ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021

თითქმის გადაწყვეტილია: ივნისიდან ქვეყანა ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას!

“ლელო” პირველ ოპოზიციურ ფრაქციას ქმნის

ექსპორტი ნახტომისებურად იზრდება, მრავალი წლის შემდეგ იმედის ნაპერწკალი გაჩნდა

* * *

თითქმის გადაწყვეტილია: ივნისიდან ქვეყანა ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას!

“დარჩენილი შეზღუდვების ორ კვირაში მოხსნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ივნისიდან ქვეყანა ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას. პირველი სიგნალი მთავრობის მხრიდან უკვე გაისმა. თუკი კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება, შეზღუდვები მოიხსნება. ასეთ შემთხვევაში, ბიზნესს და ეკონომიკას განვითარების მეტი შანსი მიეცემა. ბიზნესისითვის ყველაზე დიდი პრობლემა კომენდანტის საათია, რომლის გადაწევას კერძო სექტორი დიდი ხანია ითხოვს. მათი მოთხოვნა მაისის ბოლოდან დაკმაყოფილდება. პრობლემაა შაბათ-კვირის დღეებზე დაწესებული შეზღუდვაც, რისი გაუქმებაც, ასევე დიდი ალბათობით, მაისის ბოლოდან მოხდება. პირველი სიგნალი მთავრობისგან უკვე გაისმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თითქმის გადაწყვეტილია: ივნისიდან ქვეყანა ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას! / შეზღუდვების სრულად მოხსნას დიდწილად ეთანხმებიან ინფექციონისტებიც და მთავრობის წევრებიც.

“ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და შაბათ-კვირის შეზღუდვები არ არის ქართული ნოუ-ჰაუ; მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიმართავს ამ შეზღუდვებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, არც ტურისტებს უკვირთ, რომ მსგავსი სახის შეზღუდვა იქნება. მეტიც, ტურისტები ამ ბოლო დროს მეტად კითხულობენ, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა, რამდენად იცავს სხვადასხვა პროტოკოლს და ა.შ. ქვეყანა, სადაც ელემენტარული შეზღუდვები არ არის დაცული, ეჭვს გამოიწვევს”, - განაცხადა ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ შაბათ-კვირას დაკეტილი რესტორნები დისკომფორტს ქმნის. იმაშიც გეთანხმებით, რომ გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და სტუმრები ვერ სადილობენ რესტორნებში. ეს, რა თქმა უნდა, ამ სექტორისთვის დარტყმაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს და შევძლებთ, შეზღუდვები შევამსუბუქოთ”, - დასძინა ნათია თურნავამ. ასეთი გადაწყვეტილებით ბიზნესს განვითარების მეტი შანსი გაუჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კერძო სექტორისთვის, რომელიც ახლა არც ისე კარგ მდგომარეობაში, ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება ნამდვილად სასიცოცხლოდ საჭიროა, რადგან ბიზნესმა ძალების აღდგენა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს, ამისთვის კი პირველი ნაბიჯი, სწორედ დაწესებული შეზღუდვების მოხსნაა. ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორის სწრაფად აღდგენა, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, სხვა გარემოებებზეცაა დამოკიდებული, მათ შორის ვაქცინაციის პროცესზე”, - განაგრძობს გამოცემა.

“რეკომენდაციების სრული დაცვა თუ არ მოხდეს, ისევ დავინფიცირდებით, ამიტომ მგონია, რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიფრთხილე. ბიზნსის სწრაფად აღდგენა ბევრი რამეზეა დამოკიდებული. მათ შორისაა, ვაქცინაციის სიჩქარე და ასევე, შემომსვლელ ქვეყნებშიც რამდენად სწრაფად წავა აცრის პროცესი. ახლა არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ 8 და 9 მილიონ ვიზიტორს მივიღებთ 2022 წელს, როგორც ეს მოხდა 2019-ში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გარკვეული პოზიტიური დინამიკა იქნება. საცალო გაყიდვების მაღაზიებისთვის, რესტორნებისთვის, კომენდანტის 23:00 საათამდე გადაწევა არის ძალიან მნივნელოვანი. რესტორნების და მაღაზიების დიდი ნაწილი 23:00 საათზე ისედაც იკეტებოდა და პრობლემა არ უნდა იყოს. თუკი ჩვენ ვიქნებით დისციპლინირებულები, მალე დადგება ეს დროც. ვფიქრობ, ახლა უკვე მოსახლეობის თვითშეგნებაც საკმაოდ მაღალ დონეზეა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ვეფხვაძე.

“ბოლო პერიოდში, კლინიკებიც თავისუფლდება. საავადმყოფოებში გადატვირთულობა აღარ შეიმჩნევა. სწორედ ამის შესახებ საუბრობს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძე, რომელიც მიიჩნევს, რომ დღევანდელი ეპიდვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორზე მიმართვიანობა შემცირდება. “საგანგაშო სიტუაცია არ არის. მაქსიმალურად თუ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, ვფიქრობ, არ უნდა დაგვჭირდეს რაღაც განსაკუთრებულად მძიმე ღონისძიებების გატარება. ვადასტურებ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასტაბილურდა სიტუაცია. მიღებული პაციენტების რაოდენობა აღარ არის ისეთი, რომ ძალიან მძიმე დატვირთვა იყოს კლინიკისთვის. ჩვენთან უკვე თავისუფალი ადგილებიც არის, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა შესუსტდება”, - ამბობს ლევან გოფოძე. შეზღუდვების მოხსნას ეთანხმება ინფექციონისტთა ნაწილი. თუკი შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს, აკრძალვები უნდა გაუქმდეს კიდეც. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძის მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნა დაბალი მაჩვენებლის პირობებში ყოველთვის შეიძლება”, - დასძენს გამოცემა.

“დღეს შეიძლება თქვან, რომ მაისის ბოლოდან შეზღუდვები მოიხსნება, მაგრამ ხვალ გადათქვან, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია კორონავირუსის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე. თუკი დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი დაინფიცირდება და არა 1500, მაშინ, რასაკვირველია, შეზღუდვებიც მოიხსნება. მთავარია, ნახტომისებური დინამიკა არ იყოს. მაგალითად, დღეს იყოს 2 შემთხვევა, ხვალ - 10 და ზეგ - 50. თუ თანმიმდევრულად წავიდა შემცირება, მაშინ უკვე თამამად შეიძლება საუბარი შეზღუდვების გაუქმებაზე”, - მიიჩნევს ირაკლი ხმალაძე. დაწესებული აკრძალვების მოხსნის ალბათობას ამყარებს ის არგუმენტიც, რომ კორონავირუსის მესამე ტალღას ქვეყანა ფინანსური სახსრების გარეშე ხვდება, რეალურად აღარ არის ფული, რითაც შეიძლება მთავრობა ლოკდაუნის პერიოდში მოსახლეობასა და ბიზნესს დაეხმაროს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ლელო” პირველ ოპოზიციურ ფრაქციას ქმნის

“პარტია “ლელომ” პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა, რომელსაც სხვა ოპოზიციონერი წევრებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ფრაქციას სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წამოსული რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა - სალომე სამადაშვილი და შალვა შავგულიძე, ასევე არმაზ ახვლედიანი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “არა ერთბაშად, მაგრამ მოხდება ძალების მოკრება და მობილიზება” - “ლელო” პირველ ოპოზიციურ ფრაქციას ქმნის.

“მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მე-10-ე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის”. ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას წარდგენილი პარლამენტში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას ჩვენს წინაშე. ასევე იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი უწყვეტი იქნება. მე მინდა დიდი სიხარულით დავადასტურო ფრაქციაში სალომე სამადაშვილის, არმაზ ახვლედიანის, შალვა შავგულიძისა და დავით უსუფაშვილის შემოერთება”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ფრაქციაში “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” გაერთიანებული ოპოზიციონერი დეპუტატები იმ გეგმებზე საუბრობენ, რომლის განხორციელებასაც მე-10 მოწვევის პარლამენტში გეგმავენ. მათი განცხადებით, შეეცდებიან განსაკუთრებული აქცენტი იმ რეფორმების განხორციელებაზე გააკეთონ, რომელიც გათვალისწინებულია შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით. ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე, ისევე როგორც ჩემმა კოლეგებმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ძლიერი ფრაქცია, “ლელოს” და პარტნიორების სახით. ჩვენ შევუერთდით ამ ინიციატივაში “ლელოს”, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები და ფრაქციის მთავარი დღის წესრიგი იქნება, ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე საზოგადოებასთან პარლამენტის გარეთ მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ არ მივცეთ შანსი “ქართულ ოცნებას”, უკან დაიხიოს რომელიმე ვალდებულებისგან, რომელიც აიღო მიშელის შეთანხმებული დოკუმენტის თანახმად”, - აცხადებს სალომე სამადაშვილი. პარლამენტის წევრის შალვა შავგულიძის თქმით, ქვეყნის სვლა დასავლური კურსით უნდა გაგრძელდეს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობაა საჭირო. არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა არჩევნები, სადაც ხალხი თავისი აზრის დაფიქსირებას ყოველგვარი ზეწოლის და ძალდატანების გარეშე შეძლებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ლელო - პარტნიორობა საქართველოს” ირგვლივ არა ერთბაშად, მაგრამ მოხდება ძალების მოკრება და მობილიზება. გარდაუვალია საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი. ჩვენი ამოცანაა ეს დემონტაჟი მოხდეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ნაკლები დანაკარგით. ეს უნდა მოხდეს თანმიმდევრულად. ადგილობრივი არჩევნები, ფაქტობრივად რეფერენდუმად გამოცხადებული, არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა საქართველოსთვის”, - ამბობს ახვლედიანი, რომლის თქმით, მათ ეძლევათ შესაძლებლობა მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, მოახერხონ და მივიდნენ საპარლამენტო არჩევნებამდე, “სადაც ქართველი ხალხი ძალდატანების და ზეწოლის გარეშე შეძლებს არჩევნის დაფიქსირებას”, - დასძენს გამოცემა.

ექსპორტი ნახტომისებურად იზრდება, მრავალი წლის შემდეგ იმედის ნაპერწკალი გაჩნდა

“ბოლო წლების განმავლობაში, პირველად, საქართველოში ექსპორტით იმპორტის გადაფარვა დაფიქსირდა. ამის მიზეზი ეკონომიკის გახსნაა და ის გარემოება, რომ შარშან აპრილში ეკონომიკა საერთოდ გაჩერებული იყო. წელს კი ადგილობრივ წარმოებას, შესაბამისად, ექსპორტსაც, მეტი შესაძლებლობა მიეცა. თუმცა, ამ ციფრების მიღმა დიდად იმედისმომცემი რეალობა არ დგას, თუნდაც იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ქვეყნიდან წარმოებული დოვლათი ნაკლებად გადის. ისევ ლიდერ პოზიციებზეა ნედლეული და მანქანების რეექსპორტი. სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან ღვინო და ალკოჰოლური სასმელებია მთავარი საექსპორტო საქონელი, რაც ტრადიციულად დამახასიათებელი ამბავია. ეს ლოგიკურია კიდეც, რადგან, როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ “რეზონანსთან” აღნიშნა, ფაქტობრივად მეტი ქვეყანაში საექსპორტი არც არაფერი იწარმოება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ექსპორტი ნახტომისებურად იზრდება, მრავალი წლის შემდეგ იმედის ნაპერწკალი გაჩნდა.

“უმსხვილესი სასაქონლო პოზიციის მიხედვით, იანვარ-აპრილში ექსპორტი საგრძნობლად დაწინაურდა. ჯერჯერობით მოწინავე პოზიციაზეა სპილენძის მადნები, მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები, ღვინო და სპირტიანი სასმელები. შარშან ამ დროს ყველაფერი გაყინული იყო, ახლა კი ამ 4 თვის განმავლობაში, გარკვეული აქტიურობა შეიმჩნევა. რა თქმა უნდა კარგია, როცა ექსპორტი იზრდება, მაგრამ ეს იმ მონაცემებთან შედარებით, რომელიც უმოძრაო, გაჩერებულ პერიოდს უკავშირდება. საყურადღებო ისაა, რომ უარყოფითი სალდოს შემცირება შეინიშნება და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობის გადახდისუნარიანობა იკლებს და თავისთავად ცხადია ეს იმპორტზე მოქმედებს და მის დონეს ამცირებს. საერთო ჯამში, დადებითი ტენდენციაა. ობიექტები მუშაობს, ტურიზმიც მცირედით გაიხსნა, მომსახურების სფეროც ნელ-ნელა იტვირთება, შარშან მთლიანად გაჩერებული იყვნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთო სილაგაძე.

“მთლიანობაში, საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული პრობლემაა და სტატისტიკა რეალურად არ არის ისეთი, რაზეც შეიძლება იმედი დავამყაროთ. რას გამოვიმუშავებთ? ფაქტობრივად, არაფერს! ჯერჯერობით სამუშაო ადგილები არ იზრდება. სეზონურად გაზაფხული უფრო აქტიურია მუშაობის თვალსაზრისით, მაგრამ არ შეიმჩნევა რამე მნიშვნელოვანი გარღვევა. ამდენად, სერიოზული დასკვნების გაკეთება ამ ეტაპზე მაინც ნაჩქარევია. საერთო მასშტაბები მაინც არასაკმარისია”, - დაასკვნის სილაგაძე. განსხვავებულია სტატისტიკოს სოსო არჩვაძის მოსაზრება, რომლის განცხადებითაც, ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ აპრილში შეადგინა 50.5 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ამაზე იმედის დამყარება შეგვიძლია. საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკის კომენტირებისას მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ყოველთვიურად, საშუალოდ, 51.3 მლნ დოლარით იზრდება საქართველოს ექსპორტის მოცულობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით იზრდება თანაფარდობის მაჩვენებელიც: თუ ჯერ კიდევ იანვარში აღნიშნული მაჩვენებელი ერთი წლის წინანდელს ჩამორჩებოდა 16.2 პროცენტით, თებერვალში მან უკვე გადააჭარბა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.9 პროცენტით, მარტში - 30.6 პროცენტით, ხოლო აპრილში - უკვე 70.2 პროცენტით. ექსპორტის თვეებს შორის 2021 წლის აპრილი სიდიდით (378.3 მლნ აშშ დოლარი) მეორე ადგილზეა - 2019 წლის დეკემბრის (396.0 მლნ აშშ დოლარი) შემდეგ. ამასთან, აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს თანაფარდობა სავაჭრო ბრუნვასთან რეკორდულად დაბალი (-32.0%) იყო, თუმცა მან 39.0 პროცენტი შეადგინა. მოხდა ისტორიული ფაქტი, მცირე ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივიწევთ წარმატებისკენ. ასე ვთქვათ, “ეკვატორი გადალახულია”. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან - რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს, საკმაოდ დიდი წარმატებაა მიღწეული საგარეო ვაჭრობაში”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

“საგულისხმოა, რომ ექსპორტი სტაბილურად იზრდება, ყოველი მომდევნო თვე წინა თვესთან მეტია, ანუ თებერვალმა აჯობა იანვარს, მარტმა - თებერვალს და აპრილმა - მარტს. ეს საკმაოდ სოლიდური ზრდაა, რაც თავისთავად გულისხმობს რეალური სექტორის მზარდ პოტენციალს. სტატისტიკა საკმაოდ ოპტიმისტური დასკვნის საფუძველს იძლევა”, - ამბობს არჩვაძე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 929.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 199.0 მლნ აშშ დოლარი იყო, (19.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარი (10.1 პროცენტით მეტი). საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1 531.0 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა”, - დასძენს გამოცემა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით