ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2021

რა შეზღუდვები იმოქმედებს სააღდგომო დღეებში - ცნობილია აკრძალვებისა და თარიღების საბოლოო ჩამონათვალი

პარლამენტში ინიცირებული ორი პროექტი - როგორი ამნისტიით გამოვა ნიკა მელია ციხიდან

ეკონომიკა ფსკერიდან დაიძრა - აპრილში ორნიშნა ზრდას ელოდებიან

* * *

რა შეზღუდვები იმოქმედებს სააღდგომო დღეებში - ცნობილია აკრძალვებისა და თარიღების საბოლოო ჩამონათვალი

“საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დღითი-დღე პიკისკენ მიიწევს, ბოლო 14 დღის ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი საგანგაშოა და ის 4,54 %-ს შეადგენს, ხოლო ხუთშაბათის კი 4,94%-ია. ეპიდვითარების გამო, აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. ტაძრებში იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი. გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შეზღუდვები იმოქმედებს სააღდგომო დღეებში - ცნობილია აკრძალვებისა და თარიღების საბოლოო ჩამონათვალი.

“2021 წლის 2 მაისიდან 2021 წლის 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება, ეს უკვე გულისხმობს იმას, რომ პიროვნებებს არ შეეძლებათ, რომ სასაფლაოებზე შევიდნენ. სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გამონაკლისის სახით დაიშვა, რომ პირველ მაისს გადაადგილების შეზღუდვა ნაცვლად 21:00 საათისა დაიწყება 23:00 საათზე, რომელიც 2 მაისის 04:00 საათამდე იქნება. დანარჩენი შეზღუდვები: 3-დან 12 მაისის ჩათვლით შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს, ხოლო საქალაქთაშორისო იქნება, რაც შეეხება უქმე-დასვენების დღეებს, ეს საჯარო დაწესებულებებს უფრო შეეხებათ, ვიდრე კერძო კომპანიებს, რადგან კერძო სექტორი არ დაისვენებს იმ შემთხვევაში თუ მათი საქმიანობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღევანდელი ინფორმაციით სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ათ ადამიანზე მეტის შეკრება კვლავ შეზღუდულია, ეს იგულისხმება, როგორც ქელეხი, იუბილე და მსგავსი შეკრებები”, - განუცხადეს “რეზონანსს” კორონავირუსთან დაკავშირებულ მთავრობის ერთიან ცხელი ხაზზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 767-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 43 568 მოქალაქეს ჩაუტარდა. სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამჯერად ვაქცინაცია შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდათ. მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასევე გავიმეორებთ მისი შეზღუდვების შემცირებასაც, მაგრამ ახლა მოსახლეობის მხოლოდ 2% გვყავს აცრილი და 2% ვერანირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როცა სადღაც 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ყველანაირი შეზღუდვები, ალბათ, მოიხსნება, ყველაზე ბოლოს “კომენდანტის საათი” დარჩება და ისიც შემსუბუქდება ანუ დაპატარავდება ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ტარება იქნება 90-95%. თუ ეს ყველაფერი შესრულდება და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ცერცვაძე.

“კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემა - უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია. იცით თქვენ ჩვენი სიყვარული, ლტოლვა და მისწრაფება თავისუფლებისადმი. მითუმეტეს, ამ პოლიტიკური პოლარიზაციის პერიოდში, როდესაც თითოეული რაღაც ვალდებულება აღიქმება თავისუფლების შეზღუდვად, ამიტომ სავალდებულო ვერ იქნება ვაქცინაცია ჩვენთან, მაგრამ რაღაც ზომები, მკაცრი დარწმუნების ზომები და მკაცრი რეკომენდაციები უნდა იყოს. ისრაელში სახელმწიფოს ჰქონდა არაპირდაპირი იძულების ზომები, მაგალითად, ვერ ჩაეწერებოდა ისეთ ექიმთან ავადმყოფი, ვინც არ იყო ვაქცინირებული, ავიაკომპანიები არ ყიდდნენ ბილეთებს თუ არ ექნებოდა კოვიდპასპორტი, სასტუმროები არ იღებენ, რესტორნები არ იღებენ. ეს არის არაპირდაპირი იძულების ფორმები”, - დასძენს ცერცვაძე.

პარლამენტში ინიცირებული ორი პროექტი - როგორი ამნისტიით გამოვა ნიკა მელია ციხიდან

“ოპოზიციისთვის “ქართული ოცნების” რედაქცია მიუღებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც პარტიებმა ახალი კანონპროექტი დამოუკიდებლად შეიმუშავეს. ამ შემთხვევაში ამნისტიის კანონში უნდა გაიწეროს კონკრეტული მუხლები. რომელსაც ის შეეხება. “ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის შეხედულებები არ გაითვალისწინოს და მიიღოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, დაარღვევს იმ სულისკვეთებას, რაც შეთანხმებაში ჩაიდო”, - აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დეპოლარიზაციისთვის საჭიროა 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ნაცმოძრაობა” სააკაშვილის უაზრო ახირებებს ასრულებს და მთელ ევროპას ახვეწნინებს მიშელის დოკუმენტის შესრულებას” / პარლამენტში ინიცირებული ორი პროექტი - როგორი ამნისტიით გამოვა ნიკა მელია ციხიდან.

“ქართულ ოცნებაში” ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვერსიას მიესალმებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ის პუნქტები, რაც ოპონენტებმა მნიშვნელოვნად ჩათვალეს, შარლ მიშელის შემოთავაზებული შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული არ იყო. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ დოკუმენტებს შორის პრინციპული განსხვავება არ არის და იმედოვნებენ, რომ მაისის ბოლოსთვის ამნისტიის შესახებ კანონი მიღებული იქნება. “ოპოზიციის წარმოდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება ამ შეთანხმებას. ჩემი შეგრძნებაა, რომ ისინი იზიარებენ სულისკვეთებას, რომელიც არის ჩვენს კანონპროექტში და არის შეთანხმების ნაწილი, თუმცა, ვფიქრობ, აქვთ გარკვეული დისკომფორტი, რომ ეს საჯაროდ გააჟღერონ. როგორც გავიგე, გათვალისწინებული აქვთ დაზარალებულების თანხმობა და საკვირველია, რომ ეს თანხმობა გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომელიც შეეხება პოლიციელებს, რაც შეეხება, ნიკა მელიას და მისგან დაზარალებულებს, როგორც გავიგე, მათი თანხმობა, ამ პროექტის მიხედვით, საჭირო არ არის, რაც არის არათანაბარი მოპყრობა”, - აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი. მისივე თქმით, იმისათვის რომ მოხდეს დეპოლარიზაცია, საჭიროა რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ თუკი მელიას უნდა ეპატიოს, მაშინ მისი მსგავსი და უფრო ნაკლები დანაშაულის კატეგორიის დაფიქსირების შემთხვევაში სხვასაც უნდა ეპატიოს. “თუკი ნიკა მელიას უნდა ეპატიოს, რომელმაც ყველაზე მძიმე დარღვევა განახორციელა, მაშინ მისი მსგავსი და უფრო ნაკლები დანაშაულის კატეგორიის დაფიქსირების შემთხვევაში სხვასაც უნდა ეპატიოს. ამ ადამიანებს არ სურთ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება და მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა სურთ მოქალაქეებზე გადაიტანონ”, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში ნელ-ნელა დაიწყებენ დეგრადაციას თუ არ მიხვდებიან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის ორი კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომავალ კვირას იწყებს. თემაზე მსჯელობა ამ ეტაპზე საკომიტეტო სხდომებზე მოხდება. ვის შეეხება ამნისტია - ეს პუნქტი ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში დეტალურად არის განმარტებული. გარდა ამისა, ამავე კანონპროექტის მიხედვით, სამართლებრივი პასუხისმგებლობა პოლიციელებს დაზარალებულის თანხმობის გარეშე ვერ მოეხსნებათ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის უმრავლესობის მიერ შემუშავებული ვარიანტი 20 ივნისის მოვლენების ე.წ. გათეთრების მცდელობაა. “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ეს კანონი 20 ივნისის გასათეთრებლად და გასარეცხად გამოიყენოს. ჩვენი კანონპროექტი გამორიცხავს ბრძანების გამცემებზე რაიმე ტიპის ამნისტიას და უშვებს მხოლოდ ვიწრო შესაძლებლობას რამდენიმე ადამიანის გასათავისუფლებლად, არა განსაკუთრებით მძიმე დარღვევებზე, მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით”, - განაცხადა “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე პარლამენტში უმრავლესობა ნამდვილად გააჩნია იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ მიღებული კანონპროეტქი დაამტკიცოს”, - დასძენს გამოცემა.

“აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ მას მხარი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაუჭირონ. თუმცა ოპოზიციის მიერ შეტანილი კანონპროქტი შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსს და სულისკვეთებას რადიკალურად აცდენილია. მიშელის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამნისტია უნდა შეეხოს 20 ივნისის საქმეზე ყველას და არანაირი შერჩევა იქ ნახსენები არ არის. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანონპროქტში კი წერია, რომ ამნისტიის გამოცხადებამდე ვიღაცას რაღაცეები უნდა ჰკითხონ”, - წერს სტატიის ავტორი.

“შარლ მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ წერია, რომ ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, ვინც 2019 წლის 20 ივნისის საქმეში ფიგურირებს. მიშელის დოკუმენტის მიმართ ეს სპეკულაციები და იმპროვიზაციები მიუღებელია. ასევე ამ საკითხთან მიმართებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება თავად ოპოზიციის შიგნითაც არის. აქ საუბარია იმაზე, რომ ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია ევროპული საბჭოს შარლ მიშელის დოკუმენტის რევიზიას ცდილობს. საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და ეს სრულიად მიუღებელია. დაველოდოთ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს და მგონია, რომ დასავლეთიდან ამის გამო კიდევ უფრო მეტი კრიტიკა წამოვა. “ნაციონალური მოძრაობა” ნუ აკეთებს ისე, რომ მთელ ევროპას ახვეწნინებს მიშელის დოკუმენტის შესრულებას. ოპოზიცია ისევ სააკაშვილის უაზრო ახირებებს ასრულებს და ეს მათვე დააზაინებს. მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ წერია, რომ ყველა დანაშაულზე ამნისტია უნდა იყოს გამოცხადებული. ახლა ვინ როგორ ინტეპრეტაციას აკეთებს, ეს უკვე მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

ეკონომიკა ფსკერიდან დაიძრა - აპრილში ორნიშნა ზრდას ელოდებიან

“საქართველოს ეკონომიკა ნელ-ნელა გამოცოცხლებას იწყებს. მარტში მშპ 4%-ით გაიზარდა. მძიმე პერიოდის შემდეგ, აღნიშნული მონაცემები იმედისმომცემია. თუკი მორიგი ლოკდაუნი არ ამოქმედდა, ქვეყანა თანდათან ფეხზე დადგება და ბიზნესიც ამუშავდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.0% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. ამ კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარში 11.5%-იანი ვარდნა იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეკონომიკა ფსკერიდან დაიძრა - აპრილში ორნიშნა ზრდას ელოდებიან / თუკი მორიგი ლოკდაუნი არ ამოქმედდა, ქვეყანა თანდათან ფეხზე დადგება.

“2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში“, - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. საქართველოს ფინანსთა ახალმა მინიტრმა ლაშა ხუციშვილმა პირველი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. იგი ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, ეს არის უკვე არა ერთჯერადი, არამედ შეუქცევადი პროცესი”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. რადგანაც მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დგინდება, ეკონომიკის გაზრდა მოსალოდნელია აპრილის თვეშიც და გაცილებით უფრო დიდიც. ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოში მძიმე ვითარება იყო, პირველი ლოკდაუნის გამო. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ აპრილში ეკონომიკამ ორნიშნა ზრდა კი აჩვენოს. ეკონომიკის დოქტორის, ირაკლი მაკალათიას იმედიანადაა და ხაზს უსვამს, რომ წლის დანარჩენ თვეებშიც მშპ-ს მკვეთრი მატება გვექნება”, - დასძენს გამოცემა.

“ის კლება, რომელიც შარშან მარტიდან დაიწყო, როგორღაც დავასრულეთ და დადებით მაჩვენებელზე გადევედით, თუმცა რამდენად პოზიტიურია ეს ცალკე საკითხია, რადგან ეს 4%-იანი ზრდა მივიღეთ მკვეთრი შემცირების შემდეგ. ეს შედეგი შედარებულია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან და მაშინ, მარტიდან დაიწყო შეზღუდვა და გვქონდა დიდი ვარდნა. შემცირებულ ეკონომიკასთან შედარებით, გაზრდილმა მაჩვენებელმა გამოიწვია 4%-იანი შედეგი, რაც რეალურად დიდს არაფერს არ ნიშნავს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გამოცოცხლება დაწყებულია. წლის დანარჩენ თვეებშიც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. რომელიმე თვეში კი შეიძება ორნიშნა მაჩვენებელიც დაფიქსირდეს. უბრალოდ, ეს გარემოება შემდეგ პოლიტიკოსებმა არ უნდა გამოყენონ სპეკულირებისთვის. ჩვენი მიზანი ჯერ კიდევ არის ის, რომ 2019 წლის მაჩვენებლს მივაღწიოთ. მთავრობის პროგნოზირებული მაჩვენებლითად ვერ ვეწევით შარშანწინდელ მაჩვენებლებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მაკალათია.

“აპრილში, ზაფხულის დასაწყისში, ნოემბერში, წელს იანვარშიც, ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა გვქონდა. ამიტომ არ იქნება გამორიცხული, რომ წელს იმასთან შედარებით ორნიშნა მატება დაფიქსირდეს. თუკი ეკონომიკა ჩვეულებრივ რესლებზე დადგა და მთავრობა მორიგი ჩაკეტვას არ მოიფიქრეს, მომავალი წლის იანვარში, წლევანდელ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძალიან დიდი ალბათობით ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებელს დავდებთ”, - დასძენს მაკალათია. ახლა მთავარია ეკონომიკის გამოცოცხლებას ხელი არ შეეშალოს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ არსებობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს, რადგან მორიგი ლოკდაუნი ყველაფერს მიწასთან გაასწორებს და ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი საბოლოოდ დასრულდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი შოთა გულბანი ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ნელ-ნელა ძალებს იკრებს”, - წერს სტატიის ავტორი.

„უკვე მარტში, წინასწარი შეფასებით, 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეზღუდვების მოხსნა შემდეგ თვეებში გაცილებით უკეთეს შედეგებს მოგვცემს. მიუხედავად იმისა, რომ იანვრის თვის 11,5%-იანი ვარდნა საქმეს აფუჭებს, დანარჩენ თვეებში პესიმისტური სცენარითაც ყოველ თვე 3%-იანი ზრდაც რომ დაფიქსირდეს, წლის ბოლოს მაინც 1-2%-იან ზრდაზე მაინც გავა, რაც პანდემიური კრიზისისგან გამოწვეული ზიანის ფონზე მაინც პოზიტივია. იმ ფაქტორებიდან, რამაც მარტში ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის ზრდის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები. კერძოდ, 2021 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.6 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 325.9 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, როგორც ადგილობრივი ექსპორტის, ასევე რეექსპორტის მაჩვენებლები გაიზარდა. 2021 წლის მარტში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.8 პროცენტით გაიზარდა და 237.9 მლნ დოლარს გაუტოლდა. გაიზარდა აგრეთვე ფულადი გზავნილების მოცულობაც, წინა წლის მარტთან შედარებით 49.5 პროცენტით“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შოთა გულბანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო