სოზარ სუბარი - „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან დიალოგის ნაკლებობა იყო, პრობლემა ის იყო, რომ ხელშეკრულების ბევრი პუნქტი საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის" შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან დიალოგის ნაკლებობა იყო.

სოზარ სუბარის თქმით, პრობლემა იყო ის, რომ ხელშეკრულების ბევრი პუნქტი საზოგადოებისთვის და პირადად მისთვისაც ცნობილი არ იყო.

მან ასევე უპასუხა კითხვას, დაგვიანებული ხომ არ არის დიალოგი. როგორც სუბარი აღნიშნავს, დიალოგი იმდენჯერ უნდა შედგეს, რამდენიც საჭიროა.

„ზოგჯერ არის, როცა ფიქრობ, რომ 2x2=4, ამაზე იყო ერთი, ორი, ხუთი შეხვედრა, რაღა საჭიროა მეტი, ხომ ყველასთვის ისედაც ნათელია, მაგრამ ეს სწორი მიდგომა არ არის. დიალოგი უნდა გვქონდეს იმდენგზის, იმდენჯერ უნდა განვიხილოთ, რამდენიც საჭიროა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მართლა მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან დიალოგის ნაკლებობა იყო. იყო პრობლემა ის, რომ ხელშეკრულების ბევრი პუნქტი საზოგადოებისთვის, პირადად ჩემთვისაც, ცნობილი არ იყო. ეს ყველაფერი ბუნებრივია, დიალოგს ხელს უშლიდა. აბსოლუტურად არ ვიზიარებ, რომ ეს კაბალური ხელშეკრულებაა, პირიქით, მგონია, რომ ეს ქვეყნისთვის მომგებიანი ხელშეკრულებაა, თუმცა ეს ჩემი აზრია. შესაბამისად, იმიტომ არის დიალოგი, რომ დეტალებში პუნქტ-პუნქტად გავერკვევით.

როგორც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით, ისინი, რომლებიც მუშაობენ გარემოსდაცვით საკითხებზე და გაცილებით კომპეტენტურები არიან, ვიდრე მე, ან რომელიმე თქვენთაგანი შეიძლება იყოს, იწყებენ ყველა იმ ჩატარებული კვლევის შესწავლას, რევიზიას და გადასინჯვას, რომელიც არსებობს. დარწმუნებული ვარ, მათგან რამდენიმე დღეში ძალიან კვალიფიციური პასუხები იქნება“, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ. დიალოგში საპარლამენტო უმრავლესობიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა