ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021

“სერიოზული ლოქდაუნის” ზღვარზე - გახდება თუ არა არსებული ეპიდსიტუაცია შეზღუდვების დაბრუნების საფუძველი

“ფორმალური ჩასვლა არ გამოვა, გარეჯზე აუცილებლად რაღაც ინფორმაცია უნდა ჩამოიტანოს” - რაზე შეთანხმდნენ ღარიბაშვილი და ალიევი

მსოფლიოში სურსათი, გაიაფების ნაცვლად, ძვირდება, საქართველოში ზაფხულიც კი რთული იქნება

* * *

“სერიოზული ლოქდაუნის” ზღვარზე - გახდება თუ არა არსებული ეპიდსიტუაცია შეზღუდვების დაბრუნების საფუძველი

“ოთხშაბათს საქართველოში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მკვეთრი ნახტომი დაფიქსირდა - დადებითობის მაჩვენებელი კი ბოლო ერთი კვირაა, რაც 6%-ს გადასცდა, სპეციალისტების აზრით, თუ შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე დღის განმავლობაში ორიათასის ფარგლებში იმერყევებს, ან დინამიკაში ზრდა დაფიქსირდება, ამას შესაძლოა სერიოზული ლოქდაუნი მოჰყვეს. შედარებისთვის: 4 მაისს ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ხუთ მაისს 2 171, ამავე დღის მონაცემებით, გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ახალი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 82, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სერიოზული ლოქდაუნის” ზღვარზე - გახდება თუ არა არსებული ეპიდსიტუაცია შეზღუდვების დაბრუნების საფუძველი.

“წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა, ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი”, - განაცხადა გაბუნიამ. მისივე განცხადებით, ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, ქვეყანაში დამატებითი ღონისძიებები გატარდეს. “მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმი, რომელიც ახლა მოქმედებს, ეს არის უქმე დღეები 12 მაისამდე, რა თქმა უნდა, ამას ექნება გარკვეული ეფექტი და ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, შესაძლოა, დადგეს საკითხი დამატებითი ღონისძიებების შესახებ. კონკრეტულად, რა დამატებითი ღონისძიება დაგვჭირდება, ამასთან დაკავშირებით, დღეს საუბარი მიჭირს, მაგრამ ჯანდაცვის სექტორის მხრიდან მობილიზაციის ხარისხი გაიზრდება”, - თქვა მან. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ დღეს არსებული ეპიდვითარება იმის გამოვლინებაა, რომ ხალხი პირბადეებს არ იკეთებს და სოციალურ დისტანციას აღარ იცავს, გრძელდება შეკრებები, რაც ინფექციის გავრცელების წყაროა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ძალიან ბევრი პირბადეებს აღარ იკეთებს, მაინც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში ასეთი შეკრებები ძალიან ხშირი იყო, მე თვითონ ვუყურებდი სამეზობლოში რა ხდებოდა. სადაც ადამიანთა შეკრებაა, იქ ინფექციის გავრცელება ყოველთვის იქნება. ვერაფრით ვერ შევაგნებინეთ ამ ხალხს, რომ არ არის ჯერ აქციების და ამისთანა რაღაცეების დრო, იმიტომ, რომ თუ ადამიანები ერთმანეთზე ძალიან მჭიდროდ არიან მიკრულები, პირბადეც აღარ შველით ხოლმე. შემთხვევების ეს რაოდენობა, ან დინამიკაში მატება რამდენიმე დღე თუ გაგრძელდა, შესაძლოა ამას ძალიან სერიოზული ლოქდაუნი მოჰყვეს. ინდური შტამი საქართველოში ჯერჯერობით არაა. ეს ასე არ ხდება, რანაირად შემოიპარებოდა - ვიცით როგორ კონტროლდება აეროპორტებიდან. მეორე - ეს ისეთი ინფორმაციაა, რომლის დამალვაც არ შეიძლება, ამას აკონტროლებს ლუგარის ლაბორატორიიდან დაწყებული, ნებისმიერი ორგანიზაციით დამთავრებული, რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობს” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ჩემი აზრით, უნდა მოხდეს აღრიცხვიანობა და უბნების მიხედვით მოაწერინონ ხელი იმაზე, უნდათ თუ არა აცრა, რათა ის ვაქცინა, რომელიც ასაკობრივი ცენზის მიხედვით ადამიანებზე იყო გათვლილი, იმათგან ვინც აცრას არ აპირებს, მათი წილი გადამისამართდეს იმ ხალხზე, ვისაც აცრა უნდა, მაგრამ ვერ იცრის - ამის გაკეთება ძალიან მარტივია... არსებობდა ასეთი უმძიმესი დაავადება - ყვავილი, რომელიც სრულიად მთელს მსოფლიოში განადგურდა არა მკურნალობით და წამლებით, ამის სამკურნალო პრაქტიკულად არ არსებობდა, ადამიანი არ გადარჩებოდა, არამედ მსოფლიო მხოლოდ ჯენერის მიერ მოგონებულმა ვაქცინამ გადაარჩინა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეპიდემიოლოგიურმა ღონისძიებებმა, მაგრამ პირველ რიგში ესაა ვაქცინირება და იმუნიტეტის გამომუშავება, იმისათვის, რომ მტერმა არ დაგარტყას, ძლიერი უნდა იყო, იგივეს აკეთებს ვაქცინა, მაგრამ ზოგიერთის თავში არ შედის”, - განმარტავს ხმალაძე.

“რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 5 მაისის მონაცემებით, ჯამურად 47 949 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 7 009 ადამიანია. კაცობრიობა არის ომში, ეს არის მესამე მსოფლიო ომი და ამ ომმა უკვე შეიწირა 3 მილიონზე მეტი ადამიანი და დააინფიცირა - 150 მილიონზე მეტი, ოფიციალურად,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. „ყველა ამ 8 ვაქცინას სხვადასხვა მარეგულირებლების მიერ მიცემული აქვს გადაუდებელ მდგომარეობებში გამოყენების უფლება. არც ერთი არ არის პრეკვალიფიცირებული ვაქცინა, რადგან პრეკვალიფიკაცია არის ძალიან მაღალი თამასა ვაქცინის შეფასების, რომელიც, როგორც წესი, დგება ვაქცინის გამოყენების რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შემდეგ”, - ამბობს გამყრელიძე, რომლის თქმით, “დღეს პანდემიაა მსოფლიოში, ანუ კაცობრიობა არის ომში, ეს არის მესამე მსოფლიო ომი და ამ პანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის სწორედ ვაქცინაციაზე”, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება ეფექტურობას, ამ ვაქცინებს აქვს, დაახლოებით, 60-დან 94%-მდე დაცვა ანუ თუ შეგხვდათ ვირუსი, ეს იქნება ძალიან მსუბუქ ფორმებში, ისე რომ არ მოგიწევთ საავადმყოფოში დაწოლა და არ დამძიმდება მდგომარეობა. ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომლის ხელმისაწვდომობაც ამ ეტაპზე არის. ჯერჯერობით არასაკმარისად, დუნედ მიდის ვაქცინაცია. მივაღწევთ თუ არა 60%-ს? - უნდა მივაღწიოთ! დღევანდელი ტემპით, როცა 1500-1700 ადამიანს დღეში ვცრით, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ჩვენ ახლა მაისში უნდა ავცრათ 3000-4000, ივნისში ეს უნდა ავწიოთ 5000-6000-მდე და შემდეგ, ივლისიდან 10000-12000-მდე დღეში, მაშინ გავალთ დეკემბრის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, იცით, როგორი დეფიციტია მსოფლიოში ვაქცინების. წარმოებები სულ უფრო “იქოქება”, სულ უფრო მეტი ვაქცინის წარმოება ხდება და დარწმუნებული ვარ, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა სულ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის მოსაზრებას, იგი გადაცემა აცხადებს, რომ დღეს უკვე ვაქცინაცია საყოველთაოა, თუმცა თუ მოსახლეობის 60% წლის ბოლომდე აიცრება, კორონავირუსი ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოექცევა”, - დასძენს გამოცემა.

“ფიჩხი, რომელსაც შეიძლება ცეცხლი მოედოს და ინფექცია, სამწუხაროდ, ბევრია. ამას თუ დავამატებთ, რომ მოსახლეობის 60%-ს წლის ბოლომდე ავცრით, აი, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კოვიდს ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოვაქცევთ. დღეს, კი, შეიძლება ითქვას, რომ არ დავუბრუნდებით იმ ციფრებს, რომელიც გვქონდა ნოემბერ-დემეკებერში, მაგრამ ამას სჭირდება ერთი რამ, დაწესებული წესების მაქსიმალურად დაცვა. მოქალაქეებს, თუ სურვილი ექნებათ 18 წლიდან შეუძლიათ აიცრან “სინოფარმით”. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას. ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქეს 55 წლიდან შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას “ასტრაზენეკათი”. დღეს ვაქცინაცია ქვეყანაში უკვე არის საყოველთაო. ხელმძღვანელები და ლიდერები, როდესაც აიცრებიან, უფრო მეტ მაგალითს აძლევენ, მოსახლეობის აცრის საკომუნიკაციო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. ყველას შეუძლია აცრა, ჟურნალისტები არავის გამორჩენია”, - აცხადებს პაატა იმნაძე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი შესაძლოა, გადაწყვეტილება გადაიხედოს და “სინოვაკით” ვაქცინაცია დაიწყოს იქამდე, ვიდრე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული”, - წერს სტატიის ავტორი.

“როგორც გაბუნია აცხადებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოვაკის” შესახებ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა და მონაცემები მის სარგებელზე მიუთითებს. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ “სინოვაკის” საკითხთან დაკავშირებით ვაქცინაციის საბჭო მომდევნო დღეებში იმსჯელებს. “ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა. მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის სარგებელზე. ამდენად, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. შესაძლოა, დადგეს “სინოვაკით” ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე პერიოდში აქტიურად განიხილავს ორივე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს და შესაძლოა, დასკვნამ მოუსწროს “სინოვაკს”, ვიდრე მას გამოვიყენებთ”, - ამბობს გაბუნია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ფორმალური ჩასვლა არ გამოვა, გარეჯზე აუცილებლად რაღაც ინფორმაცია უნდა ჩამოიტანოს” - რაზე შეთანხმდნენ ღარიბაშვილი და ალიევი

“აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება ასე მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბაქოს სტუმრობს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენთან “ზაგულბას" სასახლეში პირისპირ შეხვედრით დაიწყო, სადაც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაზე შეთანხმდნენ ღარიბაშვილი და ალიევი - “დავით გარეჯის საკითხი ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება”.

„ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით. მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერსთვის. ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.დღეს მიმოვიხილავთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ნაბიჯებს დავგეგმავთ”, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა დავით-გარეჯის საკითხი განიხილეს. “შეხვედრაზე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა “შეჰიდების ხეივანში”, სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო”, - განაგრძობს გამოცემა.

“რა არის ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტის მთავარი მიზანი და ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისრა მთავარი თემებია? ამ საკითხზე საუბრისას ანალიტიკოსი გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის ლიდერების მიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ამ ეტაპზე, ვიზიტი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც გარეჯის საკითხი მოსაგვარებელია. “ბუნებრივია, სტრატეგიულ პარტნიორსა და მეზობელ-მეგობარ ქვეყნებს შორის ლიდერების მიმოსვლა და ვიზიტები ჩვეული ამბავია, იმიტომ, რომ მათთან მრავალი წელია კარგიურთიერთობა გვაკავშირებს. შესაბამისად, არსებობს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ეს იქნება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში ეკონომიკაში თუ სხვადასხვა სექტორებში. ასე რომ, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ ფონზეც, როდესაც საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მოსაგვარებელი, რასაც ჰქვია დავით გარეჯის კომპლექსთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია”, - ამბობს აბაშიძე. მისივე თქმით, ეს ვიზიტი იმითაც არის საგულისხმო, რომ როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში აღინიშნა, ერთობლივი კომისიის მუშაობაც განახლდება”, - დასძენს გამოცემა.

“შესაბამისად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ჯერჯერობით მოუგვარებელი საკითხი, ადრე თუ გვიან ისეთ შედეგს მიიღებს, რომელიც ჩვენი-საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ძმური და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მისაღები იქნება”, - ამბობს აბაშიძე. “თემები აზერბაიჯანთან ბევრია, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და აქ არის როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ასევე მრავალმხრივი ფორმატის საკითხები, რაც დაკავშირებუყლია ევროპა აზიის სატრანსპორტო დერეფანთან და ასევე სხვა თემები. თუმცა, პრემიერი კონკრეტულად რაზე გაამახვილებს ყურადღებას, ვერ გეტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მთავრობა რა განცხადებას გააკეთებს”, - ამის შესახებ კი “რეზონანსთან” საგარეო საკითხების ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან მისი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრობა გარეჯის თემაზე აწეულ ტემპერატურას დაემთხვა”, - წერს სტატიის ავტორი.

“როგორც წესი, ახალი პრემიერ-მინისტრები ვიზიტებს პირველ რიგში მეგობარ სახელმწიფოებში ახორციელებენ და უკვე არსებული ტრადიციაა, რომ ჩვენი პრეზიდენტები, პრემიერები და პირველი პირები პირველ რიგში აუცილებლად მიდიან აზერბაიჯანში, სომხეთში, ბრიუსელში, თურქეთში და მერე ვაშინგტონში. ღარიბაშვილი ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - ის როცა პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ამას გარეჯის კრიზისი დაემთხვა, ამიტომ, მისი მხოლოდ ფორმალური ჩასვლა არ გამოვა, გარეჯზე აუცილებლად რაღაც ინფორმაცია უნდა ჩამოიტანოს, ამას საზოგადოება ელოდება. “ქართულმა ოცნებამ” ამაზე ტემპერატურა თვითონ აბსოლუტურად უაზროდ ასწია და დღეს გახდნენ ამ აწეული ტემპერატურის მძევალი. ანუ, მან აუცილებლად რაღაცა პასუხი უნდა ჩამოიტანოს - ორი აზრი არ არის, რომ ეს პასუხი საბოლოო და ყველაზე საუკეთესო. აზერბაიჯანს საქართველოსთან პრობლემა არ აქვს, ის ტერიტორიას არ დაობს, ის რაც ჩვენთვის სადაოა, აზერბაიჯანისთვის სადაო არაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ამ ფონზე ღარიბაშვილს რთული ვითარება ჰქონდა, ერთის მხრივ, უნდა ჩასულიყო და აუცილებლად შეხვედროდა, სხვანაირად არ გამოვიდოდა მეგობარი სახელმწიფოა და უხერხული იყო, მეორე მხრივ, რაკი ამ ჩასვლაზე აუცილებლობა იყო, გარეჯზე რა ინფორმაციას ჩამოიტანს, როგორ მოახერხებს ამ ურთიერთგამომრიცხავ ამოცანის შესრულებას, ეს რთული იქნება. ყარაბაღიდან გამომდინარე, მთელი შარშანდელი წელიწადი ხელიდან გავუშვით, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაქოში, ერევანში, სტამბულში, თეირანში ჩასულიყო - ჩვენ ეს გამოვტოვეთ, სიტუაციამ უჩვენოდ ჩაიარა. სუფრა უკვე აშლილია და ახლა უკვე ნამცეცობაზე მივდივართ, იმ ქალაქში, სადაც კავკასიის ბედი წყდებოდა. დღეს ერთადერთი მთავარი ამოცანაა, რომ მან აზერბაიჯანთან ერთის მხრივ კეთილგანწყობა შეინარჩუნოს და მეორე მხრივ აუხსნას თუ გარეჯზე ამდენი ხმაური რატომ იყო. ტელევიზიაში გამოკრული იყო გარეჯი საქართველოა და მან უნდა აუხსნას რატომ აიწია ანტიაზერბაიჯანული კამპანია საქართველოში, ეს რა თქმა უნდა ღარიბაშვილისთვის ძალიან რთული ამოცანა იქნება და ვნახოთ აქედან როგორ გამოძვრება. ძალიან საინტერესოა რა შედეგით ჩამოვა და მერე აზერბაიჯანული პრესა რას დაწერს, ბუნებრივია, ილჰამ ალიევი პირდაპირ დაინტერესებული არ იქნება, რომ საქართველოს რაღაცაში უსაყვედუროს, მაგრამ, მგონია, რომ პრესაში რაღაც ინფორმაცია გაჟონავს”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

მსოფლიოში სურსათი, გაიაფების ნაცვლად, ძვირდება, საქართველოში ზაფხულიც კი რთული იქნება

“მსოფლიო ბაზარზე პირველადი მოხმარების სურსათი ისევ ძვირდება. ზაფხულის მოახლოებისა და ახალი მოსავლის აღების დაწყების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე ფასები ზევით მიიწევს. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა ვითარებაა საერთაშორისო ბირჟებზე და რა ელის საქართველოს - მალევე აისახება თუ არა მსოფლიოს ტენდენცია ქვეყნის შიგნით და გველის თუ არა პირველადი მოხმარების პროდუქტების ღირებულების კიდევ მეტად გაზრდა. მოლოდინი იმის შესახებ, რომ ზაფხულის მოახლოებასა და ახალი მოსავლის მიღებასთან ერთად, ფასები ქვევით წამოვიდოდა, არ გამართლდა. მსოფლიო ბაზარზე 1 ბუშელი ხორბლის ფასმა უკვე 7,20 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო 1 თვის განმავლობაში 1 დოლარით მეტია. გაძვირდა შაქარი და მისი ღირებულება 1 ტონაზე 460 დოლარს შეადგენს. მოიმატა ზეთისა და წიწიბურას ფასმა, თანაც, ამ ყველაფრის პარალელურად, რუსეთმა ზაფხულის განმავლობაში წიწიბურას ექსპორტი აკრძალა. არადა, ამ დროს რუსეთი საქართველოსთვის ნომერი პირველი იმპორტიორი ქვეყანაა, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანას წიწიბურას ორი თვის მარაგი აქვს, რაც ქვეყნისთვის საკმარისია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მსოფლიოში სურსათი, გაიაფების ნაცვლად, ძვირდება, საქართველოში ზაფხულიც კი რთული იქნება / ხორბლის, ზეთის, წიწიბურას, შაქრის ფასი ძალიან მაღალია და გაიაფების იმედი, ჯერჯერობით, არ ჩანს.

“საერთაშორისო ბაზარზე რომ ფასები მზარდია, ამის შესახებ საუბრობს კომპანია “ალფას” გენერალური დირექტორი, გურამ ბროძელიც და აღნიშნავს, რომ სექტემბრამდე ზეთის ფასი მაღალ ნიშნულზე დარჩება. “ჯერჯერობით, შაქარი აღარ გაძვირდება. რაც შეეხება ზეთის ღირებულებას, სექტემბრამდე კიდევ დარჩება მაღალ ნიშნულზე. ეს ისეთი პროდუქციებია, რომელთა იმპორტსაც ვახორციელებთ. არც მზესუმზირის ქარხნები გვაქვს და არც შაქრის, ამიტომ დამოკიდებულნი ვართ საერთაშორისო ფასებზე, მსოფლიოში კი როგორც ზეთი, ისე შაქარი ძვირია”, - განუცხადა გურამ ბროძელმა “რეზონანსს”. მსოფლიო ბაზარზე მალე ხორბლის ახალი მოსავლის აღება დაიწყება. იქამდე, მარცვლეულის ფასი „გარანტირებულად“ მაღალ ნიშნულზე იქნება. შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ მარცვლეულის ღირებულება დაიკლებს. როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, დაახლოებით ერთ თვეში გაირკვევა, მოსავლის რა რაოდენობა იქნება და ამის შემდეგ მოხდება ფასის გაანგარიშება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დაახლოებით ერთ თვეში ჩამოყალიბდება, რა მოსავალი იქნება მსოფლიოში და მათ შორის - საქართველოშიც. დღესდღეობით ოპტიმიზმის საფუძველი არის. მსოფლიოში საშუალო მოსავალს ელოდებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ფასები დასტაბილურდება, მაგრამ ახლა ყველას აინტერესებს სუბსიდირების პროგრამა. ფქვილის ფასი მერყეობს 63-დან 67 ლარამდე, თუმცა თუ შევხედავთ იმას, რომ სუბსიდირების პროგრამაში მოთხოვნადი, ანუ სამიზნე ფასი არის 53 ლარი, მაშინ მოლოდინი, ამ დონემდე ფქვილის ღირებულება თავისით ჩამოვიდეს, ნაკლებია. ეს მთავრობის გადასაწყვეტია, ჩვენთვის სუბსიდირება არავითარ ეფექტს არ იძლევა. მთავრობის გადასაწყვეტია, გააგრძელებს თუ არა სუბსიდირებას, თუ გაუშვებს პურის ფასს თავისუფალ ბაზარზე. ახლა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი სტაბილურია, თუმცა მაღალ ნიშნულზეა. სიძვირის თვალსაზრისით პრობლემა შექმნა ლარის კურსმაც. აქედან გამომდინარე, ორი პარამეტრის სინთეზის შედეგად ვიღებთ ფასს, რომელიც ნამდვილად მაღალია. მოსავლის მიღების შემდეგ გაიაფებას ველოდებით, ლარის კურსზე კი გათვლას ვერ ვაკეთებთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან სილაგავა.

“მართალია, ახლა ზაფხულის სეზონი მოდის და როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში მალე მოსავლის აღება დაიწყება, მაგრამ ფასები ჯერ მაინც მაღალ ნიშნულზეა. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია პირდაპირ ამბობს, რომ თუკი სუბსიდირების პროგრამა არ გაგრძელდება, ფქვილზე ფასი მოიმატებს, რა პროცესიც რეგიონებში ისედაც დაწყებულია. “საერთაშორისო ფასები იზრდება დეკემბრის ბოლოდან, მას შემდეგ დიდი გაძვირება არ მომხდარა, მაგრამ საქართველოში პრობლემის სათავეა საწვავის ღირებულების მატება, ასევე, კომუნალური გადასახადების გაზრდა და გაუფასურებული ვალუტა. ეს ოთხი მდგენელი არის ფასების გაძვირების ძირითადი კომპონენტი საქართველოში როგორც პროდუქციაზე, ასევე _ მომსახურებაზე. მსოფლიოში ძალიან მოიმატა ცხიმის ღირებულებამ. ყველაზე იაფიანი ზეთიც კი საგრძნობლად გაძვირებულია. საწვავის ფასიც მომატებულია და ღირებულების დაწევას მეორე კვარტალის ბოლომდე არ ველოდები”, - ამბობს შენგელია, რომლის აზრით, “მეორე კვარტალის შემდეგ შეიძლება, ფასები მიუახლოვდეს ერთ ბარელზე 60-დოლარიან ნიშნულს, მაგრამ 50 დოლარზე დაბლა არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვა”, - დასძენს გამოცემა.

“ხორბლის კუთხით, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ რუსულ ბაზარზე. ახლა იქ გადასახადები შემოიღეს როგორც ხორბალზე, ისე - ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვებზე. საქართველოში 30%-იანი წილი უკავია რუსულ საწვავს. რასაკვირველია, იმპორტიორები გადაერთვებიან სხვა ქვეყნებზე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ფასები კიდევ გაიზარდოს, რადგან, მაგალითად, სხვა ქვეყნიდან შემოსული ხორბალი ცოტა ძვირი ჯდება. თუკი სუბსიდირება არ გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ გაძვირებას. პრინციპში, ფასები ახლაც მაღლა მიდის, მაგალითად, რეგიონებში პირველი ხარისხის ფქვილი 70 ლარის ფარგლებშია. იყო დაპირება, რომ პური არ გაძვირდებოდა, მაგრამ მაინც გაძვირდა. სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების კლებას, ალბათ, ივნისის ბოლოდან უნდა ველოდოთ, მაშინ, როდესაც საქართველოში მასობრივად შემოვა ადგილობრივი პროდუქცია, ძირითადად, ბოსტნეული. როდესაც იმპორტირებული საქონლის წილი მოიკლებს, უნდა ველოდოთ გაიაფებას. გარდა ამისა, ზაფხულში ლარის გაუფასურებას ნაკლებად უნდა ველოდოთ, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კი ისევ დაიწყება გაუფასურება. არჩევნების დასრულების შემდეგ გველოდება ლარის მორიგი დევალვაცია“, - მიიჩნევს შენგელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა