც სოციალურ მუშაკებს, სამართლადამცავი უწყების თანამშრომლებსა და სკოლების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემდა, კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით, შეეფასებინათ ბავშვებში სუიციდის რისკები, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე დაესახათ პრობლემის გადაჭრის გზები და მათი განხორციელებისთვის კოორდინაცია გაეწიათ. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ბავშვებში სუიციდური ქცევის გამომწვები ფაქტორების აღმოფხვრისა და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების დროული და ეფექტიანი შეფასებისკენ.
არსებული სისტემური პრობლემების ერთ-ერთი ტრაგიკული მაგალითია ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტი, რომელიც არ არის განყენებული შემთხვევა და სისტემური პრობლემის ნაწილია. ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება სუიციდის თავიდან არიდება, რისკების შეფასება და დროული რეაგირება", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის საჭიროებების დროულ გამოვლენას და მის მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების გატარებას.
"2020 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე, 253-254-ე და 255-2552 მუხლებით დაკვალიფიცირებულ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპოლატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რომელთაგან 31 ოჯახში ჩადენილი დანაშაული იყო. დანაშაულთა სიმრავლის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ მწვავე პრობლემაა არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე კადრების სიმცირე, მათი დაბალი კვალიფიკაცია და მსხვერპლ ბავშვებზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთან სათანადო სპეციალისტების ჩართულობას, არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ზუსტად დაარეგულირებდა ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეებში ფსიქოლოგის ჩართულობის საკითხს, ან რომლითაც იხელმძღვანელებდნენ გამომძიებლები და პროკურორები მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტად და მკაფიოდ არ არის გაწერილი გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე ფსიქოლოგისა დ სოციალური მუშაკის ვალდებულებები და უფლებამოსილებები. ამასთანავე, ვერ ხდება მსხვერპლთან უცხო პირების შემხებლობის მაქსიმალური შეზღუდვის უზრუნველყოფა. კერძოდ, იკვეთება შემთხვევები, როდესაც დაზარალებულ ბავშვთან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებისას მუშაობს სხვადასხვა გამომძიებელი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი,"- ნათქვამია ანგარიშში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"