ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021

მამუკა არეშიძე - “დასავლეთში ხედავენ, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაში ჩართულია გარეშე ძალა”

ორმხრივი მინიშნებები მოლაპარაკების ახალ რაუნდზე - რა იქნება მომავალ კვირას და დარჩა თუ არა შეთანხმების შანსი

დავით ზურაბიშვილი - “პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება ყველა დროის უგუნური გადაწყვეტილებების სამეულში მოხვდებოდა”

* * *

მამუკა არეშიძე - “დასავლეთში ხედავენ, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაში ჩართულია გარეშე ძალა”

“სამწუხაროდ, ეს ნახევარწლიანი პოლიტიკური სტაგნაცია გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ არა მარტო კონკრეტული პოლიტიკური ძალების დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, არამედ გარე ძალებიც აქტიურად მუშაობენ ქვეყნის დასასუსტებლად და განვითარების პროცესის, რომელიც პანდემიის გამო ისედაც შეფერხებულია, გასაჩერებლად. ანალოგიური ვითარება საქართველოს უახლოეს ისტორიაში უკვე გვქონდა, რაც ძალიან ტრაგიკულად დასრულდა. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვეყანამ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და, როგორც იქნა, მოიპოვა დამოუკიდებლობა, ყველაფერი გაკეთდა ქვეყნის გარედან იმისთვის, რომ აქაური პოლიტიკური ძალები იმდენად დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, საქართველოს დამოუკიდებლობის ავანგარდის შემქმნელი ქვეყნის როლი ვერ შეესრულებინა. როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით. სამწუხაროდ, დღესაც დაახლოებით იმგვარი სურათია, როგორიც მაშინ იყო. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დაპირისპირებული მხარეების რიგებში ჯერჯერობით შეიარაღებული პირები არ ჩანან. თუ ასე გაგრძელდა, ვერ ვიქნებით დაზღვეული ასეთი პირების გამოჩენისგან. მერე ცეცხლის ასანთებად შეიძლება პატარა პროვოკაციაც საკმარისი აღმოჩნდეს”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთში ხედავენ, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაში ჩართულია გარეშე ძალა”.

“ჩვენ ვიქეცით ერად, რომელიც შეცდომებით ვერაფერს სწავლობს. ნეტავ ვცდებოდე და ეს ვითარება სულ უფრო მეტად არ დაემსგავსოს 90-იანი წლების დასაწყისის მდგომარეობას. მაშინაც შეიძლებოდა კომპრომისის გამონახვა, მაგრამ ეს მხარეებმა არ მოინდომეს და ეს დაპირისპირებაც ხელშეწყობილი იყო გარე ძალებისგან. რა, როგორ და საიდან იმართებოდა, უკვე მეტ-ნაკლებად ვიცით. დღესაც იგივე რომ ხდება, რაზეც გაცილებით დიდი ინფორმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ, მეტყველებს სწორედ მათი აქტიურობა. მათგან უკვე ლამის განწირულ მოწოდებებს ვისმენთ, რათა როგორმე ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს. კიდევ ერთხელ ვამბობ - იმიტომ კი არ არის დასავლეთის ამხელა ჩართულობა, რომ მაინცდამაინც ჩვენი დიდი სიყვარული აქვთ, არა, დასავლეთს სურს სამხრეთკავკასიურ პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად დაბრუნება, რაც ყარაბაღის მოვლენების შემდგომ ძალიან შეიზღუდა, და დასაბრუნებლად საქართველო მათთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ამიტომაც ამ ქვეყნის რღვევას ისინი ვერაფრით ვერ შეურიგდებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რასაკვირველია, ისინი ხედავენ, რომ დღეს საქართველოში შექმნილ ვითარებაში ჩართულია გარეშე ძალა და შესაძლებელია არა ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნიდანაც. ამის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ტორპედირებაა. ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის გულწრფელ პოზიციას მარჯვედ იყენებენ, ახმარენ მას ანგაჟირებული, მოსყიდული ე.წ. მესამე სექტორის წარმომადგენლებს და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მიაქვთ უდიდესი იერიში. უკვე ისეთი ვითარებაა, საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ ყველაფერზე, მათ შორის მცირე ჰესების საწინააღმდეგოდაც. უკვე ასე სვამენ საკითხს - სჭირდება თუ არა ჰესები საქართველოს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მიზანმიმართული მტრობა. დღეს ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს დემონტაჟის პროცესს და არა მარტო პოლიტიკურად”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველო არ არის ბელგია, რომელმაც თითქმის ერთწლიან პოლიტიკურ კრიზისს გაუძლო, როდესაც პრემიერ-მინისტრის არჩევას ვერაფრით ახერხებდნენ. ბელგია ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბაზისზე დგას, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ასეთი ქვეყანა. 30 წლის სახელმწიფო ასეთ რყევებსა და დარტყმებს დიდხანს ვერ გაუძლებს. ადრე ვამბობდი, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაიგეს, რამხელა ზიანს აყენებენ ჩვენს სახელმწიფოს-მეთქი, ახლა უკვე ვფიქრობ, რომ მათ ამის გაგება არ სურთ. არ სურთ იმიტომ, რომ სხვა რამით არის დაკავებული მათი გონება. განსაკუთრებით იმ ოპოზიციურ ძალებს ვგულისხმობ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გაგრძელებად იქცნენ და რომლებსაც ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში იმ შედეგის გამეორების შანსიც კი არა აქვთ, რაც გასული წლის არჩევნებზე მიიღეს. გასაოცარია, ეს ძალები რატომ მოქმედებენ სააკაშვილის კარნახით და თავიანთი თავის საზიანოდ? ვუყურებთ, როგორ იქცევა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და როგორ იზრდება ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური ელიტის მიმართ უნდობლობა. საზოგადოების ამ კრიტიკული დამოკიდებულების გამოძახილი მგონია ის აქციაც, რომელიც 9 აპრილს ევროპის მოედანზე გაიმართა. ეს აქცია არ ყოფილა ვინმეს მხარდასაჭერი, ჩემი აღქმით, ის უფრო მთელი პოლიტიკური ელიტის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მიმაჩნია, რომ მესამე სექტორმა ამ კრიზისის დროს თავი ვერაფრით გამოიჩინა. მან არათუ კრიზისის განმუხტვისკენ უბიძგა პოლიტიკურ ძალებს, ხშირად ერთ-ერთ მხარედაც გვევლინებოდა, რაც პოლიტიკური კრიზისის ამოწურვას ვერაფრით ვერ უწყობდა ხელს. ჩვენ გვჭირდება ისეთი საზოგადოებრივი მოძრაობა, ისეთი ტიპის აქტივობა, რომელიც კრიზისულ ვითარებაში “გამნაღმველის” როლს შეასრულებს. რასაკვირველია, აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა, რათა კრიზისი ჩაცხრეს. მარტო კრიზისის ჩაცხრობაზეც არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია ქვეყნის გადარჩენაზე. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ იმ უმძიმესი სცენარის გათამაშება, რაც უკვე გამოვიარეთ და რასაც ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესად ტრაგიკული ფინალი ჰქონდა. სამწუხაროდ, მოლაპარაკებისა და შეთანხმების რესურსს ვერ ვხედავ. გახსოვთ, ალბათ, დანიელსონის მისიასაც სკეპტიკურად ვუყურებდი და ჩემი ნეგატიური მოლოდინი გამართლდა. ჩვენს პოლიტიკოსებს არაფრის გაგონება არ სურთ, მათზე არგუმენტები არ მოქმედებს, არც დასავლური პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლების შეფასებები და მიმართვებია მათთვის საკმარისი”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“დღეს ეს მათთვის აღარაფერს ნიშნავს. იმავდროულად, ხალხს ექცევიან როგორც ბრბოს, ჰგონიათ, აბსოლუტურად სულელ ადამიანებთან აქვთ საქმე. დასავლეთის ნებისმიერ გზავნილს ჩვენი პოლიტიკოსები თავისებურად თარგმნიან და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. თუ მათ აკრიტიკებენ, ამას არც ახსენებენ, თუ მოწინააღმდეგეს აფასებენ უარყოფითად, მაშინ ამის ტირაჟირებას ახდენენ. სხვათა შორის, ეს უკვე ჩვენმა პარტნიორებმაც კარგად დაინახეს. ასეთი ღია ტექსტებით არც მახსოვს ვინმესთან ელაპარაკათ ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსებს. მეტი რაღა თქვან, როგორ შეგვაგნებინონ, რომ ამგვარი საქციელით ქვეყანას ვაზიანებთ. ამის პარალელურად, ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც უკვე გითხარით, ქართველ ხალხს სულელად თვლიან. რატომღაც ჰგონიათ, რომ ამ ხალხმა არაფერი იცის და ვერაფერს ხვდება. არადა, ასე არ არის. ხალხი ყველაფერს ხვდება. ამიტომაც არის ასეთი მასშტაბური იმედგაცრუება პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ. სოციოლოგიური კვლევების შედეგებს მაინც შეხედონ. სულ ტყუილად ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ კვლევების შედეგები არარეალურია, არ ვიცი, შეიძლება არის მათში უზუსტობებიც, მაგრამ ტენდენცია თვალნათელია - ქვეყანაში დღითი დღე ნაკლებად ენდობიან პოლიტიკურ ძალებს”, - თვლის რესპონდენტი.

“დასავლეთმა არაერთხელ შეგვახსენა და ჩვენც კარგად ვიცით, რომ დღეს მსოფლიოს წინაშე უამრავი პრობლემა და გამოწვევაა. თუ ამხელა ყურადღებას გვაქცევს ევროპა, იმიტომ, რომ ვჭირდებით, მაგრამ თუ ასე გავაგრძელეთ, ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა უკვე აღარც დასავლეთს დასჭირდება. ობიექტურად რომ ვთქვათ, დღეს ხელისუფლება ბევრად ამორფულია, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია. ხელისუფლებამ არ მისცა თავს რადიკალური ჯგუფების შექმნის უფლება, რაც გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ამიტომ მეშინია სამოქალაქო დაპირისპირების. ეს არის ჯგუფები, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული, განსაკუთრებით ახალგაზრდული ჯგუფები. როდესაც ვეუბნებოდით საზოგადოებას, არსებობს სპეციალური სასწავლებლები, სადაც ამ ტიპის ახალგაზრდების გაწვრთნა ხდება-მეთქი, ამას ყურადღებას არავინ გვაქცევდა. დღეს სხვადასხვა დასახელების ახალგაზრდულ ჯგუფებში, რომლებიც მრავლად შვა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად, გაერთიანებული არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანაზე ჰყავთ დაგეშილი, მათთვის მთავარი დესტრუქციაა. ამგვარი გზით აპირებს რადიკალური ოპოზიცია მიზნის მიღწევას - ნებისმიერი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, არავინ ფიქრობს”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “უკრაინა, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი კონფლიქტის პირასაა...” - პასუხობს:

“თუ ყოველივე ეს მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდა, ჩვენზეც დიდ გავლენას მოახდენს. დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების დროს დიდი დარტყმის საფრთხე ყოველთვის დასავლეთის მოკავშირეებს ემუქრება. სამხრეთი კავკასია და საქართველო ამ მხრივ გამორჩეული არიან. რუსეთისა და ჩვენი სამხედრო დაპირისპირება, დიდი ალბათობით, არ იქნება, მაგრამ ველი სეპარატისტულ რეგიონებში ოკუპანტების გააქტიურებას, რუსული სპეცსამსახურების უფრო მეტად ამოქმედებას და ა.შ. ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, რუსეთი სამხედრო-პოლიტიკურად სამხრეთ კავკასიაში სერიოზულად დაბრუნდა, თუმცა მას აქვს პრობლემები ცალკე დასავლეთთან და ცალკე თურქეთთან. განსაკუთრებით თურქეთთან, მაგრამ ეს ცხადად არ ჩანს. ერდოღანი მოქნილი პოლიტიკოსია და ერთი მხრივ, ცდილობს იმეგობროს რუსეთთან, მეორე მხრივ კი შეავიწროოს. ჩვენ ამ დაპირისპირების ცენტრში ვართ, თუმცა ამისთვის არ გვცალია - შიდაპოლიტიკური კრიზისით ვართ დაკავებული...”

“შავი ზღვა ნატოსთვის სამხედრო-პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია. მონტრეს კონვენციის პირობების შეცვლა იქნება თურქეთის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი დასავლეთის სასარგებლოდ. ერდოღანი ერთდროულად რამდენიმე თამაშს თამაშობს - ერთი მხრივ, ცდილობს დასავლეთი ახლო აღმოსავლეთის თემებში შეზღუდოს, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობაში თავის პარტნიორად აქციოს. მონტრეს კონვენციის შეცვლა მარტივი არ იქნება, ხელმომწერი არაერთი ქვეყანაა, მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშინ აშშ-ის მე-6 ფლოტს შეეძლება საერთოდ “დასახლდეს” შავ ზღვაში. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ფუნქცია. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: იცვლება მონტრეს ხელშეკრულება, შავ ზღვაში შემოდის ამერიკული ფლოტი, საქართველოში კი ისევ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე ვდაობთ. ეს ხომ სასაცილო ვითარება იქნება! ამ გლობალური ცვლილებების ეპოქაში მეათეხარისხოვან საკითხებზე მსჯელობით ვართ დაკავებული, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

ორმხრივი მინიშნებები მოლაპარაკების ახალ რაუნდზე - რა იქნება მომავალ კვირას და დარჩა თუ არა შეთანხმების შანსი

“ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან კეთდება სხვადასხვა მინიშნებები და განცხადებები მოლაპარაკებების განახლებაზე. ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის დრო და ადგილი, თუმცა ცნობილია, რომ ამ საკითხზე დასავლელ მედიატორებთანაც მიმდინარეობს კონსულტაცია. არსებობს თუ არა პოზიტიური მოლოდინი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და რაზე შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები? გასულ კვირას ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკების ახალი, მესამე რაუნდის თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადება გაკეთდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორმხრივი მინიშნებები მოლაპარაკების ახალ რაუნდზე - რა იქნება მომავალ კვირას და დარჩა თუ არა შეთანხმების შანსი.

“გასულ სამშაბათს “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებდა, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი “უახლოეს დღეებში” დასახელდებოდა. “რესპუბლიკელების” წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა კი მოლაპარაკების განახლების სავარაუდოდ თარიღად აპრილის ბოლო დაასახელა. პარალელურად, ასეთივე მინიშნებები კეთდება მმართველ პარტიაში, რომლის თანახმადაც მოლაპარაკების განახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება შესაძლოა უკვე მომავალი კვირის ბოლოს გახდეს ცნობილი. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ მოლაპარაკების პროცესი საბოლოოდ არ ჩაშლილა და მისი მონაწილეები, ევროპელი მედიატორების ჩატლით, კიდევ ხედავენ შეთანხმების პერსპექტივას. თუმცა, კონკრეტულად რაზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება, ამ თემაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 6 აპრილს განაცხადა, რომ „უახლოეს დღეებში” გახდებოდა ცნობილი, თუ როდის შედგება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი. იმავე დღეს “რეზონანსთან” საუბრისას მან დააკონკრეტა, რომ ასეთი მოლოდინის საფუძველი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საუბრის შედეგად ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძის განცხადებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა და მოლაპარაკების განახლების თარიღსა და სხვა დეტალებზე ახალი არაფერია ცნობილი, ვაშაძის განცხადება მინიმუმ იმას მაინც ნიშნავს, რომ ასეთი შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამაზე მიანიშნებს ასევე “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადებაც, რომლის თანახმადაც მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი სავარაუდოდ თვის ბოლოს შედგება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოპოზიციის პარალელურად, მოლაპარაკების განახლებასა და შეთანხმების პერსპექტივაზე მინიშნებები მმართველ პარტიაშიც კეთდება. “ქართული ოცნების” ვიცე სპიკერი, გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ უკვე მომავალ კვირაში მხარეები შეძლებენ საერთო ნიშნულამდე მისვლას. “ხუთი თუ ექვსი საკითხია, ყველასთან დაკავშირებით გვაქვს აწონილ-დაწონილი, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია. ეს არის იმ სტანდარტის შესაბამისი, რასაც ჩვენგან პარტნიორები ითხოვენ და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესებს უკავშირდება. იმედი მაქვს, რომ მომავალი კვირა კუბილიუსის მოწოდების გარეშეც იქნება ის პერიოდი ჩვენი ისტორიისა, როდესაც შევძლებთ საერთაშორისო საერთო ნიშნულამდე მისვლას”, - განაცხადა ვოლსკიმ. “ოცნების” წევრის, გივი მიქანაძის თქმით კი, “ოცნება” ნებისმიერ დროს მზად არის დიალოგისთვის, თუმცა არა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული განცხადებები შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ გარკვეული შეთანხმება შედგება, თუმცა, მისივე თქმით, შეთანხმება ოპოზიციის პარლამენტში შესვლისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების გზით უნდა მოხდეს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, შესაძლოა ოპოზიციის ნაწილში მიხვდნენ, რომ ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალი არ არის”, - დასძენს გამოცემა.

“მე ვფიქრობ, აღნიშნული განცხადებებიდან გამომდინარე, გვაქვს ვარაუდის საშუალება, რომ მხარეებმა შესაძლოა შეთანხმებას მიაღწიონ, თუმცა აღსანიშნავია, რომ შეთანხმება უნდა ეხებოდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ისევ ჩაიშლება მოლაპარაკება. ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, ხელისუფლება ამ კუთხით დათმობაზე უნდა წავიდეს. ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით დასავლური მხარის კიდევ ერთხელ ჩართავს მოლაპარაკებებში შესაძლოა შედეგი ჰქონდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციის ნაწილში გაჩნდა საღი აზრი - რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ არის შეთანხმების აუცილებელი პირობა. რეალურად, თუ გადავხედავთ, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც ხელისუფლებაში ისევ “ოცნება” დარჩება. არ არის გამორიცხული ოპოზიციას აღნიშნული მონაცემები შეეჯამებინა. შესაბამისად, შესაძლოა ამ ეტაპზე მათ პარლამენტში შესვლა აირჩიონ, რადგან ეს ნაბიჯი უფრო მომგებიანი იქნება მათთვის. ცუდი ის არის, რომ უკვე იმდენჯერ ჩაიშალა მოლაპარაკებები, რომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არაფერია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

დავით ზურაბიშვილი - “პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება ყველა დროის უგუნური გადაწყვეტილებების სამეულში მოხვდებოდა”

“საქმე ცუდად არის და უფრო უარესადაც იქნება. პოლიტიკური კრიზისი შექმნილია იმის გამო, რომ ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ სურს. რეალურად ერთი ადამიანის მმართველობაა, დანარჩენები კი პასუხისმგებლობას არაფერზე იღებენ, ან ცდილობენ მხოლოდ მისი ბრძანებები შეასრულონ. ეს არის ხელისუფლება, რომლის შეცვლა აუცილებელია... მეორე მხარეს არის ოპოზიცია, რომელმაც თეორიულად ხელისუფლება უნდა შეცვალოს, მაგრამ იქაც არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა. პრაქტიკულად, სუიციდური კამპანია აქვს. დღეს ოპოზიცია თვითგანადგურების პროცესშია, ჯიუტად აგრძელებს ბოიკოტს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. არადა, იცის, რომ ხელისუფლება არ დათანხმდება. არც დასავლეთი სთხოვს ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას”, - აცხადებს ყოფილი პარლამენტარი დავით­ ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერიუში, სათაურით “პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება ყველა დროის უგუნური გადაწყვეტილებების სამეულში მოხვდებოდა” / “ოპოზიციამ დაიჟინა, “წიგნი ფიცისა” დაწერა “მთავარი არხის” ეთერში და მორჩა, უკან აღარ იხევენ...”

“პრაქტიკულად, დღეს პროცესები ქუჩაშია გადატანილი. 9 აპრილს ხელისუფლებამ კიდევ ახალი სიურპრიზი შემოგვთავაზა და “უცნობი” გააცოცხლა. ეჭვი არ მეპარება, ეს ხელისუფლების აქცია იყო, იმდენად უნიჭოდ იყო ყველაფერი დადგმული. რობერტ სტურუა ბოლო დროს სპექტაკლებს ვეღარ დგამს და რომ ეთქვათ, ამას მაინც დაუდგამდა, 41-ნომრიანი მაისურებით რომ არ ეტარებინათ ხალხი და “ოცნების” დროშები არ ეფრიალებინათ. ვფიქრობ, ეს არ იყო “უცნობის” იდეა. როგორც გახსოვთ, თავის დროზე ის თავის “კიდობანში” იჯდა და გადაცემები მიჰყავდა, დღეს უცებ მისი გააქტიურება ხელისუფლებიდან მოდის, ეს ღარიბაშვილის სტილია. მოკლედ, ხელისუფლების მხარეს გვაქვს ვაი, იქით კი - უი, და ვართ ასე მხიარულად. თუ ახალი მოთამაშე არ გამოჩნდა, არ არსებობს აქედან გამოსავალი. შესაძლოა ასეთი გიორგი გახარია იყოს - ისეთი ვითარებაა, უკვე იმასაც კი აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, გახარია იქნება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოსული თუ აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ამ დაპირისპირების მოდელში ქვეყნის ნორმალური განვითარების სხვა პერსპექტივა არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“დგას თუ არა მის მის უკან ივანიშვილი, ამას მისი კომენტარებით უნდა მივხვდეთ. შეუძლებელია ამის დამალვა, როდესაც ღიად ჩაებმება პოლიტიკაში. თეორიულად დასაშვებია, რომ ივანიშვილთან ჰქონოდა კონსულტაციები და მიღებული აქვს მისგან, ასე ვთქვათ, ლოცვა-კურთხევა. ისიც დასაშვებია, თვითონ ცდილობდეს რაღაცის გაკეთებას. თუ უნდოდა გახარია ივანიშვილს, იქ ეყოლებოდა. ასეთი რთული კომბინაციები, მგონი, არ დასჭირდებოდა. ეჭვი მეპარება ეს გათამაშებული იყოს, თუმცა დასაშვები ნამდვილად არის. მეორე მხრივ, არც იმას გამოვრიცხავ, თუ დაინახა, რაღაც ისე არ მიდის, ივანიშვილმა გახარიას გაკონტროლებაც მოინდომოს, რადგან მას არ უყვარს უკონტროლო პროცესები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გახარიამ არ უნდა დაუშვას საბედი­სწერო შეცდომა, რომელიც თავის დროზე ბევრმა დაუშვა - ანუ ისე, რომ პარტიაც არ შექმნას, კენჭისყრა დააპიროს თუნდაც მერის არჩევნებში. საჭიროა რაღაც ნიშის პოვნა. თუმცა ამ ვითარებაშიც შეიძლება ბევრი ხმა აიღოს, რადგან საზოგადოება ძალიან ჭრელი და მრავალრიცხოვანია: არის ხალხის ნაწილი, “უცნობის” აქციაზე რომ იყო, არის ლიბერალური, მემარცხენე ჯგუფებიც. საბოლოოდ, ეს მაინც არ იქნება მისთვის მომგებიანი - თუ გუნდი არა გყავს, გინდა მერი გახდი, გინდა პრემიერი, პერსპექტივა არა გაქვს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ის აჭრის სიტუაციას. ახლა ოპოზიციური პარტიები სუიციდის რეჟიმში არიან, ამის შემდეგ კი შეიძლება გადაეწყონ და ოპოზიციის ერთიანობა, რომელიც რეალურად თვითმკვლელობისთვის ერთიანობაა, შეიცვალოს. ახლა ოპოზიციაში რიგი დგას, რომელი “მოკვდება” ბოლოს. ეს არ უნდა მოხდეს, ოპოზიციაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთა პოტენციალი ქვეყანას გამოადგება”, - მიიჩნევს ყოფილის პარლამენტარი.

“ბევრი ხვდება, რომ პირველ დღეებში გაკეთებული კატეგორიული განცხადებების მძევლები გახდნენ. რიგგარეშე არჩევნების კატეგორიული მოთხოვნა, ძირითადად, “ნაცმოძრაობას”, “ლელოს” და “ევროპულ საქართველოს” აქვს. უფრო მსუბუქი პოზიცია აქვს გიორგი ვაშაძეს, რესპუბლიკური პარტია საერთოდ არ არის ბოიკოტის მომხრე, უბრალოდ, “ნაცმოძრაობასთან” ბლოკშია და ვერ არღვევს შეთანხმებას. იმდენჯერ თქვეს, არჩევნები გაყალბდაო, რომ ახლა დასავლეთს ლამის ეხვეწებიან, რიგგარეშე არჩევნებისმაგვარი მაინც ჩაწერეთ იმ შეთანხმებაშიო. ხელისუფლებას ურჩევნია ყველა წავიდეს მარგინალიზებისკენ, ყველაფერი სააკაშვილს მიაწეროს და მერე თავი იმართლოს დასავლეთთან, ვეპატიჟები პარლამენტში და არ შემოდიანო. ხელისუფლებამ ნორმალური მდგომარეობა რომ აღიდგინოს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება დასჭირდება. აქ კი “ჭედავს”. ქალბატონმა პრეზიდენტმა 9 აპრილს ერთი-ორი კრიტიკული სიტყვაც თქვა “ოცნებაზე”, მაგრამ ის არ უთქვამს, რომ შეეძლო შეეწყალებინა გიორგი რურუა და ახლა ცოტა სხვა ვითარება იქნებოდა”, - ამბობს ზურაბიშვილი. და შეკითხვაზე - “ამ დათმობაზე ხელისუფლება რატომ არ მიდის?” - პასუხობს:

“ვითარებას შეარბილებდა, თუ ოპოზიცია დათანხმდებოდა შეთანხმებას, მაგრამ ამას არ გააკეთებენ “ნაცმოძრაობა”, უფრო სწორად, სააკაშვილი, “ევროპული საქართველო” და “ლელო”. ვაშაძეს რომ ეთქვა, მე ვაწერ ხელსო, მას დაატყდებოდა მთელი რისხვა. გარდა ამისა, ამომრჩეველიც ხომ დგას მათ უკან. ამდენ ხანს რომ ეუბნები, არჩევნები გაყალბდაო და ერთ დღეს გამოუცხადებ, ახლა შევდივართ პარლამენტშიო, არ არის ადვილი... საკუთარი სიტყვის მძევლები არიან - რასაკვირველია, ეს უგუნური გადაწყვეტილება ყველა დროის უგუნური გადაწყვეტილებების საპატიო სამეულში მოხვდებოდა, თუ პირველ ადგილზე ვერ გავიდოდა. ასე შეიზღუდო მანევრის სივრცე და გადაიყვანო ეს მორალურ-ზნეობრივ ჭრილში, წარმოუდგენელია. დაიჟინეს, “წიგნი ფიცისა” დაწერეს “მთავარი არხის” ეთერში და მორჩა, უკან აღარ იხევენ. ასეთ რაღაცაზე რომ მიდიხარ, 100 000 კაცი მაინც უნდა გედგას გვერდით, რომელიც ქუჩაში გამოვა და ზეწოლას მოახდენს ხელისუფლებაზე, მაგრამ ასე არ არის. არც ხალხი გყავს, არც დასავლეთს უჯერებ და აჩემებული გაქვს რიგგარეშე არჩევნები და რით უნდა შეცვალო რამე? მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, რატომ უნდა დავთმო? ამას დასავლეთიც არ სთხოვს.”

“თავს არ დაგვანებებენ. ამერიკამ აღნიშნა, საქართველოს განვითარებისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს გაცემულიო, სინამდვილეში, ორი ამდენია სხვადასხვა გზით შემოსული. როგორ გგონიათ, ამერიკა 10 მილიარდს დახარჯავს და მერე ამას დათმობს? ასე არ ხდება, აქ ჩვენი ინტერესებიც არის. ქართველი საზოგადოებისთვის დასავლეთთან ინტეგრაცია უალტერნატივოა და ამას ყველა გამოკითხვა ადასტურებს. არც ევროპა აპირებს ჩვენთვის თავის დანებებას. სანქციები იქნება, დასჯით დაგვსჯიან. თუ ჩვენსას არ მოვიშლით, ბელარუსის კატეგორიაში გადავალთ და ბურთი და მოედანი რუსეთს დარჩება. არ დაგვანებებენ თავს ევროპელები, თორემ ყველანაირად ვიმსახურებთ გვითხრას, მიხედეთ თქვენს თავსო, მაგრამ მას არ აწყობს რუსეთის გაძლიერება”, - განმარტავს რესპონდენტი.

“გახარია ან ვიღაც იქსი უნდა გამოჩნდეს, რათა ოპოზიციური ერთობა დაარღვიოს, ოპოზიციაში გადაჯგუფებები კი თავისთავად გამოიწვევს ხელისუფლების ქმედებების შეცვლას და დასავლეთის პოზიციის ცვლილებასაც. დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლების შეცვლა გამორიცხულია. რაც შეეხება 15 მაისის აქციას, საერთოდ არა მაქვს არანაირი მოლოდინი. იქნება ის, რაც ადრე იყო. შეიძლება 2-3 ათასით მეტი კაცი მივიდეს და ეს არაფერს შეცვლის. არც ვარ დარწმუნებული, რომ სერიოზული აქცია იქნება. ოპოზიციის რეალურ ლიდერ სააკაშვილს არ სურს კოალიციური ურთიერთობა. მომხრეა იყოს პოლარიზება და დაპირისპირება. ყველაზე მეტად მის ინტერესშია, რაც დღეს ხდება. ყველაზე მეტი მხარდამჭერიც ოპოზიციაში სააკაშვილს ჰყავს და, ბუნებრივია, ის აღიქმება წამყვანად, თუმცა არა მგონია, მის ინსტრუქციებზე დადიოდეს ყველა. უბრალოდ, თვითონ ჩაიყენეს თავი ასეთ მდგომარეობაში. ბოიკოტის გადაწყვეტილებით გამოვიდა, რომ სააკაშვილს მიჰყვნენ, არ უნდოდათ, მაგრამ ასე გამოუვიდათ. “ევროპული საქართველო” ცდილობს თვითონ მოექცეს სათავეში ამ კამპანიას, მაგრამ არ გამოუვა ბოკერიას, ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ ექნება სააკაშვილზე მეტი ხმა”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით