ვახტანგ ძაბირაძე - აშშ-ში მოპოვებული პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში ისე არ მოქმედებს, როგორც ამერიკული დოლარი, ჯერჯერობით ხელისუფლების ალტერნატივა ოპოზიციაში არ ჩანს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში ანგარიშით წარსდგომის პირველმა ნაწილმა და შემდგომ ამ თემაზე მსჯელობამ?

- გულწრფელად გითხრათ, უკეთესს არც ველოდი, ანუ არ მქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლების მხრიდან, მითუმეტეს ღარიბაშვილის მხრიდან რაღაც ახალ მიდგომებს ვნახავდით. უცნაურია, რომ ჩვენ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. პრაქტიკულად, ქართულ კი არა, ჩვენდა სამწუხაროდ, ძველ საბჭოურ ტრადიციებს ვაგრძელებთ. იმავე მესიჯით ელაპარაკება ხალხს. როცა ხელისუფლება საუბრობს რა იქნება 10 და 20 წლის შემდეგ, ეს სხვა არაფერია თუ არა ხელისუფლების მარტივი მცდელობა გაექცეს დღევანდელ პრობლემებს.

როცა ხელისუფლება საუბრობს რა იქნება 10 და 20 წლის შემდეგ, ეს სხვა არაფერია თუ არა ხელისუფლების მარტივი მცდელობა გაექცეს დღევანდელ პრობლემებს

როცა პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს იმაზე, რა იქნება 10 წლის შემდეგ, მას და მის თანაგუნდელებს ავიწყდებათ, რომ თავი რომც დავანებოთ რიგგარეშე არჩევნების ალბათობას, 2024 წლის არჩევნებს ვინ მოიგებს არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში არ უნდა იცოდეს.

ღარიბაშვილის ანგარიშმა ბევრი კომიკური ვითარება წარმოაჩინა. ხელისუფლების გეგმებზე სულ ცოტა ხნის წინ პრემიერი გახარია საუბრობდა. გახარია კი წავიდა, მაგრამ მთავრობა ხომ იგივე დარჩა. მცირე გამონაკლისის გარდა, იგივე მთავრობა გვყავს, რომლის წევრი ღარიბაშვილიც იყო. თუ მმართველ გუნდს გახარიას პროგრამა არ მოსწონდა, დღეს რატომ არ მოსწონთ? რა შეიცვალა ისეთი, რომ ახლა ხელისუფლება 10 წლიან გეგმებზე საუბრობს?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავის დროზე გახარიამ თაროზე შემოდო პრემიერ კვირიკაშვილის პროგრამა. აღარაფერს ვამბობ პრემიერ ბახტაძეზე, რომელიც საერთოდ გაუგებრობა იყო.

- თქვენი დაკვირვებით პარლამენტში ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობას, სავარაუდოდ როგორ აღიქვამენ ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები?

- ზუსტად ისე, როგორც ჩვენ აღვიქვამდით თავის დროზე სსრკ-ს დროს და მერეც 10 და 20 წლიან გეგმებზე საუბარს. ქვეყნის მოსახლეობას აინტერესებს ხვალ რა იქნება, უახლოეს მომავალში რა გაკეთდება.

ანეკდოტური სიტუაციაა. ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ ეკონომიკაში აპრილში 44%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ვთქვათ ასე იყო, ქვეყნის სტატისტიკურმა რიგითმა მოქალაქემ ამგვარი ზრდა 1%-ით თუ მაინც იგრძნო? თუ არაა, მაშინ ამ თემაზე გაუთავებელ საუბარს რა აზრი აქვს.

ჩემი აზრით, ეკონომიკურ გეგმებზე ამგვარ მსჯელობას მოსახლეობა აღიქვამს როგორც აუცილებელ საუბარს. ხალხს ასეთივე დამოკიდებულება აქვს ხელისუფლების მიმართ.

ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ხალხს ამგვარი დამოკიდებულება აქვს გაჩენილი მთელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ საქმეებსა და გეგმებზე საუბრებს ხალხი აღიქვამს როგორ სცენაზე აუცილებელ დეკორაციას. ხალხის მიმართ დეკორაციულ მიდგომას ხალხიც დეკორატიული დამოკიდებულებით პასუხობს.

ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ საქმეებსა და გეგმებზე საუბრებს ხალხი აღიქვამს როგორ სცენაზე აუცილებელ დეკორაციას. ხალხის მიმართ დეკორაციულ მიდგომას ხალხიც დეკორატიული დამოკიდებულებით პასუხობს

- როგორ შეაფასებდით პარლამენტში 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიმდინარეობას? ამ პროცესში ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის ქცევას?

- ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერს შეთანხმების შესაბამისად ასრულებს, ოპოზიცია პირიქით ამბობს, რომ რაღაც ნაწილში თითქოს სრულდება, მაგრამ რაღაც ნაწილში არ სრულდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროცესში ჩართულ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ 19 აპრილის შეთანხმების შემუშავებაში, მათ აქვთ ამ შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება.

იგი სასამართლოსთან და ზოგადად 19 აპრილის შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს, არასერიოზული.

ცალკე თემაა, ამ პროცესში „ნაცმოძრაობის“ მიდგომები. გულწრფელად ვამბობ, ვერანაირ ლოგიკას „ნაცმოძრაობის“ ქმედებებში ვერ ვხედავ. ვერც იმას ვხდები, რა ინტერესები აქვთ.

„ნაციონალებს“ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, მაგრამ, ამ თვალსაზრისით მათი ქმედებები სრულიად გაუგებარია. თუ ისინი მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ, გაუგებარია საერთოდ რატომ შევიდნენ პარლამენტში.

- ვინც შეთანხმებას მოაწერა ხელი და „ნაციონალებზე“ ადრე შევიდა პარლამენტში, ახლა პარლამენტში ისინიც უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან „ქართული ოცნება“ მაინც ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც თავად მიიჩნევს სწორად...

- 19 აპრილის შეთანხმებაზე მუშაობა არაა ერთჯერადი აქტი. ყველაფერი, რაც მის შესრულებას უკავშირდება უნდა იქნას განხილული, როგორც პროცესი.

მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიდგომები იყოს თანხვედრაში. თუ ასე არ იქნა, ოპოზიციას გაუჭირდება თავისი პოზიციების დაცვა.

მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიდგომები იყოს თანხვედრაში. თუ ასე არ იქნა, ოპოზიციას გაუჭირდება თავისი პოზიციების დაცვა

- მოსამართლეთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ისინი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ კრიტიკას გამოთქვამენ. ისინი კრიტიკის ადრესატებს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს საქართველოში მათ საქმეებში ჩარევას საყვედურობენ.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მოსამართლეების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ?

- უცნაური და სასაცილო ისაა, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი იმას, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და თავისუფალი უნდა იყოს, ასევე ქვეყანაში დემოკრატია უნდა იყოს, ასწავლიან იმ ქვეყნის ელჩებს, რომლებიც სწორედ ამგვარ პოლიტიკურ სისტემაში არიან გაზრდილი.

ის, რაზეც მოსამართლეები ამახვილებენ ყურადღებას, პრაქტიკულად ყველაფერი ზღაპარია, რადგან გრძელდება უვადო მოსამართლეებად იმათი დანიშვნა, ვისაც მოსახლეობაში არანაირი ნდობა არ აქვთ. დარწმუნებული ვარ მოსამართლეების განცხადების ადრესატი ჩვენი პარტნიორები მოსამართლეების განცხადებას უპასუხოდ არ დატოვებენ.

დარწმუნებული ვარ მოსამართლეების განცხადების ადრესატი ჩვენი პარტნიორები მოსამართლეების განცხადებას უპასუხოდ არ დატოვებენ

ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ - მოსამართლეებისთვის უმთავრესია რეპუტაცია. როგორი პროფესიონალი და განათლებულიც არ უნდა იყოს მოსამართლე, თუ მის მიმართ ნდობა ნულის ტოლია, მის მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილებაც ნულის ტოლი იქნება.

დღევანდელი სახით არსებულ სასამართლო სისტემაში დაანონსებული მესამე თუ მეოთხე ტალღები ვერ უშველის. იგი მთლიან უნდა დაიშალოს და ჩვენ თავიდან დავიწყოთ მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობა. ეს უნდა შეეხოს ყველა მოსამართლეს, მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინც სამუდამოდაა დანიშნული და ვინც გამოსაცდელი ვადით. ამ თემაზე უნდა შეთანხმდეს მთელი პოლიტიკური სპექტრი და მერე უნდა შეუდგეთ საქმის კეთებას.

- გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ გარკვეული კორექტივები შეიტანა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. სოციალოგიური კვლევებითაც კარგად ჩანს, რომ გახარია ამომრჩეველს მმართველ პარტიას ართმევს. დღეის მონაცემებით მან „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლების 13% წაართვა.

თუ მანამდე „ქართული ოცნების“ ელექტორატი მეტ-ნაკლებად კონსოლიდირებული იყო, ახლა უკვე ვხედავთ, რომ ასე აღარაა. თუ მანამდე ოპოზიციის სიჭრელის გამო საპროტესტო ელექტორატი დაქსაქსული იყო, ახლა შეიძლება თქმა, რომ ორივეს - ხელისუფლებისა და ოპოზიციის ელექტორატებში სიტუაცია არასახარბიელოა.

კვლავ პრობლემად რჩება ვისკენ გადაიხრება ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. როგორ შეაფასებდით პოლიტიკურ ძალთა შორის ძალთა ბალანსის თვალსაზრისით არჩევნებამდე 4 თვით ადრე ქვეყანაში არსებულ ვითარებას?

- გეთანხმებით, პოლიტიკაში გახარიას დაბრუნებამ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული გადაჯგუფებები გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ელექტორატი დიფუზიურ მდგომარეობაშია ჩაყენებული და კაცმა არ იცის ეს პროცესი როგორ დასრულდება და როგორ გადალაგდება პოლიტიკური სპექტრი.

პოლიტიკაში გახარიას დაბრუნებამ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული გადაჯგუფებები გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ელექტორატი დიფუზიურ მდგომარეობაშია ჩაყენებული და კაცმა არ იცის ეს პროცესი როგორ დასრულდება და როგორ გადალაგდება პოლიტიკური სპექტრი

ფაქტია, რომ გახარიას ამომრჩევლების მინიმუმ ნახევარი „ქართული ოცნების“ ელექტორატი იქნება. მისი ამომრჩევლები ასევე იქნებიან მცირე პარტიების ელექტორატები, ანუ ადამიანები, ვინც მესამე ძალას ეძებდნენ, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა მათ მწვრილ პარტიებზე გული აუცრუვდათ. არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას ამომრჩევლებში აღმოჩნდნენ „ნაციონალების“ მცირე ნაწილიც. ამიტომ ვფიქრობ, რომ გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა „ქართული ოცნებისთვის“ არის პრობლემა.

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ წარმარტავს იგი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ საქმიანობას.

- თვალს ვადევნებთ ქართველი პოლიტიკოსების ვოიაჟს ვაშინგტონში. მათ შორის გახარიას ვაშინგტონში გამართული შეხვედრებს.

თუ ქართველ პოლიტიკოსებთან ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების განცხადებებს დავაკვირდებით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ვაშინგტონში ყველას დაელაპარაკებიან.

თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს ქართველი პოლიტიკოსების ამერიკული ოდისეა, ამ პროცესებთან დაკავშირებული დეტალები და სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს იგი?

- დიახ, ვხედავთ, რომ ყველა ოპოზიციონერი ამერიკაში, - „ოქროს ურდოში“ იყო. ცდილობენ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში მოიპოვონ მხარდაჭერა და ეს პოლიტიკური ქულები გამოიყენონ საქართველოში.

მათი ქმედება გარკვეულ წილად შესაძლოა სწორი იყოს, მაგრამ აშშ-ში მოპოვებული პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში ისე არ მოქმედებს, როგორც ჩვენში ამერიკული დოლარი. ჩვენი პოლიტიკოსებისთვის უმნიშვნელოვანესია თუ როგორ იმოქმედებენ ისინი ქართულ პოლიტიკურ ველზე და რა ახალ იდეებს შეთავაზებენ მოსახლეობას.

ჩვენი პოლიტიკოსებისთვის უმნიშვნელოვანესია თუ როგორ იმოქმედებენ ისინი ქართულ პოლიტიკურ ველზე და რა ახალ იდეებს შეთავაზებენ მოსახლეობას

რადგან ეს კითხვა გახარიასთან დაკავშირებით დაისვა, უნდა ვთქვა - გახარიას აქვს პოტენციალი, მაგრამ, შესაძლოა ამდენი არა, მაგრამ გარკვეული პოტენციალი ჩვენში არსებული პატარა პარტიების ლიდერებსაც ჰქონდათ, მაგრამ მათ ვერ შეძლოს თავისივე შესაძლებლობების რეალურად გამოყენება.

ამის თვალნათელი მაგალითია „ევროპული საქართველო“, რომელმაც თავისივე ხელით ჩაიტარა პოლიტიკური ჰარაკირი და დღეს ერთ-ერთი რიგითი პარტიაც არაა.

შექმნილ ვითარებაში ყველასთვის პრობლემა ისაა, რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. დროის პრობლემა ექნება ყველა ოპოზიციურ პარტისა და ლიდერს, მნიშვნელობა არ აქვს ისინი შეძლებენ თუ არა ვაშინგტონში ჩასვლას და იქ სახელისუფლებო და პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობების გარკვევას.

- როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 4 თვით ადრე ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცეებს?

- ვიმეორებ - არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ოპოზიციის ლიდერები კი აცხადებენ, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინირებულად იმოქმედებენ, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას, ჯერ არ ჩანს.

ამიტომ ვამბობ - ოპოზიციის პრობლემად რჩება ის, თუ რამდენად შეძლებენ ისინი კოორდინირებულ მოქმედებას როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონებსა და რაიონებში.

ოპოზიციის პრობლემად რჩება ის, თუ რამდენად შეძლებენ ისინი კოორდინირებულ მოქმედებას როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონებსა და რაიონებში

კოორდინაცია მოითხოვს ვიღაცის ინტერესის როგორც გათვალისწინებას, ისე გაუთვალისწინებლობას. ესეთი თემები კონსოლიდირებულ პარტიებშიც კი და ელექტორატებში კი იწვევს რყევებს. ამ თვალსაზრისით რთული ვითარებები უფრო მეტად ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ.

შემოდგომის არჩევნები 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ივლისი და აგვისტო პოლიტიკისთვის ყოველთვის მკვდარ თვეებად მიიჩნევა. ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციას ერთმანეთში ურთიერთობების გასარკვევად და გარკვეულ საკითხებში კოორდინაციაში ყოფნისთვის ცოტა დრო აქვს.

- დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, კარგად ჩანს, რომ შემოდგომის არჩევნებისთვის „ნაციონალებს“ ერთიანი ოპოზიციური სიით გასვლა სურთ. ძნელი წარმოსადგენია, რომ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალებთან“ ერთად ერთ გუნდში აღმოჩდნენ.

ფაქტია, რომ ოპოზიციას შემოდგომისათვის დაგემილ არჩევნებზე კოორდინირებულად მუშაობის არანაირი გეგმა არ აქვს. ჯერ ისიც არ ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერი რომელი პოლიტიკური ჯგუფი იქნება.

თქვენი დაკვირვებით რომელ ოპოზიციურ ჯგუფს აქვს იმის შანსი, ხალხმა ისინი ხელისუფლების ალტერნატივად ჩათვალოს?

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ხალხმა რომ რომელიმე ოპოზიციური ჯგუფი ხელისუფლების ალტერნატივად ჩათვალოს, პრაქტიკულად არ არსებობს.

ხალხში კი არსებობს სურვილი და მოლოდინი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ველზე გაჩნდება ხელისუფლების ალტერნატივა. ამგვარი მოლოდინები არსებობდა შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, ასეთივე მოლოდინი იყო სააკაშვილის მმართველობის 2010-2012 წლებში, ახლაც ასეთივე განწყობა არსებობს საზოგადოებაში.

წინა პერიოდებთან შედარებთ განსხვავება იმაშია, რომ ხალხი დღეს ყველა წინა პერიოდებთან შედარებით ნაკლებად აგრესიულია. შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდებში ხალხში ხელისუფლების მიმართ საკმაოდ დიდი იყო აგრესია. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ახლა ამ ტიპის აგრესიას ვერ ვხედავ.

წინა პერიოდებთან შედარებით განსხვავება იმაშია, რომ ხალხი დღეს ყველა წინა პერიოდებთან შედარებით ნაკლებად აგრესიულია. შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართევლობის ბოლო პერიოდებში ხალხში ხელისუფლების მიმართ საკმაოდ დიდი იყო აგრესია. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ახლა ამ ტიპის აგრესიას ვერ ვხედავ

მე ასე ვიტყოდი - ახლა პოლიტიკოსების მიმართ ამომრჩეველი უფრო ფუჭი მოლოდინის რეჟიმშია. ხალხს უნდა, რომ გამოჩნდეს ვიღაც, ვისაც მიენდობა, მაგრამ დღეისათვის ასეთ ძალას ოპოზიციაში ვერ ხედავს.

თუ ასეთი ძალა გამოჩნდა, ხელისუფლებამ რამდენი მოსამართლეც არ უნდა დანიშნოს, თან უვადოდ, რა თქმა უნდა, არჩევნებს წააგებს და ხელისუფლება შეიცვლება. ჯერჯერობით კი ხელისუფლების ალტერნატივა ოპოზიციაში არ ჩანს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს