ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2021

ურჩებს ფინანსურად დასჯიან - რას ითვალისწინებს პარტიების დაფინანსების კანონპროექტი და რატომ ეწინააღმდეგება ოპოზიცია

რატომ უნდა იყოს კობახიძე ფრთხილად და რა შეცდომა დაუშვა გახარიამ პრემიერობისას - იგორ კვესელავა ექსპრემიერის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

***

ურჩებს ფინანსურად დასჯიან - რას ითვალისწინებს პარტიების დაფინანსების კანონპროექტი და რატომ ეწინააღმდეგება ოპოზიცია

"პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობდა, რომლითაც პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს. კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცნობდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას ითვალისწინებს პარტიების დაფინანსების კანონპროექტი და რატომ ეწინააღმდეგება ოპოზიცია

"პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში შესავალ ცვლილებებს ოპოზიციის წევრები არ ეთანხმებიან. აღსანიშნავია, რომ, შინაარსობრივი ნაწილის გარდა, ოპოზიციამ რეგლამენტიც გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, ინიციატორი, მათი შეფასებით, საჭიროზე დიდხანს იდგა ტრიბუნასთან. ბატონი კობახიძე 2008 წელს თავისი ავტორობით შექმნილ წიგნში "პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი" წერდა, რომ დაუშვებელია, პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით. როდის იყავით გულწრფელები, ახლა თუ მაშინ?“ - ამ კითხვით ენმ-ის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ანრი ოხანაშვილს მიმართა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ კი მოითხოვა, მომხსენებელს განემარტა, რას ნიშნავს პოლიტიკური საბოტაჟის პრევენცია. "საბოტაჟის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც არის, ეს პოლიტიკური საბოტაჟი რამე ახალი ცნებაა, სად არის განმარტებული, რას ნიშნავს", - აღნიშნა მანჯგალაძემ. "ის ინიციატივა, რომელიც არის პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც იყო შეთანხმებაში, იმ მოწოდებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ისედაც, არანაირად არ უწყობს ხელს პოლიტიკურ შეთანხმებას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მან პარლამენტში შესულ ოპოზიციას მოუწოდა, რომ აღნიშნულ საკითხზე ქმედითად იბრძოლონ. „ის ინიციატივა, რომელიც არის პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით და ითვალისწინებს იმას, რომ კონკრეტულ პარტიას შეუწყდეს კონკრეტული პირობების გამო დაფინანსება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც იყო შეთანხმებაში, იმ მოწოდებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ისედაც არანაირად არ უწყობს ხელს პოლიტიკურ შეთანხმებას, არის პირდაპირ მოწოდებული იმისთვის, რომ კონკრეტული პარტია, ამ შემთხვევაში „ლეიბორისტული პარტია“ დასაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეხება „ევროპულ საქართველოს“ ან სხვა პარტიებს, მე მინდა ყველას ვთხოვო, დღეს ვინც არის პარლამენტში, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, რომ მათ შესვლამდე აწუხებდათ ეს საკითხი და ვფიქრობ, ახლაც უნდა აწუხებდეთ და ძალიან ქმედითად უნდა იბრძოლონ, გარდა იმისა, რომ კონკრეტული კრიტიკული განცხადებები გააკეთონ“, - განაცხადა წერეთელმა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოქალაქეების" თავმჯდომარე და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონპროექტის მიღებას ეთანხმება. „მართალია, ეს წესი გავრცელდება მომდევნო პარლამენტზე, რომ ახლა პოლიტიკურ ანგარიშწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მე ახლა გავრცელების მომხრეც ვიქნებოდი და ვარ. ეს რას ნიშნავს? აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ, მუშაობა გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ იმ ფულზე თქვი უარი, ხელფასზეც და პარტიულ დაფინანსებაზეც. ეს იქნება სწორი,“ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. ოპოზიციის წევრებს პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს. მამუკა მდინარაძის თქმით, მას შემდეგ, რაც პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში შევა, მას ეს დათქმა, ბუნებრივია, არ შეეხება”, - დასძენს გამოცემა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტის მიზნობრივი დანიშნულებაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბოტაჟი არ ფინანსდებოდეს. ამასთან, მისი განცხადებით, პარტია 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი პარტიის წევრთა ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია, მოახდინოს პრევენცია, როდესაც დემოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებელია საბოტაჟი განხორციელდეს, იმის გამო, რომ არ მოეწონა რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო შედეგი. ამ შემთხვევაში ირთვება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმი, ხოლო თუ პლენარული სხდომების ნახევარს მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს, აქ ხდება 6 თვის ფარგლებში დაფინანსების არა შეწყვეტა, არამედ შეჩერება,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

რატომ უნდა იყოს კობახიძე ფრთხილად და რა შეცდომა დაუშვა გახარიამ პრემიერობისას - იგორ კვესელავა ექსპრემიერის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

"გახარიას გუშინდელი დიდი ტაშის დამკვრელები გადაიქცნენ ადამიანებად, რომლებმაც ტაშის დაკვრა უკუღმა დაიწყეს. ყველას ვთხოვ: პოლიტიკოსებს, მმართველებს, დიპლომატებს, პირველ პირებს, ტერმინ "ღალატს" ფრთხილად მიუდგნენ, აცხადებს "რეზონანსთან" პოლიტოლოგი იგორ კვესელავა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რატომ უნდა იყოს კობახიძე ფრთხილად და რა შეცდომა დაუშვა გახარიამ პრემიერობისას - იგორ კვესელავა ექსპრემიერის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის წერილს, სადაც ის ექსპრემიერზე აცხადებს, რომ მისი პროექტი არაა და რომ გახარიამ გუნდსა და სახელმწიფოს უღალატა, კვესელავას თქმით, მოღალატე ადამიანი უცბათ ხომ არ ხდება? თუ ეს კაცი მოღალატეა, მაშინ შენ გვერდით როგორ იყო და როგორ აქებდით? ეს პოლიტიკური პირფერობა დაღუპვამდე მიგვიყვანს, ამან უკვე გახლეჩამდე, გამსახურდიას დამხობამდე მიგვიყვანა. ქართულ პოლიტიკაში ღალატი არახალია, თუმცა ეს არა ღალატი, არამედ გახარიას პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლაა ქვეყნის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის. როდესაც გამსახურდია დაამხეს, მაშინ ერთმა პარლამენტარმა გამოაცხადა, რომ ღალატი არის ფენომენი და უკიდურესი აუცილებლობა. ქართულ პოლიტიკაში საკითხი ასე იდგა სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ და ეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში დღესაც შემოდის. როცა პოლიტიკური ლიდერი ქების ობიექტია, გადახვევის ანუ კურსის შეცვლის შემთხვევაში განსაკუთრებული ძაგებისა და კრიტიკის საგანი ხდება. გახარიას გუშინდელი დიდი ტაშის დამკვრელები გადაიქცნენ ადამიანებად, რომლებმაც ტაშის დაკვრა უკუღმა დაიწყეს, ტაშის დაკვრა ორნაირია და ყველას ვთხოვ: პოლიტიკოსებს, მმართველებს, დიპლომატებს, პირველ პირებს, როდესაც ტერმინს ღალატსა და მოღალატეს ვხმარობთ, ამას ქართულ სინამდვილეში ფრთხილად უნდა მიუდგნენ, რადგან ამისი განვრცობა არ მოხდეს. ამას ვურჩევ პოლიტიკურ „მოკლეშარვლიანებსაც" და „მოკლეკაბიანებსაც", რომ დაფიქრდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

კორესპოდენტის კითხვაზე, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, ოპოზიციამ განაცხადა, რომ ის რეალურად პოლიტიკიდან არ წასულა, პოლიტოლოგის თქმით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მართლაც ასეა, გამომდინარე იმ ბოლო დისკუსიიდან, რაც გახარიასთან დაკავშირებით გაიმართა. ამის გარდა, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ფრთხილად იყოს, რადგან რასაც დღეს ამბობს, ხვალ წინ არ დახვდეს. მით უმეტეს, მან სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა გაახმოვანა თუნდაც ის, რომ მათ კიევში მსტოვრები ჰყავთ, რომლებისგანაც ინფორმაციას იღებენ. თუ მათ კიევში მოკავშირეები მართლა ჰყავთ, თუ ეს მართლაც ასეა, მან ისინი ფაქტობრივად დაკარგა. გახარიას პრემიერობისას თავისი გუნდი თვითონვე უნდა დაეკომპლექტებინა. ვფიქრობ, ამის გაკეთება ვერ შეძლო, ამიტომაც, სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ მინისტრები, რომლებიც არ და ვერ შეეფერებიან იმ თანამდებობებს, სადაც ისინი არიან. ამ სიტუაციაში ვიცი, რომ სწორედ კობახიძესა და გახარიას შორის განხეთქილებით დაიწყო ეს ყველაფერი. ვგულისხმობ იმას, რომ ამ შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, დაესვა კობახიძე, რომელსაც მისცა ყველა უფლება, ჩაერიოს ქართული პოლიტიკის ყველა ნიუანსში, ჩაერიოს ქართული ეკლესიის ნიუანსებში, ჩაერიოს მეცნიერებაში, კულტურაში, ბიზნესში და ა.შ. ბუნებრივია, აღმასრულებელი მეთაურისთვის ასეთი აშკარა პარტიული ჩარევა აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ამიტომაც გახარიას საქმიანობა ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებისთვის" ღალატი იყო, თუმცა მთავარია, რომე ეს ერის წინააღმდეგ არ იყოს”, - განაგრძობს გამოცემა.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებთ გახარიას ინტერვიუს, რომელიც ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გავიდა, პოლიტოლოგის თქმით, პოლიტიკოსმა შესაძლოა, გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომლებიც მომენტიდან გამომდინარეობს. სხვა დონის იყო განცხადებები, რომლებსაც იგი პრემიერობის დროს აკეთებდა, სხვა იყო, როცა შს მინისტრობის დროს აკეთებდა. რა თქმა უნდა, მაშინ სხვა მიმართულების იყო და სხვა აქცენტები იყო დასმული და ახლა, როცა განცხადებებს აკეთებს როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ბუნებრივია, რომ ეს სხვაა. გახარია მთავრობის მეთაური იყო, შეეძლო, ცვლილებები მოეხდინა და გაეგრძელებინა, მას არავინ არ აძალებდა და არავის არ უთქვამს, რომ მთავრობიდან წასულიყო, მან ეს თვითონ გადაწყვიტა. ის არაა ისეთი ადამიანი, ვინც უცდის, თუ ვაშლი ხიდან როდის ჩამოვადრება და პირდაპირ პირში როდის ჩაუვარდება. ის ადამიანია, ვისაც სურს, რომ ვაშლი მოწყვიტოს და თუ საჭიროა, ხეზეც ავიდეს. ადამიანის მისამართით ისრები მაშინ მიდის, როცა მისი ეშინიათ, ეს ძლიერის წინააღმდეგაა, თორემ არის ერთკაციანი და ორკაციანი პარტიები, რომლებიც სათვალავშიც არ არიან”, - დასძენს გამოცემა.

კორესპოდენტის თქმით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის ადგილობრივ არჩევნებზე არა 43%-ს, არამედ 53%-ს აიღებს... ანალიტიკოსის აზრით, ბუნებრივია, ის მთავრობის თავმჯდომარეა და ასე უნდა ეთქვა. პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც მოსაზრებებია, რომ ვერ აიღებს. ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა „ოცნებიდან", რომ აიღებს, თუმცა, ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო მეტად სახელმწიფო მოღვაწეა, ვიდრე - პოლიტიკური. მან გააკეთა აქცენტი იმაზე, რა გეგმაც შეიმუშავა, რომ 43%-ს როგორ გადასცდნენ, რადგან ეს ზღვარი მათი დამარცხება და პოლიტიკიდან „ქართული ოცნების" წასვლაა. ასე რომ, ბუნებრივია, საკითხი დგას იმაზე, რომ მათი მაქსიმუმი 43% არაა. მე თუ მკითხავთ, ეს 43% ჩვენს სინამდვილეში არ უნდა შემოსულიყო, საერთოდ 51%-ია მიღებული. ეს რა ტერმინია, არ ვიცი, ახლა ბრძოლა საქართველოსთვის კი არა, ამ 43 რიცხვის გადალახვისკენ ან ვერგადალახვისკენაა. საოცარია, რომ მიზანი გახდა ბრძოლა არა საქართველოსთვის, არამედ 43%-ის გადალახვისთვის. ესაა უბედურება, ასე მსოფლიოში არსად არ ხდება. თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მაშინ ამ გზით უნდა წავიდეთ და შეიქმნას კოალიცია. ეს 43% ევროპელების მითითებაა კოალიციაზე, ჩვენთან სხვანაირად შეუძლებელია, შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ" 30% აიღოს, დანარჩენებმა - 20%, 15% და ა.შ. და შეიქმნას კოალიციური მთავრობა. ეს ადგილობრივი არჩევნები ახალ, რიგგარეშე არჩევნებს განაპირობებს, იქნება კოალიციური მთავრობა და პროცენტების მიხედვით ამ წუთისა და ამ მომენტის გათვალისწინებით მასში იქნება სამი პოლიტიკური პარტია: "ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას „საქართველოსთვის".ვფიქრობ, რომ ამ სამ „მდინარეს" ირგვლივ პატარა „ნაკადულები" შეუერთდებიან. საქმე ისაა, რომ მათ სურთ, დიდები გახდნენ, თუმცა იმ პოზიციაზე ვარ, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე 3-4 თვე დარჩა და გაერთიანება აუცილებლად მოხდება, რადგან ერთკაციანი გუნდით ვერც ქალაქის და ვერც სოფლის მმართველობაში ვერაფერს ვერ გააკეთებ”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა