აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მანდატის შესაბამისად, ნეიტრალურ და მიუკერძოებელ პოზიციას დაიკავებს

საიდუმლო არ არის, რომ საფრანგეთს განსაკუთრებული სიმპათია აქვს სომხეთის მიმართ, მაგრამ, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს ოფიციალური ნეიტრალიტეტი, -ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლეილა აბდუალაევამ განაცხადა, რითაც ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„სომხეთის პრემიერ მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ყველა დაკავებული პირის, მათ შორის, სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, მხარეებს შორის დაძაბულობის მოგვარებასა და სომხეთის ტერიტორიებიდან აზერბაიჯანული ჯარის გაყვანაზე, გააჟღერა სომხეთის მიმართ სოლიდარობა. უპირველეს ყოვლისა, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უზრუნველყოფილია, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების საფუძველზე. რუსეთის სამშვიდობო ძალები ასრულებენ სამშვიდობო მისიას, რათა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა. ჩვენ ვერ ვხედავთ საფრანგეთის როლს ამ საკითხში,“- აღნიშნა აბდულაევამ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა მაკრონმა პირდაპირი დიალოგის აუცილებლობის საკითხზეც ისაუბრა, თუმცა დიალოგი უკვე მიმდინარეობს სამმხრივი განცხადების საფუძველზე და ამ პროცესში საფრანგეთი არანაირ როლი არ ასრულებს.

„რაც შეეხება განცხადებაში მოხსენიებულ პირდაპირი დიალოგის საკითხს, ეს უკვე ხდება. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ 2021 წლის 11 იანვარს ხელმოწერილი განცხადების თანახმად, შეხვედრები მიმდინარეობს ვიცე-პრემიერების დონეზე, ამიტომ მიმდინარეობს დიალოგი. ამასთან, საფრანგეთს ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს,“- განაცხადა საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთს, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანას, მიუკერძოებელი პოზიცია ექნება.

„ვიმედოვნებთ, რომ თანათავმჯდომარის მანდატის შესაბამისად, საფრანგეთი მიიღებს ნეიტრალურ და მიუკერძოებელ პოზიციას ”, - აღნიშნა აბდულაევამ.

შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა