,,რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობასთან გამართული თითქმის შვიდსაათიანი მოლაპარაკებების პროცესი,  შედეგის გარეშე დასრულდა

,,რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობასთან გამართული თითქმის შვიდსაათიანი მოლაპარაკებების პროცესი, დღის ბოლოს კვლავ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, რომლებიც მოლაპარაკებებში მედიატორების სტატუსით იყვნენ ჩართულები, საწარმოსთან შეკრებილ მუშებს ვერ დაუსახელეს კონკრეტული ციფრი თუ რამდენი პროცენტით გაეზრდებათ მათ შრომითი ანაზღაურება.

ნინო ლაცაბიძემ და ალექსანდრე დალაქიშვილმა, აქციის მონაწილეებს მრავალსაათიანი ლოდინის გამო ბოდიში მოუხადეს და განაცხადეს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა, ხვალ თანამშრომლებთან თავად გააჟღერებს საკუთარ გადაწყვეტილებას.

ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ ის მოლაპარაკებებში აღარ მიიღებს მონაწილეობას და მათთან ერთად დაელოდება იმ წინადადებას, რომელსაც ,,აზოტის“ ხელმძღვანელობა ხვალ ეტყვის გაფიცულ მუშებს.

"სამწუხაროდ ის, რაც თქვენ გინდათ, ამას ვერ გეტყვით. მე პირადად, ჩემს გადაწყვეტილებას გეტყვით, რომ მე მოლაპარაკებებში ჩართული აღარ ვიქნები და თქვენთან ერთად დაველოდები იმას, რომ საბოლოო ჯამში ,,აზოტის“ ხელმძღვანელობიდან იყოს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და შემოთავაზებული თქვენთვის. ასე რომ, მე დაგპირდით და თქვენთან ერთად ვაპირებ ყოფნას, თუმცა მოლაპარაკებებიდან ცოტა შორს. ეს არის ძალიან რთული მოლაპარაკება, გაჩერების შემდეგ უფრო ჩიხში შევედით, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ რაღაცა პოზიტივი და წინგადადგმული ნაბიჯები გვქონოდა. სამწუხაროდ, დღეს ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ მე თქვენთან ერთად ვრჩები, როგორც თქვენი წარმომადგენელი და თქვენთან ერთად დაველოდები იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ,,აზოტის“ ხელმძღვანელობა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ალექსანდრე დალაქიშვილმა აღნიშნა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს ,,აზოტის“ ხელმძღვანელობას, მაგრამ, ის დღეს ამას არ იტყვის.

"მართლაც, ურთულესი საუბარი იყო, პირდაპირ გეტყვით, რომ არის მათი მხრიდან მზაობა, გვეუბნებიან, რომ იქნება მატება, მაგრამ ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ კონკრეტიკის გაჟღერებას, რომ მერე კიდევ ხვალ, რაღაცები შეიცვალოს. ჩვენც გვინდა გვჯეროდეს, აცხადებენ, რომ ხვალ ჩვენ თვითონ, ჩვენს თანამშრომლებთან გავაჟღერებთო, არის ასეთი პოზიცია. გუშინაც, ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ დღეს უნდა ყოფილიყო კონკრეტული პასუხი, ვერ მოხერხდა ეს და ახლა გვეუბნებიან, ხვალო. თქვენთან ერთად ველოდებით, მათ აქვთ პოზიცია, რომ თავის თანამშრომლებთან თავად სურთ საუბარი. ჩვენ ვიქნებით იმის გარანტორები, რომ თუ ხვალ ისინი შეგითანხმდნენ, ისინი ამ შეთანხმებას ვერ დაარღვევენ, მაგრამ ჩვენ ვერ გეუბნებით იმას, რომ ეს 100 პროცენტით რაიმე მოსაწონი წინადადება შეიძლება იყოს მათგან“, - განაცხადა დალაქიშვილმა.

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მეოთხე დღეა ხელფასების 50 %-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ, მათ საწარმოს ცენტრალური შესასვლელი აქვთ ბლოკირებული. 2000-მდე თანამშრომელი მეოთხე დღეა გაფიცულია, რამაც ,,აზოტის" წარმოების სრული გაჩერება გამოიწვია. დღეისათვის ,,რუსთავის აზოტში“ მხოლოდ ჟანგბადის საამქრო ფუნქციონირებს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებების მომარაგება ხდება. გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება შესაძლოა ჟანგბადის საამქროც გააჩერონ. საწარმოს მენეჯმენტთან მოლაპარაკებების პროცესში მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო