უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ლოგიკურია, არ დაფინანსდნენ ის პარტიები, რომლებიც მოსახლეობისგან ნდობის ვოტუმის მიუხედავად, საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობენ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პარტიების ან პოლიტიკოსების დაფინანსება მათ საპარლამენტო საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს.
„ის პარტიები, რომლებსაც მოსახლეობამ არჩევნებზე ხმა მისცეს იმისთვის, რომ ისინი შესულიყვნენ პარლამენტში და განეხორციელებინათ საპარლამენტო და პოლიტიკური საქმიანობა, უნდა შემოვიდნენ და შესაბამისი დაფინანსება მიიღონ. თუკი პარტიები ან ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებმაც მიიღეს მოსახლეობის ნაწილის ნდობის ვოტუმი, მაგრამ არ აპირებენ პარლამენტში შემოვლას და უბრალოდ, გარედან მოძახილით აპირებენ სახელი დაარქვან თავიანთ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ლოგიკა ამბობს, რო მათ დაფინანსება არ უნდა მიიღონ, ეს არის ლოგიკა, რომელშიც ალბათ, ყველა დამეთანხმება. ის პარტიები, რომლებიც არ აპირებენ შემოსვლას და გარედან მოძახილის რეჟიმში აპირებენ მუშაობას, აპელირებენ იმაზე, რომ ეს არის მათი პოლიტიკური აქტივობის დაბლოკვა, ამაში შესაძლოა, რაღაც ნაწილში იყოს სიმართლის მარცვალი, ამისთვის არსებობს პლენარულ სხდომათა დარბაზი, რომ საჯაროდ, ღია არგუმენტებით მოხდეს ამაზე მსჯელობა“,-განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, თუ პოლიტიკოსები ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტენ და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდებიან, მათი დაფინანსება აღდგება.
„ჩემი აზრით, კანონში იქნება ის მექანიზმები ჩადებული, რომ თუ ეს ადამიანები ზნეს შეიცვლიან და იმის გაკეთებას დაიწყებენ, რაშიც ხმა მისცეს ამომრჩევლებმა და რაშიც ფულს უხდიან, დაფინანსება აღდგება“,-განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, პარლამენტი დღეს ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმადაც პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"