მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს

„ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ - 2021 წელს ამ სლოგანით აღინიშება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. ეს ყოველივე ხაზს უსვამს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ეროვნული თუ რეგიონული უწყებების, მათ შორის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მნიშვნელოვან როლს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისა თუ მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის საქმეში.

ყველა ბიზნესი იდეიდან იწყება. იდეა, რომელიც შერწყმულია გამომგონებლობის უნართან, ნოუ-ჰაუსა და ნიჭთან ინტელექტუალური საკუთრების აქტივად ყალიბდება, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის აღდგენასა და პროგრესს.

შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრება არის ის სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ თქვენი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგის კომერციალიზაციისა და მისგან ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

ინტელექტუალური საკუთრების უნებართვოდ გამოყენება განსაკუთრებით აზარალებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელიც. შესაბამისად, აუცილებელია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება ინტელექტუალური საკუთრების, როგორც ღირებული არამატერიალური აქტივის დაცვის მნიშვნელობისა და ეკონომიკური ზეგავლენის თაობაზე. საგულისხმოა ისიც, რომ მეწარმეების მიერ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ქმნის კონკურენტულ ბიზნეს გარემოს.

სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, გამოგონება, ახალი ჯიშები, გეოგრაფიული აღნიშვნები, საავტორო უფლებები ის არამატერიალური კაპიტალია, რომელსაც საწარმოები ფლობენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, სათანადოდ ვერ იცავენ და კარგავენ დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.

სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მათი დაკვალიანება ინტელექტუალური საკუთრების არსის, არამატერიალური რესურსის დაცვის მექანიზმებისა და უფლებების კომერციალიზაციის მეთოდების თაობაზე, რაც მათ დაეხმარება ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.

ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერი ღონისძიებების შესახებ „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარეს მინდია დავითაძეს ესაუბრა:

- ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად პანდემიის პერიოდში რამდენიმე თვის წინ „საქპატენტმა“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე 50%-იანი შეღავათი დააწესა. რა შედეგი გამოიღო ამ დროისთვის თქვენმა ინიციატივამ?

- ყველასთვის ცნობილია, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა კერძო სექტორი, განსაკუთრებით ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც, დამეთანხმებით, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ არამარტო ეროვნული, არამედ, რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაში. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის საჭიროება.

სწორედ ამიტომ, „საქპატენტი“ აქტიურად ჩაერთო მთავრობის მხრიდან ინიცირებულ ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებში და დააწესა 50%-იანი შეღავათი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის დადგენილ საფასურებზე (განაცხადების ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, შეღავათი მოწმობის გაცემაზეც მოქმედებს).

ხაზგასასმელია, რომ ინიციატივა, რომლის მიზანია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის დამატებითი აქტივის შეძენის შესაძლებლობა, შენარჩუნება და გაზრდა, ეკონომიკის აღდგენასაც დაეხმარება და კერძო სექტორში 700 000-მდე ლარს დატოვებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მაგალითად, მიმდინარე წლის მარტის თვეში შემოვიდა 242 განაცხადი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ითაა გაზრდილი. ამდენად, სასიხარულოა, რომ კერძო სექტორისთვის ეს ინიციატივა საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა, რაც მომართვიანობაზეც აისახა.

- ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტებთან დაკავშირებით, მაგალითად, გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქციის მწარმოებელთა მხარდასაჭერად რა ღონისძიებებს ახორციელებს „საქპატენტი“?

- ჩემთვის, როგორც „საქპატენტის“ თავმჯდომარისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან გეოგრაფიული აღნიშვნები ის ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება ბუნებრივ პირობებთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ადგილობრივი უნიკალური პროდუქციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექმნას. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნები ხელს უწყობს მაღალი ხარისხის აგროპროდუქტების წარმოებას, მათი საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც დადებითად აისახება მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლებზე.

„საქპატენტი“ მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან და არაერთ ღონისძიებას ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) - ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში. პროექტის მიზანია გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარება და მასთან დაკავშირებული სარგებლის სრულფასოვნად გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროს ეფექტიან ფუნქციონირებასა და უფლებების უფრო ეფექტიანად აღსრულებას.

კანონპროექტის თანახმად, დაინერგება სერტიფიცირების და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ახლებური მექანიზმები. გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სწორედ ეფექტიანი კონტროლის სისტემის არსებობა, რომლის მეშვეობითაც შემოწმდება პროდუქტის მახასიათებლების შესაბამისობა დადგენილ სპეციფიკაციებთან.

ეფექტიანი სისტემის არსებობა ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ახალი ბაზრების ათვისებასა და მაღალ კონკურენტუნარიან გარემოში განსა­კუთრებული ადგილის დამკვიდრებას.

ამასთან, ჩემთვის საამაყოა რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების რიცხვის ზრდა. გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში 53 დასახელებას, უახლოეს მომავალში მაღრაანის ქისი და ქვევრიც შეუერთდება. ხოლო პოტენციურ გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, მათ შორის ხეთის მანდარინზე, მუხურის თაფლზე, ქართულ მანდარინზე, ქართულ თხილზე, რაჭულ ლორსა და გურჯაანის ატამზე აქტიური მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

- უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა ღონისძიებებს ახორციელებთ ციფრულ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელთა მხარდასაჭერად, იგივე გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით?

- ინტერნეტ სივრცეში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტების გაყალბების ფაქტები „საქპატენტის“ ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, ათეულ სავარაუდო შემთხვევას ითვლის. ინტერნეტი ნებისმიერი სახის პროდუქტისთვის ,,ჩვეული გასაღების ადგილია“. ბუნებრივია, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების ონლაინ სივრცეში დაცვა ახალ მიდგომებსა და ახალი ადმინისტრაციული მექანიზმების შექმნას საჭიროებს.

სწორედ ამიტომ, „საქპატენტი“ მუშაობს Amazon-თან, Ebay-სთან, Alibaba-სთან და Rakuten-თან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული პროდუქციის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ღვინის და სხვა ნაწარმის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს უფლებების დარღვევის შემთხვევების აღკვეთას და პრევენციას. კერძოდ, მოხდება ყალბი პროდუქტების გამოვლენა და გაყიდვიდან ამოღება. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ქართული ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას.

- ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება რა ეტაპზეა?

- მეკობრული მასალის კონტროლი ინტერნეტიზაციის პროცესის ყველაზე დიდი გამოწვევაა. მეკობრული კონტენტის ხელმისაწვდომობის მინიმალიზაცია „საქპატენტისა“ და USAID-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ძირითადი შემადგენელია, რაც კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კონტენტის მწარმოებლებსა და გამავრცელებელ კომპანიებს შემოსავლის სრულად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესება და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რაც გააძლიერებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გლობალურ სისტემაში.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო დოკუმენტის შემუშავება. ასევე, პროგრამის დახმარებით განხორციელდება უფლებამფლობელების, მომხმარებლების, მოსარგებლეების, კერძო და საჯარო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, EUGIPP-ის „საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის“ ფარგლებში, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საავტორო უფლებების კანონპროექტზე, რომლის მიზანია მოქმედი საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, რაც ხელს შეუწყობს კანონმდებლობის დახვეწას და ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაციის პროცესს.

- როგორც იკვეთება, ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების გამართული სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ მიმართულებით რა ღონისძიებებს ატარებს „საქპატენტი“ და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

- საზოგადოების ცნობიერების დონე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, ნამდვილად მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, მაშინ, როცა დარგის შესახებ ინფორმირებულობა უმთავრესია ინტელექტუალური საკუთრების უპირატესობებით სრულად სარგებლობისთვის. ამასთანავე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და გამართული IP სისტემის შექმნა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედია, რომელიც დარგში ცნობიერების ამაღლებით, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინტელექტუალური საკუთრების საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებითა და ხარისხის უწყვეტი კონტროლით მიიღწევა.

სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა 2015 წელს საქპატენტში სასწავლო ცენტრის შექმნა, რომლის განვითარება 2020 წლიდან უწყების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად გამოცხადდა. ამ მიმართულებით გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი: მოწესრიგდა ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი/ჩარჩო, განისაზღვრა 2 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქპატენტის სასწავლო ცენტრი აქტიურად წარმართავს დარგში ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართულ სხვადასხვა ღონისძიებებს.

ხაზგასასმელია რომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის, მათ შორის სკოლის ასაკის მოზარდების ცნობიერების ამაღლება და მათთვის ინფორმაციის მიწოდების უწყვეტობა. ამ მიმართულებით, აღსანიშნავია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა და საქპატენტის ერთობლივი პროექტი „ინტელექტუალური საკუთრება განათლებაში“, რომლის მიზანია კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხების ინტეგრირება საბაზისო განათლების სისტემაში, მათ შორის საშუალო სკოლების მასწავლებელთა გადამზადება და მათი აღჭურვა ინტელექტუალური საკუთრების სწავლების შესაბამისი უნარებით, ისევე, როგორც მოსწავლეებში კრეტიულობისა და ინოვაციურობის გაღვივება მათთვის IP გაკვეთილების ჩატარების გზით.

მნიშვნელოვანია, ასევე საჭიროებებზე მორგებული ის პროგრამები და ტრენინგები, რომლებიც სტუდენტებისთვის, ბიბლიოთეკების თანამშრომლებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის და მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აქვე აღვნიშნავ სასწავლო მიმართულებით საქპატენტის მჭიდრო თანამშრომლობას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO). განსაკუთრებით მინდა გამოვყო WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE), რომელიც არის უფასო, „საქპატენტის“ მიერ თარგმნილია ქართულ ენაზე და ადაპტირებულია ქართულ კანონმდებლობასთან. აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია ამჟამად მიმდინარეობს. ასევე გავაჟღერებ სიახლეს და გეტყვით, რომ კურსების ჩამონათვალს მალე დაემატება WIPO-ს აკადემიის სპეციალიზებული დისტანციური კურსი (DL 302) სასაქონლო ნიშნების, დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ. ასევე, უახლოეს მომავალში საზოგადოებას შევთავაზებთ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) კურსს „ინტელექტუალური საკუთრება, როგორც ღირებული აქტივი ბიზნესისთვის“.

რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, გვაქვს კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები. სამწუხაროდ, დღემდე საქართველოში არ არსებობს ინტელექტუალური საკუთრების სამართალის სამაგისტრო პროგრამა, რაც დარგში მაღალი აკადემიური ხარისხის განათლების მიღების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, მალე მივაღწევთ დასახულ მიზანს და დავნერგავთ სამაგისტრო პროგრამას, რაც იქნება მნიშვნელოვანი შედეგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა