თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა 5 წლის ვადით ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მიღწეული შედეგი მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის ამ მნიშვნელოვან წარმატებას უმაღლესი განათლების სისტემისთვის. FIBAA-ს აკრედიტაცია მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია ISET-ისთვის, რადგან ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სკოლის პროგრამები თავისი შინაარსითა და ხარისხით კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას სთავაზობს. საქართველოში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით და მისი მოპოვება ISET-ის ხარისხის საერთაშორისო დონეზე აღიარებაა, რაც კურსდამთავრებულებს მეტ შესაძლებლობას უხსნის მომავალი დასაქმებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ინტერნაციონალიზაცია ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაუმჯობესებისათვის ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის.

მინისტრი განათლების სისტემაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ამ გამოწვევასთან გამკლავება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა, რომ სისტემა თანდათან უბრუნდება სწავლა-სწავლების პროცესის ჩვეულ რიტმს. მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება აქტიური მუშაობა უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

დღეისთვის საქართველოში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ISET-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან ერთად, თსუ-სა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორცილებულ ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამას „საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მეორედ, შვიდი წლის ვადით, მიენიჭა. პროგრამა 2009 წლიდან ხორციელდება და პირველი საერთაშორისო აკრედიტაცია 2015 წელს მიიღო.

FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

საზეიმო ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ISET-ის დირექტორი თამარ სულუხია, ISET-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ჟან ფრედერიკ პოლსენი, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა