ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2021

მიშელის შეთანხმების ტორპედირების მცდელობა - ოპოზიციის ნაწილი ახალ პირობებს იგონებს, ევროპაში კი გაოცებისგან მხრებს იჩეჩავენ

საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა - ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, გამოსავალზე არავინ ფიქრობს

რა მოხდება თუ ბაიდენმა სომხების გენოციდი აღიარა

* * *

მიშელის შეთანხმების ტორპედირების მცდელობა - ოპოზიციის ნაწილი ახალ პირობებს იგონებს, ევროპაში კი გაოცებისგან მხრებს იჩეჩავენ

“ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე მელანი კარგად არ არის გამშრალი და ოპოზიციური ძალები, მათ შორის ამ შეთანხმების ხელმომწერებიც მის ტორპედირებას ცდილობენ. საჯილდაო ქვად კვლავ “ნაცმოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას პოზიციაა, რომელიც უარზეა ციხე დატოვოს ამნისტიით და არც გირაოთი, მაშინაც კი თუ მას ევროპელები გადაიხდიან. საქმე შეიძლება ისეთ კომიკურ სიტუაციამდეც კი მივიდეს, რომ მისი ციხიდან გამოსაყვანად ძალის გამოყენება გახდეს საჭირო. ეს ალიაქოთი ევროპელებს სრულიად არ ესმით და მათ ტონალობაში უკვე გაღიზიანებაც კი იგრძნობა. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ერთ-ერთი მათგანია. ის ეჭვობს, ოპოზიციაში გარკვეული წრეები პუტინის ინტერესს ხომ არ ატარებენ ნებსით თუ უნებლიედ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მიშელის შეთანხმების ტორპედირების მცდელობა - ოპოზიციის ნაწილი ახალ პირობებს იგონებს, ევროპაში კი გაოცებისგან მხრებს იჩეჩავენ.

“მართლა არ ვიცი, რა არის პრობლემა - არის ფულიც, გარანტიაც და ამნისტიის კანონიც. მას შეუძლია იყოს თავისუფალი ნებისმირ დროს. თუ მოსწონს ციხეში ყოფნა, ეს მისი პრობლემაა. ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს გაერთიანებული საერთო პოზიციით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული. ეს არის სააკაშვილისა და პუტინის ინტერესი. ის ცდილობს ერთიანობა დაარღვიოს ოპოზიციაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი ცდილობს რადიკალიზაციის და პროვოკაციის ხერხს მიმართოს, რომელშიც გამარჯვებული მხოლოდ ვლადიმერ პუტინია, რაც, ვფიქრობ, რომ არის სირცხვილი”, - განაცხადა ხუთშაბათს ბრიუსელში ვიოლა ფონ კრამონმა. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ ამნისტია 20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულ სამართალდამცავებს არ უნდა შეეხოს, ან ამისათვის უნდა არსებობდეს დაზარალებულთა თანხმობა. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მელიას გათავისუფლება მათი მხრიდან უკვე კომპრომისია და სხვა რაიმე დამატებით მოთხოვნებზე საუბარი ზედმეტია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია. “ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ!” - წერს ფეისბბუქში მელია. ის საპატიმროში ცოტა ხნის წინ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა. მასთან ერთად საპყრობილეში აკაკი მინაშვილიც იმყოფებოდა. “ნიკა მელიას პოზიცია არის, რომ გამოსასყიდი ცალსახად და არა გირაო, არ უნდა იქნას გადახდილი არავის მიერ”, - აცხადებს საძაგლიშვილი. “ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს და არც ერთი სახით არ დაეთანხმება გირაოს გადახდას იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ხარკი. ასევე წინააღმდეგია ამნისტიის, რომელიც წარმოდგენილია თუნდაც ერთი პოლიციელის ამნისტია იგულისხმებოდეს”, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკო მინაშვილი. აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ქვეყანამ უნდა შეძლოს გამოწვევებზე პასუხის გაცემა”, - განაგრძობს გამოცემა.

“შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. პროცესი წინ მიდის. მტკივნეული პერიოდი იყო 2019-2020, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ადვილი არ იყო კომპრომისის მიღწევა. ამნისტიის კანონზე მიდის მსჯელობა. ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა, დარჩება თუ არა ციხეში. მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ. ქვეყანამ უნდა შეძლოს უდიდეს გამოწვევებზე პასუხის გაცემა”, - აღნიშნა დეგნანმა. მიუხედავად იმისა, რომ “ლელომ” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და აიღო ვალდებულება ამნისტიის მიღებაზე, პარტიის წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამას კონკრეტული დათქმით დაუჭერენ. “ერთადერთი, რა საკითხზეც ჩვენ მხარს დავუჭერთ ამნისტიას, ეს არის ამნისტია საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის საერთაშორისო უფლებების სრული დაცვით. ზოგადად, არ ვეთანხმებით სამართალდამცველებზე ამნისტიის გავრცელებას, მაგრამ თუ საერთოდ არ დარჩა სხვა გზა, ვიდრე ის, რომ ამნისტიით ეს მოხდეს, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ნიკა მელიას გამოშვებას, მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით ექნება სახელმწიფოს უფლება, ადამიანები მოყვნენ ამნისტიის ქვეშ”, - აცხადებს ნაცვლიშვილი. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ამ საკითხზე საუბარი არასერიოზულია. ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში სამშაბათს იგეგმება”, - დასძენს გამოცემა.

“საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელია მისი გათავისუფლების ორივე გზაზე - ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოსა და ამნისტიის აქტზე უარს იტყვის, “დარჩება იქ, სადაც არის“. პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამნისტიის შესახებ კანონი მელიას გარდა, ვრცელდება “20 ივნისის ღამეს პოლიციელებზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებზეც, რომლებზეც ოპოზიცია არ ზრუნავს და რახან ნიკა მელია თანახმა არ არის, სურთ, რომ ამის გამო ხელისუფლებამ სხვა ადამიანებსაც უარი უნდა უთხრას გათავისუფლებაზე”. პაპუაშვილის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება შეთანხმების დოკუმენტში არა მელიას გათავისუფლებისთვის, არამედ ზოგადად 20 ივნისის მოვლენასთან დაკავშირებული გვერდის გადაფურცვლის სულისკვეთებით ჩაიწერა. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მელიას გაჯიუტება, გასაკვირი არაა, რადგანაც “ნაციონალური მოძრაობა” სახის ბოლომდე შენარჩუნებას ცდილობს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო “ნაცმოძრაობა” დესტრუქციულ ქმედებებს პოლიტიკაში კვლავ აგრძელებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ნაციონალები” თავის ამპლუაში არიან და მათგან გასაკვირი არც არაფერია. მათი ტაქტიკა, ქმედება და პოლიტიკური დღის წესრიგი ხელისუფლებაში დაბრუნებაა, რომელიც ამ ხელისუფლების დანგრევა-ჩამოშლით უნდა განხორციელდეს. სხვანაირად ენმ ხელისუფლებაში ვერ ბრუნდება, რადგანაც ხალხს წარსული არ ავიწყდება და უკან არ აბრუნებს. ეს თან მათთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც საკუთარ წარსულთან პრობლემა აქვთ. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მათი მმართველობა მიუღებელია. ამიტომაც ამ პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელისუფლება უფრო ცუდი იყოს, ვიდრე თავად იყვნენ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს სურათი დადონ. თუმცა დღემდე ვერ ახერხებენ. ენმ-ის ყველა პოლიტკურ მოქმედებაში ვხედავ, რომ ეს ხელისუფლება, როგორმე რამე ისეთ ლაფში ამოსვარონ, რომ სხვების თვალში მასზე უარესები გახდნენ. გარდა იმასა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, თავიანთ წარსულის გამართლებაზე “ჩალიჩობენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“მელია ცხადია, გარაოთი იქნება ეს თუ ამნისტიით, ნამდვილად გარეთ გამოვა და ჯობია ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს. თუ მას უნდა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იყოს ან მის პარტიას თუ სურს, რომ გარკვეული ხმები მოიპოვოს და საერთოდ რეიტინგი არ დაკარგონ. “ნაციონალებმა” და “ევროპელებმა” ასე თუ გააგრძელეს, ისინი დასავლეთის თვალში ბოლომდე მარგინალიზებულები დარჩებიან. თუ მათ ისღა დარჩენიათ, რომ საკუთარ კონტროლიერებად ტელევიზიებში ისხდნენ და პარლამენტთან 10 კაცი შეკრიბონ, ეს უკვე მათი პოლიტიკური არჩევანია. “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერი გააკეთა, იქნებოდა ეს დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერა თუ მოულოდნელად გამოჩენილ მიშელის ახალი დოკუმენტზე შეთანხმება. ამით კი “ოცნებამ” დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დაიმსახურა. მელიამ შეიძლება თავი ისეთ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდოს, რომ მისი ციხიდან გამოყვანა ძალით გახდეს საჭირო. ცხადია ადრე თუ გვიან ის გამოვა, მაგრამ თუ მას უნდა რომ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები ჰქონდეს. ჯობია ამ მასკარადს მორჩეს და თავი არ შეირცხვინოს”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას გია აბაშიძე.

საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა - ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, გამოსავალზე არავინ ფიქრობს

“საქართველოში საწვავი შეუსვენებლად ძვირდება. არ არის გამორიცხული, ქვეყანაში მალე 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 3 ლარს მიაღწიოს. მსოფლიოს გამოცოცხლებისა და ეკონომიკის ამუშავების შემდეგ, ნავთობპროდუქტების გაძვირება მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ამ მასშტაბით. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა გზები არსებობს იმისთვის, რომ საწვავის ფასმა ფსიქოლოგიურ ნიშნულს არ მიაღწიოს. ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში 1 ლიტრი “რეგულარი” 2.70 ლარის ფარგლებში ღირს. შედარებით იაფია არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ყველაზე იაფი ბენზინი 2.45-2.50 ლარად იყიდება. რადგან ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულება დაახლოებით 65-66 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდა, ახლა გაძვირების მთავარი მაპროვოცირებელი ლარის კურსია, რომელიც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაუფასურდა. ამის გამო, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში საწვავის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწიოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა - ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, გამოსავალზე არავინ ფიქრობს / მალე 1 ლიტრი “რეგულარი” 3 ლარი ეღირება, რაც არანორმალური ნიშნულია.

“სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ერთ-ერთი გზა კი, ლარის კურსის დასტაბილურობასთან ერთად, აქციზის განაკვეთის დაწევაა. ფასები გაზრდილია საბითუმო ბაზარზეც. როგორც კომპანია “სენტა პეტროლეუმის” დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ აღნიშნა, “რეგულარის” ღირებელება 2.33-2.34 ლარია, ხოლო დიზელის ფასი 10-12 თეთრით ნაკლებია. “საბითუმო ბაზარზე ბოლო პერიოდში ასეთი ფასებია: 1 ლიტრი “რეგულარი” 2.33-34 ლარი ღირს, დაახლოებით, 10-12 თეთრით ნაკლებია დიზელის ფასი. გაძვირებაზე ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. პირველი - საერთაშორისო ბაზრის ტენდენცია და მეორე - ლარის კურსის მერყეობა. თუ კურსის დასტაბილურება და გამყარება მოხდება, რა თქმა უნდა, გაიაფება დაიწყება. გარდა ამისა, თუკი აქციზის განაკვეთი შემცირდება, ბუნებრივია, რომ ესეც დადებითი ფაქტორი იქნება ფასების კორექტირების თვალსაზრისით. არის კიდევ კონკურენციის საკითხი. ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს, რათა მონოპოლური ფასების წარმოქმნა არ მოხდეს. საწვავის ფასი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებზეა დამოკიდებული”, - ამბობს ზაალ იაკობიძე, რომლის განმარტებით, “დღესდღეობით საერთაშორისო ბაზარზე ცვლილებები აღარ შეინიშნება და ვითარება დასტაბილურდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ველოდებოდით, რომ მსოფლიოში ფასები დაეცემოდა. პანდემიია მესამე ტალღა დაიწყო და წესით, აქტივობა უნდა შემცირებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რამ არ შეინიშნება”, - თქვა იაკობიძემ და დასძინა, რომ ლარის კურსის არასტაბილურობა და გაუფასურება უარყოფითად არა მხოლოდ ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე აისახება, არამედ ყველა მხრივ ცუდი შედეგი მოაქვს, ამიტომ საქართველოს მთავრობა უნდა შეეცადოს, რომ ქართული ვალუტა დასტაბილურდეს და გამყარების გზას დაადგეს. ბოლო ხანებში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 64-66 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაძვირებას იმპორტიორი ქვეყნებისთვის საკმოდ ცუდი შედეგი მოაქვს, რადგან ქვეყნებს უწევთ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას ფეხი აუწყონ. ამას ემატება ქვეყნის შიგნით არსებული კრიზისი და ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს საქართველოა”, - დასძენს გამოცემა.

“საწვავის ფასი 2.78 ლარია, დაახლოებით, 8 თვის უკან კი 1.90 ლირდა. 80 თეთრით მატება ამ მოკლე პერიოდში უმძიმესია. როდესაც გადამზიდავი საავტომობილო საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებს, ყოველთვის ერთწლიან კონტრაქტს აფორმებს დამკვეთთან, სადაც გადაზიდვის ტარიფი დაფიქსირებულია. გამოდის, რომ ტარიფი რჩება უცვლელი, რადგან ხელშეკრულებაში უკვე ჩაწერილია და გადამზიდავმა საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე განახორციელა გადაზიდვა. ნავთობის გაძვირებასთან ერთად, გაიზარდა სასურსათო პროდუქციის ღირებულებაც და მომხმარებელი ნავთობის გაძვირების გარდა, განიცდის პირდაპირ წნეხს სხვა სახის საქონლის გაძვირებით. ანუ ნავთობის ფასის მატება არ არის მხოლოდ ერთი სახის პრობლემა, მას ემატება სასურსათო პროდუქციის გაძვირებაც. კარგი იქნებოდა, საქართველოში, საზღვრებზე გაკეთებულიყო ისეთი ავტოგასამართი სადგურები, სადაც ქართული მხარე დაუბეგრავ საწვავს გაყიდდა და გადამზიდავი 20-30 თეთრით უფრო იაფად მიიღებდა საწვავს. საბოლოო ჯამში, ამით პროდუქციის თვითღირებულება შემცირდებოდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ცაგარეიშვილი.

რა მოხდება თუ ბაიდენმა სომხების გენოციდი აღიარა

“ამერიკის პრეზიდენტის მიერ 24 აპრილს, ტრადიციულ ყოველწლიურ მიმართვაში სომხების გენოციდის აღიარებაზე გავრცელებულ ცნობებს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა “უოლ სტრიტ ჟურნალმა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. წყაროს ცნობით, გამორიცხული არაა, რომ ჯო ბაიდენმა თავი შეიკავოს აღიარებისგან და სიტყვა “გენოციდი” არ გამოიყენოს, თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის პრეზიდენტი გამოსვლაში გენოციდს ახსენებს, ეს თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამით თურქეთსა და ამერიკას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდება თუ ბაიდენმა სომხების გენოციდი აღიარა - რა ვერსიები ვრცელდება ამერიკულ პრესაში და როგორ უყურებენ ამას საქართველოში.

“ასეთ შემთხვევაში ერდოღანი ამერიკაში თურქეთის ელჩს გამოიწვევს, ისედაც მას ამერიკაზე კბილები აქვს ალესილი, რადგან რუსი მაღალჩინოსნების მსგავსად, თურქეთის ოთხი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირზე ამერიკამ სანქციები გამოაცხადა. ამან სერიოზული მრისხანება გამოიწვია, ერდოღანი და მისი მთავრობა აჟიტირებულია, თან ეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის სამინისტროს ეხება, რითაც ამერიკამ ერდოღანს მთელი სამხედრო ტექნიკური სახის პროექტები ჩაუშალა. ფაქტიურად ამერიკასა და თურქეთს შორის კავკასიის რეგიონზე დაპირისპირებაა, თურქეთმა ამ რეგიონის უსაფრთხოების ფორმატზე აშშ შეგნებულად არ მიიწვია, 3+3 ფორმატის წამოყენება პირდაპირ ანტიამერიკული ნაბიჯი იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

„მეორე ის, რომ თურქეთმა “ბოსფორი 2” არხის მშენებლობა დაამტკიცა. ეს ამერიკელებს დიდ არაფერს არ მოუტანს და მოულოდნელი იქნება იმიტომ, რომ თუ ამერიკული გემები მონტრეს 1936 წლის კონვენციის მიხედვით, შავ ზღვაში მაინც შემოდიან, აქ უკვე თურქეთის პირდაპირ ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული და შეიძლება სრულიად გადაუკეტოს, როგორც 2008 წლის აგვისტოში იყო, როცა ამერიკულ ორ ნაღმოსანს არ მისცა საშუალება, შავ ზღვაში შემოსულიყო და ბოსფორის ყურეში აყურყუტა, სანამ რუსეთმა ბოლომდე არ მიგვჯირყვნა... ბაიდენმა თუ მართლა გენოციდი აღიარა, ეს უკვე სერიოზულია, რაც შეეხება იმას თუ ამ შემთხვევაში საქართველო რა მდგომარეობაში აღმოჩნდება, ჩვენ ისედაც ამერიკა თურქეთს შორის ვართ გაჩხერილები და ეს ერდოღანს კიდევ უფრო მისცემს იმის საშუალებას, რომ თავისი ქმედებები კიდევ უფრო გაააქტიუროს და მისი გამწარებული არაპროგნოზირებადი ნაბიჯები ამის მერე რა ქნება არავინ არ იცის”, - დასძენს მაისაია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა