კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტის შესამუშავებლად მუშაობა იწყება

თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყება დაავალა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში მწვანე სივრცეების შექმნასა და არსებულის მოვლა-პატრონობას დიდი ყურადღება ეთმობა.

„არავის მოგვწონდა ის, რაც წინა წლებში ხდებოდა - მიზანმიმართული განადგურება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების, რომლის გამოყენება შემდეგ სამშენებლო მიმართულებით ხდებოდა. არჩევნების წინ, პირობა მივეცით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ დავუშვებდით, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების განხორციელებას. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. პირველი, რაზეც მუშაობა დავიწყეთ, მივიღეთ გენერალური გეგმა. ქალაქის სწორი განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ მივიღოთ ის, რაც წინა წლების განმავლობაში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ და მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია 1990-იან წლებში კერძო მფლობელზე გასხვისდა და როგორც კალაძემ აღნიშნა მატ ჰქონდათ კომუნიკაცია, რომ ამ ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება მოხდეს.

„ქალაქში გვაქვს კუს ტბა და მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრი თბილისელი სარგებლობს, თუმცა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ იქ არსებული მდგომარეობა სახარბიელო არაა. ჩვენ, მუნიციპალიტეტმა და თბილისის საკრებულომ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. იცით, რომ ტერიტორიას ჰყავს კერძო მფლობელი. გვქონდა კომუნიკაცია, რომ ამ ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება მოხდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს და სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ტერიტორია ამ კომპანიაზე საკუთრების უფლებით გადაცემულია ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც ზოგადად, ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესი დაიწყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და დამყარებული უნდა იყო მრავალწლიან კვლევებზე.

„მიგვაჩნია, რომ კუს ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებულ, ვაკის პარკისა და კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტზე. თავის მხრივ, ეს პროექტი დამყარებული იყო მრავალწლიან კვლევებზე და მასში ჩართულები იყვნენ დარგის მოწინავე პროფესიონალები, სპეციალისტები. შესაბამისად, მასთან მაქსიმალური დაახლოება და სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დაშვებული შეუსაბამო ცვლილებებისა და შეცდომების გამოსწორება აუცილებელია ქალაქის ამ უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული არეალის გაჯანსაღებისთვის. მიმაჩნია, რომ პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მხარე - ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა, ასევე ესთეტიკური კრიტერიუმები და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, კუს ტბის მიმდებარე არეალის რეკონსტრუქციის პროექტი ასევე, ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე განიხილება.

„მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, შესაბამის სამსახურებთან და სტრუქტურებთან ერთად, დაიწყოს კიდევ უფრო აქტიური მუშაობა, რა თქმა უნდა, მფლობელებთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს კონცეფცია კუს ტბის მიმდებარე არეალის რეაბილიტაციაზე. აუცილებელი იქნება ასევე, ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე საკითხის გატანა, მათი რეკომენდაციების მოსმენა-გათვალისწინება და შემდეგ უნდა მოხდეს პროექტის შემუშავება, რომ ქალაქში კიდევ ერთი ძალიან კარგი, განახლებული რეკრეაციული სივრცე მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, მისი განახლების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორიით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე ქალაქი, ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული. ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ამიტომ, ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო