ჯეიმს აპატურაი - ქართველები ჯიუტები არიან, ქართველები არ ნებდებიან, ისინი წინ მიდიან, სანამ სასურველს არ მიაღწევენ - მჯერა, რომ ქართველების სახლი ჩვენთან ერთადაა

შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ნატო გააგრძელებს თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იყოთ დაცულები, დაცული იყოს ტერიტორიული მთლიანობა და განაგრძოთ სვლა ნატო-ს კარისკენ და გაიაროთ ამ კარში,- ამის შესახებ ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაის შეფასებით, საქართველო მიდის ნატო-სა და მისი წევრობისკენ. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში მან ქართველებზე ერთი უტყუარი რამ გაიგო, რომ ისინი ჯიუტები არიან, აგრძელებენ წინასვლას და ბრძოლას სასურველის მიღწევამდე და „ამ შემთხვევაში სასურველი - დასავლური ოჯახის წევრობაა“.

„მე ვიცი, რომ ზოგჯერ არის ასეთი ნარატივი, რომ ეს არ მუშაობს, ჩვენ ვერ მივაღწევთ იქამდე, ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, მაგრამ როდესაც ახლა საქართველოს ვუყურებ ვხედავ, მაღალპროფესიონალურ შეიარაღებულ ძალებს, გაწვრთნილ, გამოცდილ, პროფესიონალურ შეიარაღებულ ძალებს. კარგად ფუნქციონირებად თავდაცვის სამინისტროს, კარგად ფუნქციონირებად დაზვერვის სამსახურს. მე ვხედავ ნატო-ს ობიექტებს საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველდღიურ წვრთნებს. ინსტიტუციონალურ მშენებლობას ყოველ დღე, ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც წვრთნებს გადის აქ, ნატო-ს, რომელიც ასევე წვრთნებს გადის აქ. ვხედავ ნატო-ს გემებს, რომლებიც შემოდიან საქართველოს პორტებში. ეს ხდება ყოველდღიურად და ყოველდღიურად საქართველოს შეიარაღებული ძალები მუშაობენ ნატო-ს ძალებთან ერთად და პროცესში ხდებიან უფრო მეტად თავდაცვისუნარიანები და ეხმარებიან საქართველოს წავიდნენ ნატო-სკენ. მე ვიცი, რომ ცვლილება განხორციელდა, ის ახლაც ხდება და ეს მომავალშიც გაგრძელდება და მე გავაგრძელებ ამის მხარდაჭერას.

ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო, თუ რამდენად ვცემ პატივს და მიყვარს ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ხალხი. ძალიან ადვილი იქნებოდა სხვა გზის არჩევა, უფრო ადვილი გზის არჩევა, რათა მოგვარებულიყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეები ამ რეგიონში, მაგრამ ქართველებმა გაიზიარეს ჩვენი ღირებულებები, სურთ ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლა და მე თუ რამე გავიგე ქართველების შესახებ, ეს არის, რომ ქართველები ჯიუტები არიან. ქართველები არ ნებდებიან, ისინი წინ მიდიან, ბრძოლას აგრძელებენ იქამდე, სანამ არ მიაღწევენ სასურველს და ამ შემთხვევაში ეს არის დასავლური ოჯახის წევრობა, არა მხოლოდ ღირებულებების გაზიარებით, არამედ ინსტიტუციურად. მე გავაგრძელებ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას. მე მჯერა, რომ ქართველების სახლი ჩვენთან ერთადაა და თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, ისევე როგორც ჩვენ - თქვენი ოჯახის. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მე დავბრუნდები, მაგრამ, ასევე, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ნატო გააგრძელებს თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იყოთ დაცულები, დაცული იყოს ტერიტორიული მთლიანობა და განაგრძოთ სვლა ნატო-ს კარისკენ და გაიაროთ ამ კარში,“- განაცხადა აპატურაიმ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს