ზაზა თაბაგარი - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესს ამარტივებს

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის გამარტივების მიზნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, განხორციელდა ცვლილებები, რომელიც 2021 წლის ივლისიდან ამოქმედდება. კონკრეტულად რას გულისხმობს ცვლილებები, რამ განაპირობა მისი საჭიროება და როგორია მოლოდინი მის შედეგებთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაზა თაბაგარი ესაუბრა.

ბატონო ზაზა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, შემოსავლების სამსახური გეგმავს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ადმინისტირირების პროცესის გაუმჯობესებას. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ სფეროში ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესებაში და რა მიზნებს ემსახურება იგი?

ბუნებრივი რესურსები საზოგადოებრივი სიმდიდრეა. მისი გარემოს პოტენციური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა კი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი. ცალკეული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური ახორციელებს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა არამხოლოდ უზრუნველვყოთ ამ სფეროში ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, არამედ ბაზარზე სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებით ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს წიაღისეული რესურსების ეფექტიან გამოყენებას. თავის მხრივ, ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის ამაღლება გულისხმობს მოსაკრებლის გადამხდელთა კანონშესაბამისობის გაზრდას, რაც მოიცავს დეკლარირების პროცესის გამარტივებას და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას შორის კოორდინაციის ზრდას.

რას გულისხმობს დეკლარირების პროცესის გამარტივება და გადამხდელთა რომელ კატეგორიას შეეხება იგი?

პირველ ეტაპზე შემოსავლების სამსახური მიზნად ისახავს წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ლიცენზიებზე მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის სრულყოფას. იგი შეეხება 3000-ზე მეტ პირს, რომელთა საქმიანობაც, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება ლიცენზირებას. ეს პირები შემოსავლების სამსახურში წარადგენენ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებას, რის საფუძველზეც იხდიან მოსაკრებელს.

რაც შეეხება მოსაკრებლის დეკლარირების გამარტივებას, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი მისიაა „ურთიერთობა მარტივია“. შესაბამისად, ადმინისტრირების პროცესის ნებისმიერი ცვლილება ითვალისწინებს ამ კუთხით გადამხდელისთვის მაქსიმალური კომფორტი შექმნას. ამ მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დაიხვეწა მოსაკრებლის დეკლარირების სისტემა.

კერძოდ, 2021 წლამდე მოსაკრებლის საანგარიშო პერიოდები აითვლებოდა ლიცენზიის მიღების თარიღიდან, შედეგად სავადო თარიღები იყო მოძრავი და გადამხდელები გაანგარიშებას აბარებდნენ თითოეული ლიცენზიის მიხედვით. 2021 წლიდან მოსაკრებლის ანგარიშგების პერიოდები გახდა წლის განმავლობაში მუდმივი (6 თვიანი საანგარიშო პერიოდი ემთხვევა 15 ივლისს და 15 იანვარს, ხოლო კვარტალური და სამთვიანი პერიოდები 15 აპრილს, 15 ივლისს, 15 სექტემბერს და 15 იანვარს). ცვლილების შედეგად გადამხდელს გაუმარტივდა დეკლარირების პროცესი და შესაძლებლობა აქვს ერთ სავადო თარიღში შეასრულოს რამდენიმე ლიცენზიით განსაზღვრული ვალდებულება.

გარდა საკანონმდებლო კუთხით მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენის პროცესის გამარტივებისა, დაიხვეწა გაანგარიშების ფორმაც. ვინაიდან გადამხდელების მხრიდან მოსაკრებლის არასწორი დეკლარირება, ხშირ შემთხვევაში, მისი შეცდომით შევსებით ან კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაციით არის ხოლმე გამოწვეული.

ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და წიაღის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა შემოსავლების სამსახურში ლიცენზიების თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზების სრულყოფა, რაც იძლევა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმის ტექნიკური ვალიდაციის მექანიზმების შექმნის შესაძლებლობას.

კონკრეტულად რას გულისხმობს გაანგარიშების ფორმის ვალიდაციის მექანიზმები და რა ტიპის შეცდომებს უშვებენ გადამხდელები ძირითადად ფორმის შევსებისას?

მოქმედი კანონმდებლობით სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებელი გადაიხდება ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პირს საკუთრებაში აქვს ლიცენზია დამტკიცებული ათვისების გეგმით, თუმცა იმის გამო, რომ ფაქტობრივად არ მოიპოვებს რესურსს, არ აბარებს მოსაკრებლის გაანგარიშებას. ამ შეცდომის პრევენციის მიზნით 2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღიდან გადამხდელი ვერ შეძლებს გაანგარიშებაში ასახოს ათვისების გეგმით დამტკიცებულ ბუნებრივი რესურსების მიხედვით განსაზღვრულ მოსაკრებელზე ნაკლები ოდენობა. ამასთან გაანგარიშების კანონმდებლობით განსაზღვრულ სავადო თარიღში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გადამხდელს პროგრამულად არსებული მონაცემების საფუძველზე დაერიცხება სავარაუდო მოსაკრებლის თანხა. იმის გათვალისწინებით, რომ გაანგარიშებაში იარსებებს ათვისების გეგმის საფუძველზე გამოანგარიშებულ მოსაკრებლის თანხაზე ნაკლების ჩაწერის შეზღუდვა, გადამხდელი ვერ შეძლებს უსაფუძვლოდ პროგრამული დარიცხვის შემცირებას. აღნიშნული ვალიდაციის მექანიზმები შეამცირებს გაანგარიშების შევსებისას მექანიკური შეცდომების დაშვების და მოსაკრებლის გადახდისაგან თავის არიდების რისკებს, რაც უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულის უფრო ეფექტიან მართვას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელების მხრიდან კანონმდებლობის არასწორად ინტერპრეტაციის რისკის შემცირების მიზნით, ფინანსთა მინისტრის შესაბამის ბრძანებაში დაზუსტდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის დეკლარირების ზოგიერთი საკითხი და გაიწერა შესაბამისი მაგალითები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თუ ახორციელებს გადამხდელების ინფორმირებას დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის გადასახადის გადამხდელთა ჩართულობა?

პროექტის წარმატებით განსახორციელებლად მნიშვნელოვანია გადამხდელების ჩართულობა. კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გაანგარიშების ფორმის ვალიდაციის მექანიზმების მუშაობისას ტექნიკური შეცდომების გამორიცხვის მიზნით, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ელექტრონულ პორტალზე, გადაამოწმონ მათ საკუთრებაში არსებული ლიცენზიების შესახებ ინფორმაცია. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის გამოსასწორებლად უნდა მიმართოს წიაღის ეროვნულ სააგენტოს.

ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრა თბილისში რეგისტრირებულ გადამხდელებთან. უახლოეს მომავალში იგეგმება ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. შეხვედრები აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, რა დროსაც დაინტერესებულ პირებს შემოსავლების სამსახურის და წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები აწვდიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ მეწარმეების ინფორმირების მიზნით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ, მომზადდა ვიდეო სახელმძღვანელო, რომელიც განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: https://rs.ge/VideoInstructions

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა